ილონ მასკამდე 70 წლით ადრე თურმე ალექსანდრე ნადირაძე აბრუნებდა უკან კოსმოსისკენ გაშვებულ რაკეტებს... - კვირის პალიტრა

ილონ მასკამდე 70 წლით ადრე თურმე ალექსანდრე ნადირაძე აბრუნებდა უკან კოსმოსისკენ გაშვებულ რაკეტებს...

ცნობილმა ამერიკელმა მეწარმემ, ინჟინერმა და, ბოლოსდაბოლოს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, 50 წლის ილონ მასკმა პლანეტა დედამიწაზე თავი რამდენიმე ძალზე წარმატებული პროექტით გაითქვა, რომელთა შორისაცაა კოსმოსური პროექტი SpaceX -იც, რითაც მან ამერიკელები, ფაქტობრივად, დააბრუნა კოსმოსში.

დააბრუნა იმიტომ, რომ მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდების პროგრამა „შატლის“ დახურვის (რაც ორი „შატლის“ ტრაგიკულმა კატასტროფამაც განაპირობა) შემდეგ, 2011 წლიდან ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად „ნასა“ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად ღირებულ „ბილეთებს“ რუსულ რაკეტა-მატარებელზე ყიდულობდა, რაც ამერიკელების კოსმოსურ ამბიციებს აკნინებდა.

SpaceX-ის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისიც არის, რომ ამ რაკეტა-მატარებლის პირველი საფეხური უკან, მიწაზე, რბილად ეშვება და საწვავით გაწყობის შემდეგ ხელახლა შეიძლება იქნეს გამოყენებული ახალი რაკეტა-მატარებლის გასაშვებად.

ამით ილონ მასკმა მნიშვნელოვნად გააიაფა ერთი კილოგრამი ტვირთის დედამიწის ორბიტაზე გატანა, რაც ერთგვარ რევოლუციად შეიძლება შეფასდეს კომერციულ კოსმოსურ ინდუსტრიაში და დააჩქაროს ადამიანების მიერ მთვარისა და თვით მარსის კოლონიზაციაც კი...

3-1642486003.jpg
ილონ მასკი თავის SpaceX -თან

ამიტომაც ილონ მასკს დიდ „კოსმოსურ ბიზნესმენადაც“ მიიჩნევენ, მაგრამ იდეის განხორციელება - კოსმოსისკენ სტარტაღებული რაკეტის, თანაც მთლიანად, უკან, მიწაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით (ისე, რომ მეორედ იქნეს გამოყენებული), თურმე, ჩვენს თანამემამულეს - ალექსანდრე ნადირაძეს ეკუთვნის, თანაც - ჯერ კიდევ 70 წლის წინ!

ალექსანდრე ნადირაძის სახელი საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებით გასაიდუმლოებული იყო, რადგან მისი თაოსნობით შეიქმნა იმ პერიოდის ძირითადი საბჭოთა ბირთვულქობინიანი მობილური სარაკეტო კომპლექსები: ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ტემპ-ს“, საშუალო სიშორის „პიონერი“ და საკონტინენტშორისო „ტოპოლი“.

უფრო მეტიც, დღევანდელი რუსეთი აშშ-ს და დანარჩენ მსოფლიოსაც ისევ ნადირაძისეული ბირთვულქობინიანი „ტოპოლებით" და მის ბაზაზე შექმნილი „ტოპოლ-მ“-ებითა და „იარსებით“ აშინებს...

მაგრამ სანამ ალექსანდრე ნადირაძე სარაკეტო ტექნიკის გენერალური კონსტრუქტორი გახდებოდა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ორიოდე წელში, 33 წლის გორელ ინჟინერს, რომელიც უკვე მოსკოვში მოღვაწეობდა, დაავალეს პირველი საბჭოთა მეტეოროლოგიური რაკეტის შექმნა და უკვე 1951 წელს გაშვებული იქნა ალექსანდრე ნადირაძის საერთო ხელმძღვანელობით შექმნილი მეტეოროლოგიური რაკეტა "МР-1".

tild3661-6463-4763-b830-653835333361-554-14831-174tiff11800-1642485922.jpg
ნადირაძის მეტეოროლოგიური რაკეტა "МР-1"

ნადირაძის პირველი რაკეტა მხოლოდ 915 კგ-ს იწონიდა და მისი სიგრძე 8,3 მ იყო. რაკეტის თავის ნაკვეთურში მოთავსებული იყო სპეციალური აპარატურა ატმოსფერული წნევის, ტემპერატურის და სხვა პარამეტრების დასაფიქსირებლად, დედამიწის ტროპოსფეროს, სტრატოსფეროსა და მეზოსფეროს გავლისას ზღვის დონიდან 90 კმ-ის სიმაღლემდე.

ამის შემდეგ სამეცნიეროაპარატურიანი რაკეტის თავის ნაკვეთური სცილდებოდა რაკეტის ძრავის ნაწილს და ისინი ცალ-ცალკე, საკუთარი პარაშუტებით, მიწაზე შედარებით რბილად ეშვებოდნენ, ისე, რომ რაკეტის ამ ორივე ნაწილის ხელმეორედ გაშვება შეიძლებოდა.

ფაქტობრივად, ალექსანდრე ნადირაძემ ილონ მასკამდე 70 წლით ადრე რეალურად განახორციელა რაკეტა-მატარებლის მრავალჯერადი გამოყენების პრინციპი!

4-1642486054.jpg
ალექსანდრე ნადირაძე

სიმართლე რომ ითქვას, საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის განმარტებით, კოსმოსი იწყება ზღვის დონიდან 100 კმ-ის სიმაღლეზე, „კარმანის ხაზის“ ზემოთ, თუმცა ამერიკელები კოსმოსის საზღვრად 80 კმ-ის სიმაღლეს მიიჩნევენ.

ასეა თუ ისე, ნადირაძის პირველი მეტეოროლოგიური რაკეტები შეიძლება მაინც ჩაითვალოს კოსმოსურ რაკეტა-მატარებლებად, რადგან ისინი 90 კმ სიმაღლეზე ადიოდნენ და წინა ნაკვეთური რაკეტის კორპუსიდან მოცილებისა და პარაშუტის გახსნის პროცესში, ინერციით, კიდევ რამდენიმე კმ სიმაღლეს „იმატებდა“.