"კომენტარი დაგვიწერეს, თქვენზე კარგი ჭიათურაში არაფერი გაკეთებულაო" - კვირის პალიტრა

"კომენტარი დაგვიწერეს, თქვენზე კარგი ჭიათურაში არაფერი გაკეთებულაო"

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2022 წლის პირველ ნომერში, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის კარგად ნაცნობ რუბრიკას "ერუდიტი" საახალწლო, სახალისო სტატიას გთავაზობთ. რუბრიკის სტუმრები იუმორისტები გიორგი ჩუბინიძე და აკაკი დარბაიძე არიან. იგივე "კეთილები", ბონდილა და ბესიკა, ტოპე და ტანჯულა, ლუიზა და ნუგზარი.

- ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

- სხეული.

აკაკი:

- არ დავეთანხმები.

გიორგი:

- რატომ, ბიჭო, რა არ მოგეწონა?

აკაკი:

- ისეთი შეკითხვაა, სხეულზე გრძელი ენა ექნება.

- ნამდვილად ასეა. ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?

- ისევ ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ბეღურას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კითხვას არ დასვამდი.

- წუთში ერთხელ არის, წამშიც ერთხელ არის, თვეში არ არის და წელიწადში ორჯერ არის, რა არის?

- ასო "წ", ეს ვიცოდი.

- თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, უნდა შედგებოდეს პატარა ბუშტულებისგან, მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ცივია. რაზეა ლაპარაკი?

- ლუდი. გიორგის უყვარს ლუდი, მე - "პივა".

- დღე-ღამის მანძილზე, როგორი საათი უჩვენებს სწორ დროს მხოლოდ 2-ჯერ?

- გაფუჭებული.

- 1877 წელს საახალწლოდ დააპატენტეს ნივთი, რომელიც გამომგონებელთა აზრით წარმატებით დაეხმარებოდათ ადამიანებს დეპრესიის მოხსნაში, გადაღლილობის დროს და ა.შ. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ეს ნივთი: ვარდისფერი სათვალე, ციგურები თუ ყურებიანი ქუდი?

- ვარდისფერი სათვალე.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

გიორგი:

- (იცინიან) ისაკი.

- ყველა თვე 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

აკაკი:

- თებერვალში.

- მხოლოდ თებერვალში? გიორგი შენ რას იტყვი?

- ოქტომბერში?

აკაკი:

- საიდან მოიტანე, ბიჭო, არ დაუჯერო ამას, თებერვალია სწორი პასუხი.

- ძალიან დაიბენით, 28 რიცხვი ყველა თვეშია.

- ვა! სად ყოფილა ეშმაკი დამალული.

- დამთვალიერებელი გალერეაში შედის და ამბობს, ამ სურათზე გამოსახული კაცის მამა მამაჩემის სიმამრია. ვინ არის მისთვის სურათზე გამოსახული კაცი?

- ბაბუა.

- აბა, დაფიქრდით.

გიორგი:

- ბაბუაა - დედის მხრიდან.

- ბიძა გამოდის... ახლა ერთმანეთის შესახებ თითო ამბავი მიამბეთ.

აკაკი:

- მე ისეთი უჩვეულო ახალი წლები მაქვს გამოვლილი, ხომ გითხარი, სულ 24 ახალ წელს ვარ შეხვედრილი-მეთქი. აქედან 4 ახალ წელს მიყოლებით სიცხიანი ვიყავი. არ ვიცი, ასე რატომ ხდებოდა. 31 დეკემბერს და 1-ლ იანვარს ვიწექი. ეს ყველაფერი კორონამდე პერიოდში ხდებოდა. მე-5 ახალ წელს ტემპერატურა რომ აღარ მქონდა, უზომოდ გახარებული ვიყავი.

გიორგი:

- მე იმ ახალ წლებზე აკაკი ძალიან მაკლდა. ერთი ახალი წელი გამორჩეულად იმით მახსოვს, რომ 31 დეკემბერს ჩემი ბიძაშვილის ქორწილი იყო, სამეგობროსთან ერთად დავადექი და არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა. პატარა შინაურული ქორწილი იყო.

აკაკი:

- არასაახალწლო ამბავი გამახსენდა, რომელიც თავს სტუდენტობის დროს გადაგვხდა: მაგრად გვშიოდა, ფული ვისაც რა გვქონდა, შევკრიბეთ, ქათმის გულ-ღვიძლი ვიყიდეთ. მზარეულობა გიორგიმ იკისრა. ერთი სული გვაქვს, როდის მოამზადებს. მოკლედ, მორჩა როგორც იქნა და პირველმა თავად გასინჯა. გაგვაფრთხილა, თქვენ არ შეჭამოთო. აღმოჩნდა, რომ ტაფაზე ზეთის ნაცვლად, "ფეირი" დაუსხია.

- გამოდის, რომ გიორგი კარგი კულინარობით ვერ გამოირჩევა.

- არა, რას ამბობ, კარგი კულინარია. ამ ერთხელ შეეშალა, ვის არ შეშლია?! ყველაფერს გემრიელად ამზადებს.

გიორგი:

- აკაკი ხიფათით სავსე კაცია. ერთხელ გადაცემას ვწერდით, რამდენიმე წუთით მარტო დავტოვე და რომ მოვიდა, ცალ მხარეს ყბა ნახევარი კილოთი მეტი ჰქონდა. მოულოდნელობები ხშირად არის მის ცხოვრებაში.

- დაბოლოს, დაასრულეთ სპინოზას ცნობილი გამონათქვამი: "თუ გინდა ცხოვრებამ გაგიღიმოთ, აჩუქეთ მანამდე მას თქვენი კარგი..."

აკაკი:

- "...განწყობა".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"