მზისკენ "გაქცეული“ ნაძვები - კვირის პალიტრა

მზისკენ "გაქცეული“ ნაძვები

"დათესვამდე მიწას გაფხვიერება და ბალახისგან გასუფთავება სჭირდება, რათა ბალახის თესლმა არ დაასწროს და ჯერ ის არ გაღივდეს. სასუქი არ არის საჭირო, ნიადაგი მხოლოდ თაგვის წამლით უნდა დამუშავდეს, რათა თაგვმა არ დაიწყოს მიწის ქექვა და თესლი არ ამოყაროს. თუ შეჭამა, ცხადია, შრომა წყალში ჩაიყრება"

ნაძვი მარადმწვანე, წიწვოვანი, ტანმაღალი და ლამაზი მცენარეა, რომელიც სიმაღლით 20-დან 50 მეტრამდე იზრდება. არსებობს ნაძვის 40-მდე სახეობა, გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში უმეტესად აღმოსავლური ნაძვი ჭარბობს. იზრდება ზღვის დონიდან 2200-2300 მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში 80-100 მეტრსაც აღწევს. ცოცხლობს 250-300, იშვიათად - 500 წლამდეც. ნაძვი რომ კარგად გაიზარდოს, ჰაერი ჟანგბადით გაამდიდროს და თუნდაც საახალწლოდ ქოთანში ჩარგული სამშვენისებით მოირთოს, შრომა არ უნდა დავიზაროთ, ხოლო რა არის საჭირო, ამის შესახებ აგრონომი იოსებ ლონგურაშვილი გვესაუბრება. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზიდან გახლავთ, სადაც დიდი სანერგე მეურნეობა აქვს.

- ჯანსაღი ნაძვის გასაზრდელად რა უნდა გავაკეთოთ ნერგის შეძენის შემდეგ?

- ჯერ დასარგავი ადგილი უნდა შევარჩიოთ. ორმოს რომ ამოვთხრით (40 სმ სიღრმის), იქიდან ამოღებულ მიწაში ორგანული სასუქი, გადამწვარი ნაკელი (ერთ ვედრომდე) გადავურიოთ და ამ მასით იმავე ორმოში ჩავრგოთ ნერგი. მაისის დამდეგს არაორგანული სასუქები: სუპერფოსფატი, ნიტროამოფოსი, კალიუმიანი სასუქები, ამონიუმის გვარჯილა (თითოეული 20 გრამი) ერთმანეთში უნდა ავურიოთ და ნერგის გარშემო მიწას მოვაყაროთ.

- ნერგი შემოდგომაზე ირგვება?

- გიორგობის მერე, ანუ 23 ნოემბრიდან აპრილის ნახევრამდე. თუ დიდთოვლობა ხელს არ შეგვიშლის, დარგვა სულ შეიძლება დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. თუმცა დასავლეთ საქართველოში გაზაფხული უფრო მალე მოდის. მოკლედ, თავიდან საჭიროა გადამწვარი ნაკელით და შემდეგ არაორგანული სასუქებით გამდიდრება. ამით ნერგს მივაწვდით იმ აუცილებელ საკვებს, რომლის მიღება ნიადაგიდან არ ხერხდება, რადგან ხშირად ეს აკლია, გამოფიტულია ხოლმე. დასახელებულ არაორგანულ სასუქებს, თითოეულს, ცალკე კიდევ რამდენიმე კომპონენტი აქვს.

nadzvi2-1642495243.jpg

- სასუქი ზამთარში რომ დავაყაროთ, არ შეიძლება?

- არ იმუშავებს, რადგან ზამთარში მცენარე მიძინებულია. სხვადასხვა სასუქსაც მოქმედების განსაზღვრული ვადა აქვს.

რაც შეეხება წყალს, მაგალითად, ჩვენთან ახლა ისეთი ამინდებია, სითბოც არის და ქარიც, სითბო და ქარი კი ნიადაგს აშრობს, ნაპრალი უჩნდება. მიწამ ნაპრალი არ უნდა გაიკეთოს. სადაც ნაძვია დარგული, იქ სიმშრალისგან მიწა 3 მილიმეტრზე მეტად არ უნდა დაიბზაროს. როგორც კი დაიბზარება და ნაპრალს გაიკეთებს, უნდა მოვრწყათ. დაახლოებით 5 ლიტრი წყალი უნდა მივაწოდოთ.

- ნაძვი ნელა იზრდება?

- ძნელად იზრდება, დარგვიდან პირველ ორ წელიწადში 15-20 სანტიმეტრით. მესამე წელს სიმაღლეში უკვე მეტად მიდის, ოღონდ თუ ყოველივე ის გავუკეთეთ, რაც ზემოთ ვთქვით, კარგი შედეგი ექნება. მზეში თუ დავრგავთ, დიდი იზრდება, ჩრდილში - პატარა. ნაძვს მზე უყვარს.

- სასუქის მიწოდება წელიწადში რამდენჯერ სჭირდება?

- მაისისა და შემდეგ აგვისტოს დამდეგს.

- ნაძვი სანამ ნერგად იქცევა, მანამდე რა გზას გადის? როგორ ხდება მისი აღმოცენება?

- ნაძვის გირჩში არის თესლი, საიდანაც ნერგი აღმოცენდება. ის მიწაში დაახლოებით სამი სანტიმეტრის სიღრმეზე უნდა დაითესოს. როცა ტყეში გირჩებიდან თესლი ცვივა, ყველა არ ღივდება, ზოგი მიწის ზემოთ რჩება, რის შემდეგაც შრება, ხმება და ვერ ვითარდება.

nadzvi3-1642495244.jpg

- პატარა სანერგე რომ გავაკეთოთ და ნაძვი დავთესოთ, 3-სანტიმეტრიანი სიღრმის დაცვა მაინც აუცილებელია?

- მანამდე მიწას გაფხვიერება და ბალახისგან გასუფთავება სჭირდება, რათა ბალახის თესლმა არ დაასწროს და ჯერ ის არ გაღივდეს. სასუქი არ არის საჭირო, ნიადაგი მხოლოდ თაგვის წამლით უნდა დამუშავდეს, რათა თაგვმა არ დაიწყოს მიწის ქექვა და თესლი არ ამოყაროს. თუ შეჭამა, ცხადია, შრომა წყალში ჩაიყრება. ამისთვის არსებობს სპეციალური საშუალებები, წამლები და ისინი ნიადაგში დათესვამდე უნდა შევიტანოთ. ამის მერე იქაურობას თაგვი აღარ გაეკარება და თესლიც ნიადაგში უფრო დაცულია.

- ნაძვს ფორმირება, გასხვლა სჭირდება?

- ტოტები დაბლიდან უნდა შეეჭრას, რათა სიმაღლეში წავიდეს. ამას მწვანე გასხვლა ჰქვია. მართალია, ნაძვი ისედაც მარადმწვანე მცენარეა, მაგრამ რაკი ეს პროცედურა ჯერ კიდევ ზაფხულში ტარდება, ამიტომაც უწოდებენ მას მწვანე გასხვლას.

- როგორ მოვუაროთ სანერგეში გამოყვანილ ნაძვს, რომელსაც შინ შევიტანთ ან ჩვენს ბაღში დავრგავთ?

- ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი დაინახავთ, რომ ნიადაგი დაბზარულია, წყალი უნდა დაუსხათ, სასურველია, კვირაში ერთხელ. მნიშვნელოვანია ასევე დარგულს ჯოხიც დავუყენოთ გვერდით, რათა - ქარმა არ აქანაოს. ეს ხელს შეუშლის ხეს განვითარებაში. თუ ქოთნით შეიძინეთ, პატარა ქოთანში გაუჭირდება, ვერ განვითარდება. ამიტომ დაახლოებით 40-ლიტრიანი საყვავილე სჭირდება. ამ ზომის ქოთანსა და სათანადო მოცულობის ნიადაგში იგივე პროცედურებია საჭირო, რაც ღია გრუნტში. ეს სასარგებლო მცენარე ზამთარ-ზაფხულ მწვანეა, გამოყოფს ჟანგბადს, ყვავილობისას კი მტვერს, რომელიც სამკურნალო საშუალებაა... და თუ გსურთ ის გაზარდოთ, ხელი უნდა შეუწყოთ, მისი ბედის ანაბარად მიტოვება არ შეიძლება. სასუქის გარეშე მხოლოდ მტკნარი და მდინარის წყლით ვერ გაიხარებს.

საახალწლოდ ცოცხალ ნაძვის ხეს არ ვრთავთ, რადგან ის არ უნდა მოიჭრას. სამწუხაროდ, 90-იან წლებში უამრავი ნაძვი გაიჩეხა, ჭრიდნენ და საახალწლოდ ყიდდნენ. ახლა რამხელა ხეები იქნებოდა... და საერთოდ, ტყე რომ არ იყოს, არც პატარ-პატარა წყაროები არ გვექნებოდა, რომლებიც იქ იბადება, ამ რუებიდან კი დიდი მდინარეები იქმნება. ასე რომ, ბუნებაზე უნდა ვიზრუნოთ.