„ჯაველინების“ შესყიდვა პირველად ვინ გაასაჯაროვა-ქართველებმა თუ ამერიკელებმა?! - კვირის პალიტრა

„ჯაველინების“ შესყიდვა პირველად ვინ გაასაჯაროვა-ქართველებმა თუ ამერიკელებმა?!

ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია,რომლითაც ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ფაქტობრივად ბრალს სდებს სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების გაცემაში - „თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა - ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებამ ქვეყნის საიდუმლო ინფორმაცია გათქვა.

"ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის შესახებ ყველა ამბავი თავდაცვის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთა.

მაშინ როდესაც რუსეთს, ამერიკის და ნატოს წინააღდეგ საინფორმაციო ომი აქვს, საქართველოს მთავრობა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, ასაჯაროებს მონაცემებს ვისი მოცემული ფულით და რა რაოდენობის შეიარაღებას ყიდულობს საქართველო ამერიკისგან. ამ ინფორმაციის ნახვა ათასობით ადამიანს, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიებსაც შეუძლიათ.

დოკუმენტი რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა 2022 წლის 14 იანვრით თარიღდება. აქ დეტალურად არის ჩამოწერილი, როდის და რა გადაწყვეტილებებს იღებდა მთავრობა, რომელი ანგარიშებიდან და რა რაოდენობით რიცხავდა თანხას ტანკსაწინააღდეგო სისმტების შესაძენად.

წერილში ისეთი დეტალებია გადმოცემული რომელიც ყველა ლოგიკით საიდუმლო უნდა იყოს. მათ შორის წერია, რომ საქართველო ამერიკულ შეიარაღებას ამერიკის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარებით ყიდულობს და ფულს საქართველოს ბიუჯეტი არ იხდის.

ტელეკომპანია „პირველის“ ამ სერიოზულ ბრალდებას ოპერატიულად უპასუხა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა:

„ტელეკომპანია პირველი კვლავ აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას თავდაცვის ძალების წინაღმდეგ. აღნიშნული ტელევიზია ამჯერად სრულიად გასცდა საღ აზრს.

ტელეკომპანიის მტკიცებით, საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჯაველინების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება წარმოადგენს რუსულ თამაშს, რადგან ეს მოწინააღმდეგისათვის ინფორმაციის ღიად მიწოდებაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა წლების განმავლობაში აქტიურად დამუშავებული ხელისუფლების რუსეთთან ფარული თანამშრომლობის სრულიად აბსურდული ნარატივი, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ისინი სრულიად გასცდნენ აბსურდის აქამდე მიღწეულ მაღალ ნიშნულს და ამტკიცებენ რომ უწყება ღიად აწვდის ინფორმაციას მოწინააღმდეგეს.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ზოგადად შეიარაღების შესყიდვის ღიაობის თუ გასაიდუმლოების საკითხი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის მომწოდებელი ქვეყნების შიდა საკანონმდებლო ბაზაზე, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მათ მიდგომებზე, შეიარაღების ტიპზე და ა.შ.

რაც შეეხება ჯაველინების შესყიდვის საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის 20 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსათვის დაახლოებით 75 მილიონი დოლარის ღირებულების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კი აღნიშნული შესაძლო გაყიდვის შესახებ კონგრესს სავალდებულო წესით 2017 წლის 17 ნოემბერს აცნობა, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული შესყიდვის შესახებ შეერთებული შტატების მიერ დეტალური ინფორმაცია გასაჯაროვდა და მიეწოდა საზოგადოებას. ასევე 2021 წლის აგვისტორში აშშ-ს თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ, საქართველოსთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. როგორც წინა შემთხვევაში ამჯერადაც აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურის მიერ დეტალურად მიეწოდა საზოგადოებას. ამასთან, დავძენთ, რომ გრანტით შესყიდული შეიარაღების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობითაც არის ყოველთვის საჯარო.

უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტს მიეწოდა სტრატეგიული პარტნიორის მიერ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის ლინკი, თუმცა მან მისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად არც კი ახსენა იგი და გააგრძელა საზოგადოების მიმზანმიმართული დეზინფორმირების მცდელობა.

ცხადია, შეერთებული შტატები, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, მოქმედებს გამჭვირვალობის პრინციპების მაქსიმალური დაცვით, კანონმდებლობასთან და ყველა წესთან სრული შესაბამისობით. საქართველო მადლიერია შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი მაღალი სტანდარტების შეიარაღების მიყიდვით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს უპრეცედენტოდ უმაღლეს ნიშნულზე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას თავდაცვის სფეროში.

აღნიშნული სიუჟეტი კიდევ ერთი დასტურია, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ სამწუხაროდ საქართველოში არსებული ცალკეული მედიასაშუალებები რეალურად წარმოადგენენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ საშუალებებს, რომელთა ერთადერთი მიზანია საზოგადოების დეზინფორმირება და შეცდომაში შეყვანა. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული მათთვის მიუღწეველ ამოცანად დარჩება“.

ამ საინფორმაციო დარტყმების შემდეგ, მკითხველი შეიძლება მართლაც დაიბნეს - თავდაცვის სამინისტრომ შეცდომით თუ წინასწარგანზრახვით მართლაც „მოახსენა“ საქართველოს მთავარ და რეალურ მტერს „ჯაველინების“ შესყიდვების დეტალები, თუ თავის თავს „კრიტიკულ“ ტელევიზიად მოხსენებული „ტვ პირველი“ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დღევანდელ ხელისუფლებას ახალ „წერტილოვან“ დარტყმას აყენებს?

ამ ბლოგის ავტორმა არ დაიზარა და გაეცნო აშშ-ის „თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს“(DSCA) ოფიციალურ საიტზე 2021 წლის 3 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ აშშ-ის „თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ“ 3 აგვისტოს გასცა შესაბამისი სერთიფიკატი და აცნობებს კონგრესს იმის შესახებ, რომ თანახმაა საქართველოს მთავრობას გადაეცეს 30 მლნ დოლარის ღირებულების გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სისტემის „ჯაველინის“ 82 მართვადი რაკეტა და ამ რაკეტების გასაშვები 46 დანადგარი...

რა გამოდის?

გამოდის ის, რომ რუს სამხედრო მზვერავებს „საიდუმლო ინფორმაცია“ საქართველოსთვის დამატებით 30 მლნ დოლარის ღირებულების „ჯაველინების“ მოწოდებაზე ჯერ კიდევ გასული წლის 3 აგვისტოს შეეძლოთ მარტივად წაეკითხათ აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური სტრუქტურის საიტზე!

აშშ-ის „თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო“(DSCA), როგორც წესი ყოველთვის ასაჯაროებს FMS(Foreign Military Sales ) - „უცხოური სამხედრო გაყიდვების“ პროგრამით განხორციელებულ შეიარაღების პარტიების საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის მიწოდების კონტრაქტებს, რისი ელემენტარული ცოდნა ეტყობოდა არ აწყენდა თითიდან გამოწოვილი სენსაციას გამოკიდებულ თუ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელ ამა თუ იმ მასმედიის საშუალებას...

P.S. ამ ბლოგის ავტორს თავისი უკვე თითქმის 30 წლიანი, სამხედრო ჟურნალისტის მოღვაწეობის პერიოდში არაერთი პრობლემა შეხვედრია შეიარაღების შესყიდვის თემის გაშუქებისას, როდესაც „სამხედრო საიდუმლოების“ საფარქვეშ უცხოეთში იარაღს ძალზე „გაბერილი“ ფასებით ყიდულობდნენ...

რამდენიმე წლის წინ კი ერთი, აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი კი იმიტომ „გამებუტა“, რომ „კვირის პალიტრის“ ფურცლებზე მკითხველს საფრანგეთიდან საზენიტო „მისტრალების“ მობილური დანადგარების შესაძლო შეძენაზე უფრო ადრე ვამცნე, ვიდრე თავდაცვის სამინისტომ. რა ჩემი ბრალი იყო, რომ ელემენტარული ანალიზის საშუალებით ასეთი დასკვნა გამოვიტანე (ფრანგული პრესის დახმარებითაც) და ამით უნებურად ჩავუშალო თავდაცვის სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას წინასწარ მომზადებულო „საპიარო“ ღონისძიება?!

P.S.S. ეს ბლოგი გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როდესაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების დაწყების თაობაზე, არადა ჯერ კიდევ გუშინ რუსი სამხედრო ექსპერტები თავს იტეხდნენ იმაზე თუ რა ჩაიტანა ორმა დიდმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ბრიტანეთიდან კიევის აეროპორტში...

როგორც ხედავთ, როდესაც საჭიროა სამხედროები თავად ოფიციალურად ავრცელებენ ინფორმაციას შეირაღების მიწოდებაზე, რათა პოტენციურმა თავდამსხმელმა ქვეყანამ იცოდეს, რომ მის წინააღმდეგ მაღალეფექტური იარაღი იქნება გამოყენებული, რისი გათვალისწინებითაც შეიძლება უარი თქვას დაგეგმილ სამხედრო აგრესიაზე...