"არ მომწონს ასეთი ხისტი, პოლიციური მიდგომა!" - პოლიტიკური შეუთავსებლობა თუ მიუღებლობა თეა წულუკიანის მიმართ - კვირის პალიტრა

"არ მომწონს ასეთი ხისტი, პოლიციური მიდგომა!" - პოლიტიკური შეუთავსებლობა თუ მიუღებლობა თეა წულუკიანის მიმართ

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის პოსტიდან გადაყენების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას პეტიციის ავტორი, ფილოსოფოსი გიგი თევზაძე მიმართავს:

"საქმიანობა, რომელიც თეა წულუკიანმა დაიწყო კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მოიცავს:

1. კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის დაქვემდებარება;

2. საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;

3. პროფესიონალების გათავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;

4. ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპერტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და, დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და, ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც.

ამიტომ მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოთ თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან.

გარდა ამისა, დროა, საქართველოს კულტურის სისტემა გათავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან", - აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 800-მდე ხელმომწერი ჰყავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები ვთხოვეთ როგორც თეა წულუკიანის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს, ასევე - მის მომხრეებს...

გიორგი კალანდია - ხელოვნების სასახლის დირექტორი:

- მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე თვეში გადაწყვიტა ის პრობლემები, რომელიც ხელოვნების სასახლის წინაშე წლების განმავლობაში იდგა. ჩვენთვის შენობა შეიძინა და ნგრევის პირას მისული ნაგებობიდან ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური კოლექციები გადმოგვატანინა და ამით ისინი გადაგვარჩენინა;

სწორედ წულუკიანის მხარდაჭერით შევიძინეთ და ეროვნულ კოლექციებს დავუბრუნეთ ათობით საქართველოდან გატანილი და გასატანად გამზადებული უნიკალური ნივთი (სხვათა შორის, სწორედ წულუკიანის ინიციატივით, ლიტერატურის მუზეუმმა სულ ახლახან შეიძინა გალაკტიონ ტაბიძისა და ილია აგლაძის ძვირფასი არქივები). იმ ნივთების გამოფენა, რომელიც ეკუთვნოდა სარაჯიშვილებს, ზუბალაშვილებს, ბაგრატიონებს, დადიანებს, ამილახვრებს, სულ მალე გაიხსნება ჩვენს სასახლეში;

ქალბატონი თეას ინიციატივით და თანადგომით, ხელოვნების მუზეუმმა და ხელოვნების სასახლემ შეიძინა უდიდესი თეატრალური მხატვრის - ვალერიან სიდამონ-ერისთავის უძვირფასესი კოლექცია;

სწორედ მან დაგვიჭირა მხარი და ზუგდიდში, უფლისწულ ნიკოს სასახლეში გავხსენით ამ მუზეუმის ისტორიაში პირველი სამკითხველო დარბაზი, შევაკეთეთ დედოფლისეული სასახლის 3 დარბაზში ჩამონგრეული ჭერი და გავხსენით ახალი ექსპოზიცია;

მისივე მხარდაჭერით გამოვეცით ლადო გუდიაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომი, რომელშიც ამ დიდი მხატვრის ათობით გამოუქვეყნებელი ნამუშევრის რეპროდუქცია შევიდა;

წულუკიანის თანადგომით და პოლონური ფონდის მხარდაჭერით ხელოვნების სასახლემ, ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა და ხელოვნების მუზეუმმა არა ერთი სპეციალისტი გაგზავნა პოლონეთში და გადაამზადა...

მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, თან ნათქვამია შემოწმებადი ფაქტებით და არა - ემოციებით ან პოლიტიკური მიზნებით.

ლალი მოროშკინა, პიარ ტექნოლოგი, ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

- თეა წულუკიანი არის საუკეთესო მინისტრი და - არა მხოლოდ კულტურის! ვთვლი, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება ძალიან დროულია! ვთვლი, რომ თეა წულუკიანის ადგილი ძალოვან უწყებებშია, რადგან კულტურის სფეროს გარდა, შესანიშნავად შეუძლია დაალაგოს ის, როგორც ალაგებდა გაცილებით უფრო რთულ სფეროს. თუმცა, ძალიან კარგია კულტურასა და სპორტში რომ არის, რადგან მე თვითონ წარმოვადგენ სპორტის სფეროს, ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ და მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რასაც აკეთებს სპორტისთვის. გამარჯვება სახეზეა, პირველად გავხდით მსოფლიო თასის ჩემპიონები. მოგეხსენებათ, სანდრო ბაზაძე გახდა მსოფლიო ჩემპიონი. რომ არა სამინისტროს დახმარება, რთული იქნებოდა თბილისში მსოფლიო თასის ჩატარება. ასე რომ, ძალიან კარგად ვიცი, რასაც აკეთებს თეა წულუკიანი კონკრეტულად ამ დარგში.

- უამრავი დამსახურებული ხელოვანი თუ სპორტსმენია მისით უკმაყოფილო...

- ეს არის პოლიტიკური შეუთავსებლობა. ისინი წინა ხელისუფლების მეხოტბეები არიან და ამით აიხსნება თეას მიმართ ეს უკმაყოფილება... რეალურად, რაც ახლა კეთდება კულტურასა და სპორტში, თუნდაც ერთი მაგალითი ავიღოთ, რაც ჩვენთან, ფარიკაობაში იყო - ამხელა გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. პანდემიის პერიოდში ჩაატარო მსოფლიო შეჯიბრი, სადაც 50 ქვეყანა ჩამოვა და საინფორმაციოები მთელ მსოფლიოში მხოლოდ საქართველოზე გადმოსცემენ, ეს უდიდესი მიღწევაა და წარმოუდგენელია მინისტრის მუყაითი შრომის გარეშე... როგორც მოგახსენეთ, მე თვითონ წარმოვადგენ სპორტის სფეროს და კარგად ვიცი, რა ხდება და სიმართლის თქმას არასოდეს ვერიდები!

გიორგი უშიკიშვილი - მომღერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი:

- ძალიან ვეწინააღმდეგები და არ მომწონს ასეთი ხისტი მიდგომები, რაც ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს! თავად ვმუშაობდი კულტურის სფეროში და კარგად ვიცი, რა რთულია, ადამიანები რომ 30-40 წელი თავის საქმეს ერთგულად ემსახურებიან, საუკეთესო პროფესიონალები არიან, მიხვიდე და ასე ნაჯახის ტონით უთხრა, რაღაცას არასწორად აკეთებდი, არც არაფერი გაგიკეთებიაო... ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი! მეტი სიფრთხილე სჭირდება ამ ადამიანებთან ურთიერთობას და განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ! არ მომწონს ასეთი პოლიციური მიდგომა!

რაც ამ ბოლო დროს მოხდა ლაშა ბაქრაძის წიგნთან დაკავშირებით, ყოვლად გაუმართლებელია! ყველა გამოცემაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული ცდომილება და არც მომავალშია ვინმე ამისგან დაზღვეული... ეს შემოქმედებითი პროცესია და თავად ავტორები გამოასწორებენ, გასცემენ პასუხს და მათ ბოდიშიც მოიხადეს.

თავად გელათში რამდენჯერმე ვიყავი და ძალიან გული მწყდება იმასთან დაკავშირებით, რომ გელათი ამდენად მძიმე მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, ვერ მოვისმინე კონკრეტული წინადადებები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას. გელათი ხომ მხოლოდ ჩვენი საკუთრება არ არის, მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურია! როცა ამ საკითხზე ვერაფერს ვისმენთ და სამინისტრო განცხადებას აკეთებს ლექსთან დაკავშირებით, ჩემთვის ძალიან მიუღებელია! მიმაჩნია, რომ კულტურის სამინისტრო შემოქმედებით პროცესებში საერთოდ არ უნდა ერეოდეს! ჩარევა გელათთან დაკავშირებით პირდაპირ სამინისტროს კომპეტენციაა და რომელიმე წიგნში თუ ლექსი არასწორად შევიდა, ეს ავტორების პასუხისმგებლობაა! ამ დროს ისეთ განცხადებას ვისმენთ, რაც წარმოუდგენელია! ჩვენ არ ვცხოვრობთ 1937 წელში, ადამიანები რომ ერთი შეცდომისთვის დავსაჯოთ და მკაცრი საუბრები გვქონდეს... ასე რომ, სადაც საჭირო არ არის, იქ ერევიან და სადაც საჭიროა, იქ პირდაპირ ნაჯახს იყენებენ და მეორეც, გარკვეული სფეროები კვლავაც მონოპოლიზებულია! ყველას არ ეძლევა საშუალება ის დოვლათი გამოიყენოს, რასაც სახელმწიფო, ხალხი ქმნის. კონკურენცია უნდა არსებობდეს. პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ხდებოდეს დაყოფა, ვინ ამღერონ და ვის პროექტი დაუფინანსონ. პოლიტიკური იარაღი ხელიდან უნდა გაუშვან და მეტი თავისუფლება იყოს, ხელოვნებას სწორედ ეგ სჭირდება! ხელოვნება იქმნება, როდესაც თავისუფლებაა!

კულტურის მინისტრის ყოველი გამოსვლა, ყოველი სიტყვა შემრიგებლური უნდა იყოს, ადამიანებს გულზე მალამოსავით უნდა ედებოდეს. შეიძლება ხელოვანს რაღაც არ დაუფინანსო, მაგრამ სიტყვით გამოხატო მის მიმართ პატივისცემა, დაფასება... თეა წულუკიანის ყოველი გამოსვლა წარმოუდგენელი ბოღმით სავსეა და არ მიმაჩნია რომ ასეთი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, ვინც უნდა იყოს მინისტრი!

გოგი ხოშტარია - ხელოვნებათმცოდნე:

- იმ წუთიდან, როდესაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, ამ ფაქტს მწვავედ ვაპროტესტებდი. ამას ყველგან ვაცხადებდი, სადაც კი საშუალება იყო. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი დამოკიდებულება იმ უზარმაზარი სფეროსადმი, რომლის გარეშეც, ქართული იდენტობა საერთოდ წარმოუდგენელია. ქართული კუთხე, პირველ რიგში, რითი წარვდგებით კაცობრიობის წინაშე? - უძველესი წარმოშობის მქონე კულტურა, რომელიც დღემდეა მოტანილი. ამას უნდა ვუფრთხილდებოდეთ თვალის ჩინივით და აი, მოვიდა წულუკიანი და მითხარით, იუსტიციის მინისტრი რომელი კულტურის მინისტრი უნდა იყოს?! პარლამენტმა ისე დაამტკიცა, რომ ერთი სიტყვაც არ თქვეს, ამ საოცრად დიდ საპასუხისმგებლო სფეროში რა პროგრამით მოდის, რა უნდა...

ყოვლად მიუღებელია მისი კანდიდატურა ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში, რადგან კულტურის სფეროს პოლიტიზება არის დაბრუნება არა უბრალოდ საბჭოთა სფეროში, არამედ - სტალინის ეპოქაში და, პირდაპირ გეტყვით - 1937 წელში! ამას თუ მოვესწრებოდი, მართლა აღარ მეგონა! თან ჰგონიათ, რომ ხელოვნების სფეროს მართვა ადვილია, ამ დროს, ყველაზე ურთულესია! რაც შეეხება მუზეუმის თანამშრომლებს, საოცარი პროფესიონალები გაუშვეს, მათ კომპეტენციაზე პასუხს ყველგან ვაგებ! მათ ნაცვლად ვიღაც პოლიციელები თუ ზედამხედველები მოჰყავთ. დამღუპველია ეს ყველაფერი!

(სპეციალურად საიტისთვის)