ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი - 77 წლის შემდეგ გარკვეული სიმართლე - კვირის პალიტრა

ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი - 77 წლის შემდეგ გარკვეული სიმართლე

ვინ გადასცა ანა ფრანკის ოჯახი ნაცისტებს? - 77 წლის შემდეგ გამოძიებამ ახალი ეჭვმიტანილი დაასახელა

ამსტერდამში მცხოვრები ებრაელი გოგონას ისტორია მსოფლიოს ყველა კუთხეში იციან. საზოგადოებამ მის შესახებ სრულიად შემთხვევით გადარჩენილი დღიურებით შეიტყო.

ნაცისტებმა ანა ფრანკი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად 1944 წლის 4 აგვისტოს ამსტერდამში დააპატიმრეს. ანასთან ერთად თავშესაფარში (სამალავში) ორი წლის განმავლობაში 8 ადამიანი იმალებოდა. როგორც ცნობილია, ანას დღიურის ბოლო ჩანაწერი 1944 წლის 1 აგვისტოთია დათარიღებული. 15 წლის ანა დასთან, მარგოსთან ერთად 1945 წელს ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.

ამ ისტორიაში ამოუცნობ ფაქტად დარჩა, ვის შეეძლო გოგონასა და მისი ოჯახის ნაცისტებისთვის გადაცემა?

ამ თემაზე გამოძიება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს. უამრავი ვერსია არსებობდა, ვის შეეძლო მათთვის ეღალატა და ოჯახი ნაცისტებისთვის გადაეცა. ანა ფრანკის მუზეუმმა 2016 წელს დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა, ნაცისტებმა ისინი სრულიად შემთხვევით იპოვეს.

ასეთი დასკვნა ბევრს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ 6 წლის წინ შეიქმნა ისტორიკოსთა და კრიმინალისტთა სპეციალური ჯგუფი, რომლებმაც არსებული მასალები დაამუშავეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ანა ფრანკის ოჯახი ნაცისტებს ნაკლებად ცნობილმა ებრაელმა ნოტარიუსმა - არნოლდ ვან დენ ბერგმა გადასცა. შესაძლოა ის ამ საქციელით საკუთარი ოჯახის გადარჩენას ცდილობდა.

სიხარბის, კეთილშობილების, ღალატისა და სიმამაცის ისტორია

მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, რადიოთი გადმოსცემდნენ, რომ საბჭოთა ჯარები ნაცისტებს ამარცხებდნენ. ხალხს იმედი მიეცა, რომ ორწლიანი წვალება დასრულდებოდა და ზოგიერთი მათგანი სამალავსაც ტოვებდა.

1944 წლის 4 აგვისტოს, როცა ანა ფრანკის მამა ოტო ვაჟის მეგობრებს სამალავში ინგლისური ენის გრამატიკის გაკვეთილს უტარებდა, უეცრად კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა შემოესმათ - ნაცისტებმა მათი სამალავი იპოვეს.

ანა ფრანკის მამა დაკავებული 8 ადამიანიდან ერთადერთია, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს გადაურჩა. ომის დასრულების შემდეგ ის ცდილობდა, ოჯახის შესახებ სიმართლე გაეგო, თუმცა ამისთვის არავის ეცალა. როგორც ცნობილია, ნაცისტმა კარლ იოზეფ ზილბერბაუერმა ანას და სხვა ტყვეებს შტაბბინაში შესვლა უბრძანა, ამ დროს ანამ მამის პორტფოლიო აიღო, ეს ზილბერბაუერმა დაინახა, გოგონას პორტფოლიო ხელიდან გამოსტაცა და მოისროლა, სწორედ აქ იდო ანას დღიურიც, რომელიც სრულიად შემთხვევით გადარჩა. საკონცენტრაციო ბანაკიდან დაბრუნებულ ოტოს შვილის დღიური ოჯახის მეგობარმა ქალმა - მიპ გიზმა გადასცა. მან ანას დღიური ნაცისტების წასვლის შემდეგ იპოვა და შეინახა.

anafrankisdgiuri2-1642509645.jpg

ანა ფრანკის დღიური რამდენიმე ენაზე ითარგმნა და გამოიცა. რამდენიმეკაციანი ჯგუფი კი ცდილობდა გაეგო, ვინ გასცა 15 წლის გოგონას ოჯახი.

2016 წელს ორმა ჰოლანდიელმა რეჟისორმა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი, სადაც აისახებოდა, როგორ ეძებენ ამ კითხვაზე პასუხს ექსპერტები. ექსპერტთა, კრიმინალისტთა და ისტორიკოსთა ერთიანმა ჯგუფმა ყველა ვერსია შეისწავლა, რაც აქამდე არსებობდა.

ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ექსპერტებმა შეადგინეს იმ პირთა ბაზა, ვისაც ნაცისტებისთვის ინფორმაცია მიჰქონდა.

მათ ეტაპობრივად ეჭვმიტანილთა წრეც შეამცირეს და შეისწავლეს ის ადგილი, სადაც ანა ფრანკი იმალებოდა. ისტორიკოსებმა გამოიკვლიეს, ვის შეეძლო ანა ფრანკის ოჯახი ნაცისტებისთვის გადაეცა.

თავდაპირველად მათ შეისწავლეს ვერსია, ნაცისტებმა სამალავი შემთხვევით ხომ არ ნახეს და სინამდვილეში მიტოვებულ ადგილას მოროდიორობისთვის ხომ არ წასულან. საბოლოოდ, ისინი დარწმუნდნენ, რომ ნაცისტებმა ზუსტად იცოდნენ, სად და რატომ მიდიოდნენ.

გამოძიებისას ექსპერტებმა უარყვეს ვერსია, რომ შესაძლოა ოჯახის სამალავის შესახებ ინფორმაცია ნაცისტებს საწყობის მენეჯერმა ვილემ ვან მაარენმა მიაწოდა, რომელსაც ანა ფრანკის მამა ადანაშაულებდა. როგორც ექსპერტებმა აღმოაჩინეს, ვან მაარენი იყო თაღლითი, თუმცა ნაცისტებს ეს ინფორმაცია ტელეფონით გადასცეს, ამ დროს კი მაარენს ტელეფონზე ხელი არ მიუწვდებოდა. მეორე ვერსიით, ანა ფრანკის გამცემი შესაძლოა ანა (ანს) ვან დაიკი ყოფილიყო. ებრაული წარმოშობის გოგონა ნაცისტებთან მუშაობდა. ის ადამიანებთან ახლო ურთიერთობაში შედიოდა, შემდეგ კი ინფორმაციას ნაცისტებს აწვდიდა, ამ გზით ნაცისტებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. თუმცა მოგვიანებით ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ანა ფრანკის დაკავების მომენტში ანა ვან დაიკი უტრეხტში იყო გაგზავნილი სამუშაოდ. უამრავი ვერსიის დამუშავების შემდეგ ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ოჯახის მოღალატე თავად ოტოს და მიპ გიზს აღმოუჩენია. ოტო წერდა, რომ გამცემი მამაკაცი ებრაელი იყო და დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.

უამრავი ვერსიისა და დოკუმენტის შესწავლის შემდეგ ექსპერტებმა ყურადღება ერთ ანონიმურ წერილზე შეაჩერეს, რომელიც ოტო ფრანკმა ამსტერდამში დაბრუნების შემდეგ მიიღო. წერილში ეწერა, რომ სხვენში დამალული ოჯახი არნოლდ ვან დერ ბერგმა გასცა. შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მან ნაცისტებს რამდენიმე მისამართი გადასცა, სადაც ებრაელები იმალებოდნენ.

ვან დენ ბერგი ნოტარიუსი გახლდათ. ამსტერდამში ნაცისტების მოთხოვნით ებრაული საბჭო შეიქმნა, რათა საბჭოს ადგილობრივი ებრაელებისთვის ეხელმძღვანელა, სწორედ ამ საბჭოს წევრი იყო ვან დენ ბერგიც.

ეს გაერთიანება ბევრ ადამიანში იწვევდა უკმაყოფილებას, რადგან ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ებრაელთა დაცვის ნაცვლად, ისინი ებრაელებს ნაცისტებს გადასცემდნენ. თუმცა არსებობს ბევრი ცნობა იმაზეც, რომ ებრაული საბჭო მოსახლეობას ბევრ საკითხში ეხმარებოდა. მაგალითად, მაშინ, როცა ებრაელებს მაღაზიასა და ბაზარში შესვლა აეკრძალათ, გაერთიანება ყველა გზას ეძებდა, მოსახლეობას პროდუქტზე წვდომა ჰქონოდა. ისინი ბევრ ადამიანს ასაქმებდნენ, რადგან საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილისგან გადაერჩინათ. ასევე, ებრაელებს ბანაკებში შეფარვით თბილ ტანსაცმელსაც აწვდიდნენ.

როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ვან დენ ბერგმა მიაღწია იმდენს, რომ ნაცისტები მას ოფიციალურად ებრაელად აღარ თვლიდნენ. თუმცა მალე ვან დენ ბერგს იმ ბიზნესის მეპატრონემ უჩივლა, რომელსაც ქონება ჩამოართვეს. საბოლოოდ, ნოტარიუსი ისევ ებრაელთა რიცხვს მიაკუთვნეს, თუმცა მისი ოჯახი საკონცენტრაციო ბანაკში მაინც არ გაგზავნეს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ებრაულ საბჭოში მუშაობისას, ვან დენ ბერგმა ებრაელთა საიდუმლო სამალავების მდებარეობა გაიგო და ინფორმაცია ნაცისტებს გადასცა, სანაცვლოდ კი მისი ოჯახი ბანაკში დასასჯელად აღარ გაუშვეს.

გამოცემა de Volkskrant-ის ინფორმაციით, ის 1950 წელს გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ეს გამოძიება იყო მცდელობა, ნათელი მოეფინათ ომის პერიოდის ამსტერდამის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოზე და საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ცხოველური ინსტიქტები, საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენის მიზეზი შესაძლოა ღალატისა და ნაცისტებთან თანამშრომლობის მოტივი გამხდარიყო. (წყარო)