იჰლარას ხეობის წმ. გიორგი, გურჯი ხათუნი და სულთანი - კვირის პალიტრა

იჰლარას ხეობის წმ. გიორგი, გურჯი ხათუნი და სულთანი

იხილეთ წინა ნაწილი

სელიმეს კათედრალიდან აღარსად გადაგვიხვევია და იჰლარას ხეობისკენ გავემართეთ. მოსაღამოვებული იყო და ვნერვიულობდით, ვაითუ, ეკლესიები დაკეტილი დაგვხვდეს-თქო. საბედნიეროდ, გაგვიმართლა, მაგრამ ყველას მაინც ვერ ვნახავდით. მთავარი სამიზნე ხეობის ბოლოს, 3-ნახევარ კილომეტრში, კლდის მაღალ ადგილას გამოკვეთილი ერთი ეკლესია იყო. ამიტომ მხოლოდ თავშივე წმ. დანიელ წინასწარმეტყველისა და სუმბულის ეკლესიაში შევედით, იქიდან კი ჩქარი ნაბიჯით გავუყევით იჰლარას ულამაზეს ხეობას.

2. ვიცოდით, რომ იჰლარას ხეობა ვანის ქვაბებს წააგავდა
ვიცოდით, რომ იჰლარას ხეობა ვანის ქვაბებს წააგავდა

ვიცოდი, რომ ეს ხეობა ძალიან წააგავდა ვარძიას და ვანის ქვაბებს, რომელთაგან, იგი, დაახლოებით, 1400 კილომეტრითაა დაშორებული. ხეობაში 11 მონასტერია, კარგად შემორჩენილი ფრესკებით. თანაც ქართველი პილიგრიმებისათვის და ტურისტებისთვის უმთავრესი სწორედ იჰლარას ხეობაა, რომელიც ქართული კვალითაა გამორჩეული. მის მონახულებას ერთი დამატებითი დღე სჭირდება - გორემედან 100 კილომეტრითაა დაშორებული და იქ მოსახვედრად ტრადიციულ მარშრუტსაც უნდა გადაუხვიო. ყველა დაუღლელი "სიმუსი" ვერ იქნება, ვერც თამთა ჭანტურიასნაირი "თავზეხელაღებული" და ოპერატიული მეთაური ეყოლება და - ვერც ზვიად ჩიტაურის დარი ფხიზელი, პროფესიონალი და "თანამზრახველი" მძღოლი, ამდენ მისახვევ-მოსახვევ-აღმართ-დაღმართს გაუძლოს და ერთ დღეში ის ნახოს, რასაც თუნდაც ამ ერთ წერილში გიამბობთ! შეიძლება სიგიჟედ ჩაგვითვალოთ, შეიძლება მეც კი დაგიდასტუროთ, მაგრამ რაც 9 დღის განმავლობაში მოვიარეთ, ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, ყველა სიგიჟეს გადაფარავს!

3. ჩქარი ნაბიჯით გავუყევით ულამაზეს ხეობას
ჩქარი ნაბიჯით გავუყევით ულამაზეს ხეობას

რაც შეეხება იჰლარას ქართულ კვალს, ჩვენ წმ. გიორგის იმ ეკლესიისკენ მიგვეჩქარებოდა, სადაც ლეგენდად ქცეული გურჯი ხათუნის ფრესკა გვეგულებოდა. ჩქარი ნაბიჯით კი მივდიოდით, მაგრამ შევნიშნეთ თუ არა, რომ ფეხდაფეხ გასაღებებით დატვირთული ეკლესიების მცველი ჟანდარმი მოგვყვებოდა, უკანმოუხედავად მოვკურცხლეთ. გული ამოვარდნას გვქონდა, ეკლესიისკენ ამავალ კიბეებთან რომ აღმოვჩნდით. უკანასკნელი ენერგია მოვიკრიბეთ და... კვლავ გავიქეცით, უკან კი ჩვენი სიმუსის - რუსუდან ქაფიანიძის ჩურჩული გვესმოდა: "1, 2, 3, 4, 5, 6, 7..." - კიბის საფეხურებს ითვლიდა. რაკი ამ საქმეში ადრეც შემჩნეული იყო, საბოლოოდ, "მთვლელი" ვუწოდეთ. ასე, თვლა-სირბილში მივაღწიეთ მიზანს და რკინის გისოსებიან კარში შევცვივდით...

 იჰლარა. წმ. გიორგის ეკლესიის შესასვლელი
იჰლარა. წმ. გიორგის ეკლესიის შესასვლელი

ბევრ წყაროზე დაფუძნებით დადასტურებულია, რომ აქ არსებული მონასტრის გამოკვეთა თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი-ხათუნად წოდებული თამარ ბაგრატიონის (XIII ს. რუმის სასულთნო) სახელსა და ქართულ ფესვებს უკავშირდება. წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, სავარაუდოდ, მიწისძვრისგანაა დაზიანებული, თუმცა კედლის ულამაზესი მხატვრობა, მათ შორის - გურჯი-ხათუნის ფრესკაც, კარგად იკითხება. იმ კედელზე, წმინდა გიორგის მარცხნივ გამოსახულია გურჯი ხათუნი - თამარ ბაგრატიონი, ხელში ეკლესიის მაკეტით, მარჯვნივ კი - სულთანი... ამასობაში ჟანდარმიც ამოვიდა და გარეთ, ქვაზე ჩამოჯდა, თან გაგვიღიმა და გვანიშნა, არ აჩქარდეთო. ისე გავთავხედდით, ეკლესიაში, სადაც ფოტოგადაღებაც არ შეიძლებოდა, მის თვალწინ სანთლები დავანთეთ და ვილოცეთ კიდეც. სიმპათიური ჟანდარმი კვლავ კეთილად გვიღიმოდა. ფოტოს გადაღება ვთხოვეთ და ამასაც ხალისით დათანხმდა. მოკლედ, ბოლომდე "გვიჯიგრა" და ჩვენც ვინამუსეთ - დროულად დავემშვიდობეთ წმ. გიორგის ეკლესიას, უგრძესი კიბე ჩავირბინეთ, სული კი მის დასაწყისში, სიმწვანეში ჩადგმულ წყაროსთან მოვითქვით და ეს წუთი სამუდამო კადრად აღვბეჭდეთ.

5. წმ. გიორგის მარცხნივ გურჯი ხათუნი ეკლესიის მაკეტით, მარჯვნივ სულთანი...
წმ. გიორგის მარცხნივ გურჯი ხათუნი ეკლესიის მაკეტით, მარჯვნივ სულთანი...

ორიოდე სიტყვით გურჯ ხათუნზეც გიამბობთ - მეფეთ-მეფე თამარის შვილის - რუსუდანისა და არზრუმის სულთან ტოღრილის შვილის, მოღის ედ-დინის ქალიშვილი 1236 წელს, 13 წლის ასაკში რუმის 17 წლის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-ს მიათხოვეს. თამარის სილამაზითა და გამჭრიახობით მოხიბლულმა ხუსრევ II-მ მეუღლეს გურჯი ხათუნი ანუ ქართველი ქალბატონი უწოდა. თამარი სულთნის მესამე ცოლი იყო და, საქორწინო პირობების მიხედვით, ქორწინების შემდეგაც შეეძლო ქრისტიანად დარჩენა. თავისი გამორჩეული ბუნებიდან გამომდინარე, თამარი მალევე გახდა სულთნის უსაყვარლეს მეუღლე, რამაც სულთნის დანარჩენი ცოლები გააღიზიანა და, პირველი ცოლის მეთაურობით, მათ გურჯი ხათუნის მოწამვლა სცადეს.

6. გურჯი ხათუნი - თამარ ბაგრატიონი
გურჯი ხათუნი - თამარ ბაგრატიონი

განრისხებულმა ხუსრევ II-მ პირველი ცოლი სიკვდილით დასაჯა. სულთანმა მოისურვა, მისი ზეობის ჟამს მოჭრილ მონეტაზე თამარის სახე ამოეტვიფრინებინა. ამას ისლამის რჯული სასტიკად კრძალავდა, ამიტომ მან 1236 წელს მოჭრილ მონეტაზე ფაფარაშლილ ლომთან ერთად მზის დისკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა. აქედან იღებს სათავეს აღმოსავლეთში გავრცელებული ემბლემა შირ-უ-ხირშიდ ანუ მზე და ლომი, რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა. თამარს და ხუსრევ II-ს ერთადერთი შვილი ჰყავდათ, რომელიც რუმის სასულთნოს კანონიერი მემკვიდრე იყო.

7. სულთანმა მზის დისკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა
სულთანმა მზის დისკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა

ხუსრევის ბურუსით მოცული სიკვდილის შემდეგ რუმის სულთანი და პატრონი მისი ვეზირი ფერვანე გახდა, რომელმაც ძალდატანებით იქორწინა გურჯ ხათუნზე. ახალ სულთანს სიგიჟემდე უყვარდა იკონიის დედოფალი. 1277 წელს მონღოლმა ნოინებმა ფერვანე მოკლეს. მალევე დედოფალი იძულებული გახდა, ვაჟთან - სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სთან ერთად კონია დაეტოვებინა, თუმცა ლტოლვილობამ იგი დიდ განსაცდელს ვერ აარიდა. ნახევარძმების მოთხოვნით თამარისა და ხუსრევ II-ის ვაჟი მოკლეს, მკვლელობის მიზეზი კი ის გახდა, რომ სიკვდილამდე ხუსრევმა თავის შემცვლელად თამართან შეძენილი შვილი აღიარა. შვილის სიკვდილმა თამარი საბოლოოდ გატეხა წელში.

8. ჟანდარმს ფოტოს გადაღება ვთხოვეთ და ამასაც ხალისით დათანხმდა
ჟანდარმს ფოტოს გადაღება ვთხოვეთ და ამასაც ხალისით დათანხმდა

თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანობის ერთგული დარჩა. გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ გადმოცემები ურთიერთგამომრიცხავი იყო - ზოგი ვერსიით, კონიაში გარდაიცვალა, ზოგით - საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებდა, ასე რომ, თანამედროვეობისთვის გურჯი ხათუნის საფლავი უცნობი იყო, ვიდრე... 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, ბატონმა გიორგი ჯანჯღავამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ერზურუმის პასინლერის რაიონში, არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, გურჯი-ხათუნად წოდებული თამარის საფლავი იპოვეს. მასთან ინტერვიუდან შევიტყვე, რომ დადასტურდა სარკოფაგში გურჯი ხათუნის ვაჟის - ქეიყუბად II-ის ძვლების არსებობა. სულთნის წარწერა გაშიფრულია, დედის კი - დაზიანებულია ან წაშლილი. XIII საუკუნის სელჩუკური წყაროების მიხედვით კი ცნობილია, რომ გურჯი ხათუნი შვილთან დაასაფლავეს. გათხრილ სარკოფაგებშიც დედა და შვილია აღმოჩენილი, ამიტომ ქალის ძვლები თამარის უნდა იყოს.

9. გათხრილი სარკოფაგი
გათხრილი სარკოფაგი

ეს აღმოჩენა ჩვენი მოგზაურობის შემდეგ მოხდა, თორემ დარწმუნებული ვარ, კვლავ შევიცვლიდით გეზს და გათხრების ადგილსაც მოვინახულებდით, თუმცა ბატონი გიორგის წყალობით, გათხრილი სარკოფაგების ფოტო მაინც გვაქვს, მაშინ კი... წინ დიდი გზა გვქონდა გასავლელი...

10. წყაროსთან გაგრილებულები სიმუსები
წყაროსთან გაგრილებულები სიმუსები

იჰლარას ხეობის წმ. გიორგის ქვაში ნაკვეთი ეკლესიის წყაროსთან გაგრილების შემდეგ ჩვენს სიმპათიურ და ზრდილობიან ჟანდარმს კიდევ ერთხელ გადავეყარეთ, ხეობის ძირითადი სივრცის ჭიშკარს იქით, ჯვრის ფორმის სვეტებიანი ეკლესიის ფრესკების თვალიერებისას. იქაც ჩასაკეტად მოვიდა, გასაღების ასხმით და ვიდრე რამეს გვეტყოდა, გავუღიმეთ, ხელი დავუქმნიეთ და მისი თვალთახედვის არედან გავქრით.

(გაგრძელება იქნება)