"დავუბრუნოთ ჯანმრთელი მამა სამ მცირეწლოვან ბიჭუნას" - ახალგაზრდა მამაკაცს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - კვირის პალიტრა

"დავუბრუნოთ ჯანმრთელი მამა სამ მცირეწლოვან ბიჭუნას" - ახალგაზრდა მამაკაცს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს

"დავუბრუნოთ ჯანმრთელი მამა სამ მცირეწლოვან ბიჭუნას" - ამ მოწოდებით საქველმოქმედო კამპანია სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაჩნდა, რაც 42 წლის მანუჩარ (ბაჩო) კვარაცხელიას უმძიმესი დიაგნოსი დაუსვეს ექიმებმა.

გასული წლის 10 დეკემბერს 42 წლის მამაკაცს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი საქართველოში დაუდგინეს. დიაგნოზის შესამოწმებლად ოჯახმა ბაჩო სტამბოლში გადააფრინა და სამწუხაროდ, იქაც დადასტურდა, რომ გადაუდებელი, სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა.

პაციენტის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, მისი მეუღლე, შორენა ხურცილავა გვაწვდის, რომელსაც იმედი აქვს საზოგადოების მხარადჭერის და გვერდში დგომის.

- ქალბატონო შორენა, ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემა როგორ გამოვლინდა?

- დიაგნოზის დასმამდე, ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არ ჰქონია. უცებ ტემპერატურა მოემატა და გულმკერდის არეში ჰქონდა ტკივილები, სამი დღის განმავლობაში. ფოთში ოჯახის ექიმმა გვითხრა, რომ შეიძლება კოვიდი ჰქონდესო, მაგრამ ტესტმა არ დაადასტურა. მერე სისხლის ანალიზი ჩააბარა და იქ გამოჩნდა, რომ ლეიკოციტები აქვს ძალიან მაღალი. გადაგვამისამართეს ჰემატოლოგთან თბილისში, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ და იქ გვითხრეს, რომ მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემია აქვს. დიაგნოზის გამოვლენამდე თვენახევრით ადრე, ანალიზები ჩააბარა, აცრის გაკეთებას გეგმავდა და მაშინ არაფერი აწუხებდა.

- ამბობთ, რომ თქვენს მეუღლეს გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა სჭირდება. სად უნდა გაუკეთოთ ოპერაცია და რა რაოდენობის თანხაა საჭირო?

- ოპერაცია უნდა ჩატარდეს თურქეთში, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება. ექიმმა შესაბამისი დასკვნა გადაუგზავნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც მხოლოდ 15450 ლარი გამოყო.

ჩვენ რომ ჩამოვედით თურქეთში, მაშინვე დაიწყეს ქიმიოთერაპია. მიზერული თანხა, რაც გვქონდა წინასწარ მივეცით. თერაპიის ერთი კურსი ჩაუტარდა, რომელშიც გადავიხადეთ 16 000 დოლარი. პირველივე თერაპიის შემდეგ გვითხრეს, რომ რემისიაში გადავიდა პაციენტის მდგომარეობა და შეიძლებოდა უკვე ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. გამომდინარე იქედან, რომ ძმა დონორად არ გამოდგა, საჭირო გახდა დონორის მოძიება. დაახლოებით თვენახევარი სჭირდება დონორს, რომ მოამზადონ. თურქეთის კლინიკას უკვე ჰყავს დონორი შერჩეული. ჩვენგან საჭირო თანხას ელოდებიან.

ჩემი მეუღლე მცირე მეწარმე იყო, ისე ოფიციალური სამსახური არ ჰქონია. რა რესუსიც გვქონდა, ყველაფერი დავხარჯეთ. დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით. ხარჯი რაც დავთვალეთ, უშუალოდ კლინიკაში გადასახდელი არის 110 500 დოლარი . დამატებით ხარჯებს არც ვითვლი, რაც გვჭირდება თურქეთში ყოფნის დროს. 25 000 დოლარის ხარჯი უკვე გაწეული გვაქვს. რაც გვქონდა თანხა დაგროვილი სამომავლო გეგმებისთვის, ყველაფერი გამოგველია, სხვა აღარაფერზე გვინდა ფიქრი, გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლე გამოვაჯანმრთელოთ. ძალიან მდიდარი უნდა იყო საქართველოში, რომ უზომოდ დიდი რაოდენობის თანხა სხვისი დახმარების გარეშე მოაგროვო. ორი მანქანა გავყიდეთ. ამ წუთას სასწრაფოდ გვჭირდება ფული იმისთვის, რომ კლინიკის ხარჯები დავფაროთ და დონორს ვუთხრათ თანხმობა, რათა დროულად მოხდეს გადანერგვა. მოგეხსენებათ, გადანერგვის შემდეგაც რამდენი თერაპია და მკურნალობის კურსია საჭირო. თუ დროულად არ მოხდა გადანერგვა, მანამდე სულ მოუწევს ქიმიოთერაპიის გაკეთება, რაც თავის მხრივ ასუსტებს ორგანიზმსაც.

- რა ასაკის არიან თქვენი შვილები და თუ იციან მამის მდგომარეობის შესახებ?

- სამი მცირეწლოვანი ბიჭი გვყავს. 12 წლის გიორგი, 9 წლის დემეტრე და 7 წლის დათუნა. ჩემს მეუღლეს მშობლები არ ჰყავს. ადრეულ ასაკში დაეღუპა. 7 წლის იყო დედა რომ დაეღუპა და 15 -ის - მამა რომ გარდაეცვალა. ჩვენი შვილები დედაჩემთან არიან. ბავშვები ხვდებიან ყველაფერს, მესინჯერით გვირეკავენ და რომ ნახეს მამას თმები არ აქვს, მე ვეხუმრე, მეც ვაპირებ თმების მოცილებას-მეთქი და მითხრეს, შენ არ მოგიხდებაო, არ გადაიპარსო თავიო. ვიდეოზარით გვიყურებენ და არც ისე პატარები არ არიან, ვერ მიხვდნენ სად ვართ და რატომ ვართ.

- ადგილობრივი მთავრობა არ გეხმარებათ?

- გვითხრეს, რომ სარეზერვო ფონდიდან 1000 ლარს გამოგიყოფთო და ეგეც არ დაურიცხავთ ჯერ.

დახმარებისთვის იხელმძღვანელეთ ქვემოთ მითითებული რეკვიზიტებით:

GE84BG0000000122196600 სს "საქართველოს ბანკი" - მიმღები: შორენა ხურცილავა

GE83TB7767245063600004 სს "თი-ბი-სი ბანკი"- მიმღები ძმა: ირაკლი კვარაცხელია