"როდესაც ამის შესახებ ვიგებ, უბრალოდ, მეცინება ხოლმე..." - კვირის პალიტრა

"როდესაც ამის შესახებ ვიგებ, უბრალოდ, მეცინება ხოლმე..."

პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს - ამას მისი ლექსები, თავისი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უსაზღვრო სიყვარული და უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი განაპირობებს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"თუ ძლიერია კაცი, პირში უნდა გითხრას სათქმელი. ზურგს უკან ნათქვამი სწორედ იმას ნიშნავს, რომ კარგი ხარ და არ უნდა, რომ ეს აღიაროს და გითხრას. როდესაც ვიგებ ამის შესახებ, უბრალოდ, მეცინება ხოლმე..."

"მინახავს, ერთი ადამიანი ეკითხება მეორეს რაღაც დარდზე და როდესაც იგებს, რომ პრობლემა უკვე მოხსნილია, ვითომ შეიცხადებს, მაგრამ სახეზე ეწერება, რომ ეს სიკეთე შეშურდა. გამოდის, ჭირში თანაგიგრძნობს, მაგრამ ლხინში თანადგომა ეძნელება. ვისაც ლხინში უჭირს ადამიანის გვერდით დგომა, იმას მეგობარი არ ჰქვია..."

"ოჯახი დაბურული ტყეა, სადაც შეხვალ და დაიკარგებიო, ასეც ამბობენ, მაგრამ მე იმის უფრო მჯერა, რომ ოჯახი სახლია სათნოებისა და სიყვარულისა. სხვისი ოჯახისას ვერაფერს გაიგებ. შეიძლება საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობდეს, მაგრამ ღრმად თუ ჩაიხედავ, ისეთი უკეთურობა ხდებოდეს, შეიშალო, შეიძლება პირიქით - ერთ ჩვეულებრივ ოჯახად მიგაჩნდეს და როდესაც ახლოს გაიცნობ, ისეთი სიწმინდე ნახო, რომ ამან გადაგრიოს..."

"მოწყენის გამო ვინც ქორწინდება, რთულია მისი ცხოვრება. სიხარულიც შეგხვდება ცხოვრებაში და წყენაც, მაგრამ შენი განწყობა ხომ არ უნდა გადასდო ქალს?! იმიტომ უნდა დაქორწინდე, რომ ბედნიერი გახადო სხვა და არა იმიტომ, შენი ნაღველი და დარდი გადასდო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 20 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი