"არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილი თავად მიცნობდეს" - ვინ არის და რას საქმიანობს რომანოვების გერბის ავტორი? - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილი თავად მიცნობდეს" - ვინ არის და რას საქმიანობს რომანოვების გერბის ავტორი?

ვეწვიეთ მალტის პრეზიდენტის სასახლეს, სადაც ა-ლა-ფურშეტი იყო გამართული.

"ეს გახლდათ ძალიან მაღალი რანგის ვიზიტი და ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი. იქ დავრწმუნდი, რომ მიუხედავად პოლიტიკური ვითარებისა, შემოქმედებას საზღვარი არა აქვს. ამ ყველაფრის შემდეგ, არაჩვეულებრივმა იმპერატრიცამ - მარია რომანოვამ მიიღო ჩემი დაჯილდოების გადაწყვეტილება. იმპერატორის კავალრის წოდებით და წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დამაჯილდოვა..." - გვიამბობს ქართველი ფერმწერი დავით ივანიშვილი.

მისი ნამუშევრები კერძო კოლექციებშია დაცული: საქართველოში, შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, საფრანგეთში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, პორტუგალიაში, მალტასა და რუსეთში, გამოფენებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში... 2012 წელს ღირსების მედლითაც დაჯილდოვდა.

- როგორ გახდით რომანოვების გერბის ავტორი?

- ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2016 წელს მალტაში პერსონალური გამოფენა მოვაწყვე. იმ პერიოდში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვიყავი, არანაირი ადმინისტრაციული რესურსით არ მისარგებლია და გამოფენის ხარჯები თავად გავიღე. მახსოვს, 900 ლარი მქონდა ხელფასი და როგორი ძნელი წარმოსადგენიც უნდა იყოს, ამით ვინახავდი ხუთსულიან ოჯახს, თან კულტურულ-სოციალური სფერო მებარა. "იმ პერიოდში ძალიან იშვიათად ვხატავდი, საამისოდ დრო არ მრჩებოდა. ძალიან რომ არ დავშორებოდი ხელოვნებას, გადავწყვიტე, გამოფენა მომეწყო იმ ნახატებით, რაც მანამდე მქონდა შექმნილი. ეს იყო რამდენიმე პანორამა ძველი თბილისის მოტივებზე, აგრეთვე მითოლოგიურ თემაზე შესრულებული პანორამები, პეიზაჟები და ნატურმორტები.

მალტაში პერსონალური გამოფენის მოსაწყობად ბანკიდან ავიღე კრედიტი და გამოფენა დავგეგმე, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ერთ ფაქტს გამოვყოფ: მალტაში მცხოვრები, ერთ-ერთი წარმოშობით უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცი მოიხიბლა ნახატებით და თანამშრომლობა შემომთავაზა. ერთ-ერთ არაკომერციულ ორგანიზაციასთან ერთად მოაწყო გამოფენების ტურნე მალტასა და სიცილიაში, სადაც კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახა და გაიცნო ჩემი შემოქმედება.

ერთ-ერთი ასეთი გამოფენისას ხელოვნების დიდმა ქომაგმა, ქალბატონმა ირინა მალიკოვამ, რომელიც მალტაზე კულტურისა და ხელოვნების აკადემიის დირექტორია, ნახა ჩემი ნამუშევრები და მალტაში მცხოვრები, არაჩვეულებრივი ქალბატონის - მეგი აბაშიძის საშუალებით დამიკავშირდა. ქალბატონმა მეგიმ მითხრა, რომ მათი სურვილი იყო მათი ორგანიზაციის წევრი გავმხდარიყავი, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისიის შესრულება მომიხდა: ამ ორგანიზაციის წევრი დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდა შემექმნა რომანოვების გერბის გრაფიკული ესკიზი, ვინაიდან მე ამის გამოცდილება მქონდა. მოგეხსენებათ, ჩვენივე მუნიციპალიტეტის, საგარეჯოს მოქმედი გერბი და დროშა ჩემი შესრულებულია... დავიწყე მუშაობა და დახმარება ჩემს მეგობარ პროფესორ მალხაზ აფრიდონიძეს ვთხოვე, რომელსაც ჰერალდიკაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. რამდენიმე კვირა ვიმუშავეთ, გრაფიკული ესკიზის შესაქმნელად... ერთ დღეს, როცა პროფესორ მალხაზ აფრიდონიძესთან ვიყავი შემაჯამებელ კონსულტაციაზე და გრაფიკული ესკიზი თითქმის მზად იყო, სტანისლავ დუმინმა დამირეკა (რომელიც მსოფლიოში ცნობილი ჰერალდიკოსი და ისტორიული მუზეუმის წამყვანი მკვლევარია) და მითხრა, რომ მალტაში დაგეგმილია იმპერატრიცა მარიამ რომანოვას ვიზიტი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და პროტოკოლით მეც ვარ გათვალისწინებული ამ ვიზიტზე.

იქვე დაინტერესდა, თუ რა ეტაპზე იყო ნამუშევარი. როდესაც ვუთხარი, რომ უკვე დასრულებული მქონდა გრაფიკული ესკიზი, ანუ ის, რაც დამიკვეთეს, მითხრა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ნახატი, ტილოზე ზეთით შესრულებული, 110/90 ზომის... შევშფოთდი, ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, ფიზიკურად წარმოუდგენელი გახლდათ ამ დროში სრულყოფილად შემესრულებინა ამ მასშტაბის ტილო. სატელეფონო საუბარში ჩაერთო პროფესორი მალხაზ აფრიდონიძეც, რომელიც უხსნიდა, რომ მხატვარს სწორად ვერ დაუკვეთეს და ახლა, ამ მცირე დროში ათმა მხატვარმაც რომ ხატოს ორი ხელით, ვერ მოასწრებენო... წამიერად გავიაზრე ჩემი შესაძლებლობები და ბოლოს, მაინც დავთანხმდი სტანისლავ დუმინს, რომ მე ამას შევძლებდი! ეს მისთვისაც რთულად დასაჯერებელი აღმოჩნდა და ამ ორი კვირის მანძილზე რამდენჯერმე დამირეკა; მთხოვდა მეჩვენებინა ნახატი. პრინციპულად არ მიყვარს დაუსრულებელი ნახატის ჩვენება, ამიტომ მცირე წინააღმდეგობის გაწევამ მომიწია... დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი თუ მეძინა, ისიც ძალების აღსადგენად. ღამეში ვსვამდი ხუთ ფინჯან ყავას და ენერგეტიკულ სასმელებს, რომ მომესწრო, პირობა არ დამერღვია.

ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი ის იყო, რომ ღამის ორ საათზე მქონდა ფრენა მალტაში, ნახატი კი ღამის პირველზე დავასრულე. ოჯახის წევრები და მეგობრები მელოდებოდნენ, როდის დავასრულებდი მუშაობას, რომ შემდეგ ჯერ კიდევ სველი ნამუშევარი მოეთავსებინათ წინასწარ მომზადებულ სპეციალურ ხის ყუთში, რათა არ დაზიანებულიყო. დამაგვიანდა რეგისტრაციაზე, მაგრამ ჩემს რეისს მაინც მივუსწარი...

დედოფალი აღფრთოვანებული იყო გერბით. მან მადლობა გადამიხადა ქართულ ენაზე და ძალიან გულთბილი მოკითხვა დამაბარა ჩვენს პატრიარქთან. იქ გავიცანი მსოფლიოს კორიფე მხატვრები, როგორებიც არიან: პეტრე სტრონსკი, იგორ ბაბაილოვი და ჟენია შეფი, ისინი წარმატებას მილოცავდნენ. ხუთდღიან ვიზიტზე იმპერატრიცამ გვერდიდან არ მომიშორა, რადგან პროტოკოლით ვიყავი გათვალისწინებული და მალტის არაჩვეულებრივ ტურნეში თან ვახლდი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასა თუ ექსკურსიაზე. ვეწვიეთ მალტის პრეზიდენტის სასახლეს, სადაც ა-ლა-ფურშეტი იყო გამართული. ეს იყო მაღალი რანგის ვიზიტი...

ორი წლის მერეც მიმიწვიეს მალტაში დაგეგმილ ღონისძიებაზე, კიდევ სხვა ჯილდოს გადმოსაცემად. მაგ დროისთვის ამერიკაში გამოფენა მქონდა და ჩემი მეუღლე წავიდა მალტაში, სადაც მიწვეულები იყვნენ იტალიელი და მალტელი მეფის და დიდგვაროვნების შთამომავლები.

- როგორ გახსენდებათ ბავშვობა? ვინ აღმოაჩინა თქვენში მხატვრის ნიჭი?

- ბავშვობაში შემეძლო მარტოს მეთამაშა ნებისმიერი ნივთით, თუნდაც ასანთის კოლოფით. წარმოსახვით ის შეიძლება ყოფილიყო მანქანა ან ტანკი და უამრავი სცენა იშლებოდა ჩემ თვალწინ. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ძალიან პატარას კარგი წარმოსახვის უნარი მქონდა, შემეძლო ჩემ გარშემო იზოლირებული სამყარო შემექმნა და მთელი დღე მეთამაშა... გარემო, სადაც ვიზრდებოდი, ძალიან თბილი და მუსიკალური იყო. დედაჩემი და მისი და საკმაოდ კარგად მღეროდნენ, ხშირად იდგნენ სცენაზე, მათი პედაგოგი კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილი იყო. ჩვენს სახლში თითქმის სულ სიმღერა ისმოდა... ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სახლის ესკიზების და დიზაინების გაკეთება. მეხუთე კლასში ვიქნებოდი, მშობლებს რომ დავუხატე საცხოვრებელი სახლის ინტერიერის გეგმა და ამის მიხედვით განახორციელეს რეკონსტრუქცია. ასევე, სკოლაში აქტიურად ვიყავი ჩართული კედლის გაზეთების მოხატვასა და გაფორმებაში... ვფიქრობ, რომ თავად აღმოვაჩინე ჩემში მხატვრობის ნიჭი, რადგან ეს მომენტი იყო, როცა დრო ჩერდებოდა და ამით უსაზღვროდ დიდ სიამოვნებას ვიღებდი.

- მხატვრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილს. ერთმანეთს იცნობთ?

- ბიძინა ივანიშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, თავად მიცნობდეს.

- როგორ შეაფასებთ მისი უმცროსი ვაჟის, ცოტნე ივანიშვილის ნამუშევრებს?

- ცოტნე მხატვარია, ნიჭიერი ახალგაზრდაა და მას წინ საკმაოდ დიდი დრო აქვს იმისთვის, რომ შემოქმედების მწვერვალები დაიპყროს.

- როგორი გარემოა საქართველოში ხელოვანისთვის?

- გარემო თავად უნდა შექმნას მხატვარმა! თუ საჭიროა, უნდა იბრძოლო, დაიხარჯო, გაისარჯო და არასოდეს დანებდე გარემო პირობებს. თუ დანებდი, შენს თავში მხატვარს დაღუპავ და თუ არ გაჩერდები, განვითარდები!

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"