პუტინი უკრაინას: "გამომყევი ცოლად ან - მოგკლავ"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ულტიმატუმს უყენებს - ან მოლაპარაკებები მსოფლიოს ახალ წყობაზე, ან კონფრონტაციაო, - წერს გამოცემა The New York Times. როგორც სტატიის ავტორი, თომას ფრიდმანი აღნიშნავს, ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა ნატოს გაფართოების აზრმა. „პუტინი, რომელმაც 2014 წელს ყირიმი შთანთქა, რატომ ემუქრება უკრაინას კიდევ ერთი ნაწილის წართმევით? ეს არცთუ ისე მარტივი კითხვაა, რადგან პუტინი ერთი მსახიობის ფსიქოლოგიური დრამაა - ადამიანი, რომელსაც ამერიკასთან ურთიერთობისას აქვს გიგანტური არასრულფასოვნების კომპლექსი. მას დიდი წყენა აწევს ტვირთად და საოცარია, როგორ შეუძლია ამ დიდი ტვირთით კარებში გავლაც კი“, - წერს სტატიის ავტორი.
"პუტინი - ჩვენი პერიოდის პეტრე I-ია, რომელსაც "დედა რუსეთის" აღდგენა აქვს ჩაფიქრებული. ის "კგბ"-ს გადამდგარი აგენტია, რომელიც ყველა ოპონენტში და ყოველ კუნჭულში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ხედავს. ის ისეთ პოლიტიკოსს ჰგავს, რომელიც 2024 წლის არჩევნებში წინასწარ ცდილობს, გამარჯვება უზრუნველყოს და ცხოვრების ბოლომდე პრეზიდენტად დარჩეს, რადგან როცა ხელთ ამდენი რუბლი გაქვს, ვერ ხარ დარწმუნებული იმაში, რომ შენი მემკვიდრე ციხეში არ ჩაგსვამს და ყველა ფულს არ წაგართმევს. მისთვის საკითხი ასე დგას: მართვა ან სიკვდილი.
ყველა ამ მისწრაფებისა და შიშის უკან იმალება პასუხი კითხვაზე - რას უპირებს პუტინი უკრაინას?"
„შემიძლია ვუთხრა, თუ მას ხიდან ჩამოსვლა სურს, რომელზეც აძვრა, ან კიბის დადგმა მოუწევს, ან გადმოხტომა... მან თავად შექმნა ეს კრიზისი, ამიტომ ჩვენი მხრიდან არავითარი დათმობა არ უნდა მოხდეს. ჩინეთი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, ტაივანი კი ცივ ოფლს იწმენდს და ელოდება, რა რეაქცია გვექნება ჩვენ და რას მოიმოქმედებს პუტინი.
დავუბრუნდეთ კითხვას, როგორ აღმოჩნდა პუტინი ამ ხეზე? ამ კითხვაზე პასუხის ძებნა უკრაინაში არ უნდა დავიწყოთ. თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ უკრაინის კიდევ ერთი ნაწილი ჩაყლაპოს, პირველ რიგში, ამის მიზეზი იქნება ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, ამ ქმედებით რუსეთში ძალაუფლებას შეინარჩუნებს. მისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველხარისხოვანი საკითხია.
იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ დაეხმარება პუტინს უკრაინაში შეჭრა, პუტინის მმართველობის ბოლო 10 წელი უნდა გავიხსენოთ. თუ ის აქამდე რუს მოქალაქეებს მიმართავდა, როგორც ლიდერი, რომელიც მათ პოსტსაბჭოთა პერიოდის სიღარიბიდან თავის დაღწევის პირობას აძლევდა, ახლა ის ხელმძღვანელად გვევლინება, რომელიც ხალხს ცივი ომის შემდგომ დაკარგული ღირსების აღდგენას ჰპირდება“, - წერს სტატიის ავტორი.
„ამის შესახებ ლეონ არონისგან მოვისმინე, რომელიც რუსეთის საკითხებში ექსპერტია და American Enterprise Institute-ში მუშაობს. ამავე დროს, ავტორია წიგნისა: „ელცინი, რევოლუციური ცხოვრება“. არონის თქმით, როცა პუტინი 1999 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოვიდა, მან შეძლო რუსეთის ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის შედეგებით ესარგებლა. რაც ბორის ელცინმა უცხოური ინვესტიციებით განახორციელა. ექსპერტის თქმით, თუ 2000-დან 2008 წლამდე რუსეთის ეკონომიკა წინ წავიდა, პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ნაწილი, 2011 წლიდან 2019 წლამდე, უკან სვლის პერიოდია. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში ენერგორესურსებზე ფასი დაეცა, შეიქმნა საორგანიზაციო პრობლემებიც, რადგან პუტინი უპირატესობას ანიჭებდა რუსეთის ბუნებრივი რესურსების გამოყენებას და არა - ადამიანურის. ადამიანური რესურსის განვითარებას კანონის ძალა, საკუთრების დაცვა, ნიჭიერი ადამიანების ენერგია სჭირდება, რომლებიც შემდეგ დასვამენ კითხვას: „ვლად, საიდან გაქვს ფული?“ - წერს თომას ფრიდმანი.
„თუ პირველი ორი საპრეზიდენტო პერიოდისას პუტინის მთავარი დაპირება ეკონომიკური პროგრესი იყო, ახლა "ეკონომისტი პუტინი" ქვეყნის დამცველად იქცა და მივიდა დასკვნამდე, თუ მას სურს სამუდამოდ პრეზიდენტობა, ის საომარი პერიოდის სამუდამო პრეზიდენტად უნდა იქცეს“, - ამბობს ექსპერტი ჟურნალისტთან საუბრისას.
გამოცემა The Hill-თან არონი ოპოზიციონერ მიმომხილველის - სერგეი მედვედევის ციტირებას ახდენს: „პუტინმა რუსეთში ომის ნაცია შექმნა, რომელმაც თავზე ხუფი დაიფარა და გარესამყაროს ტანკის ჭუჭრუტანიდან უცქერს. სამხედრო-პატრიოტული საკითხის განხილვისას, რუსეთი 1930-იანი წლების მეორე ნახევრის საბჭოთა კავშირს ჰგავს, რომელიც ფიზკულტურული აღლუმების, ტანკის მაკეტების და დირიჟაბლის ეპოქა იყო“.
„პუტინი საბჭოთა კავშირის იდეითაა შეპყრობილი და მისი ძალა ენატრება. მან არ იცრუა, როცა 2005 წელს განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“. რახან საბჭოთა კავშირში უკრაინა რუსეთისთვის განუყრელი ნაწილი იყო, ის საკუთარ ვალად მიიჩნევს რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებას, თან იმ ფონზე, როცა უკრაინაში მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი, დაახლოებით, 8 მილიონი, რუსია. ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ უკრაინას აქვს საკუთარი ენა და ისტორია".
„პუტინისთვის უკრაინის დაკარგვა ამპუტაციის ტოლფასია. პუტინი უკრაინასა და ბელარუსს რუსეთის ცივილიზაციისა და კულტურის არეალად მიიჩნევს. ის ფიქრობს, რომ უკრაინის სახელმწიფო ხელოვნური და გამოგონილია“, - აცხადებს პოლიტოლოგი ივან კრასტევი.
"რატომ ამკაცრებს მუქარებს პუტინი უკრაინის მიმართ? რატომ ხელმძღვანელობს პრინციპით: „ან ცოლად გამომყევი, ან მოგკლავ“? მიზეზი შემდეგშია - მან იცის, რომ უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ხელისუფლებაში ყოფნისას, უკრაინიზაციის პროცესი დაჩქარდა - ზოგიერთ სკოლაში რუსული ენა ამოიღეს, სატელევიზიო ბადიდან ამოიღეს რუსული ტელეარხებიც.
„პუტინმა იცის, რომ 10 წლის შემდეგ ახალ თაობას საერთოდ აღარ ეცოდინება რუსული ენა, ისინი აღარ იქნებიან რუსულ კულტურასთან ასოცირებულნი“, - ამბობს პოლიტოლოგი კრასტევი. პუტინი ფიქრობს, უმჯობესია ახლა ვიმოქმედო, სანამ უკრაინული ჯარი არ გაძლიერდა, სანამ მთელ სამყაროში კორონოვირუსით გამოწვეული გაუგებრობაა, არავის ექნება ბრძოლის სურვილი“.
„გარდა ამისა, არის გეოპოლიტიკური საკითხიც. უკრაინის ირგვლივ კრიზისის შექმნით პუტინი დასავლეთს იმ წყობილების „დაკრძალვაზე“ ეპატიჟება, რომელიც ცივი ომის შემდეგ შეიქმნა. პუტინი თვლის, რომ ეს წყობა რუსეთს და ბორის ელცინს თავს მოახვიეს მაშინ, როცა ქვეყანა დასუსტებული იყო. ნატო აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში მივიდა, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. გარდა ამისა, ნატო და ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოში გავლენებს აძლიერებენ, ისინი კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. ჯარის თავმოყრით პუტინი დასავლეთს ეუბნება, ან დავიწყებთ მოლაპარაკებებს ახალ მსოფლიო წყობაზე ან დავიწყებ ცივი ომის მსგავს ახალ კონფრონტაციას..."
პუტინს ყველაზე ნაკლებად სურს ევროკავშირის შემადგენლობაში მყოფი აყვავებული უკრაინის ხილვა, რომელიც ავითარებს ეკონომიკას და ხალხს, საბოლოოდ კი, ყველა პარამეტრით გაუსწრებს დასუსტებულ და ავტოკრატიულ რუსეთს.
"ის საბრალოა - მაგრამ ამავე დროს - შეიარაღებული და საშიში“, - წერს სტატიის ავტორი. (წყარო)