"იდეალურია, როგორც ფრონტალური სატანკო შეტევების მოსაგერიებლად, ისე - ქალაქში ბრძოლისას და პარტიზანული თავდასხმებისთვის" - კვირის პალიტრა

"იდეალურია, როგორც ფრონტალური სატანკო შეტევების მოსაგერიებლად, ისე - ქალაქში ბრძოლისას და პარტიზანული თავდასხმებისთვის"

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მას სრულმასშტაბიანი ომი არ სურს. „ჩემი ვარაუდით, ის უკრაინაში შევა“- განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრა კატასტროფა იქნება. „რუსეთი პასუხს აგებს, თუ შეიჭრება - და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. თუ ისინი უკრაინაში შეიჭრებიან, კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ,“- აღნიშნა ბაიდენმა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება, დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ ან არ გააკეთონ.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ბოლო დრომდე ავითარებდა ვერსიას იმის შესახებ, რომ რუსეთი სინამდვილეში უკრაინაში შეჭრას არ აპირებდა და რუსული ჯარის უკრაინის საზღვართან მობილიზების მიზანი დასავლეთთან ვაჭრობაში მაზანდის აწევა იყო. ბაიდენის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი პასუხს აგებს იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ რუსეთმა მიზანს მიაღწია და დასავლეთთან ვაჭრობაში უპირატესობა მოიპოვა? - ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს მივმართეთ:

- მე ყოველთვის ორი ვერსია მქონდა - ან ვაჭრობს, ან მართლა შეიჭრება-მეთქი. არ ვფიქრობ, რომ რუსეთმა მიზანს მიაღწია. დასავლეთს არც ერთი პრინციპული საკითხი არ დაუთმია. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ უკრაინას იარაღსაც აწვდიან და დიპლომატიურ მხარდაჭერასაც უცხადებენ. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ფეხზე დგას უკრაინის გადასარჩენად. თავად უკრაინელებიც მობილიზებულნი არიან. მე თუ მკითხავთ, პირიქით, რუსეთმა ამ ვაჭრობაში იზარალა.

- თქვენ ამბობთ, რომ დღეს მსოფლიო ფეხზე დგას, ბოლო დროს, თქვენი კოლეგები ხშირად ამბობენ, რომ დასავლეთმა გამოიღვიძა. თქვენი ვერსიით, რა არის ამის მიზეზი და რატომ არ დადგა ფეხზე 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა?

- მაშინ არ სჯეროდათ, რომ რუსეთი მართლა აპირებდა საბჭოთა კავშირის აღდგენას. ახლა ყველამ დაინახა და ყველა გამოფხიზლდა, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე - ევროპისთვის. საბჭოთა კავშირი ეგზისტენციალური საფრთხეა დასავლური ღირებულებებისთვის, რომელსაც მსოფლიოს ლიდერები ობიექტურად აფასებენ. შესაბამისად, შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, აგერ უკვე - ბალტიისპირეთიც, უკრაინას იარაღს აწვდის. მსგავსი რამ ამ დრომდე არ მომხდარა.

- თუმცა საუბარია იმაზე, რომ დასავლეთი არ არის ერთიანი, მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიაში მაინც დიდია რუსული ფულის გავლენა. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანეთს გერმანიამ საჰაერო საზღვარი ჩაუკეტა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დააბრკოლა.

- ვერ ვიტყოდი, რომ ბრიტანეთს გერმანიამ საჰაერო საზღვარი ჩაუკეტა. უბრალოდ, ნებართვის გაცემისთვის ორი კვირა იყო საჭირო და ბრიტანეთმა ლოდინს შემოვლითი გზა არჩია. რაც შეეხება ევროპის ერთიანობას, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ დღეს ყველა თანხმდება, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს რაღაც უნდა დაუპირისპირონ. მაგალითად, კიევში ვიზიტის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანი - ენტონი ბლინკენი დღეს ბერლინში ჩავიდა, სადაც მას მოლაპარაკება ექნება თავის ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ კოლეგებთან. ე.ი. ევროპული პოზიციის შემუშავება და შეჯერება მოხდება ბერლინში. ამ ვიზიტს აუცილებლად ექნება თავისი შედეგი. შეიძლება ვიღაც სწრაფად გამოფრინდეს, ვიღაც შედარებით ნელა, მაგრამ ფაქტია, მათთვის ყველასთვის ნომერ პირველი თემა რუსეთის აგრესიული ქმედებებია.

- რას ნიშნავს უკრაინისთვის ბრიტანეთის სამხედრო დახმარება?

- მერვე სატვირთო თვითმფრინავი აფრინდა ბრიტანეთიდან, რომელსაც ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გადააქვს უკრაინისთვის. ამ იარაღით უკრაინა ეფექტიანად შეძლებს მის ტერიტორიაზე გადმოსული რუსული ტანკების მოგერიებას. იდეალურია, როგორც ფრონტალური სატანკო შეტევების მოსაგერიებლად, ისე - ქალაქში ბრძოლისას და პარტიზანული თავდასხმებისთვის. ეს ნამდვილად დიდი საქმეა. უკრაინას არ აქვს პრობლემა ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით, მას სჭირდება მხოლოდ შეირაღება და ამ შეირაღებას უხვად აწვდის ბრიტანეთი.

- ამერიკასთან, ინგლისსა და ბალტიისპირეთთან ერთად, უკრაინას იარაღი თურქეთმაც მიაწოდა. თქვენი ვერსიით, რა მოლოდინი, გათვლები შეიძლება ჰქონდეს ანკარას შექმნილი მოცემულობიდან?

- თურქეთის ინტერესებში არ შედის რუსეთის სასარგებლოდ გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლა შავ ზღვაზე. თურქული წარმოების ბაირაქთარები უკვე არის უკრაინის შეიარაღებაში და მას ეფექტიანად იყენებენ.

- თქვენ როგორ გგონიათ, საბოლოოდ, პუტინი უკრაინაში შეჭრას გაბედავს?

- ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, საქმე ესკალაციისკენ მიდის, თუ ბოლო მომენტში არ მიიღო პუტინმა შეჩერების გადაწყვეტილება. განსხვავებით დასავლეთისგან, რუსეთში გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს. ამიტომ დაზუსტებით რამის თქმა, ლოგიკური დასკვნების საფუძველზე, შეუძლებელია.

- როდესაც დასავლელი ლიდერები რუსულ აგრესიასა და უკრაინაზე საუბრობენ, იქვე ახსენებენ საქართველოსაც. ოკუპანტები ყოველდღიურად სწევენ საოკუპაციო ხაზს და ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი ეზოებიდან იტაცებენ, ფაქტობრივად, ჩვენც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დასავლეთისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ომი, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, გამოფხიზლდება თუ არა ჩვენი ხელისუფლება და დააღწევს თუ არა თავს სირაქლემის პოზიციას. სირაქლემას ჰგონია, რომ რამდენადაც ღრმად ჩარგავს თავს მიწაში, უფრო კარგად გადაურჩება მტაცებელ ცხოველს. რეალობა სხვაგვარია - მოვა ცხოველი და შეჭამს სირაქლემას. პრობლემა ის არის, რომ ახლა ქართული დიპლომატია არ არის პროაქტიული. ასეთ აქტიურობას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. ახლა მთავარია, რა მოხდება უკრაინაში. თუ უკრაინაში რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, საქართველოს ხელისუფლებას მიწაში თავის ჩარგვა ვერ გადაარჩენს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)