ქეთი ორჯონიკიძის ახალი გატაცება და ნაბიჯი, რომელიც მისთვის გმირობის ტოლფასი იყო - კვირის პალიტრა

ქეთი ორჯონიკიძის ახალი გატაცება და ნაბიჯი, რომელიც მისთვის გმირობის ტოლფასი იყო

სახელი, გვარი: ქეთი ორჯონიკიძე.

პროფესია: მუსიკოსი.

განათლება: დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა - ნიჭიერთა ათწლედი (საფორტეპიანო მიმართულებით), ასევე - პირველი მუსიკალური სასწავლებელი (საგუნდო-სადირიჟორო და ვოკალის მიმართულებით) და ლონდონში, Institute of Conterporary Music Performance-ის 2 კურსი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის მომღერალი და ტელეწამყვანი. ასევე, აქვს საკუთარი მუსიკალური სტუდია.

ჰობი: სარემონტო სამუშაოები.

ცხოვრების დევიზი: "მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ".

- 2021 წელი შენთვის როგორი იყო?

- ნორმალური. ბევრი კარგი ფაქტი მოხდა, ბევრიც - არცთუ ისე კარგი... მსოფლიოში მარტო ხომ არ ცხოვრობ ადამიანი, არა? შეიძლება, ბევრი ფაქტორი პირადად შენ არ გეხებოდეს, მაგრამ ხასიათზე ზეგავლენას ახდენდეს. ამიტომ გლობალურმა პრობლემებმა თავისი კვალი დატოვა...

- ბედნიერებისთვის რა გჭირდება?

- გარშემო საყვარელი ადამიანები და დაფასება.

- დღეს სათანადოდ გაფასებენ?

- ალბათ, ადამიანს ყოველთვის უნდა, თავისი შესაძლებლობები უფრო მეტად გამოავლინოს. ვფიქრობ, როცა შანსი მომეცემა, რომ საზოგადოებას ჩემი საავტორო შემოქმედება (მუსიკა, ტექსტი, შესრულება და ა.შ., რასაც კარგა ხანია, ვაგროვებ) გავაცნო, მერე უფრო მექნება უფლება, ხალხის რეაქციას დავაკვირდე, ვიგრძნო...

- როგორც მომღერალი, თითქოს ბოლო დროს აღარ აქტიურობ...

- აქტიურობა ძნელია, როცა ზოგადად, გარშემო ყველაფერი პასიურია. ჩემი აქტიურობა იმით შემოიფარგლება, რომ მუსიკას ვქმნი, სიმღერის ტექსტებს ვწერ - არ ვჩერდები, თუმცა ფართო აუდიტორიისთვის ამის გაცნობას კიდევ ბევრი სხვა ასპექტი სჭირდება.

- როგორ ფიქრობ, კარგი ტელეწამყვანი ხარ?

- მგონი, არა მიშავს (იცინის). მიმაჩნია, რომ კარგი საქმეა, რა მიმართულებითაც ვმუშაობ: მუსიკოსებს ხელს ვუწყობ, საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას ტელეეთერის საშუალებით გააცნონ. იმედი მაქვს, საქმეს თავს კარგად ვართმევ.

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობენ?

- იმის გამო, რომ ხშირად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვატარებ დროს (იცინის)... ძილი ძალიან მიყვარს!..

- დღე-ღამეში რამდენ საათს გძინავს?

- გააჩნია: ხანდახან უძილობის პერიოდი მაქვს. შემდეგ ეს უძილობა ხომ უნდა ავინაზღაურო, არა? ამიტომ შეიძლება, ზოგჯერ 14 საათიც კი მეძინოს.

- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- ფეთქებადი ვარ. ასევე, ვარჯიში ძალიან მეზარება, ფიზიკური აქტიურობა არ მიყვარს... შემოქმედებითი თვალსაზრისით, ჩემს უარყოფით თვისებად პასიურობასაც დავასახელებ, მაგრამ ამ პასიურობასაც თავისი მიზეზი აქვს: მგონია, რომ შესაბამისი დრო უნდა დადგეს, რათა მსმენელებს ჩემი შემოქმედება გავაცნო...

- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?

- ის, რომ ყოველთვის ვცდილობ, ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ ვიყავი და მიყვარს ადამიანები.

- შენთვის ყველაზე უხერხული რა უკითხავთ?

- საერთოდ, ჩემთვის უხერხული შეკითხვების დასმას ერიდებიან. ეტყობა იმიტომ, რომ სცენაზე ცოტათი აგრესიული ვარ (იცინის)... ისე, უხერხულსა და უტაქტო შეკითხვებს შორის დიდი განსხვავებაა. უკითხავთ, - როდის თხოვდებიო? ასევე, - ვიცით, რომ შვილი გყავს და სად არის, საზოგადოებაში რატომ არ აჩენო? სანამ ადამიანი ასეთ შეკითხვას დასვამს, ჯერ ხომ უნდა გაარკვიოს, შვილი მყავს თუ არა!.. ერთი შემთხვევის შესახებ მოგიყვებით, რომელიც უცნაურ შეკითხვას უკავშირდება: ადამიანს ჩემთან ინტერვიუ უნდოდა. რაკი ვერ დამიკავშირდა, პირდაპირ სახლში მოვიდა. კარზე ზარის ხმა რომ გავიგონე, გავაღე - არავის ველოდი და ხალათში გამოწყობილი გახლდით. ზღურბლთან გოგონა დამხვდა - თქვენთან ინტერვიუზე ვარო. უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ ვიფიქრე - ადამიანი მოვიდა, უკან ხომ არ გავაბრუნებ-მეთქი? შემოვიპატიჟე და ყავა, ჩაი შევთავაზე. ვუთხარი, - მანამდე ჩავიცვამ-მეთქი. - პრობლემა არ არისო, - მიპასუხა... დავსხედით. ყავას მივირთმევდით და უცებ მკითხა: - თქვენ როკს მღერით, თან - ძალიან კარგად და სატანისტი ხართო? ვერც მივხვდი, რა უნდა მეპასუხა. გული კი დამწყდა, კარი რატომ გავაღე-მეთქი, მაგრამ კაცთმოყვარეობა რომ "გადაგწონის" ადამიანს, ხომ იცი, არა (იცინის)?.. არ ვიცი, იმ გოგოს კარიერა როგორ გაგრძელდა, თუკი ინტერვიუს დაწყებისთანავე ასეთ შეკითხვებს სვამდა... თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ჩემი მაშინდელი თავშეუკავებელი სიცილის გამო ბოდიშს ვუხდი, უხერხული სიტუაცია შეიქმნა...

- სარემონტო სამუშაოებმა როგორ და რატომ გაგიტაცა?

- პანდემია რომ დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა, არ მინდოდა, შინ უსაქმურად ვყოფილიყავი: სახლის ძველი კედლები ჩამოვანგრიე, რაღაც ახლის კეთება დამოუკიდებლად დავიწყე... ფილამწყობის კურსებიც გავიარე. სხვათა შორის, დიპლომირებული ფილამწყობი ვარ (იცინის)... სარემონტო სამუშაოები მამშვიდებს, ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებს. ამ საქმეში ხელოვნებას ვხედავ. ლექსის წერისას, სიმღერის შესრულებისას ემოციურად ვიხარჯები, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას კი - ენერგიას ფიზიკურადაც ვხარჯავ. ყოფილი მოცურავე ვარ, მაგრამ ბოლო დროს, ფიზიკური გაზარმაცება "დამემართა", სარემონტო სამუშაოები ფიზიკურ აქტიურობაშიც მიწყობს ხელს. საერთოდ, მიყვარს, როდესაც საკუთარი ხელებით რაღაც ლამაზს ვქმნი, რაღაც ახლის შესწავლა მიყვარს...

- ფილამწყობის კურსზე მდედრობითი სქესის ერთადერთი წარმომადგენელი სწავლობდი?

- სხვათა შორის - არა: ჩემ გარდა კიდევ 1 გოგო სწავლობდა, შემდეგ კიდევ შემოგვიერთდა ქალბატონი, დანარჩენი - მამაკაცები იყვნენ. არაჩვეულებრივად, მხიარულად გავატარეთ დრო. წარჩინებული მოსწავლე გახლდით (იღიმის).

- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- დედა. ჩემთვის ის გახლავთ პირველი შემფასებელი, დამფასებელი, ენერგიის მომცემი...

- შეგიძლია, განსაკუთრებული საახალწლო საჩუქარი გაიხსენო, რომელიც შენთვის მოუძღვნიათ ან თავად გიჩუქებია ვინმესთვის?

- საერთოდ, ტრადიციული სიტუაციები ძალიან მიყვარს, მაგალითად - ნაძვის ხესთან საჩუქრის დადება... ვცდილობ, საყვარელი ადამიანები პატარ-პატარა საჩუქრებით გავახარო. მათაც იციან, რა გამიხარდება და ანალოგიურად იქცევიან. რომელიმე საჩუქარს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფ. დარწმუნებული ვარ, როცა ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია, მისგან ნაჩუქარი ყველაფერი მნიშვნელოვანი ხდება...

- თოვლის ბაბუის არსებობის რომელ ასაკამდე გჯეროდა?

- დღემდე მჯერა, ოღონდ - ასე ვთქვათ, ცოტათი სხვანაირი გაგება მაქვს: მარტივ ენაზე რომ ავხსნათ, სულ გვეუბნებიან, რომ თუ კარგად მოიქცევი, დაჯილდოვდები, ცუდად მოქცევის შემთხვევაში კი ცუდ შედეგს მიიღებო. თოვლის ბაბუის იდეა რა არის? კარგი ქცევის გამო, საჩუქრები გექნება, ცუდის გამო კი - ნახშირი. მოკლედ, თოვლის ბაბუა ბავშვებისთვის ღმერთის ინტერპრეტაციაა. რატომ არ უნდა მჯეროდეს? მჯერა და მინდა, ყველას სჯეროდეს.

- ყველაზე დიდი რისკი რა გაგიწევია?

- ერთ-ერთ ტელეგადაცემაში, თოკით ერთი ძალიან მაღალი შენობიდან მეორეზე გადავედი. თან, სიმაღლის სასტიკად მეშინია... ეს რისკი კი არა, ჩემი მხრიდან, გმირობის ტოლფასი იყო! ცოტა ისტერიკა კი დამემართა, მაგრამ (იცინის)... არადა, სულ მეუბნებოდნენ, - ამ ნაბიჯს თუ გადადგამ, სიმაღლის შიშს დაsძლევო. ტყუილი ყოფილა - სიმაღლის ისევ მეშინია.

- საზოგადოებამ შენ შესახებ რა არ იცის?

- მგონი, ისეთი არაფერია, რაც მინდა, რომ იცოდნენ და არ იციან, მაგრამ თუ ვინმეს გამორჩა, ვეტყვი, რომ მთელი ცხოვრება არქეოლოგობა მინდოდა: ბავშვობაში მსურდა, თამარ მეფის საფლავი მეპოვა. როცა გავიზარდე, უკვე ეგვიპტურმა მითოლოგიამ გამიტაცა... ჯერ კიდევ ოცნებად მაქვს, არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მივიღო. იმედია, ოცნებას ავიხდენ.

- სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- მიმაჩნია, რომ საერთოდ, თუ ადამიანები ცხოვრებაში თავიანთ ფუნქციას მიაგნებენ, სამყაროსთვის სასარგებლო საქმის კეთებაში, ყველა მათგანს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. პირადად მე, ვფიქრობ, დიდი წვლილის შეტანა ხელოვნების დარგში შემიძლია. ვიმედოვნებ, ამის შანსი მომეცემა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"