"ამ დღის შემდეგ, თავად ქალის ფენომენი სხვაგვარად აღვიქვი: თურმე რამდენ რამეს განიცდის" - კვირის პალიტრა

"ამ დღის შემდეგ, თავად ქალის ფენომენი სხვაგვარად აღვიქვი: თურმე რამდენ რამეს განიცდის"

"ცოტა ხნით რომ ვტოვებ, მენატრება"

ცოტა ხნის წინ, მსახიობსა და ტელეწამყვანს - გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს პირველი შვილი შეეძინათ. ამ ამბის შესახებ გიორგი ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს და მკითხველს თავის ემოციას უზიარებს.

- გიორგი, გალას დაბადებას გილოცავ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ მას! გაიხსენე იმ ბედნიერი დღის ემოცია, როცა შენ და მარიტამ გაიგეთ, რომ მშობლები გახდებოდით.

- დიდი მადლობა! ძალიან ემოციური და ამაღელვებელი ამბავი იყო. რამდენადაც სწრაფად მივიღეთ დაქორწინების გადაწყვეტილება, ეს ამბავიც ისევე სწრაფად მოხდა. შვილი ჩვენი ქორწინების წელს გაჩნდა. ემოციებით სავსე 2021 წელი გვქონდა. იმ დღეს მარიტა დედამისთან იყო. მანქანით გავუარე. რომ მოვდიოდით, მითხრა, კურიერმა შენთვის რაღაც მოიტანაო. პატარა წითელი კონვერტი მომცა, რომელსაც ეწერა: "გიორგი გასვიანს" (მას საგულდაგულოდ ვინახავ). გავხსენი და ტესტი ამოვიღე. მიუხედავად იმისა, რომ ტესტი მანამდეც ჰქონდა გაკეთებული, უეცრად დავიბენი, ვერ მივხვდი, რა იყო. აზრზე რომ მოვედი, ისეთი მოულოდნელი ეფექტი ჰქონდა, ის ემოცია არასდროს დამავიწყდება. მოულოდნელად ვიღაცამ მომავალი მამის როლი მომანიჭა. როლების მიღება თეატრში ყოველთვის მახარებს, მაგრამ ეს როლი სულ სხვაგვარი, ყველასგან განსხვავებული იყო და თავისი შინაარსითაც შთამბეჭდავი.

- მარიტასთვის დამაბნეველი ხომ არ იყო?

- არა, აღმოჩნდა, რომ დედობისთვის ის შინაგანად მზად იყო, ძალიან უხაროდა და ორსულობის პერიოდი კარგად გაიარა, ეს მდგომარეობა მოსწონდა.

- ორსულ მეუღლეს როგორ ანებივრებდი? ახირებული სურვილები ჰქონდა?

- სულ ერთად ვიყავით. არა, ახირებები არ ჰქონია. ძალიან უპრობლემო ორსულობა ჰქონდა.

- ცნობილია - შვილის დაბადებას დაესწარი. ცხოვრების ამ მთავარ შეხვედრას როგორ გაიხსენებ?

- ზოგს უკვირდა, ისე მედგრად ვიდექი. ჩემთვის საინტერესო პროცესი იყო. რომ არა მსახიობი, შეიძლებოდა ექიმი გამოვსულიყავი - ჩემში სამედიცინო მანიპულაციები შიშს არ იწვევს. მშობიარობა სხვა პროცესია, ერთდროულად ბევრი ემოცია გაქვს, თან, ვერაფერს აკეთებ. ამ დროს ექიმებთან უნდა დამეგობრდე (ჩემი რჩევა მომავალ მამებს), მათთან ერთად მხარდამჭერ გუნდში უნდა იყო და ის გააკეთო, რასაც გეტყვიან... გალა ცივი ზამთრის მზიან ამინდში დაიბადა... თავისთავად, მშობიარობა არც ვიცი, რას შევადარო, ძალიან ამაღელვებელია - როცა შენს ცხოვრებაში რაღაც დიდ მოვლენას რომ ელოდები და თან არ იცი, რას ელოდები: ვინ მოვა, როგორია, რას ნიშნავს მშობლობა?.. გაუცნობიერებლად რაღაცას ელოდები.

- მშობიარობაზე შენი დასწრება მარიტას სურვილი იყო?

- სანამ ფაქტის წინაშე დავდგებოდით, ამ თემაზე ხშირად ვლაპარაკობდით და მაშინ ვთქვი, შვილის დაბადებას აუცილებლად დავესწრები-მეთქი. ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება. ყველამ საკუთარი ემოციისა და განცდის მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი. ზოგს საერთოდ არ შეუძლია, ამ პროცესს დაესწროს და ეს გასაგებიცაა. ამ დღის შემდეგ, თავად ქალის ფენომენი სხვაგვარად აღვიქვი: თურმე რამდენ რამეს განიცდის, გრძნობს, როგორი ძლიერი და საერთოდ, როგორი მოვლენაა ამ სამყაროში!.. გვერდიდან რომ დააკვირდები, დაინახავ. უნიკალური შესაძლებლობაა, ასეთ ცხოვრებისეულ პროცესს უყურებდე. ამ შეგრძნებებს ზუსტად ვერასდროს გადმოსცემ, მხოლოდ მიმსგავსებულად შეიძლება მოახერხო. ცხოვრება გაცილებით კარგია, ვიდრე მერე ჩვენ მასზე ვყვებით ხოლმე.

- სახელი რომელმა შეურჩიეთ?

- ძალიან მინდოდა, გვარიდან გამომდინარე, ბავშვის სახელი "გ"-ზე დაწყებულიყო. მამას გენადი ერქვა, ის წლების წინ, ფაქტობრივად, სოხუმის ომს შეეწირა. მისი სახელი უფრო სოხუმის საზოგადოებაში იყო მიღებული. როდესაც დავფიქრდით და სავარაუდო სახელები ჩამოვთვალეთ, არჩევანი დიდი იყო, მაგრამ გვინდოდა, ორიგინალურიც ყოფილიყო. მარიტამ თქვა, გალაკტიონი ხომ არ დავარქვათო? იდეა მომეწონა, მოფერებით გალას დავუძახებთ-მეთქი და... მოკლედ, ამ სახელს თანდათან შევეჩვიეთ. მუცლად ყოფნის დროს ასე მივმართავდით, ვეფერებოდით, ოღონდ ეს, ჩემი და მარიტას გარდა, არავინ არ იცოდა.

- მამობამ შეგცვალა?

- პასუხისმგებლობის გრძნობა გამიმძაფრდა, უეცრად სამნი გავხდით, ჩვენს ცხოვრებაში დამოუკიდებელი პიროვნება შემოვიდა. ვუყურებ და ღვთაებრივ ხელს ვგრძნობ - ბავშვი მართლა ღვთის საჩუქარია! ეს შეგრძნება თავისთავად ღვთაებრივია. დღითი დღე უფრო მიყვარდება და ცოტა ხნით რომ ვტოვებ, მენატრება.

- წლების შემდეგ, მასთან ურთიერთობაში საკუთარი თავი როგორ წარმოგიდგენია?

- ამაზე სულ ვფიქრობ. არ ვიცი. მასზე 35 წლით უფროსი ვარ, სხვა თაობაა, არ მინდა, რამე გადაჭარბებულად გამომივიდეს. ვეცდები, ყველაფერი დოზირებულად მივაწოდო. როგორც პედიატრები გვასწავლიან, ბავშვს ყური მიუგდეთ, სხეულის ენით თავად გაგრძნობინებთ, როდის რა უნდაო. ალბათ ცხოვრებაშიც ასე იქნება - დროდადრო იგრძნობ, როგორ უნდა იმოქმედო. ვხვდები, რომ აღზრდის პროცესი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"