ბრიტანელები „მინიჯაველინებით“, ბალტიისპირელები - „სტინგერებით“ ეხმარებიან უკრაინელებს, გერმანელებმა კი თავი შეირცხვინეს...
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო, არ არის ნატოს წევრი, ალიანსის რიგმა ქვეყნებმა, ამერიკელების შემდეგ, უკრაინის არმიისთვის დახმარების ხელის გაწოდება დაიწყეს.
2014 წლიდან დაწყებული, ბრძოლების ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინის არმიის დანაყოფებისა და შენაერთების ალყაში აყვანისას რუსეთის საარმიო დაჯგუფებების საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები ფართოდ იყენებდნენ ჯავშანტეკნიკას, პირველ რიგში კი - ტანკებს.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წამოწყების შემთხვევაში, თანაც - სხვადასხვა მიმართულებიდან, რუსი გენერლები ძირითად აქცენტს ისევ ჯავშანტექნიკაზე გააკეთებენ, შესაბამისად, უკრაინის არმიას მათ მოსაგერიებლად დიდი რაოდენობით დასჭირდება ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.
საბჭოთა დროიდან შემორჩენილი „ერ-პე-გე-7“-ებისა თუ მართვადი „ფაგოტების“ გარდა, უკრაინის არმიამ ბოლო წლებში მოიმარაგა სამამულო წარმოების მართვადი „სტუგნა-პ“ და „კორსარი“ (7 ათასამდე რაკეტა), რომლებიც მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევიან.
სხვათა შორის, „სტუგნა-პ“-ს საექსპორტო უკრაინულ-ბელარუსული ვარიანტი - „სკიფი“ ქართულმა არმიამაც შეიძინა ათი წლის წინ და ის დღემდე ჩვენს ყველაზე შორსმსროლელ (5 კმ-მდე მანძილზე) ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს, რომლის ტანდემურ, ორთავიან კუმულაციურ ქობინს ტანკის დინამიკური დაცვის გარღვევის შემდეგ კიდევ 800 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გახვრეტა შეუძლია.
უკრაინის არმიის შეირაღებაში მეორე წელია, რაც გამოჩნდა ამერიკული „ჯაველინებიც“, რომლებსაც შეტევაზე გადასული რუსული ტანკების აფეთქება ზემოდანაც შეუძლიათ, თანაც - „გაისროლე-დაივიწყე“ მოქმედების პრინციპით.
და ამ ყველაფერს მესამე დღეა, ემატება ბრიტანულ-შვედური წარმოების, მცირე მანძილზე მოქმედი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი NLAW - ბრიტანულმა სამხედრო-სატრანსპორტო ც-17-ებმა ათი რეისით კიევის აეროპორტში 2 000-მდე ასეთი სარაკეტო კომპლექსი ჩაიტანეს, რითაც ეტყობა, მთელი გეგმები აურიეს პუტინის ბურიატ ტანკისტებს.

საქმე ისაა, რომ NLAW -ს სხვანაირად „მინიჯაველინს“ ან „იაფფასიან ჯაველინსაც“ კი უწოდებენ, რადგან ისიც მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსია, ასევე, მოქმედებს „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპით და ტანკის აფეთქება ზემოდან მასაც შეუძლია, სამაგიეროდ, ამერიკულ „ჯაველინზე“ სამჯერ იაფი ღირს...
როგორ შეძლეს ეს შვედმა და ბრიტანელმა კონსტრუქტორებმა?
NLAW-ს, „ჯაველინისგან“ განსხვავებით, არ სჭირდება სითბოვიზორული დამიზნებისა და მართვის ძვირად ღირებული მოწყობილობა, მის რაკეტაში გამოყენებულია ინერციული მართვის სისტემა.
მაგალითად, თუკი „ჯაველინის“ ოპერატორს 30 წმ-მდე სჭირდება მოწინააღმდეგის ტანკის სითბური კონტურის დასაფიქსირებლად, რომ რაკეტის „მეხსიერებამ“ ის „ჩაიბეჭდოს“, NLAW-ის შემთხვევაში ოპერატორი მხოლოდ 2-5 წმ-ის განმავლობაში ოპტიკურ სამიზნეს აყოლებს მოძრავ ტანკსა თუ ჯავშანმანქანას, რომლის დროსაც რაკეტის მართვის ინერციული სისტემა თვითონ გამოთვლის მიზნის მოძრაობის პარამეტრებს და სტარტს იღებს.
NLAW ერთჯერადი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი მთლიანად მხოლოდ 12,5 კგ-ს იწონის და მისი სიგრძე ერთ მეტრს სულ მცირედით აღემატება, რაკეტის კალიბრი -150 მმ-ს შეადგენს.
სროლის ტრაექტორია მასაც „ჯაველინივით“ ორნაირი აქვს - ან პირდაპირი დამიზნებით, თუკი მიზანი მსუბუქად შეჯავშნულია ან - ზემოდან გადაფრენის პრინციპით, თუკი სამიზნეს ტანკი წარმოადგენს, რომლის აფეთქება ზემოდან უფრო ადვილია.
„ჯაველინისგან“ განსხვავებით, ის არ პიკირებს ტანკის კოშკურაზე, ზემოდან, არამედ - 1-1,5 მ-ის სიმაღლეზე გადაუფრენს, რომლის დროსაც რაკეტაზე დაყენებული მაგნიტური დეტექტორი ამაფეთქებელის ინიცირებას ახდენს, რა დროსაც რაკეტაზე მართი კუთხით დაყენებული კუმულაციური ქობინი ფეთქდება და ზემოდან ტანკს 2კმ/წმ სიჩქარით ხვდება „დამრტყმელი ბირთვი“ (ბოლომდე ჩამოუყალიბებელი კუმულაციური ჭავლი), რომლისგან „შვება“ თითქმის არ არსებობს...
თუ რა შეუძლია „დამრტყმელ ბირთვს“, საკუთარი თვალით ვნახე, როდესაც ერაყში ჩვენი ჯავშანკოლონის პირველ „ჰამვის“ მარჯვენა ბორტთან თვითნაკეთი „აიდი“ აუფეთქდა...
„იაფფასიანი ჯაველინი“ ნამდვილ „ჯაველინს“ შეიძლება იმით ჩამოუვარდება, რომ მხოლოდ 800 მ-მდე აქვს სროლის მანძილი, მაშინ როდესაც „ჯაველინი“ სამჯერ მეტ მანძილს ფარავს, მაგრამ სამაგიეროდ NLAW-ის გასროლა ოთახიდანაც შეიძლება, რადგან ე.წ. მსუბუქი სტარტის პრინციპით მოქმედებს.

ვისაც უსვრია „ერ-პე-გე-7“-დან, დამეთანხმება, რომ თუკი შენ უკან, ოციოდე მეტრშიც ვინმე დგას, კარგი დღე არ დაადგება.
NLAW ზედგამოჭრილია ქალაქის ბრძოლებისთვის, როდესაც სროლის დისტანცია ერთი დანგრეული კორპუსიდან მეორემდე ორასიოდე მეტრი თუა ან ბრძოლა კიდევ უფრო ახლო მანძილზე წარმოებს.
ამასთან NLAW-ს სროლის მინიმალური მანძილი მხოლოდ 20 მ თუა, რაც, ასევე, ძალზე გამოსადეგია ქუჩის ბრძოლებისთვის, როდესაც კორპუსის მე-3-მე-4 სართულიდან და თან - ოთახიდან შეგიძლია, ქუჩაში მიმავალ მოწინააღმდეგის ტანკს ზემოდან ესროლო...
მოკლედ, ბრიტანელებმა უკრაინელებს მაგარი საჩუქარი გაუკეთეს (თუმცა ჯერ უცნობია, მიჰყიდეს თუ მართლაც აჩუქეს), თანაც - დიდი რაოდენობით და საქმე თუკი მართლაც ქუჩის ბრძოლებამდე მივიდა, პუტინის ტანკისტებს შავი დღე ელით.
სანამ უკრაინელების ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები ასე სწრაფად იზრდებოდა, ბალტიისპირელებმაც მხარი აუბეს და აშშ-იდან სწრაფად მიიღეს ნებართვა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „სტინგერების“ მესამე ქვეყნისთვის, კერძოდ კი - უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე.
რვაწლიანი ომის განმავლობაში უკრაინელებს, მართალია, ჯერ არ დასჭირვებიათ საზენიტო საშუალებების გამოყენება, რადგან დონბასელ სეპარატისტებს ავიაცია არ აქვთ (ისე, რამდენიმე წლის წინ ერთი თბილისელი სომეხი "კაფელშიკი" ლუგანსკიდან რუსული ტელევიზიების წინ კი იქადნებოდა, ამ რეაქტიული „დელფინით“ კიევს დავბომბავო), მაგრამ მოსკოვმა, რომ მოინდომოს რუსული საბრძოლო ავიაციაც სწრაფად გამოჩნდება უკრაინის ცაში და უკრაინელებს ეს „სტინგერებიც დასჭირდებათ.
სანამ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი და ნატოს წევრი კიდევ რამდენიმე ქვეყანა ასე ეხმარება უკრაინელებს, გერმანელებმა მერამდენედ უარი უთხრეს მათ შეირაღების კონკრეტული სახეობების მიყიდვაზე, უფრო მეტიც - ის ბრიტანული თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინისკენ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს ეზიდებოდნენ, რატომღაც შორი გზით უვლიდნენ, დანიის საჰაერო გზის გავლით და არა მოკლე გზით, გერმანიაზე გადაფრენით, რაც აჩენს ეჭვს, რომ გერმანია პუტინის რიდი-შიშით არათუ არ ჰყიდის იარაღს უკრაინაზე, არამედ - ბრიტანულ თვითმფრინავებსაც ჩაუკეტა საჰაერო გზა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების უკრაინაში მოკლე გზით სწრაფად ჩასატანად...