როგორ გაება ნაზარბაევი პუტინის ხაფანგში? - კვირის პალიტრა

როგორ გაება ნაზარბაევი პუტინის ხაფანგში?

ოცდღიანი გაუჩინარების შემდეგ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი - ნურსულთან ნაზარბაევი საჯარო სივრცეში გამოჩნდა: 18 იანვარს მისმა პრესსამსახურმა ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც საკმაოდ შეცბუნებული და აღელვებული ნაზარბაევი ცდილობს, ერთგულება დაუმტკიცოს პრეზიდენტ თოყაევს. ის წინასწარ დაწერილ ტექსტს მონიტორზე კითხულობს, ჩანაწერი რამდენჯერმეა "გადაკერებული”. გაუჩინარებული ნაზარბაევი კი “გამოჩნდა”, მაგრამ საკითხავია, როდის და სადაა ჩაწერილი ეს ვიდეომიმართვა? ჩანაწერის ადგილისა და დროის ავთენტურობა ზუსტად დადგენილი არაა, ასევე, კვლავ უცნობია, ცოცხალია თუ არა ნაზარბაევი?

თუ ნაზარბაევი “საპროტესტო გამოსვლების დროს” თოყაევის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს (უპირველესად - “ოდეკაბეს” მიწვევას) მხარს უჭერდა (რასაც ჩანაწერში აცხადებს), მის გვერდით იქნებოდა 5 იანვარს და საჯაროდ გადააბარებდა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. ამის გასაკეთებლად ნაზარბაევს ზუსტად ორი კვირა დასჭირდა. რატომ? ჩემი აზრით იმიტომ, რომ ნაზარბაევი, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იზოლირებული, მძევლად ჰყავდათ და მასზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზემოქმედება მიდიოდა, რათა რეალური პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება დაეთმო. ამ დროს ზემოქმედების ყველაზე ნაცადი ხერხი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის "შემთხვევითი" ხსენებაა, ვინ გაუძლებს ამას? ამ ჩანაწერში ნაზარბაევმა ისიც კი “აღიარა”, 2019 წელს თოყაევს გადავეცი პრეზიდენტის უფლებამოსილება და მას შემდეგ პენსიონერი ვარო. ფოტოზე კარგად ჩანს “პენსიონერი ნაზარბაევი” როგორ ხელმძღვანელობს ყაზახეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს სხდომას, ხელმარჯვნივ, მუყაითი მოწაფესავით, ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი უზის, “ძალოვანი მინისტრები” კი თვალებში შესციცინებენ “ერის ლიდერს”.

nazi-1-1642747751.jpg

როგორ გაება “სტეპის მელად” წოდებული უეშმაკესი პოლიტიკოსი პუტინის ხაფანგში? პატივმოყვარეობაა ამის მთავარი მიზეზი.

ნაზარბაევი თითქოს გრძნობდა მოახლოებულ საფრთხეს და ცდილობდა, პრევენციული ზომები მიეღო: ბოლო ორი წლის განმავლობაში მან სამჯერ შეცვალა საკუთარი უსაფრთხოების (დაცვის) უფროსი. უკანასკნელად ეს სახელმწიფო გადატრიალებამდე ოთხი თვით ადრე, 2021 წლის 25 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს ნაზარბაევმა საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბაიბოსინოვი გაათავისუფლა და მის ადგილას ჟასულან სარსემბაი დანიშნა. მგონი, აქ ზედმეტია იმაზე მსეჯელობა, თუ რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს ამ თანამდებობას ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ თოყაევმა, ერთ-ერთი პირველი, სწორედ სარსემბაი გაუშვა სისტემიდან.

2021 წლის 27-28 დეკემბერს ამჟამად რუსეთის რეალურ დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგში, პუტინის ორგანიზებით, ჩატარდა დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრა, სადაც, როგორც გამონაკლისი, ყაზახეთის ფაქტობრივი მმართველი, ვითომდა “პენსიონერი” ნაზარბაევიც მიიწვიეს. დარწმუნებული ვარ, თავად პუტინი დაურეკავდა ნაზარბაევს, რამდენიმე ტკბილ სიტყვას ეტყოდა და ჩასვლაზეც დაითანხმებდა. არც “ყაზახეთის მამა” გაუწევდა დიდ წინააღმდეგობას: ქათინაურები ვის არ უყვარს? ყაზახეთში სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით რომ განხორციელებულიყო, ამის მთავარი წინაპირობა ნაზარბაევის ქვეყნის მმართვის ცენტრიდან მოცილება და იზოლირება იყო. ყაზახეთის “ძალოვანი მინისტრები” პოსტებზე ნაზარბაევის დანიშნულნი იყვნენ და თუ მათ შორის პირდაპირი კავშირის (თუნდაც სატელეფონო) ბლოკირება მოხერხდებოდა, შეთქმულებას წარმატების დიდი შანსი ექნებოდა. “ელბასის” ქვეყნიდან გატყუების ყველაზე კარგი ვარიანტი სწორედ სანქტ-პეტერბურგის სამიტი იყო, თანაც საახალწლო დღეებში, როდესაც პოლიტიკა არავის (პუტინის გარდა) ახსოვს, ნაზარბაევის გაუჩინარებაც არ გამოიწვევდა კითხვებს, მით უფრო, ყაზახეთის ფარგლებს გარეთ. მართლაც, ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალების გეგმის მიხედვით განვითარდა: ნაზარბაევი (პრეზიდენტ თოყაევთან ერთად) დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრას დაესწრო (იხ. ქვედა ფოტო),

nazi-2-1642747820.jpg

შემდეგ, 28 დეკემბერს კი, პირისპირ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს. პუტინმა აღნიშნა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის პირადი წვლილი დსთ-ს შექმნასა და ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომ განვითარებაში.

“მე ვარ იმ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც გამოიწვია დსთ-ს შექმნა ალმათში, 1991 წლის დეკემბერში. კარგად მახსოვს, როგორ მოხდა ეს“, - განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა. ჩემი აზრით, 28 დეკემბრის შემდეგ, ნაზარბაევს რუსეთი არ დაუტოვებია და ის, გარესამყაროდან იზოლირებული, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ოფიციალური საიტი - “ელბასი ნურსულთან ნაზარბაევი” 2021 წლის 28 დეკემბრის შემდეგ, 18 იანვრამდე არავითარ ინფორმაციას არ დებდა.

2022 წლის 2 იანვარს ყაზახეთში “საპროტესტო გამოსვლები” დაიწყო, უმთავრესად - რუსეთთან მოსაზღვრე ქალაქებსა და ალმათში. ყაზახეთის მრავალათასიანი პოლიცია, გვარდია და თავდაცვის ძალები “უძლურნი აღმოჩნდნენ” რამდენიმე ასეული კრიმინალის წინააღმდეგ და მათ ჩააბარეს ალმათის აეროპორტი, ასევე, ადმინისტრაციული შენობები. ეს გახდა “ოდეკაბეს” სამხედრო კონტინგენტის ქვეყანაში მიწვევის საბაბი. 5 იანვარს პრეზიდენტმა თოყაევმა უმოქმედობაში დაადანაშაულა ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი (ამ დროს კი, უშიშროების ორგანოების პირდაპირი მოვალეობა არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა) და პირადად მისი ხელმძღვანელი, ნაზარბაევის ყველაზე ერთგული ჩინოვნიკი კარიმ მასიმოვი. ოფიციალური ინფორმაციით, მასიმოვი იმავე დღეს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. სწორედ ამ პერიოდში რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები ნაზარბაევის ქვეყნიდან გაქცევის (ძირითადად, ასახელებდნენ ჩინეთს, დუბაის და ყირგიზეთს) და გარდაცვალების შესახებ.

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც სპეცსამსახურების “მესიჯ-ბოქსებს” ახმოვანებს, მიიჩნევდა, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და დაკრძალეს.

„ცოცხალი იყო და ასე ჩუმად, დაიმალო და არაფერი თქვა? - ეს გამორიცხულია. ნაზარბაევის წინააღმდეგ ხალხი გამოვიდა და არ არის გამორიცხული, ის თავიდან მოიშორეს”, - ამბობდა ჟირინოვსკი. ეს იყო პირდაპირი გაფრთხილება ნაზარბაევისთვის: თუ არ დათანხმდებოდა პუტინ-თოყაევის პირობებს, მას “უკვე გარდაცვლილად გამოაცხადებდნენ” და ფარულად დაკრძალავდნენ.

ჩემი აზრით, ნაზარბაევის ერთგულ “ძალოვან მინისტრებს”, არ გააჩნდათ რა კავშირი “ერის მამასთან”, იძულებულნი იყვნენ, პრეზიდენტ თოყაევის განკარგულებებს დამორჩილებოდნენ. ამის შემდეგ კი, როგორც იტყვიან, “ტექნიკური საკითხები” იყო მოსაგვარებელი: თოყაევმა ისარგებლა რუსეთის “სამშვიდობო კონტინგენტის” მხარდაჭერით და უსწრაფესად დანიშნა საკუთარი კადრები ყველა სტრატეგიულ პოსტზე. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ნაზარბაევის “რეანიმირება” და მისი ვიდეომიმართვის გამოქვეყნება.

რა ბედი ელის ნაზარბაევს, მის ოჯახს და მათ ქონებას? ეს დამოკიდებულია იმაზე, პოლიტიკური გავლენის დაკარგვის შემდეგ, თუ რა ფინანსურ აქტივებს დათმობს ნაზარბაევის უმდიდრესი ოჯახი. თოყაევს ორი პრობლემა აქვს. პირველი, ესაა ჯერ კიდევ 2000 წელს მიღებული: „ყაზახეთის რესპუბლიკის კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“, რომელიც ნაზარბაევს და მის ოჯახს სრულ იმუნიტეტს ანიჭებს. არ შეიძლება პირველი პრეზიდენტის დაკავება, დაპატიმრება, ჩხრეკა, დაკითხვაზე დაბარება. ხელშეუხებელია ნაზარბაევისა და მასთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრების კუთვნილი მთელი ქონება. “ელბასს” გარანტირებული აქვს საბანკო ანგარიშების ხელშეუხებლობა. ნაზარბაევი და მისი ოჯახი უვადო დაცვის ქვეშ არიან, “ელბასის” სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევას ექვემდებარება და ის იღებს პენსიას (პრეზიდენტის ყოველთვიური ხელფასის 80%). არსებულ პირობებში თოყაევს არ გაუჭირდება ამ კანონის შეცვლა. მეორე პრობლემა კი მსოფლიოს საფინანსო ცენტრებში (ლონდონი, ციურიხი, დუბაი და სხვ.) არსებულ ბანკებში განთავსებული ნაზარბაევის ოჯახისა და კლანის აქტივების, ანგარიშების, ასევე - უძრავი ქონების ზუსტი მისამართების ხელში ჩაგდებაა. ბუნებრივია, აწ უკვე მართლა პენსიონერი ნაზარბაევი შეეცდება ასაკი და გულმავიწყობა მოიმიზეზოს და თავის დაძვრენა სცადოს. თუმცა პუტინ-თოყაევის დუეტს ერთი “კოზირი” აქვს ხელში: ეს ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად კი - “სახელმწოფო ღალატში ეჭვმიტანილი” კარიმ მასიმოვია, რომელმაც იცოდა “ნაზარბაევის კლანის” ყველა საბანკო ანგარიშის ნომერი, იცოდა მთელი უძრავი ქონება და ბიზნესი. არსებული ინფორმაციით, მასიმოვის დაკითხვას რუსეთის ეფ-ეს-ბეს გამომძიებლები აწარმოებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ თავად მასიმოვი მოსკოვში ჰყავთ გადაყვანილი. ასე რომ, მასიმოვის ალაპარაკებაც დროის საქმეა.