"პუტინმა უკრაინიდან უკან უნდა დაიხიოს, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს - კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან" - კვირის პალიტრა

"პუტინმა უკრაინიდან უკან უნდა დაიხიოს, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს - კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან"

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოხდება, ამას დიდი საფასური მოჰყვება. ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ ძალიან მკაცრი სანქციები,“- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიდნეიში ვიზიტისას.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრას დიდი მსხვერპლი მოჰყვება.

“ეს შეჭრა მხოლოდ საშინელ ჭაობამდე და მსხვერპლამდე მიგვიყვანს, რაც საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ვიხილეთ“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „უკრაინიდან უკან უნდა დაიხიოს, სანამ ის დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს".

„კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან. ისინი საბჭოთა კავშირის, ანუ ერთგვარი დიდი რუსეთის ხელახლა შექმნაზე ოცნებობენ. აცხადებენ, რომ სურთ სტაბილურობა, მაშინ როცა მუშაობენ სხვების მიმართ საფრთხისა და დესტაბილიზაციის შექმნაზე,“- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლიზ ტრასის განცხადებით, ის, თუ რა მოხდება აღმოსავლეთ ევროპაში, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.

„ყველამ უნდა გავზარდოთ ძალისხმევა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. ის, რაც ხდება აღმოსავლეთ ევროპაში, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.