"მლანძღონ, დამიჭირონ, გამლახონ, სიმართლეს მაინც ვიტყვი!" - კვირის პალიტრა

"მლანძღონ, დამიჭირონ, გამლახონ, სიმართლეს მაინც ვიტყვი!"

"რა თქმა უნდა, თეატრში დატვირთული ვარ, მე პენსიონერად ვერ მოვკვდები! სანამდეც სუნთქვა შემიძლია, თეატრის ჰაერი უნდა ვისუნთქო!" - ამბობს ქართული თეატრისა და კინოს უხუცესი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, 92 წლის თამარ სხირტლაძე... იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც თვალს აქტიურად ადევნებს და თავის აზრს მკაფიოდ გამოხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობს, მისმა მოსაზრებამ შეიძლება ბევრის გაბრაზება გამოიწვიოს...

- საშინელი სანახავია, რაც ახლა ყაზახეთში ხდება. რასაც იქ ხალხი სჩადის, პირდაპირ ველურობაა!

- ხალხი ხომ ძალიან გაბრაზებულია?

- კი, გეთანხმებით, რომ ხალხი წყობიდანაა გამოსული, მაგრამ კაცმა ცხენს ვერაფერი დააკლო და უნაგირს დაუწყო მტვრევაო, ზუსტად ეგრეა... შე დალოცვილო, ეს ხომ ისევ შენი გასაკეთებელია?! მშიერს ლუკმა უნდა მიაწოდო, დანგრეული ააშენო, ძველი განაახლო და არა - პირიქით! ყაზახეთს იმიტომ ვახსენებ, რომ ძალიან მეშინია, იგივე აქ არ განმეორდეს. ყველაზე მეტად ამის მეშინია, თუკი რამის შიში მაქვს! ისედაც არის ამის ნიშნები...

ჩვენი ქალაქის შესანიშნავი მერი - კახა კალაძე როგორ გულით აკეთებს ყველაფერს, უზარმაზარი პარკი გაალამაზა, მივიდნენ და დაანგრიეს, გააფუჭეს, გატეხეს. ამის შემყურეს, რა თქმა უნდა, შიში მაქვს... მე ქავთარაძეზე ვცხოვრობ, სადაც მახლობლად ძალიან ლამაზი სივრცე მოეწყო: ბავშვებისთვის სასრიალოები, პატარა შადრევნები და ასე შემდეგ... მოპირდაპირე მხრიდან ერთი ქალი გამოვარდა და ყვიროდა, რატომ აკეთებთ, ყველა აქ მოვა, იხმაურებენ და შემაწუხებენო. ჩემსავით გადაყრუებული ბებერი იყო... კი, მაგრამ ბავშვები რომ მანქანების ქვეშ ძვრებიან და ისე თამაშობენ, არ უნდა ეცოდებოდეს ეს ბავშვები და არ უნდა უხაროდეს სკვერში თუ ითამაშებენ?! რამდენი სალაპარაკო და სამწუხაროა, იმაზე რომ უნდა ვსაუბრობდეთ!

- საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წლის წინ თავის მეგობრად მოგიხსენიათ. რაც პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგაც გაგრძელდა თქვენი მეგობრობა?

- არა, მას შემდეგ აღარც შევხვედრივარ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ძველებურად მიყვარს... ასევე, ძალიან მიყვარს და მომწონს - თეა წულუკიანი. პრინციპულია, პირდაპირი და არავის არაფერს დაუთმობს, ტყუილად თვალებს არაფერზე დახუჭავს, ყველაფერს სწორად ხედავს და სათქმელსაც ამბობს. ასეც უნდა იყო, კაცო, როცა მთავრობა ხარ! როცა ხელმძღვანელი ხარ და ასე იქცევი, იმავე მაგალითს ავიღებ მეც, როგორც მოქალაქე და შენსავით მოვიქცევი! როცა ხელმძღვანელი ყალბი ხარ და ტყუილებს ამბობ, მეც თვალი და ტვინი სიყალბისკენ გამექცევა... ასეთ ადამიანებს რომ ვხედავ, მიხარია. კახა კალაძე ხომ თავგადაკლული მუშაობს, ეს ახალგაზრდა ბიჭი! მას ფული აინტერესებს თუ რა?! თავისი ფული აქვს, დიდი შრომით მოპოვებული. არავის არაფერს მოჰპარავს, იქით აძლევს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, როგორც მოგახსენეთ, იგი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. თუმცა, რაც მე სალომეს ვიცნობდი, იმის მეათედი აღარ იყო, როცა პრეზიდენტად დასვეს... ადამიანია და ჩაკლეს ამდენი შემოსევებით! ერთხელ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოვდიოდი და იქ ვთქვი, რომ სალომე ძალიან პრინციპულია, რომელი სახელმწიფოს მეთაურთანაც არ უნდა დასვა, იქნება ,,ნა რავნე"-მეთქი... ეს სიტყვა რუსულად რომ ვთქვი, სალომეს ვკითხე, ხომ არ გახსოვს, ქართულად როგორ არის-მეთქი და თანასწორუფლებიანიო, მყისვე მიკარნახა. მივუტრიალდი ხალხს და ვუთხარი, რაღა გინდათ მეტი, წამში შეუფერხებლად გადამითარგმნა-მეთქი...ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა, გამოცოცხლდა, გამოფხიზლდა... ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ გული მტკივა. სალომეს ყოველი მხრიდან კბენდნენ და ჭამდნენ. მერე ეს აუცილებლად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე და ბოლოსდაბოლოს ჩაკვდება... მას ბოდიშს ვუხდი და შეიძლება თვითონ უარყოს, მაგრამ ეს ის სალომე აღარ იყო, როცა პრეზიდენტად აირჩიეს, რომელსაც ვიცნობდი... თუმცა, საბედნიეროდ, ბოლოს ისევ გამოცოცხლდა და ძველებური სალომე გახდა!

მთელი ცხოვრება, თეატრში ნიჭიერ, პერსპექტიულ მსახიობს მეძახდნენ და ამას საქმითაც მიმტკიცებდნენ, მაგრამ ერთიც რომ გამოსულიყო და ეთქვა, რას აქებთ ამდენს, სულაც არ არის ნიჭიერიო, მიწაში ჩავძვრებოდი და ვეღარაფერს გავაკეთებდი. ის ქება და მხარში დგომა მათამამებდა! ვცდილობდი, მეტი გამეკეთებინა, ვიდრე ვაკეთებდი! სალომემ კი რამდენ უარყოფითს გაუძლო?! კულტურული ქალია, იმას კი არ ჰგავს, ერთი ქალი რომ დარბის, რას ლაპარაკობს და რას კადრულობს! მაპატიეთ და იძახის, ფეხებზე მკიდია ყველაფერიო...

- ვის გულისხმობთ?

- თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, ნუ დამასახელებინებთ ახლა!

- მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე რას იტყვით?

- არც არაფერს! არ მსურს ამაზე საუბარი და რაზეც მსურდა, გიპასუხეთ კიდეც! გამლანძღონ, დამიჭირონ, გამლახონ, სიმართლეს მაინც ვიტყვი!

- ყველას გვაინტერესებს, როგორია თქვენი დღევანდელობა... როგორც ვიცი, 90 წელს გადაცილებული, დამსახურებული მსახიობი თეატრში კვლავ აქტიურად ხართ დატვირთული...

- რა თქმა უნდა, დატვირთული ვარ, მე პენსიონერად ვერ მოვკვდები! სანამდეც სუნთქვა შემიძლია, თეატრის ჰაერი უნდა ვისუნთქო! პანდემიის პირობებში ფილმშიც გადამიღეს, ერთი როლიც ვითამაშე. ახალგაზრდა რეჟისორმა ძალიან საინტერესო გერმანული პიესა დადგა... ჩემი მეგობარია რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, ძალიან მიყვარს. როლი რომ შემომთავაზა, არც მიკითხავს, რა როლი იყო, წავედი და ვითამაშე. საბედნიეროდ, კმაყოფილები დარჩნენ.

როდესაც ტელევიზიაში მეპატიჟებიან, ვკითხულობ, რომელი არხია. ყველგან ვერ წავალ. მე ჩემი საყვარელი ადამიანები მყავს, მათკენ ვიხრები, მათკენ მაქვს გულისყური... თუ თეატრზე არის სასაუბრო, კი, ბატონო, ყველა არხზე მივალ, მაგრამ პოლიტიკაზე თუ უნდა ვილაპარაკო, მე ტყუილს ვერ ვიტყვი!

(სპეციალურად საიტისთვის)