"შეხვედრაზე გავიმეორეთ პოზიცია ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების აუცილებლობაზე - ეს ბლოკი შეიქმნა სსრკ-ს წინააღმდეგ, ახლა კი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს" - კვირის პალიტრა

"შეხვედრაზე გავიმეორეთ პოზიცია ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების აუცილებლობაზე - ეს ბლოკი შეიქმნა სსრკ-ს წინააღმდეგ, ახლა კი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს"

სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ გაიმეორა მოთხოვნა ნატო-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ჩვენს პრინციპულ მიდგომას ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების აუცილებლობის შესახებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გავიმეორეთ“, - განაცხადა ლავროვმა ბლინკენთან მოლაპარაკების შემდეგ.

მისი თქმით, ნატო მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ამიტომ მოსკოვი ეწინააღმდეგება ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოებას.

„ეს ბლოკი შეიქმნა სსრკ-ს წინააღმდეგ, ახლა კი მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ამით აიხსნება მოსკოვის პოზიცია, რომ აღმოსავლეთისკენ ნატო-ს გაფართოება არ უნდა მოხდეს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომავალ კვირაში წარადგენს წერილობით პასუხებს „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ რუსეთის წინადადებებზე.