"ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა რომ მოხდა და მანქანა ააფეთქეს, იმ პერიოდზეა" - კვირის პალიტრა

"ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა რომ მოხდა და მანქანა ააფეთქეს, იმ პერიოდზეა"

ბევრისთვის საყვარელი მსახიობი, ცოცხალი ლეგენდა ლეო ანთაძე ყოველთვის გულწრფელად საუბრობს მსახიობისა და მაყურებლის დამოკიდებულებაზე. მისი შეფასებით, ქართველი მაყურებელი შეიცვალა, პრეტენზიულია და ოდნავ გულგრილიც. მსახიობს საზოგადოება ძირითადად, ფილმებიდან იცნობს, თუმცა, ძალზე აქტიურია თეატრში და კოვიდპანდემიის მიუხედავად, სცენაზე მაინც დგას.

- ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში სიახლეებია ჩემი ერთ-ერთი ბოლო ფილმი - "გვიანი შემოდგომა" კინოთეატრში უკვე გავიდა. მისი პრემიერა უცხოეთშიც გაიმართება და შემდეგ ტელევიზიითაც გავა. ამ ფილმში ალცჰაიმერიან მოხუცს ვთამაშობ. ძალიან საინტერესო ეპიზოდია. ფილმის რეჟისორი გიორგი ბარაბაძეა. სიუჟეტის მიხედვით, 90-იანი წლების დასაწყისში, მთავარი გმირები, ორი ახალგაზრდა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებაზე შეკვეთას იღებს. საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტზე, შევარდნაძეზე თავდასხმა რომ მოხდა და მანქანა ააფეთქეს, იმ პერიოდზეა. მე ერთ-ერთი ბიჭის, გიას მოხუც მამას ვთამაშობ... სიუჟეტის მოყოლა გამიჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, საინტერესოა. "კოვიდის" გამო, მცირედი პაუზა მქონდა, მაგრამ არა უშავს... თეატრშიც საკმაოდ საინტერესო როლი მაქვს. პიესა არჩევნებზეა. იქაც მოხუცის როლს ვასრულებ... ამ ბოლო დროს სულ მოხუცებს ვასახიერებ, რაც ალბათ ლოგიკურია - ახალგაზრდას როლის თამაში უკვე ძნელია.

- რა არის მნიშვნელოვანი როლის შესრულებისას?

- მთავარია, როლი მოირგო და გაითავისო. გმირი საინტერესო უნდა იყოს... ჩემთვის გამორჩეული როლი "ზურიკელაა", სპექტაკლიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". ეს როლი 600-ზე მეტჯერ ვითამაშე და არასდროს მბეზრდებოდა. იმავეს ვიტყვი კახაბერის როლზე, გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმულ "ყვარყვარე თუთაბერში". არის კიდევ ერთი ფილმი - "ავარია", სადაც ასევე მთავარ როლს ვთამაშობდი... ზოგი როლი თავისი სიმძაფრით, ემოციით გაგყვება მთელი ცხოვრება და ბევრ რამეს გასწავლის. მსახიობიც, თავის მხრივ, მთელ თავის ემოციას, სულსა და გულს დებს საქმეში და ასე გამოდის ერთი მთლიანი, რეალურიდან ირეალურში გადასული, სცენაზე გაცოცხლებული ან ხორცშესხმული პერსონაჟი. თუმცა, ასე ვიტყვი, - პოპულარობა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც კინოს მოაქვს. ბევრმა ალბათ, უფრო - ახალმა თაობამ, ჩემ შესახებ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიგო.

- ყველასთვის საყვარელი მსახიობი სესილია თაყაიშვილი ერთ-ერთ წერილში ამბობდა, რომ თეატრის სცენაზე მსახიობი ბოლომდე გულწრფელი უნდა იყოს... თეატრში უფრო საინტერესოა მუშაობა თუ კამერის წინ?

- ხშირად სვამენ ამ შეკითხვას, სად უფრო საინტერესოა მუშაობა, მე კი, ვერც შევადარებ ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა რამ არის, იმას თავისი ხიბლი აქვს, ამას - თავისი. რომელი ჯობია, ვერ ვიტყვი. თუ საინტერესო როლია, კარგი მასალაა, ორივე საინტერესოა. თეატრში რეპეტიციები, შემოქმედებითი პროცესი უფრო მეტია. თუმცა, კინოსაც თავისებური ხიბლი აქვს.

- თუ გქონიათ ისეთი პერიოდები, თეატრსა და კინოში თამაში რომ გენატრებოდათ?

- კი, მაშინ, როდესაც დიდი პაუზები მაქვს, სულ მესიზმრება ჩემი როლები, თეატრი, კულისები, სცენა, კინო, კამერის წინ მუშაობა - ხან "ზურიკელა" ვარ, ხან "კახაბერი" და ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ პროფესიამ შეალამაზა ჩემი ცხოვრება. ძალიან ბევრი საინტერესო დღე გვქონდა. საბჭოთა წლებში მთელი ევროპა მოვიარეთ. ახალგაზრდობასთან ერთად, ის წლებიც მენატრება. მაშინ ურთიერთობებიც სხვაგვარი იყო, ადამიანებიც განსხვავებულები ვიყავით, იმედითა და ხალისით სავსე. სომხეთში, რუსეთში, უნგრეთში, იტალიაში, ამერიკაში, ლატვიისა და ლიეტუვაში ვიყავით... მოგვიანებით, საფრანგეთში, "ფორტ ბოიარდის ციხესიმაგრის" გადაღებაზე გახლდით, რაც ძალიან საინტერესო იყო. ფრანგ რეჟისორამდე მისმა ქართველმა კოლეგამ გადამიღო და ეს კადრები საფრანგეთში გაგზავნა... მას უთქვამს - საკმარისია, სხვა კადრები არ მინდა, ამას ვირჩევო. ალბათ, კეთილი მოხუცის როლში მოვეწონე. კი მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ მაინც ვიტყვი: უთქვამს, - ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი მსახიობი ჰყავსო... რა ვქნა, მსიამოვნებს, როდესაც ასეთი დიდი ქვეყნის წარმომადგენელი ასე მახასიათებს.

- ალბათ წარმოუდგენელი ის უფრო იქნებოდა, ასეთი შეფასება რომ არ გესიამოვნოთ.

- დიახ, წარმოუდგენელია და მეც სიამოვნებით ვიხსენებ... ასევე, მე და თენგიზ არჩვაძე ისრაელში ვიყავით, სადაც სერიალში ვითამაშეთ, - "ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუა". ამდენი ქვეყანა, ამდენი ხალხი გამაცნო, შემაყვარა ჩემმა პროფესიამ და როგორ არ მიყვარდეს, როგორ არ ვიამაყო?!

- ამბობენ, ქართველი მაყურებელი პრეტენზიულია და თან, ტაშის დაკვრა ეზარებაო, ასეა?

- პრეტენზიული არა, ცოტა უმადურია. საბჭოთა კავშირის წლებში, რუსეთში რომ ჩავდიოდით, საოცარ ინტერესს იჩენდნენ. ერთხელ მოსკოვში, იმ მეტროდან ჩამოვედი, რომელსაც თეატრამდე უნდა მივეყვანე და უამრავი ხალხი დამხვდა, დამესივნენ - ზედმეტი ბილეთი ხომ არ გაქვთო?.. ასეთი ცხოველი ინტერესი იყო სულ. იმ იმედით მოდიოდნენ და რიგში დგებოდნენ, იქნებ ვინმეს ზედმეტი ბილეთი ჰქონდეს და თეატრში შევიდეო. მსახიობის ყოველ რეპლიკაზე ტაში და ზღვა ემოცია მოდიოდა. მხოლოდ რუსეთში არა, სხვაგანაც, ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც ასე იყო. საქართველოში კი მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდებოდა. ძველ მსახიობებს, ვასო გოძიაშვილსა და სერგო ზაქარიაძეს კი უკრავდა ხალხი ტაშს, მაგრამ ახლა ვინც უნდა გამოვიდეს, თავს აღარავინ იწუხებს. ჩემი თაობის წარმომადგენლები მშვენიერი მსახიობები იყვნენ და არიან ახლაც, საბედნიეროდ, მაგრამ რეპლიკა კი არა, ტაშსაც არავინ უკრავს...

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს? ქართველი საზოგადოება ნიჭიერი მსახიობებითა და რეჟისორებით განებივრებულია თუ კულტურის მიმართ ინტერესი ნაკლებია?

- არ ვიცი, ამდენი ხანია სცენაზე და კამერის წინაშე ვდგავარ, მაყურებლისთვის მართლაც ბოლომდე ვიხარჯები და ეს გულგრილობა მაინც ვერ ამოვხსენი... ჩემი წინა თაობის ხალხს უკრავდნენ ტაშს, ახლა კი რა შეიცვალა, არ ვიცი... შესაძლოა, ზოგი გააღიზიანოს იმან, რომ ხშირად მომყავს რუსეთის მაგალითები, მაგრამ სიმართლეს ვამბობ - ბებიაჩემის და პეტერბურგში სწავლობდა და ხშირად იყო მოსკოვში. ის და მისი მეგობრები ღამეს ათევდნენ, რომ მეორე დღის სპექტაკლზე ბილეთი ეშოვათ. ერთხელ დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" ორ განყოფილებად, ორი ღამის განმავლობაში გასულა და ამათაც ორი ღამის ზედიზედ გათენებამ მოუწიათ, რომ ორივე სპექტაკლის ბილეთი ეშოვათ... არადა, ისიც კი არ ვიცოდით, დილით სალარო რომ გაიღებოდა, ბილეთი შეგვხვდებოდა თუ არაო...

წლებმა, განსაკუთრებით გასულმა წელმა და ახალმაც, რომელიც თითქოს ჯერ არც დამდგარა, ბევრი ისეთი ადამიანი წაიყვანა, რომელსაც ქართველი საზოგადოების განვითარებაში მართლაც, დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ოქროს თაობა წავიდა, ჩემზე უფროსები, უფრო ახალგაზრდები, თანატოლები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, კახი კავსაძე, თენგიზ მაისურაძე... სამწუხაროდ, ჩამონათვალი დიდია... არაჩვეულებრივი იყო ჩემი თაობა და სულ რამდენიმე: თამარ სხირტლაძე, თენგიზ არჩვაძე, მე და ჯემალ ღაღანიძე დავრჩით... არ არის კარგი, როცა ბევრი კარგი ადამიანი აკლდება საყვარელ საქმეს, თეატრს, კინოს, კულტურასა და ხელოვნებას... ალბათ უამრავი მათგანი ასევე უამრავ საინტერესო როლს შექმნიდა, მაგრამ წუთისოფელი ასეთია - სიტკბოსთან ერთად, ბალღამსაც ურევს თავისი სტუმრებისთვის. ალბათ იმიტომ, რომ ძალიანაც არ გავუთამამდეთ. განსაცდელსაც გვაძლევს, ტკივილსა და მარცხსაც დაგვაგემოვნებინებს, აღმაფრენასა და ბედნიერების გრძნობასთან ერთად.

- რა არის ბედნიერება?

- ბედნიერება პირობითია, ყველას თავისი საზომი აქვს. ჩემთვის ბედნიერებაა, როდესაც იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. როცა ხალხი, მაყურებელი გაფასებს, ქუჩაში გაჩერებენ, უყვარხართ და გეფერებიან, სიყვარულს გინაწილებენ, ორიოდ მოსაფერებელ, მაგრამ გულწრფელ სიტყვას გეტყვიან, ჩაგეხუტებიან და შენთან ერთად ფოტოს გადაღებას გთხოვენ. ასეთი ადამიანების თვალებში ამოკითხული ემოციაა ბედნიერება, რომელიც შემდგომ ჩემი ასაკის მოხუცსაც კი ცხოვრებას უადვილებს და უფერადებს. მსახიობისთვის გულწრფელი დაფასება, თაყვანისცემა და სიყვარული არის ბედნიერება. მეც ძალიან მსიამოვნებს პოპულარობა და არ დავიწყებ კეკლუცობას, ასე არაა-მეთქი. რაღაცისთვის მიცხოვრია, რაღაც ღირებული შემიქმნია. ასეთია ჩემი პროფესია, მაყურებლის სიყვარული განსაზღვრავს ბევრ რამეს და შენც არასდროს უნდა გაუცრუო იმედი, რა ასაკისაც უნდა იყო და რა როლსაც უნდა თამაშობდე. ასეთია სცენაზე მდგომი ადამიანის ხვედრი.

გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა: როდესაც სესილიამ ჩემს სპექტაკლში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ითამაშა, ძალიან ცოტა ხანში, მართლაც ყველას ბებია გახდა, ხალხმა მისი ფოტოც კი დაკიდა, როგორც საკუთარი ბებიის ხატება... იმ ხანებში, საქართველოში ფრანგი რეჟისორი ჩამოვიდა და სპექტაკლი რომ ნახა, გაოცდა, ეს თქვენი კი არა, ჩემი ბებიაა და ის ახლაც ცოცხალიაო, ანუ ფრანგმაც თავისად მიიღო. მან სპექტაკლის შემდეგ სესილიას დაუჩოქა და კაბის კალთაზე ემთხვია.

- რამდენად ღირსეულად აგრძელებს ახალი თაობა თქვენი თაობის გზას?

- ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიჭი და გოგონა გვყავს თეატრალურ საზოგადოებაში, მათი თამაშის ცქერა ნამდვილად სასიამოვნოა, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს: ის თაობა, უჩანეიშვილის, მეღვინეთუხუცესის, მგალობლიშვილისა და სხვების, ძალიან უყვარდა მაყურებელს, რასაც ამ თაობის მიმართ ვერ ვხედავ, ის სიყვარული ჯერ ვერ დაიმსახურეს. ღმერთმა ქნას, დაიმსახურონ! ასე მგონია, ამ ყველაფერს დრო სჭირდება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"