"ავდარში თუ დარში, ადამიანის უფლებები ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს დაცული" - ექნება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ლადო კახაძის მხარდაჭერა, უცხოეთში მკურნალობაზე? - კვირის პალიტრა

"ავდარში თუ დარში, ადამიანის უფლებები ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს დაცული" - ექნება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ლადო კახაძის მხარდაჭერა, უცხოეთში მკურნალობაზე?

საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნებიდან", პროფესიით ექიმი ლადო კახაძე ხელისუფლებას გადადგმულ ნაბიჯებს უწონებს. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მოსახლეობის პირობები გაუმჯობესდეს. ახლა, მთავარია პანდემიას გავუმკლავდეთ.

ლადო კახაძე:

- ნებისმიერ ვითარებას ვუყურებ იმ კატასტროფიდან, რასაც ჰქვია პანდემია და პოსტპანდემიური ორიენტაცია. პანდემია ზოგმა პოლიტიკური კრიზისისთვის გამოიყენა, ზოგმა ამით დესტაბილიზაციისთვის პირობა შექმნა. ზოგ შემთხვევაში, ისეთ წინააღმდეგობაში შევედით, რომელიც ობიექტურ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

"ომიკრონი" არის შტამი, რომელიც ძალიან მალე ვრცელდება, მოკლე ინკუბაციის პერიოდი ქვს და ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ადამიანი თუ შეატყობს რაიმე სიმპტომს, იმ წუთიდან უნდა გადავიდეს იზოლაციაში. ჩემი საქმეა გაგაფრთხილოთ როგორც ექიმმა, ნუ დაარღვევთ წესებს, დაიცავით რეგულაციები, წესები, გთხოვთ, ყველას. რაც პანდემია დაიწყო, მას შემდეგ პირბადე არ მომიხსნია და არ დავდივარ საჯარო შეკრებებზე. ორჯერ ავიცერი, ბუსტერიც გავიკეთე და ყველამ უნდა გაიაზროს საფრთხე. პანდემიიდან გამომდინარე, დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ პირველი საიმედო შედეგები გამოჩნდა. ეს არ არის თავის მოწონება, ეს არის იმედი, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის იმედიანი განცხადება აღმსრულებელი ხელისუფლების შესაბამისი შტოების მიერ გაკეთებული, მისასალმებელია და ამოსავალი წერტილია.

მეორე ნაწილია, ის დაძაბული და რთული ვითარება, რაც ჩვენ გარშემოა შექმნილი. ვგულისხმობ, სტრატეგიულ მტერს, რუსეთს, რომელიც ყველანაირად ცდილობს, საქართველოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც დამოუკიდებლობის გზაზე დგანან, ეს გზა გადაუღობოს. საყურადღებოა, ამ ჭრილში ჩვენი გააქტიურება საგარეო ვექტორზე, ესეც დიდი იმედის მომცემია, იმიტომ, რომ ევროკავშირი იქნება ეს, ამერიკა თუ სხვა სტრატეგიული პარტნიორი, ხშირად ამ მიმართულებით აქტიურობენ.

ჩვენი მიზანი "ნატოში" გაწევრებაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ულტიმატუმის ენაზე ელაპარაკება ამერიკას, ჩვენს მოკავშირეებს, მათი პოზიცია ჩვენი მხარდამჭერია და ესეც იმედის, მოკრძალებული ოპტიმიზმის საფუძველია. აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებზე, დაიწყო სიტყვის საქმედ ქცევა. დიდი მტერი, მორალურ-ზნეობრივი დ ეკონომიკური, სათამაშო ბიზნესი და ამის წინააღმდეგ სწორად გადადგმული ნაბიჯი ესეც დიდი იმედია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სააფთიაქო ქსელის მოწესრიგება. ესეც ისეთი თემაა, რომელიც ყველას უკავშირდება, სოცილურადაც, ჯანმრთელობის მხრივაც, კერძო სექტორსაც.

- პოლიტიკაზე რას იტყვით, მართალია, თქვენ აქებთ ხელისუფლების ამ გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობს ოპოზიცია და მუდმივად ისმის კრიტიკა, საპროტესტო აქციები იმართება.

- აქაც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ხდება. ისინიც კი, ვინც პროტესტი გამოთქვა და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, ამბობენ, რომ გამოიყენებენ პარლამენტის ტრიბუნას და ძალიან კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემი ცალსახა აზრია, ვისაც მოპოვებული აქვს ნდობა და უფლება, რომ იყოს პარლამენტში, ის უნდა იყოს პარლამენტში. კომისიის შექმნა უნდათ თუ არა, ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მთავარია, პარლამენტარი იყოს პარლამენტში. ოპოზიციის მიერ ყველანაირი მცდელობა იყო გამოეყენებინათ ყველაფერი სათავისოდ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

- მოსამართლეების დანიშვნას უვადოდ, დიდი პროტესტი მოჰყვა, ამის გამო, ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ჩვენმა საერთშორისო პარტნიორებმა. ეს ნაბიჯი რატომ გადადგით?

- ყველანაირი მცდელობა იყო, მოსამართლეების არჩევა გამოეყენებინათ დესტრუქციისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ. სასამართლოში მოსამართლეთა დაკომპლექტება ღიაობის მაქსიმალური დაცვით მოხდა, ესეც მიყვანილია ბოლომდე. დიდი გამოწვევა იყო, შედეგამდე მივედით. დესტაბილიზაციის მცდელობაც იყო, ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მასთანაა ეს მიბმული და ვნახეთ, როგორი მოთმინებით და ღიაობით, რა გზაზე გაიარა ქვეყანამ და ჩვენ აქაც პირნათელი ვართ.

- მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი ხმაური ყველასთვის ცნობილია და ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, ექიმებიც ამბობენ, რომ მას სათანადო მკურნალობა სჭირდება და ამისთვის პირობები იქ არ არის. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- ჯანმრთელობის კუთხით არაფერი დაუკლიათ, პროფესიონალური დახმარება ჩაუტარდა.

- ექიმები ამბობენ, რომ ის უცხოეთშია გადასაყვანი, ამას არ ეთანხმებით?

- მედიცინა არის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი. მე ვიღაცის შეფასებებს უნდა დავეყრდნო დ ჩემი შეფასება არ იქნება ზუსტი ამ დროს. ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც მსჯავრის ქვეშ იმყოფება, მსჯავრი უნდა მოიხადოს და ამ მსჯავრის მოხდაში მას სახელმწიფო ფიზიკურად და სულიერად დაეხმაროს, ეს ცალსახაა. სასამართლო რა განაჩენსაც გამოუტანს, ის განაჩენი აუცილებლად უნდა აღსრულდეს. მე იმაზეც თანახმა ვარ, პარლამენტში კომისია შეიქმნას და ეს ინიციატივა უმრავლესობამ გავაკეთოთ, შევქმნათ წამების შემსწავლელი კომისია და გამოვიკვლიოთ რომელი ხელისუფლების დროს იყო ესაა თუ ის დანაშაული ჩადენილი, ეს სისტემურად გამოვიკვლიოთ, ოღონდ ეს იქნება პოლიტიკური ვერდიქტი და დანარჩენი შემდეგ სამართალმა გამოიკვლიოს. მე ამის მომხრე ვარ და ასეთ საკითხებს არ გავურბივართ.

- ვთქვათ დადგა ასეთი საკითხი და თითოეული დეპუტატის ხმა იქნა გადამწყვეტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან სამკურნალოდ გაყვანაზე, თქვენი ერთი დეპუტატის მხარდაჭერა ექნება მიხეილ სააკაშვილს ამ საკითხზე?

- საქართველოს ყველანაირი პოტენციალი აქვს. მიხეილ სააკაშვილს ყველანაირი დახმარება გაეწია და გაეწევა კიდეც. ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, როგორიც სააკაშვილია, ყველანაირი პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ სასჯელი მოიხადოს. ახლა, მე რაც უნდა ვილაპარაკო, ეს პოლიტიზირებული თემაა, პოლიტიზირებული გახადა ოპოზიციამ, მაგრამ ჩემს აზრს ვიტყვი, ავდარში თუ დარში, ადამიანის უფლებები ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს დაცული. მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია.

- ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების მიერ გაჟღერებული განცხადება, რომ ქვეყანაში მედიკამენტები უნდა გაიაფდეს და იმპორტი თურქეთიდან იგეგმება, ამ დრომდე ქვეყანაში პოლიტიკური ნება არ არსებობდა, თუ რატომ არ კეთდებოდა ეს?

- ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, ეს არის სერიოზული პრობლემა და ამიტომ ვუქებ პრემიერს იმას, რაც მან თქვა. მისი განცხდება არის ერთი ნაწილი და დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება. პრიორიტეტია ადამიანი და სახელმწიფოს როლია მოაგვაროს ეს პრობლემა. რაც ადამიანების მდგომარეობას გაუმჯობესებს, ის მისაღებია ჩემთვისაც. მიხარია, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგა.

(სპეციალურად საიტისთვის)