"თუ ენერგეტიკას რუსეთი იარაღის სახით გამოიყენებს, ამ ფაქტს მოსკოვისათვის ცუდი შედეგი ექნება" - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"თუ ენერგეტიკას რუსეთი იარაღის სახით გამოიყენებს, ამ ფაქტს მოსკოვისათვის ცუდი შედეგი ექნება" - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერმანული ჟურნალის „შპიგელის“ (Der Spiegel) 21 იანვრის ნომერში სათაურით „როგორ გსურთ მიაღწიოთ სრულ სამართლიანობას, ჰერ ჰაბეკ?“, ჟურნალისტების - მარტინ კნობესა და ჯერალდ ტრაუფეტერის მიერ გამოქვეყნებულია ინტერვიუ გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრთან რობერტ ჰაბეკთან. იგი მრავალ საკითხზე საუბრობს: კლიმატურ ცვლილებებზე, ენერგეტიკულ კრიზისზე, უკრაინის კონფლიქტზე, „მწვანე ენერგეტიკული პოლიტიკის“ გატარებაზე, გერმანიის დამოკიდებულების შემცირებაზე რუსულ გაზთან მიმართებით და რაც მთავარია, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პერსპექტივის შესახებ.

ინტერვიუმ გერმანულ და რუსულ მასმედიაში, გასაგები მიზეზების გამო, საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ „დოიჩე ველეს“ მიერ მომზადებულ მიმოხილვას და კომენტარებს, რომლებიც განსაკუთრებით გაზსადენის მომავალ ბედს ეხება.

„იმ შემთხვევაში, თუ გერმანელი რეგულატორი გაზსადენის სტატუსს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუთავსებლად ჩათვლის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავება გაჭიანურდება, მაშინ გერმანია რუსეთს დაგვიანებისთვის კომპენსაციას არ გადაუხდის. ამჟამად, ჩვენს ფედერალურ სააგენტოს გაზსადენის სერტიფიცირება შეჩერებული აქვს. როცა ის კვლავ განახლდება, მისი მიზანი იქნება გაარკვიოს, თუ რამდენადაა დაცული სერტიფიცირებისათვის აუცილებელი პირობები, გერმანული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად და თუ დადგინდება, რომ დარღვევებია, მაშინ ჩვენ პრეტენზიას ვერავინ წაგვიყენებს“, - ამბობს ინტერვიუში მინისტრი.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირებაზე უარი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ნაწილი გახდეს, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რობერტ ჰაბეკი პასუხობს: „შეგახსენებთ, რომ კვლავ აქტუალურია კომუნიკე, რომელსაც ხელი გერმანიამ და აშშ-მა 2021 წლის ივლისში მოაწერეს. მასში ნათქვამია, რომ თუ ენერგეტიკას რუსეთი იარაღის სახით გამოიყენებს, მაშინ ამ ფაქტს მოსკოვისათვის ცუდი შედეგი ექნება. დასავლური წითელი ხაზების გადაკვეთა მისთვის მკაცრ სანქციებს მოიტანს, ჩვენ ამისთვის დიდი ხანია ვემზადებით“.

მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთ-გერმანიის გაზსადენის გეოპოლიტიკურ ხასიათს და აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ თავიდანვე გეოპოლიტიკურ პროექტს წარმოადგენდა და მისი მიზანი იყო უკრაინა როგორც სატრანზიტო ქვეყანა, უსარგებლო გამხდარიყო. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერის შემთხვევაში ყველა პრინციპულად ერთ აზრზე ვართ, ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთიანი მთავრობა ვართ“, - ხაზი გაუსვა რობერტ ჰაბეკმა.

კითხვაზე, რომელიც გერმანიის რუსული გაზით უზრუნველყოფის პერსპექტივას ეხებოდა, მინისტრმა უპასუხა, რომ მართლაც ფაქტია, რომ გერმანია რუსეთის ბუნებრივ გაზზე ძალიან არის დამოკიდებული: „ჩემი ამოცანაა ეს დამოკიდებულება შევამცირო. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის, საწვავის მოწოდების დივერსიფიცირების გზით... დღეისათვის გერმანია მოხმარებული გაზის 55%-ს რუსეთიდან იღებს, მაგრამ ევროკავშირში უკვე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საკმაო რაოდენობით თხევადი გაზი მივიღოთ - მაგალითად, პოლონეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში. ამ ქვეყნებში მდებარე გაზის ტერმინალები სრულად დატვირთული არ არის, მხოლოდ 30 პროცენტით და თუ მათ 100 პროცენტით დავტვირთავთ, მაშინ შესაძლებელი გახდება საჭირო გაზის მოცულობის იმპორტი თხევადი სახით მოვახდინოთ“.

მინისტრმა აღიარა, რომ თხევადი გაზის იმპორტი რუსული გაზის იმპორტზე ბევრად ძვირია და თავი აარიდა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელიც „შპიგელის“ კორესპონდენტმა დაუსვა - მზადაა თუ არა სახელმწიფო იმისთვის, რომ მოსახლეობას გაძვირებული თხევადი გაზის გამო მომატებული ხარჯებისათვის კომპენსაცია გადაუხადოს.

ერთ-ერთი კითხვა გერმანიის ბუნებრივი გაზის საცავების მდგომარეობას ეხებოდა. როგორც ცნობილია, საცავები ზამთრის დასაწყისისათვის სრულად ვერ შეივსო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი ზამთრის სეზონისათვის ამგვარი შეცდომა არ განმეორდება. „ზამთარმა გვაჩვენა, რომ გერმანია თავისი შემცირებული გაზის მარაგით უფრო მოწყვლადი გახდა პოლიტიკური სპეკულაციების, ფასების რყევებისა და საერთაშორისო გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში. ამიტომაც ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები, რომ მომავალი ზამთრისთვის ჩვენი გზის საცავები ბოლომდე შეივსოს. ეს ჩემს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს“, - ხაზი გაუსვა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრმა.

------------------

როგორც უკვე ვთქვით, გერმანელი მინისტრის ინტერვიუ რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ყურადღების ცენტრში მოექცა, რომლებმაც კომენტარი გაუკეთეს რობერტ ჰაბეკის მიერ გამოხატულ პოზიციას.

როგორც რუსეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ეროვნული ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე - ალექსი გრივაჩი ამბობს, რობერტ ჰაბეკი თანამდებობაზე ახლახან დანიშნეს და მას გამოცდილება არ ჰყოფნის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მნიშვნელობის შესაფასებლად: „თუ გაზსადენი გამოგონილი საბაბით იქნება დაბლოკილი, მაშინ, აშკარაა, რომ ამგვარ დაბლოკვას სასამართლო გარჩევა მოჰყვება. მინისტრი აცხადებს, კომპენსაციას არ გადავიხდითო, მაგრამ თუ სასამართლო დაადგენს, გადახდა მოუწევთ. ინვესტორების დაკარგვა, გერმანიის კანონებით, სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს. დღეისათვის ჯერ-ჯერობით არ არის რაიმე ნიშნები იმისა, რომ გერმანიაზე უცხოეთიდან ვინმე გავლენას მოახდენს პოლიტიკური მოტივებით“, - აღნიშნა ალექსი გრივაჩმა.

რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის პროფესორის სტანისლავ მიტრახოვიჩის თქმით, „მინისტრი რობერტ ჰაბეკი, უბრალოდ, გაზსადენის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. მისი ნათქვამი გამოგონილი მგონია. არსად, არცერთ დოკუმენტში ჩაწერილი არ არის, რომ გერმანიამ კომპენსაცია უნდა გადაიხადოს და რატომ ამბობს ამას მინისტრი, არ მესმის“. სტანისლავ მიტრახოვიჩის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირება განხორციელდება და გაზსადენი ამუშავდება: „გერმანიას პროექტი სჭირდება, ბერლინი რუსული გაზსადენის მეშვეობით ეკომომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებს“, თქვა პროფესორმა. (წყარო) (წყარო2) (წყარო3)

მოამზადა სიმონ კილაძემ