როცა ანწუხელიძის გმირობასაც აუფასურებ... - კვირის პალიტრა

როცა ანწუხელიძის გმირობასაც აუფასურებ...

"ანწუხელიძე ჩემთვის შეეწირა, ამ იდიოტებს კი ციხეში ვყავარ გამოკეტილიო...", - წარმოგიდგენიათ? ჩემთვის შეეწირაო (?!) რამხელა დამცირებაა ამ ახალგაზრდა კაცის და ყველა იმ ადამიანის, ვინც სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა. როგორი მესიჯია ჩვენთვის, უიმედოდ და დაქსაქსულად დარჩენილი ხალხისთვის.

ერთი ქართველი 17 წლის გოგო გამახსენდა (სახელს და გვარს უკითხავად არ დავწერ), ბრიტანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, უზარმაზარი აუდიტორიის წინ იდგა და შეძლებისდაგვარად, ჩვენს ქვეყანას იცავდა - არა, ჩვენ არ დაგვიწყია ომიო... თვალცრემლიანი, რომ დავინახე, გავუბრაზდი, თავი დაანებე მაგ ლექტორს, რას ეკამათები-მეთქი და იცით, რა მითხრა? თვითონ გამოვიდა და ცინიკურად მითხრა მთელი აუდიტორიის წინაშე, რომ ომი საქართველომ დაიწყო, განა არ ვიცითო. მიშა უფრო არ „მევასება“, ვიდრე მომწონს, მაგრამ ხომ ხვდები ქვეყნის იმიჯია და არ დავუთმეო... ეს წლების წინ იყო და ეს მითხრა 17 წლის გოგომ. გესმით, რამხელა სახელმწიფოებრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა ჰქონდა?

გადის წლები და ქვეყნის პირველი პირები, როგორც ორი წლის ბავშვები - არა შენი ბრალია, არა შენი ბრალია ომიო, ერთმანეთს ედავებიან. BBC- გამახსენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსავით მტრულ ტალღაზე არა აქვთ პოლიტიკა გადატანილი, თუ ერთობ სერიოზული და მძიმე თემაა შიდა პოლიტიკიდან, შესაძლოა, BBC-ის ოფიციალურ გვერდზეც არ დადონ, რომ გარე „ტიპებმა“ ცხვირი არ ჩაყონ საქმეში. და ჩვენთან? სათითაოდ გარბიან უცხოელებთან, აი, იმან დააშავა, წადით დატუქსეთ, მე დამიცავითო... სასაცილოდ არ ჰყოფნით. კი, ასეა! თანაც, მოქმედი პრეზიდენტი უშვერი სიტყვებით გალანძღა მესამე პრეზიდენტმა და მისმა „ლეგიონმა“, ერთმანეთსაც ხომ არ აკლებენ შიგნით. იმავე პრეზიდენტმა, ანწუხელიძე პირად მოწამედ გამოაცხადა. მაშინ რაღას ილანძღებით?

როცა ვერ ხვდები, ვინც არ უნდა იყოს სათავეში, პეტრე თუ პავლე, ანწუხელიძისნაირი ადამიანი ქვეყანას მტერს არ დაამცირებინებს, ხელის გულზე დევს ვინც ხართ და რისი გამკეთებლებიც. ეს ხომ საქმეშიც ჩანს. ერთი ხელისუფლება, რომ მეორეს ცვლის იმ პირველის გაკეთებულს ან თავიდან აკეთებს, ან ანგრევს, აუფასურებს, ან თავიდან თხრის და აშენებს... მაინც ხალხის ფულით კეთდება და მიდით, კი სწორია! ანწუხელიძე პირად მსხვერპლად წარმოაჩინეთ და ხალხის ფულით გაკეთებული საქმეები გმირობად. ამ ქვეყანაში ხომ გმირებს იმ პირებისგან ქმნიან, ვინც იმას ლაპარაკობს, რაც ორადორ პოლიტიკურ ძალას აწყობს და არა იმათგან, ვინც ხალხს გამოიწვევს და ცოტას მაინც დააფიქრებს.

ბოროტებაზე და მტრობაზე დიდი სისულელე და ცხოველურ წარმოშობასთან ნათესაობის მამხილებელი ხომ ადამიანში სხვა არაფერია, მაგრამ როგორ შეიძლება შიდა მტრობასა და პირად აგრესიაზე იყოს დაყვანილი ქვეყნის ბედი? ასეთი ბრძოლა, უფრო სწორად ე.წ. ბრძოლა, რომელიც თვალსაჩინოა - რეალობიდან გასულია, ისევ ამ სისტემის მიზანს ემსახურება, ამ სისტემის შენარჩუნებას? რადგან, განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკა, საზოგადოებაზე და ქვეყანაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და არა ხელისუფლებაში მოსვლისთვის ბრძოლის პოლიტიკა.

მეჩვენება, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარ შეთხზულ მითოსურ სამყაროში იმდენადაა ინტეგრირებული, რომ მისთვის სხვა რეალობა წარმოუდგენელიცაა და მთელი ქვეყანა ამ ზღაპრის სიუჟეტის ლოგიკას ემორჩილება. გარეგნულად კი არქიფო სეთურების ქვეყანას ემსგავსება.