"შორენამ თავი ვერ შეიკავა, გული აუჩუყდა და..." - ოჯახი, რომელიც ამერიკაში ქართული ფესვების გამაგრებაზე ზრუნავს - კვირის პალიტრა

"შორენამ თავი ვერ შეიკავა, გული აუჩუყდა და..." - ოჯახი, რომელიც ამერიკაში ქართული ფესვების გამაგრებაზე ზრუნავს

ქართველი მოცეკვავის საინტერესო თავგადასავალი და ემოციური ინტერვიუ

უკვე 24 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და ფიზიკური შრომის პარალელურად, საყვარელ საქმესაც ემსახურება. როგორც ამბობს, ამით სულიერ საზრდოს იღებს, მაგრამ ის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე მხოლოდ საკუთარ სულზე ზრუნვაა: ამერიკაში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ფესვებს უმაგრებს არა მარტო თავად, არამედ მთელი მისი ოჯახი. შორენა ბარბაქაძეს და მის მეუღლეს, შესანიშნავ მუსიკოსსა და უბრალოდ კარგ ადამიანს - ვანო გოდერძიშვილს (სნოველი) ამერიკაში მცხოვრები ქართველები კარგად იცნობენ და მათზე სიყვარულით საუბრობენ... სწორედ მათი წყალობით ვიპოვე სოციალურ ქსელში ეს ოჯახი, რომელსაც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ...

- ერთ-ერთ ანსამბლში ვცეკვავდი, რომელმაც გასტროლზე ჩამოგვიყვანა. ამერიკაში 3 ან მაქსიმუმ, 6 თვე უნდა დავრჩენილიყავით, იმის მიხედვით, თუ როგორ ჩაივლიდა კონცერტები, მაგრამ ანსამბლის ხელმძღვანელობას იმედი გაუცრუვდა; ის სიტუაცია არ დახვდათ, რასაც ელოდნენ და 1 თვის შემდეგ გვითხრეს, რომ რაღაც უნდა გვეღონა. უკან ვეღარ წავიდოდით, რადგან ყველას ვალი გვქონდა აღებული, რომ ამერიკაში წამოსასვლელად ბილეთი გვეყიდა, აქამდე ჩამოვსულიყავით. ამიტომ, ყველამ დაიწყო საქმის ძებნა, ვალების გასასტუმრებელი და სამშობლოში დასაბრუნებელი ფულის მოსაგროვებლად. ფაქტობრივად, მთელი ანსამბლი აქ დარჩა. სხვათა შორის, უმეტესობა ჩემსავით, ისევ აქ არის, სულ 3-4 ადამიანი დაბრუნდა უკან...

- ანსამბლის ხელმძღვანელებიც დარჩნენ?

- არა, ისინი საქართველოში დაბრუნდნენ.

- ცხადია, ოჯახის წევრებს არ მოეწონებოდათ, დარჩენის გადაწყვეტილება რომ მიიღეთ.

- ნამდვილად არ გაუხარდათ. მაშინ 19 წლის ვიყავი, ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ვემზადებოდი თარჯიმან-რეფერენტობისთვის, ფრანგული ენის განხრით და ნამდვილად არ ვფიქრობდი ემიგრაციაში ცხოვრებაზე. მაშინ არ იყო ტელეფონზე საუბარი ასე ხელმისაწვდომი და კვირაში ერთხელ ვახერხებდი მშობლებთან ლაპარაკს, ისიც 5 წუთით და ვეუბნებოდი, რომ კარგად ვიყავი. არ მინდოდა ენერვიულათ. იმედს ვაძლევდი, რომ მალე დავბრუნდებოდი...

- სინამდვილე როგორი იყო? თანაც, 19 წლისა არ იქნებოდით შრომას მიჩვეული, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ცეკვაც დიდი შრომაა.

- სხვათა შორის, არ გამჭირვებია საქმის კეთება და იცით, რატომ? დედაჩემმა შრომას ბავშვობიდან მიგვაჩვია. სკოლაში სწავლის პარალელურად, მე და ჩემი დები მუსიკალურ სკოლაში, შვიდწლედში ვსწავლობდით. ფანდური, გიტარა, ქსოვა, კერვა - ყველაფერი ვიცი. გასართობად მინიმალური დრო გვქონდა. როცა სოფელში, არდადეგებზე ვიყავით, იქაც აუცილებლად საქმე უნდა გვეკეთებინა, ბებიას მივხმარებოდით... ახლა ბევრს უკვირს, როგორ უძლებ ერთდროულად ამდენი საქმის კეთებასო? ერთი რამ ვიცი, ყველა სიტუაციიდან უნდა გამოძვრე - ასე გამზარდეს. იყო მომენტები, როცა დედას სინანულით უთქვამს: როგორ გაწვალებდით, რამდენ რამეს გაკეთებინებდითო, მაგრამ სწორედ ამისთვის, მე მისი მადლიერი ვარ; მისმა ასეთმა აღზრდის მეთოდმა შედეგი გამოიღო და უცხო ქვეყანაშიც კი არ გამჭირვებია თავის გატანა. ერთდროულად შემიძლია საქმე ვაკეთო, ვიფიქრო, ვილაპარაკო და ვიცეკვო (იცინის). ყოველთვის მინდოდა ქორეოგრაფიულზე მესწავლა, მაგრამ მშობლები მიჩიჩინებდნენ, რამე სხვა პროფესია ამერჩია. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მაინც ქორეოგრაფი ვარ (იღიმის).

- ანუ გაგიმართლათ, რომ თქვენს ანსამბლს ამერიკაში არ გაუმართლა?

- ასე გამოდის (იცინის)... ენა არ ვიცოდი, მაგრამ ფრანგულის ცოდნა დამეხმარა ინგლისურის ათვისებაში. როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, იმ პერიოდში არ ვმუშაობდი და ენას ვსწავლობდი. მერე ბავშვები სკოლაში რომ მივიდნენ და დავალებების შესრულებისას გვერდით ვეჯექი, ესეც დამეხმარა... ახლა, 40 წლის ასაკში დავამთავრე კოლეჯი და მაგისტრატურის გავლასაც ვაპირებ. მინდა ვასწავლო შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებს და მათი დახმარება შეძლებისდაგვარად მოვახერხო.

- ამერიკაში შექმენით ოჯახი, არა?

- დიახ, ჩემი მეუღლე მომღერალია, მუსიკოსი. როცა გასტროლებისთვის ვემზადებოდით, იმ პერიოდში ანსამბლში ახალი მოსულები იყვნენ ჩემი მომავალი მეუღლე და მამამთილი, რომელიც ასევე მუსიკოსი გახლდათ; ასევე, მათი მეგობარი, რომელიც მერე ჩვენი შვილის ნათლია გახდა. ასე რომ, აქ ჩამოსვლამდე მხოლოდ რეპეტიციაზე მყავდა ნანახი, ისიც რამდენჯერმე. ჩვენი ოჯახი ამერიკაში შეიქმნა, ჩამოსვლიდან 7 თვეში.

- თქვენი პირველი სამუშაო რა იყო ამერიკაში?..

- სამი თვის მერე, როცა გვითხრეს, საკუთარ თავებს მიხედეთო, 4 გოგონა წავედით ფლორიდაში, რადგან ერთ-ერთს იქ ახლობელი ჰყავდა, რომელიც დაგვპირდა, რომ სამუშაოს გვიშოვიდა. სასტუმროში დაგვასაქმა. იქაურობას ვალაგებდი და თან ცრემლები მდიოდა. ვფიქრობდი, რას იტყოდა დედა, ასეთ დღეში რომ ვენახე. რისთვის გამომიშვა და რას ვაკეთებ-მეთქი... რამდენიმე თვე ვიმუშავე იქ, მერე ნიუ-იორკიდან მომავალმა მეუღლემ ჩამომაკითხა და გადავედით სამხრეთ კაროლინაში, სადაც ის მუშაობდა. 1999 წელს ბევრი ვიმოგზაურეთ და 2000 წელს ნიუ-იორკში ჩავედით, სადაც მოცეკვავეების პატარა ჯგუფი გვქონდა, გვიწვევდნენ წვეულებებზე, გავიცანით რამდენიმე ქართველი, რომლებმაც მთხოვეს: ცეკვა გვასწავლე, ძალიან გვენატრება საქართველო და ყველაფერი ქართულიო... ამან მიბიძგა ქორეოგრაფობისკენ და მანჰეტენში, მეორე ავენიუზე, ამ გოგონებთან რეპეტიციები დავიწყე ეკლესიის სარდაფში. მაშინ ამერიკაში არ იყო იმდენი საშუალება, რომ მოგესმინა ქართული მუსიკა, ეს ფუფუნება გახლდათ. ზეიმის ტოლფასი იყო ერთმანეთის დანახვა და ქართველებთან შეხვედრა კვირაში ერთხელ. ახლა აქ უამრავი ქართველია და როგორც საქართველოში უცნობებს "გამარჯობას" არ ეტყვი, აქაც ასეა, აღარ გიკვირს ქართული საუბრის გაგონებაც. იმ პერიოდში კი ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით. ემიგრაციაში ცხოვრება, მით უმეტეს, პირველ წლებში, წვალებაა, მაგრამ ის პერიოდი, სწორედ ამ ქართველების გამო, კარგად მახსენდება.

- მომავალმა მეუღლემ როგორ მოიგო თქვენი გული?

- თავიდან უარზე ვიყავი. 7 თვე ვაწვალე, მაგრამ მერე აღარ გამომივიდა უარი. მადლობა უფალს, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და დღემდე ერთად ვართ. სიყვარულით შექმნილი ოჯახი გვაქვს. 4 შვილი გვყავს. ვანოს პირველი მეუღლისგან ჰყავს კიდევ ერთი შვილი.

- თქვენმა შვილებმა ალბათ, ქართული იციან, არა?

- რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე აქ დაიბადა. ჩემი უფროსი შვილი 5 თვის იყო, როცა საქართველოში პირველად გავუშვით. მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, არანაირი დახმარება არ გვქონდა, მხარში არავინ გვედგა, თან უნდა გვემუშავა და თან შვილზე გვეზრუნა, ამიტომ გავუშვით. ვფიქრობდით, ჩვენც მალე დავბრუნდებოდით სამშობლოში, მაგრამ... 3 წლის იყო, როცა უკან ჩამოვიყვანეთ, მაშინ მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად. რამდენიმე თვე იყო ჩვენთან გიორგი, მერე ისევ გავუშვით, ისევ ჩამოვიყვანეთ... ძალიან რთული იყო ის პერიოდი. მერე კიდევ 2 პატარა გაჩნდა... სახლში მუდამ ქართულად ვსაუბრობთ და ჩემს არც ერთ შვილს არ უჭირს მშობლიურ ენაზე მეტყველება. ისინი სკოლაში არ შევიყვანე, სანამ ქართული წერა-კითხვა არ ისწავლეს. სხვათა შორის, გიორგი მესამე-მეოთხე კლასში საქართველოში სწავლობდა. მარიამი და თეკლა აქ შევიდნენ პირველ კლასში ისე, რომ სიტყვაც არ იცოდნენ ინგლისურად. მერე რა თქმა უნდა, ინგლისურიც ისწავლეს და ქართულიც არ დავიწყებიათ. ჩვენ სასწავლებელში ქართულის შესანიშნავი პედაგოგი გვყავს. ქალბატონმა რუსუდანმა შეასწავლა ბავშვებს ქართულად წერა-კითხვა და დღემდე ჩართულები არიან ამ გაკვეთილებში. ჩვენი პატარა 5 წლისაა. რა თქმა უნდა, ქართულად დაიწყო ლაპარაკი, ქართულად წერს, ცოტას კითხულობს - ამაშიც რუსუდან მასწავლებელი მეხმარება.

- "ფესვების" ჩამოყალიბების იდეა როდიდან გაჩნდა?

- ემიგრაციაში ქართველი ბავშვები მომრავლდნენ, რომლებიც ინგლისურად საუბრობდნენ. მე და ჩემს მეუღლეს ამაზე გართულება გვაქვს და ვიფიქრეთ, რაღაც ისეთი შეგვექმნა, რომ ქართველ პატარებს მათ მშობლიურ ენაზე დავლაპარაკებოდით... როცა ჩვენი შვილიც დაბრუნდა საქართველოდან, გაგვიმძაფრდა სურვილი ისეთი ადგილის დაარსების, სადაც გიორგი ქართველ თანატოლებთან იკონტაქტებდა. თავიდან 4 მოსწავლე მყავდა. მათ მანქანით თავად ვაკითხავდი, მიმყავდა რეპეტიციაზე და მერე უკან ვაბრუნებდი. ასე ვწვალობდი 2 წლის მანძილზე. ჩვენმა თავდაუზოგავმა შრომამ გამოიღო ის შედეგი, რომ კონცერტებზე მოვხვდით, სკოლებსა და სხვადასხვა ფესტივალზე გვიწვევდნენ, მერე ბევრმა გაიგო ჩვენ შესახებ და შემოგვიერთდნენ, ნელ-ნელა "გავიზარდეთ"... მას მერე რამდენი თაობა გავზარდეთ, უკვე სათვალავი ამერია და ახლა 4 ქალაქში გვაქვს ლოკაცია. ერთ-ერთ ქალაქში ჩემი შვილი, გიორგი ახერხებს შაბათობით ჩასვლას, ქორეოგრაფობას ითავსებს. ჩემი გოგონაც მხარში გვიდგას. ძალიან ვწვალობთ, მაგრამ იმდენად გულანთებული და მონდომებული მოსწავლეები გვყავს, რომ ამ საქმეს ვერ ველევით.

ცეკვის გარდა, "ფესვებში" სწავლობენ ქართველობას. გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ ის თაობები, რომლებიც ჩვენთან გაიზარდნენ, დღემდე მეგობრობენ, დანათესავდნენ, ვიღაცები დაოჯახდნენ... ამერიკაში ერთმანეთი ეგულებათ და მხარში დგომაც იციან. ეს ყველაფერი ჩვენს გულს უხარია. ვცდილობთ, ჩვენს მოსწავლეებს უყვარდეთ ყველაფერი ქართული, უსმენდნენ ქართულ მუსიკას. ბევრჯერ დაურეკავთ და უთქვამთ: ახლა თქვენს სადღეგრძელოს ვსვამთ, რადგან აქ გაზრდილი ბავშვები თავიანთ ენაზე ახერხებენ საუბარს საქართველოში მყოფ ბებია-ბაბუასთანო...

- რას გვეტყოდით თქვენს მეუღლეზე? გარდა იმისა, რომ მუსიკოსია, რას საქმიანობს?

- რა თქმა უნდა, ანსამბლში მის გარეშე არაფერი ხდება. ის უძლიერესი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალია. 13 ინსტრუმენტს ფლობს. ზენიჭიერი ადამიანია და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთივე ზენიჭიერი სიყვარული შეუძლია... უამრავი სამსახური გამოიცვალა, ყველაფერი ეხერხება, სახლის მშენებლობით დაწყებული, მისი რემონტით დამთავრებული... მოგიყვებით სასაცილო ამბავს: ერთ-ერთ რესტორანში საღამოობით გამოვდიოდით ხოლმე. მე ვცეკვავდი, ვანო გარმონზე და სხვა ინსტრუმენტებზე უკრავდა. ერთხელაც სუფრასთან ისეთმა სამმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელთა ოჯახშიც ვანოს ჰქონდა ნამუშევარი: ერთთან კაფელს აგებდა, მეორესთან მძღოლად მუშაობდა, მესამეს სახლი აუშენა და აქ ნახეს, მუსიკოსია. გაგიჟდნენ, შენ აქ რა გინდაო? თურმე, სანამ ვანოსთან მოვიდოდნენ, ერთმანეთთან კამათი ჰქონიათ: ერთს უთქვამს, ამ კაცს ვიცნობ, ჩემი მძღოლი იყო, მეორემ, - რა მძღოლი, ჩემთან კაფელს აგებდაო... მოკლედ, სამივე შეიკრიბა და ერთად მიადგნენ: მართლა შენ ხარ თუ გვეჩვენებაო (იცინის)?.. ამ ბოლო დროს ძველი აბაზანის რესტავრაციაზე მუშაობს და ამის გამოც ძალიან ბევრი კურიოზი ჰქონია: მიდის, კარს უღებენ და ხელოსნად ეცნობა, იქ კი იცნობენ, როგორც მუსიკოსს. ასეთებიც ხდება...

- ემიგრანტებს ყველაზე მეტად, რა სირთულეებთან გიწევთ შეჭიდება?

- მერწმუნეთ, ყველაზე რთულია გაუძლო მონატრებას. ალბათ, ყველა ემიგრანტი ტირის, მაგრამ ამას არავის უჩვენებს... მეც...

შორენამ თავი ვერ შეიკავა, გული აუჩუყდა და ამის გამო, ცოტა ხნით ინტერვიუს შეჩერებაც კი მოგვიხდა. არ ვიცი, ჩემს ამ ნათქვამს როგორ გაიგებთ, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც ისე ენატრება თავისი სამშობლო, მიუხედავად იმისა, რომ იქ შესაძლოა წარმატების მეტი შანსი ჰქონდეს, აუცილებლად დაბრუნდება და მისი ცრემლები ძალიან გულწრფელია...

- იმედია, მალე დაბრუნდებით...

- მეც ამის იმედი მაქვს, უფლის ნებაა ყველაფერი. როცა მოისურვებს, დავბრუნდებით!

- თქვენს შვილებსაც უნდათ დაბრუნება?

- კი, მათაც უნდათ. ხშირად ვსაუბრობთ ამაზე.

- მაგრამ მანდ ხომ მეტი შანსია იმისთვის, რომ მომავალში კარგად იყვნენ, ოცნებები აისრულონ...

- შანსები მეტია, მაგრამ სამშობლოს ვერაფერი შეგიცვლის... თანაც, საქართველოში არანაკლები განათლების მიღება შეიძლება. აქ 24-საათიანი მუშაობით შესაძლოა, ყველა ოცნება აიხდინო, მაგრამ იმ სითბოსა და სიყვარულს ვერასდროს მიიღებ, რასაც საქართველოში გრძნობ ადამიანი.

- დარწმუნებული ხართ, რომ აქ ის დაგხვდებათ, რაც 24 წლის წინ იყო?

- 15 წლის მერე ჩავედი პირველად საქართველოში და ჩავეხუტე მშობლებს, მერე კიდევ 2-3-ჯერ მოვახერხე ჩასვლა. ერთხელ ანსამბლი მყავდა ჩაყვანილი და გრიბოედოვის თეატრში კონცერტი გავმართეთ, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. ძალიან ემოციური დღე იყო, ცრემლებითა და სითბოთი სავსე. შემდეგ ჩასვლაზე დამაჯილდოეს, როგორც "წარმატებული ემიგრანტი ქალი"... მხოლოდ ერთი კვირით ჩავდიოდი, სხვანაირად არ გამოდიოდა და თან, ვანო ვერ ახერხებდა ჩემ გვერდით ყოფნას, მას კი, როგორც ამბობს, ჰაერივით ვჭირდები ხოლმე (იცინის).

ბოლოს აგვისტოში ვიყავით ერთად. ერთ ღამეს ვისხედით და რაღაც გადაცემას ვუყურებდით, სადაც ისეთი სიმღერა აჟღერდა, რომელიც ბავშვობაში მქონდა ნასწავლი. - რა გატირებსო? - გაუკვირდა ვანოს. - ამას ჩემები მღეროდნენ, ამაზე გავიზარდე-მეთქი. - გინდა, ხვალ ავიღოთ ბილეთები და საქართველოში წავიდეთო? გამიხარდა. სასწრაფოდ მოვიძიეთ სახსრები, ბილეთები ავიღეთ და მესამე დღეს გამოვფრინდით. მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხერხდა. თან, ისე დაემთხვა, ჩემმა დებმაც მოახერხეს მშობლებთან ჩასვლა და იმ დღეს ჩემი დედ-მამა უბედნიერესი იყო, რომ სამივე შვილი, სიძეები და შვილიშვილები გვერდით ჰყავდათ. რაც მთავარია, ჩემი მეუღლე ამდენი წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა სამშობლოში, ფაქტობრივად არ იცნობდა თავის შვილს, ჩემს მშობლებსა და სანათესავოს; ის ყველაფერი არ ჰქონდა ნანახი, რასაც სიზმრად ყოველდღე ნახულობს. სოფელი აქვს სნოში და დილით რომ იღვიძებს, სულ თავის სოფელსა და სიზმრებზე მიყვება...

- რომ არა ქართული ცეკვა, მანდ გაგიჭირდებოდათ?

- ალბათ დიდი ხნის ჩამოსულები ვიქნებოდით საქართველოში. იცით, ბევრი შემოთავაზება გვქონდა, სხვა შტატში გადავსულიყავით, ახალი, მატერიალურად ბევრად ხელსაყრელი საქმე გვეკეთებინა, მაგრამ ვამბობდით: "მერე "ფესვებს", ბავშვებს რა ვუყოთ?" მოსწავლეებს სახლში წასვლა არ უნდათ ხოლმე. მშობლებიც მშვიდად არიან, რომ იციან, მათი შვილები "ფესვებში" არიან. ბევრჯერ დახურვის პირას ვყოფილვართ და მშობლებს უთქვამთ: გვჭირდებითო.

ჩემი შვილები ძალიან კარგად ცეკვავენ, მღერიან და უკრავენ, უყვართ ხელოვნება, მაგრამ მათ სულ იმას ჩავჩიჩინებ, რომ სხვა პროფესია უნდა ჰქონდეთ, პარალელურად კი, თავისუფალ დროს შეუძლიათ საყვარელი საქმეც აკეთონ. სხვა შემთხვევაში, მთელი ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ. მოსწავლეების მშობლებს სიმბოლურ თანხას ვახდევინებთ. ცეკვაზე ხომ იმიტომ დაჰყავთ შვილები, რომ მათ ქართველობა შეუნარჩუნონ და უფრო მეტი რომ დავაფასო, ვინც მყავს, იმის ნახევარი ვერ ივლის. გამოდის, ხელს ვერ შევუწყობთ ბავშვებს, რომ ქართული ფესვები არ დაკარგონ.

ჰოდა, პარალელურად, ვანოს მსგავსად, მეც სულ ვმუშაობ, სხვა საქმეებსაც ვაკეთებ, "ფესვები" კი გვაქვს ჩვენი სულისთვის...

უამრავ ფესტივალზე გასულა "ფესვები" და მათ ყველგან ფეხზე დამდგარი ეგებებიან. ანსამბლზე ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებში არაერთი სტატია დაწერილა, მაგრამ ამ ყველაფერზე არსად საუბრობენ შორენა და ვანო; ისინი ამას აკეთებენ არა პოპულარობისთვის, არამედ საკუთარი ფესვებისთვის...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"