"ზოგჯერ დიალოგისას ისეთ რამეს იტყვის, რაც ჩემთვის ემოციურია. შეუძლია, მატიროს..."
რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ნეშტი რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს და ადგილზე შეკრებილმა მეგობრებმა, კოლეგებმა, ახლობლებმა თუ უბრალოდ თაყვანისმცემლებმა, უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. მსახიობის არაერთი ფოტოთი და მასზე დაწერილი ემოციური პოსტებით აივსო სოციალური ქსელი.
თამუნა მუსერიძე წერდა:
"ერთი პერიოდი თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდით. ორივემ გვიან ჩავაბარეთ. ნიკა პირველ ჯერზე არ მიიღეს, არ დადგება შენგან მსახიობიო. კომისიის წევრებს მოუტრიალდა, არ დადგება კი არა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო. ეს დღეც დადგა!"
მანანა აბრამიშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნიკას მეგობარი:
"ნიკუშ, დღეს შენი მეგობრები შენებთან მივედით... შენი პატარები თამაშობდნენ... მარიტუნა ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა: "მე მამა აღარ მყავს". ბავშვი ხელში ავიტაცე და გაქვავებული ვიდექი; ვერ მივხვდი, რა მეპასუხა. მარიტუნა მიყურებდა და პასუხს ელოდა... თითქოს ჩემთან ამოწმებდა, მართლა აღარ იყო მისი მამიკო?.. ღმერთო, როგორ დავიბენი, გავშრი. მეგონა, გული გამისკდებოდა. ძლივს ვუპასუხე: მარიტუნა შენ დედიკო გყავს, მამიდა, ბებიები, დეიდები, ბიძები, შენი მამიკოს ბევრი მეგობარი... მარიტუნა, იცი, ჩემს შვილებსაც აღარ ჰყავთ მამიკო... ღმერთო, რა სასწაულად მიყურებდა და მისმენდა... მერე ისევ მითხრა, - არა, შენ ვერ მიხვდი, მე მამა აღარ მყავს. ჩავეხუტე ისევ. ცოტა ხანში მაგრძნობინა, გამიშვიო... ძირს დავსვი და სათამაშოდ გაიქცა... ნინომ ცრემლიანი თვალებით მითხრა: ასეთი რამ პირველად თქვაო. ღმერთოოო... როგორ გავუძლოთ, ნიკუშ, ამ ყველაფერს?!."
მსახიობი საოცრად კარგი მამა იყო, ძალიან ემოციური. სულ შეეძლო შვილებზე ელაპარაკა, მათ გამო ბევრ რამეზე ამბობდა უარს და აღნიშნავდა, რომ წამის დაკარგვაც არ უნდოდა, სულ მათთან გარბოდა...
ჟურნალ "გზის" არქივში ნიკა ქაცარიძის არაერთი ინტერვიუ ინახება.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:
"შვილების შეძენამდე მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში თეატრი, ჩემი საქმე უმნიშვნელოვანესი იყო. ვერ წარმომედგინა, ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მსახიობები ამბობენ ხოლმე, - ყველა როლი შვილივით მიყვარსო. არ მესმის - საერთოდ, როლს როგორ უნდა შეადარო ეს? რაც ღმერთმა მაჩუქა, პროფესიასთან რა კავშირშია?!. მამობამდე რაზე ვფიქრობდი? არც მახსოვს, მანამდე როგორ ვცხოვრობდი ან საერთოდ, რას ვაკეთებდი, სად დავდიოდი, ან ამ დროს ვის ვუთმობდი, რასაც ახლა ბავშვებს ვუთმობ. თითქოს ის პერიოდი წაიშალა, გაქრა, უმნიშვნელო გახდა. აღარც გონება იხსენებს - ეტყობა, გასახსენებელიც არაფერია. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. სხვათა შორის, მეც შემცვალა..."
"მარიტა უკვე 5 წლის ხდება. საერთოდ, წინასწარ სქესის გაგებას არც ვაპირებდი, არც მაინტერესებდა, რადგან მამობის მოლოდინით უკვე ისეთი გაგიჟებული ვიყავი, რომ რაღაცნაირად, სხეულიც და გონებაც შვილთან შესახვედრად ემზადებოდა. ეს პროცესი ხომ 9 თვეს გაგრძელდა, არა? ალბათ, ჩემი ცვლილებაც ამ პერიოდში დაიწყო - მივხვდი, უკვე მეც სხვანაირი უნდა გავმხდარიყავი. გავაცნობიერე, რომ შვილთან ურთიერთობა ბევრ დროს, ენერგიას მოითხოვდა. თავდაპირველად, ხელში ვერ ამყავდა - თოთო რომ იყო, მეშინოდა. კომპლექსი მქონდა, რომ ვერ შევძლებდი პატარისთვის მეჭმია, პამპერსი გამომეცვალა, მეუღლეს დავხმარებოდი... შემდეგ ეს დავძლიე. შეუძლებელი არაფერია. ახლა მამები ამბობენ ხოლმე, ბავშვს ვერ ვაჭმევ, პამპერს ვერ გამოვუცვლი, არ შემიძლიაო. ეს ყველაფერი "სიაფანდია", რადგან დარწმუნებული ვარ, მათ იციან, ბავშვის მოვლა რამხელა შრომაა და რა თქმა უნდა, სურთ, სხვამ გააკეთოს, მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნო პროცესად იქცა. მაგალითად, მეუღლე საჭმელს რომ მოამზადებს, ვეტყვი ხოლმე, - მოდი, მე ვაჭმევ, რა, მე დავბან, მე ჩავაცმევ, გამოვპრანჭავ-მეთქი და ა.შ. ეს ჩემი სამსახურივით იქცა. ამ საქმის კეთება მსიამოვნებს... ყველა დედას ძეგლი უნდა დავუდგათ, რადგან ბავშვის მოვლას დიდი ენერგია სჭირდება..."
"ლაზარეს სხვა თვისებები, დამოკიდებულებები აქვს. რაც მარიტას მის ასაკში აინტერესებდა, ლაზარეს საერთოდ არ აინტერესებს. ბოლო დროს, მარიტა ცოტათი ტელეფონზე დამოკიდებული გახდა, რაც არ მომწონს. წარმოიდგინეთ, ტელეფონში "ტიკტოკის" აპლიკაცია წავშალე, მას კი დამოუკიდებლად გადმოუწერია, თუმცა ჯერ წერა-კითხვა არ იცის... ლაზარეს არც ტელეფონი აინტერესებს, არც - ტელევიზორი. სათამაშო მანქანები, "კუბიკები" მოსწონს. ერთად ვთამაშობთ, კონსტრუქციებს ვაწყობთ და მთელი დრო ამაში გადის. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო პროცესად თუ არ იქცა, მერწმუნეთ, მაქსიმუმ 1 საათში ნებისმიერი მამა დაიღლება; თუ ურთიერთობა სასიამოვნო პროცესია, საღამოს შვილები შენთან ერთად რომ ჩათბუნდებიან და ტკბილად დაგეძინება, ეს განცდა რას შევადარო, არც ვიცი. თან, შენ გარეშე რომ ვერ იძინებენ და გეძახიან, - მამა, მოდიო... ეს რაღაც მისტიკაა! ჯადოქრობასთან მაქვს საქმე, რომელიც ღმერთმა ახლა მაჩუქა. უზარმაზარი ბედნიერებაა!.."
"დღესასწაულებზე სოფელში ვიყავით. შარშანაც პანდემიის პერიოდი იქ გავატარეთ - მთელი 3 თვე. ძალიან ვერთობოდით. სოფელში ბავშვებისთვის რა გასართობია? ქათმები, ძაღლი, მეზობლის ძროხები... მამიდა რაიონში ცხოვრობს - 1 პატარა ბოჩოლა ჩვენც გვყავს. მარიტა ამ ბოჩოლას აქეთ-იქით დაატარებდა, ბალახს აჭმევდა... მერე მამიდამ ბოჩოლა ცოტათი მოშორებით წაიყვანა. მარიტამ რომ ვეღარ იპოვა, მითხრა: - მოდი, ახლა შენ იყავი ბოჩოლაო. - კი ბატონო, სიამოვნებით, რა პრობლემაა-მეთქი? - ვუპასუხე. თან, ჩემს პროფესიასაც ვიხსენებდი (იცინის)... კი, შეძლებისდაგვარად, სურვილებს ვუსრულებ. მაინცდამაინც "ჯიგარი მამა" არ ვარ, რადგან ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება რაღაცაზე უარი უთხრას. არის სიტუაცია, როცა მაგალითად, რაღაცას უცებ ვერ უყიდი. იმწუთშივე ჯინად არ უნდა იქცე. პატარას მოლოდინის უნარი უნდა გამოუმუშავდეს, რომ შეიძლება მამამ ან თოვლის ბაბუამ რაღაც მოუტანოს ან არ მოუტანოს. თან, ვეუბნები, - ყველაფერს დამსახურება უნდა, ისე საჩუქარი არ არსებობს-მეთქი. როგორც ხდება ხოლმე, რაღაცას რაღაცაში ვუცვლი, მაგალითად, საჭმელი ჭამე და კანფეტს მოგცემ-მეთქი. ვცდილობ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, სურვილები შევუსრულო. მაგალითად, გუშინ ატყდა - საპნის ბუშტების გასაბერი მინდაო! მთელი ქალაქი მოვიარე. ძლივს ვიშოვე... გახსნა, 1-2 ბუშტი გამოუშვა, მერე დაკეტა და მიაგდო. ლამის "გავაფრინე"... შემიძლია, ჩვეულებრივად, მშრალ ხიდზე სათამაშოებით ვაჭრობა დავიწყო, მარიტას იმდენი სათამაშო აქვს. მივხვდი, ბევრი სათამაშოს ქონას აზრი არა აქვს - მის ცნობიერში ფასი ეკარგება. უბრალოდ, ელოდება, რომ ახალ-ახალს ვუყიდი... ხელფასი მომიმატონ და ვუყიდი (იცინის)..."
"მარიტა ძალიან კეთილია (ლაზარეს ეს ჯერ ვერ შევამჩნიე). მაგალითად, შეუძლია, ნებისმიერი სათამაშო აიღოს და სხვას დაუფიქრებლად აჩუქოს. მომწონს, რომ არ ენანება... კარგია, თუკი ასეთი ადამიანი იქნება. თავის ძმასაც უვლის, ეთამაშება... ობიექტურად რომ ვუყურებ, საოცარი ბავშვია. ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ ხანდახან ცრემლები მომდის. ზოგჯერ დიალოგისას ისეთ რამეს იტყვის, რაც ჩემთვის ემოციურია. შეუძლია, მატიროს..."
"...გუშინ "ჯარისკაცის მამას" ვუყურებდი. ეს ის ფილმია, რომელიც ჩემში ყოველი ნახვისას მძაფრ ემოციებს იწვევს. სენტიმენტალური ვარ. ფილმების ნახვისას, პერსონაჟთა განცდების თანაზიარი ვხდები და მერე ჩემი მდგომარეობა მომწონს; ისიც მსიამოვნებს, რომ მეტირება, ე.ი. ჩემში რაღაც ადამიანური არის დარჩენილი..."
"კარგი ფეხი" მაქვს ჩემს სახლში, ყოველ ახალ წელს გარეთ გავდივარ და ისევ შემოვდივარ, მაგრამ სხვა ვინ დამპატიჟებს მეკვლედ? რიჟა ვარ და როგორც ამბობენ, რიჟები თარსები ვართ. ამიტომ არასდროს არავინ მეპატიჟება მეკვლედ, ბავშვიც კი არ მყავს მონათლული. სულ "ოქროს ფეხი" რომ მქონდეს, ვინ გაბედავს ამას?.."
"4 წლის მცდელობის შემდეგ, თეატრალურში ჩავაბარე. ვიღაც რეჟისორს მოვწონდი, ვიღაცას არა. ალბათ ჩაწყობებიც იყო, მამაჩემს კი ფული არ ჰქონდა... ეს ძალიან დიდ სტიმულს მმატებდა, არ მთრგუნავდა. 4 წელი რომ ცდილობ, რაღაც გააკეთო, ე.ი. ძალიან გინდა."
ბოლო დროს ბრაზობდა კიდეც და ამაზე ხმამაღლა საუბრობდა:
"დაგვანევროზეს, არაადეკვატური გაგვხადეს ამდენი ნეგატიური ინფორმაციით. ნორმალურ ქვეყნებში ადამიანებს მუდმივად სტრესის ქვეშ არ ამყოფებენ. დედაჩემს გული ხელით უჭირავს უკვე. რაც უნდა მყარი ფსიქიკის და ჯანმრთელობის მქონე იყო, ქვეცნობიერში ყველაზე მოქმედებს ამდენი ნეგატივი, დაძაბულობა, შიში. ადამიანები ადამიანებს აღარ ჰგვანან, ზოგი იმისტია, ზოგი ამისტი. მერე ესენი ერთმანეთს უპირისპირდებიან, ლანძღავენ, მტრობენ, თითქოს სექტებად დაიყო საზოგადოება. ყველგან იგრძნობა ეს ნეგატივი - ოჯახებში, სამსახურებში, უბნებში... თეატრშიც ძალიან იძაბება სიტუაცია, როგორც კი პოლიტიკაზე ჩამოვარდება საუბარი..."
"ძალიან ბევრი დაკვეთა მაქვს. ახლა დაიწყეს ამათ იმის კეთება, რაც 9 წლის წინ უნდა დაეწყოთ. მოგვცენ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების უფლება, განა ბევრს ვითხოვთ?! ძალიან მინდა, ჩემი ორი ანგელოზივით ბავშვი შიზოფრენიულ გარემოში არ გავზარდო. მე ხომ აღარ ვვარგივარ ადამიანად და ჩემმა შვილებმა მაინც იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. ქვეყანაა ეს თუ საგიჟეთი?.."
"დაბოლოს, გეტყვით, ყველამ ერთად ვცადოთ, ვიყოთ კეთილები და სასწაულის გვჯეროდეს!.."