"რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო“
"ლაპარაკია ორი ტიპის სანქციაზე: აშშ-ში ქონების დაბლოკვასა და ვიზების არმიცემაზე ან მოქმედი ვიზების გაუქმებაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ გადაწონის ეს პუტინის სურვილს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი? რა გითხრათ“
უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება კვლავ უკიდურესად რთულია. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის მახლობლად დაახლოებით 127 ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი, რაც მსოფლიოს აშფოთებს. არ გამორიცხავენ, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო იერიშისთვის ემზადებოდეს. მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს, თუმცა ბოლოდროინდელი პროცესები სხვაგვარ სურათს ქმნის. 21 იანვარს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ უწყებათა ხელმძღვანელებმა ჟენევაში მორიგი შეხვედრა გამართეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე სერიოზულ შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა მათივე განცხადებით, მოლაპარაკებები მხარეებს ხელს უწყობს ერთმანეთის პოზიციების გაგებაში. საათნახევრიანი შეხვედრის მიზანი იყო ევროპაში ომის თავიდან აცილება მაშინ, როცა მოსკოვი ნატოსგან ითხოვს გარანტიას, რომ ის საკუთარ რიგებში არ მიიღებს უკრაინასა და საქართველოს. როგორც მოლაპარაკების შემდეგ ორივე დიპლომატმა განაცხადა, შეხვედრა გულღია იყო და გაჩნდა იმედი, რომ უკრაინის კრიზისში არსებობს დიპლომატიის გამოყენების შანსი.
ამის პარალელურად უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო დახმარება გაიგზავნა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან, ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს პარტნიორები ხმელთაშუა ზღვაში 12-დღიან საზღვაო წვრთნას ჩაატარებენ, რომელიც 24 იანვარს დაიწყება და 4 თებერვლამდე გაგრძელდება. ბლინკენ-ლავროვის შეხვედრის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:
- იმ პროცესებში, რაც დღეს ხდება, რთულია რამე პოზიტიურის დანახვა, მაგრამ, როგორც წესი, მედალს ორი მხარე აქვს. დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ შექმნილი ვითარება, გარკვეულწილად, დასავლეთის ელიტის თვალის ახელის ინსპირატორად იქცა. ეს შეიძლება მთელ დასავლეთს არ ეხება, მაგრამ ნაწილს ნამდვილად მოუწია იმ რეალობის აღიარებამ, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან ქმნის. ისინი ამაზე თვალს ვეღარ დახუჭავენ და მოუწევთ, შეიმუშაონ რუსეთის შეკავების სტრატეგია. მე ამ ნაწილს თვალახელილ დასავლეთს ვუწოდებ, რომლის მთავარ სახედ და ლიდერად ჩანს სწორედ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში რაციონალურობითა და რუსეთის მიმართ სიმკაცრით დაგვამახსოვრა თავი:ის ადეკვატურ სახელს არქმევს 2008 წლიდან დღემდე რუსეთის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს და ძალიან მკაცრია სანქციებზე ლაპარაკისასაც. ის იმ ძლიერი ამერიკის სახეა, რომელიც მშველელად და დამცველად ეგულებოდა ბევრ ქვეყანას მსოფლიოში.
ამ ფონზე 21 იანვრის შეხვედრა ცოტა უფრო მშვიდი იყო. აშკარაა, რომ დასავლეთი ცდილობს, კრიზისიდან გამოსასვლელად დიპლომატიური გზები მოძებნოს. არსებითი შედეგი ამ შეხვედრას არ მოჰყოლია, მაგრამ როგორც მონაწილეებმაც აღნიშნეს, ამას არც ელოდნენ. ერთადერთი სიახლე იყო განცხადებები, რომ აშშ რუსეთს წერილობით გააცნობს თავის პოზიციებს.
აქ ერთი მომენტია საინტერესო: როგორც ამერიკულ, ისე რუსულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის წერილობით პოზიცია არ გახმაურდება, რაც დასავლურ მედიაში ეჭვის საფუძველი გახდა. ეს არის მომენტი, რომელიც დაგვაფიქრებს, რა არის ამ დოკუმენტის გასაიდუმლოების საფუძველი და სიფრთხილისკენ გვიბიძგებს.
- ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესში უკვე დარეგისტრირდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი.
- ეს 55-გვერდიანი დოკუმენტია და შეეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებსაც. მისი მიზანია, შემუშავდეს ნაბიჯები და სტრატეგია რუსეთის აგრესიის, მათ შორის - არაკონვენციური, ე.წ. პროქსიძალების შესაკავებლად. ამაში იგულისხმება ის გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებიც თითქოს ოფიციალურად რუსეთის იურისდიქციის ქვეშ არ არიან, მაგრამ, ფაქტობრივად, კრემლიდან იმართებიან. როგორც წესი, ეს დაჯგუფებები იქმნება ამა თუ იმ ქვეყანაში რუსული აგენტურის და პრორუსულად განწყობილი ადამიანების ბაზაზე, ან ამაში უშუალოდ რუსული სპეცრაზმი მონაწილეობს, ოღონდ ისე, რომ მათ მოქმედებაში რუსული კვალი მაქსიმალურად არის დაფარული.
აღარაფერს ვამბობ იმ მასირებულ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და რომლის მძიმე შედეგებსაც ახლა ყველა ერთად ვიმკით…
თავის დროზე რუსეთი „ცივ ომში“ დამარცხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავისი ენერგორესურსების გაყიდვის წყალობით სამხედრო თვალსაზრისით წელში გაიმართა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ამ ქვეყანამ დასავლეთზე სერიოზული ჰიბრიდული შეტევა დაიწყო. მართალია, ამ მასირებულ ჰიბრიდულ ომში რუსეთი მთლად გამარჯვებული ვერ არის, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარად აღწევს წარმატებას.
უკრაინასთან დაკავშირებულმა კრიზისმა აჩვენა, როგორ არის გაყოფილი პოზიციები დასავლეთში და როგორ მოახერხა რუსულმა ფულმა, რომელიც ამ ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია, ეყიდა დასავლეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი და გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე, რაზეც უკვე დასავლეთშიც ლაპარაკობენ. ამ ორიოდე დღის წინ საქართველოში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი და როცა წამოიჭრა საკითხი, რა უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, უპირველეს ნაბიჯად რუსული ფულის შეკავება დასახელდა, რაც დამანგრევლად მოქმედებს დასავლეთზე და მას „ბაბილონის გოდოლად“ აქცევს, სადაც სულ უფრო რთულდება საერთო პოზიციების შემუშავება.
მეტიც, ნატოს ზოგიერთ ქვეყანაში გაჩნდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთმა გადაწყვიტა თავისი სამხედრო გემების შავ ზღვაში შეყვანა, რასაც მოჰყვა ზოგიერთი საპარლამენტო პარტიის უკმაყოფილება, რომელთა ნაწილი დაუფარავად გამოხატავს რუსეთის მიმართ სიმპათიას. და ამ მხრივ ესპანეთი გამონაკლისი არ არის. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ამის უკან რუსეთი იდგეს.
მეორე ფაქტორი, რის გამოც დასავლეთმა ყურადღება მოადუნა, არის საბაზრო ეკონომიკა, რომლითაც ის რუსეთის მობმას იმედოვნებდა,… დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ ეკონომიკური ჩართულობა და სავაჭრო-საფინანსო ურთიერთობები განაპირობებდა რუსეთში იმგვარი ელიტის ჩამოყალიბებას, რომელიც დასავლური დემოკრატიული საზოგადოების ნაწილად უფრო იგრძნობდა თავს და შეაკავებდა რუსეთის სვლას ავტორიტარიზმისა და იმპერიული ტენდენციებისკენ.
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დასავლეთის ეს მიდგომა რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტად კი არ იქცა, პირიქით, რუსეთმა, გაეხსნა რა დასავლეთში სავაჭრო-ეკონომიკური სივრცე, თვითონ მიიბა იქაური ბიზნესის ინტერესები და დღეს ძალიან მსხვილი ევროპული ბიზნესის ნაწილი რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ გერმანიის ძალიან ახლომხედველი პოლიტიკა, რომელიც დაიწყო შრედერის დროს და გაგრძელდა მერკელის მმართველობისას, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინაშე აიღო ატომური რეაქტორების დახურვის ვალდებულება, რომლის შესრულება დღევანდელ ხელისუფლებას უწევს და რის შედეგადაც გერმანია უფრო მეტად გახდება დამოკიდებული რუსულ გაზზე.
- ისევ სანქციების თემას რომ დავუბრუნდეთ, კონგრესში წარდგენილი დოკუმენტი მასშტაბურ შეზღუდვებს ითვალისწინებს, მაგრამ იქნება ეს ქმედითი?
- ეს საინტერესო დოკუმენტია, მასში პირდაპირ გვარ-სახელებით არიან მოხსენიებული რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, პუტინით დაწყებული, ამ ჩინოსანთა ოჯახის წევრებით დამთავრებული. იქ ლაპარაკია, რომ უნდა გამოიკვლიონ მათი ქონება, ყველა ანგარიში და შემდგომ ეს ყველაფერი გამოქვეყნდეს. ასევე სანქციების ჩამონათვალში ხვდებიან ბანკები, გაზის, ნავთობის, ქვანახშირის, ანუ ენერგორესურსებისა და მინერალების მომპოვებელი კომპანიები. ეს შეეხება "ჩრდილოეთ ნაკად 2"-ის პროექტთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებსაც.
ლაპარაკია ორი ტიპის სანქციაზე: აშშ-ში ქონების დაბლოკვასა და ვიზების არმიცემაზე ან მოქმედი ვიზების გაუქმებაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ გადაწონის ეს პუტინის სურვილს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი? რა გითხრათ…- მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დოკუმენტში რუსეთის აგრესიად მიიჩნევა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო დანაყოფების ჩატარებული ოპერაციები, არამედ ის პარამილიტარისტული პროქსიჯგუფებიც. რამდენიმე დღის წინ დიდი რეზონანსი გამოიწვია პრეზიდენტ ბაიდენის ფრაზამ უკრაინაში “რუსეთის მცირე და დიდი შეჭრის” თაობაზე - სანქციებს დასავლეთი მხოლოდ ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში გამოიყენებსო, თუმცა ამას შემდგომ მოჰყვა თეთრი სახლის განმარტება, რომ სანქციებს გამოიწვევს რუსეთის ნებისმიერი სახის შეჭრა უკრაინაში, ხოლო “მცირე შეჭრაში” იგულისხმებოდა ე.წ. პროქსიჯგუფების მოქმედება და კიბერთავდასხმები. ეს განმარტებაც ნიშნავდა, რომ თუ დონეცკსა და ლუგანსკში მოქმედი რუსეთის მიერ მომზადებული გასამხედროებული პროქსიჯგუფები გადავლენ შეტევაზე, ეს სანქციების საფუძველი არ გახდება, განსახილველი კანონპროექტი კი რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს დონბასსა და ლუგანსკში მოქმედ გასამხედროებულ დაჯგუფებებზეც, ანუ რუსეთს შეზღუდვები მათი მოქმედების გამოც დაუწესდება, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუკი ეს კანონპროექტი ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა. დოკუმენტში ასევე ლაპარაკია უკრაინისთვის ყველა ტიპის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, რათა უკრაინამ შეძლოს როგორც ხმელეთიდან და ზღვიდან, ასევე ჰაერიდან განხორციელებული შეტევების მოგერიება. ასევე საუბარია უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაზე კიბერშეტევებისა და საინფორმაციო დივერსიების საწინააღმდეგოდ.
ამ კანონპროექტში არანაკლებ საინტერესოა ბალტიისა და ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არაერთგზის ხსენება და მათი დახმარების გაზრდის აუცილებლობაც, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის აზრით, რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ნატოს ის წევრი ქვეყნებიც შეიძლება გახდნენ, რომლებიც ყოფილ საბჭოთა სივრცეს წარმოადგენენ. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთმა გამოფხიზლება დაიწყო. ბლინკენმაც ხომ თქვა, თუ უკრაინა დავთმეთ, ამას პანდორას ყუთის ეფექტი ექნებაო. რუსეთიც მოლოდინს „ამართლებს“: ლავროვ-ბლინკენის 21 იანვრის შეხვედრაზე რუსეთმა ბულგარეთიდან და რუმინეთიდანაც მოითხოვა ნატოს შეიარაღებისა და ჯარების გაყვანა. ასე რომ, რუსეთს მადა ნამდვილად ჭამაში მოსდის.ისმის კითხვა: რისი იმედი აქვს პუტინს, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის ეკონომიკაც ურთულეს მდგომარეობაშია? სამწუხაროდ, მას აქვს სწორედ იმ უპირატესობის იმედი, რომელიც მან დასავლეთთან ჰიბრიდულ ომში მოიპოვა: ევროპის ქვეყნებში საზოგადოების რყევა, ინსტიტუციების მიმართ ნდობის დაკარგვა, ნიჰილიზმის დამკვიდრება და ა.შ. მოკლედ, ის ყველაფერი, რასაც საქართველოში ვხედავთ.…დასავლეთში არაერთი კვლევითი ცენტრი იკვლევს რუსეთის მოქმედებას. ვითარება ასეთია: იცი, ვინც გებრძვის, მაგრამ ეფექტიანი კონტრსტრატეგია არ გაქვს. დასავლეთში ჯერ ვერ მოიფიქრეს, როგორ შეაკავონ რუსული ფული და რუსული გავლენა საინფორმაციო ველსა და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ელიტაზე, სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება ამას აჩვენებს...
- ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება კვლავ ე.წ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ატარებს და უკრაინასთან დაკავშირებით სიჩუმეს ამჯობინებს, არადა თითქმის ყველა ვხვდებით, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში თავისი გაიტანა, მისი შემდეგი ლუკმა საქართველო იქნება. ამავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლები ნატოში ინტეგრაციაზე ლაპარაკობენ და გარანტიებსაც ახსენებენ.
- თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რუსეთისთვის ეს სიჩუმე სულაც არ არის დამაკმაყოფილებელი. ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაისვა კითხვა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, რომლის პასუხადაც მუქარანარევი გაფრთხილება მოვისმინეთ - იმედია, საქართველო გაითვალისწინებს არსებულ გამოცდილებას და უფრო დაბალანსებული იქნება რუსეთთანო.. რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რაღაც თქვენი სიჩუმე არ მომწონს და კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო... ზოგადად, რუსული პოლიტიკის სტილია, რომ ის ერთი დათმობით არასდროს კმაყოფილდება. თუ რამე დაუთმე, მეტს და მეტს ითხოვს და მარწუხებში მანამდე გაქცევს, ვიდრე თავის სურვილს ბოლომდე არ აისრულებს.…
არადა, ამ ხელისუფლებამ მეტი რაღა უნდა გააკეთოს, რაც ორიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა გააკეთა, როდესაც ევროპარლამენტარები, ფაქტობრივად, ქვეყანაში არ შემოუშვა. ევროპარლამენტარებისთვის კარის მიხურვა საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ხელწერის - დასავლეთის მიმართ შეურაცხმყოფელი რიტორიკის ლოგიკური გაგრძელებაა.
ამავე დროს, ხელისუფლებისგან ვისმენთ განცხადებებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, გვაქვს გარანტიები, რომ ივნისში, ნატოს მადრიდის სამიტზე, ძალიან მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოს ნატოში შემდგომი ინტეგრაციის თვალსაზრისითო…- ასეთი ტექსტი ამ ხელისუფლების პირობებში, მეტიც, 2008 წლის შემდეგ, არ მომისმენია. თავისთავად ეს ფრაზა იმედის მომცემია, მაგრამ მეორე მხრივ, მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, უკრაინის ნატოში გაწევრება ახლო პერსპექტივის საქმე არ არისო. და თუ არ გაწევრდება უკრაინა, საინტერესოა, რა იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ? მით უფრო, თუ უკრაინაში ომი დაიწყო…მოკლედ, საქართველოსთვის ამ თვალსაზრისით მიცემული გარანტიები ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია. ამერიკელები ამბობენ, რუსეთის სავარაუდო ნაბიჯების საპასუხოდ 18 კონტრსცენარი გვაქვს შემუშავებულიო და შესაძლოა, ესეც ერთ-ერთი სცენარის ნაწილი იყოს...ჩვენ კი ვამბობთ, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება “რუსეთის არგაღიზიანების” პოლიტიკას ეწევა, მაგრამ მოდი, პირდაპირ ვთქვათ: რუსეთის მიმართ ამგვარი პოლიტიკა ჩვენზე ადრე, ობამას ხელისუფლების დროიდან მოყოლებული, დასავლეთმა დაიწყო. “რუსეთის არგაღიზიანების” პოლიტიკა სწორედ ის არის, რაც ობამას პრეზიდენტობის შემდეგ ამერიკასა და ევროპაში ხდება, რასაც გადატვირთვის პოლიტიკა დაარქვეს და რამაც არ გაამართლა.სწორედ ამ პოლიტიკამ განაპირობა დასავლეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში რუსეთის უპირატესობა, რამაც არა მხოლოდ დასავლეთის, როგორც ერთი ნების მქონე სივრცის პარალიზება გამოიწვია და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობა გააღრმავა, არამედ უშუალოდ ამ ქვეყნებში ისეთი პრობლემები შექმნა, რომელთა გადასაჭრელად უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა უწევთ.