"საჭირო იყო, ამ ადამიანების სახის ბოლომდე გამომჟღავნება, მათთვის ფარისევლური ნიღბის ჩამოხსნით"
"მეცინება, როცა ამბობენ, 9 მილიონი პიჯაკების საქმე იყოო.. პიჯაკები იყო, თუ სხვა რამ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! ირაკლი ღარიბაშვილს რომ ეთქვა, ჩემი შვილი ნიჭიერია და ბიუჯეტის ფულით უნდა ვასწავლოთო, ხომ ქვეყანა დაიქცეოდა?! მე რატომ უნდა გადაგიხადო, როდესაც 7 ათასი ლარი გაქვს ხელფასი?! ეგ კი არა, მეორე შვილსაც უხდიდა თურმე ჩოგბურთის ფულს" - ამბობს თეატრმცოდნე ნინო (დოდოშკა) ხურცილავა, რომელსაც თეატრსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ მოსაზრების გაზიარება ვთხოვეთ...
- ქალბატონო ნინო, როგორც ცნობილია, თეატრებში ახლა სამხატვრო ხელმძღვანელების ხელახალი არჩევა უნდა დაიწყოს, კონკურსის გზით. ამან საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია - ჩათვალეს, რომ ისინი სამსახურებიდან გაათავისუფლეს და ცოტა ხნის წინ, პეტიცია შედგა მინისტრ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით... როგორც თეატრმცოდნე, როგორ აფასებთ მის საქმიანობას კულტურის მინისტრის პოსტზე?
- თეა წულუკიანმა შესანიშნავი მენეჯერული თვისებები გამოავლინა. ბევრი წარმატებული კონკურსი ჩაატარა. ახლა გამოცხადებულია თეატრის ხელმძღვანელების კონკურსი, აირჩევენ, როგორც ირჩევდნენ ოთხ წელიწადში ერთხელ. რაზე ეტყობა ქალბატონ თეას, რომ ქვეყნის კულტურა დაანგრია?! საიდან მოიტანეს ჭოლა გააგდო, გელათი დაანგრიაო?!
მიშა საააშვილის დროს გელათში რესტავრაციის გასაკეთებლად ისეთი ხალხი მიიყვანეს, სულ გააფუჭეს... თეა წულუკიანი რომ ჩავიდა და ნახა, ერთი ამბავი ატეხა. წლების განმავლობაში, თუ რამე ფუჭდება, შემდეგ აღდგენა სჭირდება!
- ზოგი ხელოვანი ამბობს, რომ შიში აქვს, ქვეყანაში გასული საუკუნის რომელიმე პერიოდი, კომუნისტური ეპოქა ან თუნდაც, 1990-იანი წლები არ განმეორდეს...
- რა 1990-იანი წლები, რა გაძლევთ ამის თქმის მოტივს, ვერ ვხვდები!
- ის, რომ ძალიან დიდია სიძულვილი და დაპირისპირება...
- მოდი, სიმართლე ვთქვათ! "ქართული ოცნების" მხრიდან სიძულვილი ნამდვილად არ მოდის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი შიში აქვთ, ისევე, როგორც მე!
- რისი შიში?
- "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ იმძლავროს და კვლავ არ მოახერხოს გარკვეული ძვრების მოხდენა. ხელისუფლებაში მათი რამე ფორმით დაბრუნება ნამდვილი კატასტროფა იქნება! როდესაც "ქართული ოცნება" სათავეში მოვიდა, ამათი დასჯა სათანადოდ ვერ მოახერხა, რადგან უცხოეთიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ... რომ დაესაჯათ, ეს როგორც პოლიტიკური დევნა, ისე ჩაითვლებოდა. დღესაც კი ამაზე ლაპარაკობენ... საჭირო იყო, ამ ადამიანების სახის ბოლომდე გამომჟღავნება, მათთვის ფარისევლური ნიღბის ჩამოხსნით. ყველა მიხვდა, რომ ისინი არანაირი ევროპული ფასეულობის მატარებელი არ არიან.
მათ სურდათ, საქართველო სინგაპური ყოფილიყო და სინგაპური სულაც არ არის დემოკრატიული ქვეყანა! სინგაპური ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნად თითქმის 40 წლის განავლობაში ჩამოყალიბდა. "ნაციონალებს" სურდათ 40 წელი ყოფილიყვნენ ქვეყნის სათავეში და ისე ემართათ, როგორც სინამდვილეში გამოჩნდა მათი მმართველობა...
ნამდვილი დემოკრატია, როგორც წესი, ძალიან ნელა შენდება. გადავხედოთ აშშ-ის, ევროპის ქვეყნების წარსულს და ვნახავთ, რამდენი წლები დასჭირდათ დემოკრატიის ის ხარისხი მიეღოთ, რაც ახლა აქვთ.
- თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არადემოკრატიულ ქმედებად მიიჩნევენ, როგორც მოექცენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ...
- და როგორ მოექცნენ? როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, გულწრფელად უნდა აღიაროს კიდეც! ამის ნაცვლად, მეუბნება, ციხიდან გამომიყვანე და "შავ სიებს" შევადგენო... მაგათ რომ დოკუმენტური მასალა ჰქონდეთ, როგორ სცემენ ამ კაცს და აშიმშილებენ, მაშინ რაღას იზამდნენ?! გავიხსენოთ სულხან მოლაშვილი, ნაწამები ის იყო! რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ხბოს პაშტეტებით შიმშილობა ჯერ არ გამიგონია! თაფლი ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლის შემანარჩუნებელი პროდუქტია! ხელში ციმ-ციმ აიტაცეს და ერთი საკნიდან მეორეში გადაიყვანეს, ეს არის წამება? ტანზე ნაკაწრი, სისხლჩაქცევა, სიგარეტის მინაწვავი ჰქონდა?
მეცინება რომ ამბობენ, 9 მილიონი პიჯაკების საქმე იყოო.. პიჯაკები იყო თუ სხვა რამ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! ირაკლი ღარიბაშვილს რომ ეთქვა, ჩემი შვილი ნიჭიერია და ბიუჯეტის ფულით უნდა ვასწავლოთო, ხომ ქვეყანა დაიქცეოდა?! მე რატომ უნდა გადაგიხადო, როდესაც 7 ათასი ლარი გაქვს ხელფასი?! ეგ კი არა, მეორე შვილსაც უხდიდა თურმე ჩოგბურთის ფულს.
მიხეილ საკაშვილს არ უნდა ციხეში ჯდომა, ჩაკეტილ ადგლას ყოფნას ვერ იტანს და ასეა ყველა, ციხეში ყოფნა არავის უხარია!
ის ქვეყნის პრეზიდენტი აღარ არის! ადრე იყო, შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა უარყო, უკრაინის ერთ-ერთი ქალაქის - ოდესის გუბერნატორი გახდა და იქედან რომ გამოაგდეს, როგორც მოექცნენ, აი, ის იყო ცუდად მოქცევა! თმაში წაავლეს ხელი და ისე ათრიეს... ჩემთვისაც ძალიან აღმაშფოთებელი იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ბადრაგს ბიძინა ივანიშვილის ლეკვებს ეძახდა. ასეთი რამ, პატიმარმა რომ ბადრაგს თუნდაც ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში გაუბედოს, ნამდვილად კარცერში მოათავსებენ!
რა რეფორმები გაატარა მიხეილ სააკაშვილმა, ხომ შეიძლება ჩვენც ვიცოდეთ?! რეფორმები გაატარეს, რომელიც მხოლოდ მათ იციან და ამ ქვეყანას არ გამოადგა! თუ შენ ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენებ, მაშინ დემოკრატიული რეფორმები უნდა გაატარო! ასეთი კი მათ დროს არაფერი ჩანდა!
რევოლუციების მომხრე არ ვარ, რევოლუციას მხოლოდ და მხოლოდ სიხისტე მოაქვს! როგორც ფრანგებმა თქვეს - "რევოლუციას ჩაიფიქრებენ რომანტიკოსები, ბრიყვები აკეთებენ და ნაძირლები სარგებლობენო". უკაცრავად და ჩვენ ბრიყვები აღმოვჩნდით! თუმცა, მე არცერთ მიტინგზე არ მივსულვარ. იმ პერიოდში, თეატრალურ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, ჩემი სტუდენტები მეკითხებოდნენ, აქციებზე მონაწილეობას რატომ არ იღებთო და მათ ვუხსნიდი, რა როგორც იყო... მაშინ არ მიჯერებდნენ ახალგაზრდები. რევოლუციას სიახლეები არ მოაქვს! მოაქვს მხოლოდ ნგრევა...
ეს პარტია ახლა საშინელ დღეშია, ერთი ადამიანი არ ჰყავთ, ვისაც ხალხი გაჰყვება. ნიკა მელია ახალგაზრდების მოყვანას მაინც ცდილობდა და მიშას ეგ ახალგაზრდები არ უნდა! ამ ბოლო დროს, საერთოდ წყობიდან გამოვიდა... სტანისლავსკი ამბობდა, დრამატული სიტუაცია ადამიანის პიროვნულ თვისებებს ავლენსო... ასეა ამ შემთხვევაშიც.
(სპეციალურად საიტისთვის)