"უცნობმა აფხაზმა ქალმა გადამარჩინა, ვისაც შვილი ერთ-ერთმა ქართულმა ფორმირებამ მოუკლა გაგრაში"
ომის თემაზე მისი ნაწარმოებები ერთ-ერთი გამორჩეულია თანამედროვე მწერლობაში. პრემია "საბას" ლაურეატის ნაწარმოებებში ისეთივე სასტიკი და პირდაპირია ცხოვრება, როგორიც სინამდვილეში. გელა ჩქვანავა სოხუმელია, მას ომში მონაწილეობამ სრულიად ახალგაზრდას მოუწია და სხვებივით მასაც წარუშლელი კვალი დაამჩნია.
- ჩვენს ქვეყანას თითქმის არასდროს ჰქონია მშვიდი და დალხენილი ცხოვრება, არც ახლა გვაქვს. როგორ ფიქრობთ, სად ვართ ახლა ან საით მივდივართ?..
- მშვიდი ცხოვრება ერს ადუნებს. კაცობრიობა ჯერ იმდენად არ დაღვინებულა, რომ მოცალეობის ჟამს თვითგანვითარებას მიჰყოს ხელი. ზედმეტი რომ არაფერი ვარგა, ეს სწორედ მშვიდ ცხოვრებას შეეხება - თანამედროვე ეპოქაში გამრყვნელადაც კი მოქმედებს. გადაიღალა ქართველი მტრებთან ბრძოლაში, გამუდმებული დაძაბული ყოფით, იმდენად გადაიღალა, რომ არაადეკვატური გახდა. ჩვენ რუსებივით ბელადომან ერად ჩამოვყალიბდით. თავს ვიტყუებთ, რომ ის ერთი, მხსნელი ლიდერი მოაგვარებს ქვეყნის საქმეებს, იქნება შეუმცდარი და სამართლიანი. საბოლოოდ კი ნახევრად შეშლილი, პროვინციული აზროვნების ინდივიდი შეგვრჩება ხელთ. მერე საკუთარი თავის გვრცხვენია, ამას როგორ ვანდეთ სახელმწიფოს მართვაო. ამჟამადაც მეტად საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ - ორი ბელადით. ერთპიროვნული მმართველობით გაამპარტავნებული ეს ჩვენი "მესიები" ცოცხალი თავით არ თმობენ ძალაუფლებას და გვიწევს რევოლუციების (დადგმულის თუ ნამდვილის) და არეულობის მოწყობა. ჩაკეტილ, მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. სამშობლოს ერთგული მმართველი, ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარი აუცილებლად მიხვდებოდა, რომ იდეამ, რაგინდ კარგი და დროულიც უნდა იყოს, მოძველება იცის, იმდენად, რომ შემაფერხებელ ფაქტორადაც იქცევა. ერის განვითარებისთვის უკვე სხვა ორიენტირებია საჭირო. ნებისმიერ ქველმოქმედებაზე უფრო ახლა ერს განათლება სჭირდება - განათლებული და ჯანსაღად მოაზროვნე მომავალი თაობა. უდიდესი ქველმოქმედება სამუშაო ადგილების შექმნა იქნებოდა... ყველა დავით აღმაშენებლობაზე აცხადებს პრეტენზიას, პირდაპირ დავით აღმაშენებლობაზე, შედარებით ნაკლები და მოკრძალებული კატეგორიულად არ სურთ. რომ მოუსმინო, საქართველო მათ იხსნეს, გამოიყვანეს უკუნიდან, გააცნეს მსოფლიოს, განუხრელად სწამთ და სჯერათ, რომ სწორედ მათ გადაარჩინეს გარდაუვალ დაღუპვას...
- გვასწავლა რამე გასული წლების გამოცდილებამ, თუნდაც უახლეს ისტორიაში რამდენიმე ომმა?..
- რაც ვიყავით, ისეთად დავრჩით, ას გაუტანელზე ერთი თავგანწირული მოდის, მაგრამ ის ერთი ოთხმოცდაცხრამეტის ბედოვლათობასა და უპასუხისმგებლობას გადაწონის ხოლმე. გულარხეინობა და სიზარმაცეა ჩვენი ეროვნული სენი. ომშიც ასეთი ვართ. არც ევროპელები ვართ, აღარც აზიელები, ჭეშმარიტი კავკასიელები ვართ. გაგვიტკბა უსამართლოდ დაჩაგრულის პოზიციაში ყოფნა, ვერ გადავეჩვიეთ ილუზორულ პერსპექტივებს, დასავლეთისა და ამერიკის იმედად ყოფნას. ყველას თავისი გასჭირვებია, გამოგვიყენებენ და მიგვაგდებენ ისევ ურჩხულის პირისპირ. ჩვენ კი ჯიუტად ჭკუას ვერ ვსწავლობთ, ოღონდ კი მოვასწროთ და თავი სილაში ჩავრგოთ სირაქლემებივით, ასე გვგონია, ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება.
- 30 წელია თავისუფალი ქვეყანა ვართ და, ალბათ, ყველას გაგვჩენია კითხვა - ვართ კი პიროვნულად თავისუფალი ადამიანები?
- წუთითაც არ ვყოფილვართ თავისუფალი. ან გარეშე მტრების კარნახით გვიწევდა და გვიწევს ცხოვრება, ან ჩვენივე "ხელმწიფეები" და ჩინოვნიკები გვახრჩობენ, ბიუჯეტის ქურდები, კანონმორჩილი მოქალაქეების ფულით შვილებს რომ ასწავლიდნენ კემბრიჯებსა და ოქსფორდებში. ახლა ისინი დაბრუნდნენ და ჩვენს შვილებს ასწავლიან ტელეეთერიდან, რომ თავისუფლება ღირსეულთა შორის ღირსეულთა ხვედრია, რომ უნდა ვიყოთ პატიოსნები, კანონმორჩილები და ა.შ. არაერთი ეროვნულ გმირად აღიარებული ინდივიდი მეგულება, სხვათა შვილებს ომში წასვლასა და თავგანწირვისკენ რომ მოუწოდებდნენ, საკუთარ პირმშოებს კი ევროპა-ამერიკაში გზავნიდნენ სასწავლებლად. სწორედ ეგ სწავლამორჩენილები არიან დღეს ეროვნული სინდის-ნამუსის სიმსივნეები. თავისუფლება უპირველესად კანონმორჩილებაა. კანონმორჩილება თანამოძმეთა, თანამოქალაქეთა პატივისცემაა, მათდამი სოლიდარობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. სინდისდამძიმებული ადამიანი ვერასოდეს იქნება თავისუფალი. დღევანდელ საზოგადოებაში იმდენი ბოღმაა დაგროვილი, ლამის ყველაფერზე ჩაიქნიო ხელი და ვირთხასავით მხოლოდ საკუთარი თავისთვის იარსებო, მაგრამ როგორც იტყვიან, მომავლის იმედი ოხერი რამაა, ყველაზე ბოლოს ეგ კვდება.
- აფხაზეთიდან ხართ, როგორ ფიქრობთ, ამ რეგიონის დასაბრუნებლად აკეთებდა და აკეთებს რამეს ხელისუფლება?
- შეიძლება უცნაურიც იყოს ამის თქმა, მაგრამ ასე მგონია, აფხაზეთის ნებსით თუ უნებლიეთ გამსხვისებელი შევარდნაძე უფრო დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამდა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, ვიდრე ახლანდელი თუ წინამორბედი ხელისუფლება. მათი ყველა ქმედება თვითრეკლამის თუ საკუთარი არსებობის გამართლების ცდა მგონია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ვინც თითქოსდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის გადაწყვეტაზე დებენ თავს, არც ცდილობენ ჩაუღრმავდნენ კონფლიქტის ისტორიას. დღეს ომში ვითომდა გამარჯვებული აფხაზები ჩვენზე უარეს დღეში არიან. ის ქალაქი, რომლის ქართველებისგან დაცლისთვის თავს არ ზოგავდნენ, მათი აღარც არის და ამის აღიარება საშინლად ეუხერხულებათ. ამის ბრალია მათი აგრესიაც. კარგად მახსოვს ომამდელი აფხაზ "აიდგილარელთა" და სომეხ "კრუნკელთა" განწყობა (ამ უკანასკნელმა ქართველთმოძულეობაში აფხაზებსაც ბევრად აჯობეს). ახლა "კრუნკში" გამოზრდილებს აფხაზეთი თავისად მიაჩნიათ და ამას მოურიდებლადაც აცხადებენ. ასე რომ, პრობლემის მოგვარება რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება. გამოსავალი ერთია - მართლა დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა გავხდეთ, რათა აფხაზებმა ჩვენთან დიალოგი მოინდომონ. სხვანაირად კონფლიქტის მოგვარება წარმოუდგენელია. ჩვენი "შორსმჭვრეტელი" პოლიტიკოსები ისევ და ისევ მხოლოდ საკუთარი არსებობის გამართლებაზე არიან ორიენტირებული. აფხაზები ამას გრძნობენ და არ გვენდობიან. ვერავინ დამაჯერებს, რომ აფხაზებს პათოლოგიურად ვძულვართ, კარი ბოლომდე მიხურული არ არის. ახლა საქმე მომავალ მთავრობაზეა. ეგეც თუ ისეთივე ტინგიცა და ბაქია გამოდგა, აი, მაშინ მართლა ყველა შანსი დაკარგულია.
ომის დაწყებისას ოცდახუთი წლის გახლდით. ჩვენ უაფხაზებო აფხაზეთი გვინდოდა (იყო ასეთი მოარული გამოთქმაც - 80 000 არიან, თბილისის "დინამოს" სტადიონზე დაეტევიანო), აფხაზებს - უქართველებო. რუსები კიდევ ხომ კონფლიქტის გაჩაღებაში ისე არიან დაოსტატებული, ეროვნულ თვისებად ჩამოუყალიბდათ. მათი უმეტესობისთვის ცნება "სამშობლო" ისეთი სახით, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, არც არსებობს - დერჟავაა მათი სამშობლო, სხვათა მიწა-წყალზე შექმნილი. აფხაზებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ რუსეთს მათი სიყვარული არ ამოძრავებდა, ქართველებთან ომში გამოვიყენებთ და მათაც მოვიშორებთ თავიდანო, ფიქრობდნენ, მაგრამ მწარედ შეცდნენ.
სოხუმში უამრავი კაფე იყო. ახალგაზრდების ნაწილი ამ კაფეების მიხედვით „ვიყოფოდით, ანუ ვინ რომელ კაფეში აბირჟავებდა. ერთმანეთსაც მოვინახულებდით ხოლმე და იშლებოდა სუფრები იქაც კი, სადაც, წესით, ნაყინ-ყავა-ნამცხვრის გარდა არაფერი უნდა ყოფილიყო. მერე უცებ სანგრების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. დარწმუნებული ვარ, სასიკვდილოდ ერთმანეთს არც ერთი მხარე არ გავიმეტებდით, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ერთმანეთს ოჯახის წევრები, ახლობლები, მეზობლები დავუხოცეთ... არც ერთი მხარე არ ვაღიარებთ რომ ორივე დავმარცხდით. ომი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა - ამ ხნის განმავლობაში ვხოცეთ ერთმანეთი.
- ტყვეობაში მოგიწიათ ყოფნა, როგორ შეძელით თავის დაღწევა?
- უცნობმა აფხაზმა ქალმა გადამარჩინა, ვისაც შვილი ერთ-ერთმა ქართულმა ფორმირებამ წამებით მოუკლა გაგრაში. მერე - ქართველმა იეღოველებმა, რომლებმაც ომის პირველ თვეებში, აფხაზი იეღოველები შეიფარეს, ამიტომაც დაინდეს აფხაზებმაც სოხუმის დაცემის შემდეგ. მეც იეღოველად გამასაღეს.
- რამდენიმე დღის წინ ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" დატრიალებულ ტრაგედიას გვერდს ვერ ავუვლით. თითქმის 30 წელია დევნილების ბინებით უზრუნველყოფა მოუგვარებელი პრობლემაა სახელმწიფოსთვის.
- ასე მგონია, სახელმწიფო განგებ არ აგვარებს, რათა მეტი დაფინანსება მიიღოს მსოფლიოსგან და ჩინოვნიკებმა იხეირონ. ბინების განაწილებაშიც ხომ ყველაფერი გულისამრევი ფარსია. საცხოვრებლით რომ დაგაკმაყოფილონ, პირველ ყოვლისა სოციალურად დაუცველი უნდა იყო, სტატუსის მოსაპოვებლად კი უნდა იპირფერო, დამალო შემოსავლები, თუ რამე ქონება გაქვს, სხვაზე გააფორმო, გაიტანო ბინიდან შედარებით ღირებული ავეჯი და ელექტროტექნიკა სოცაგენტის მოსვლის მოლოდინში, მიიღო მწუხარე სახე, ღვარო ცრემლები ან ფიქციური განქორწინება გააკეთოს ცოლ-ქმარმა... მერე (რამდენადაც ვიცი) ბინის მიღების პრეტენდენტის საქმეს სუს-ი განიხილავს. დავიჯერო, სუს-ი იმდენად ცდება, რომ ერთსა და იმავე ოჯახს ზოგჯერ რამდენიმე ბინას და სოლიდურ ფულად დახმარებას აძლევენ?! ამიტომ ვამბობ, ფარსია ყველაფერი-მეთქი. ვისაც მართლა უჭირს, იმათ უმეტესობას თვალთმაქცობა არ შეუძლია და რჩება გაბითურებული. ვინც შუბლისძარღვგაწყვეტილი ჩალიჩაა, იმან კი აიწყო ცხოვრება. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რამდენია ისეთი, სოხუმში, ოჩამჩირეში თუ სხვაგან მხოლოდ გავლით რომ გახლდათ ომამდე ნამყოფი და დღეს სახელმწიფოსგან დევნილის სტატუსით მიღებულ ბინაში ცხოვრობს?!
- ბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის წერა, ლიტერატურა, პოეზია?.. ავტორს შეუძლია შეცვალოს მკითხველის ცხოვრება?..
- წერისთვის დავიბადე. როცა ვწერ, კარგად ვარ, თუ ვერ ვიცლი, განერვიულებული დავდივარ. კარგა ხანია კითხვის ფუფუნებაც არ მქონია. სულ იმის იმედად ვიყავი, რომ ქვეყანაში ცხოვრება მოწესრიგდებოდა, მეც მექნებოდა ჩემი ბინა, სტაბილური შემოსავალი და წერა-კითხვისთვისაც დრო და ნერვები დამრჩებოდა, მაგრამ ძალზე მიამიტი აღმოვჩნდი. ძნელია წერო, როცა ოჯახს ხეირიანად ვერც არჩენ, როცა შვილებს რაღაც აკლიათ, როცა ლუკმაპურის მოსაპოვებლად მძიმე შრომა გიწევს. ჩემდა გასაკვირად, მაინც ვახერხებ კალმის ხელში აღებას, ალბათ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია. ავტორს შეუძლია შეცვალოს მკითხველის ცხოვრება? ალბათ, კი. თავის დროზე, ჩეხოვმა და ფოლკნერმა გადამიტრიალეს ცნობიერება, სხვა სივრცეები და განზომილება დამანახეს. ჩეხოვზე დიდი ნოველისტი ჯერ არ შემხვედრია, არც ფოლკნერზე კაცთმოყვარე. გენიოსისთვის, რომელიც ადამიანის სულს ყველა პლასტით იცნობს, ყოველთვის არსებობს ცდუნება ხმაში სარკასტული ნოტები გაერიოს. ფოლკნერმა ამ ცდუნებას გაუძლო, ერთხელაც არ წასცდენია კალამი საიმისოდ, რომ მკითხველისთვის საკუთარი უპირატესობა დაემტკიცებინა, მინიშნებითაც კი. ამიტომაცაა ის ჩემთვის დიადთაგან უდიდესი (სხვათა შორის, ომიც გამოიარა). ჭეშმარიტად დიდი უნდა იყოს ავტორი, დიდი და სულგრძელი, რომ მკითხველზე იმოქმედოს. ასეთები ერთეულები არიან.