"ახლა ისინი ერთმანეთს უმტკიცებენ ერთგულებას, ერთმანეთს ეპრანჭებიან და კეკლუცობენ..." - კვირის პალიტრა

"ახლა ისინი ერთმანეთს უმტკიცებენ ერთგულებას, ერთმანეთს ეპრანჭებიან და კეკლუცობენ..."

"შეიძლება ბევრმა სწორად ვერ გაიგო, როდესაც ვთქვი, სააკაშვილის მიმართ შურისძიების გრძნობა არა მაქვს-მეთქი და ამას ძალიან ბევრი ინსინუაცია მოჰყვა. დისკუსიაში ჩართვას არ ვაპირებ, მაგრამ როცა შურისძიება გამოძრავებს, სამართლიანობას კარგავ და ობიექტური აღარ ხარ..."

პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, პარტიას - "სამართლიანობისთვის" - ლიდერი, იურისტი ეკა ბესელია ახლა შორიდან ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მწვავედ აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად იყო. თვლის, რომ მისმა ყოფილმა პარტიამ წინა ხელისუფლების კურსი აირჩია. როგორც ცნობილია, მან შარშან დააფუძნა "მართლმსაჯულების სახლი", რომლის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის - მოსამართლეების, ადვოკატების, პროკურორებისა და საჯარო მოხელეების მომზადება. ახლა მისი საქმიანობა, ძირითადად, ეს არის და დარწმუნებულია, რომ ბოლოს და ბოლოს ახდება მისი ყველაზე დიდი სურვილი - ქვეყანაში­ იქნება სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო.

- დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას როგორ შეაფასებთ?

- ბოლო მოვლენებით დავიწყოთ. ვხედავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე როგორ ცდილობს ოპოზიცია, რამდენიმე საკრებულოში მაინც აიღოს პასუხისმგებლობა და ოპოზიციური საკრებულოს შექმნა მოახერხოს. ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაგალითები მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ძალაუფლების გადანაწილება ადგილობრივი თვითმმართველობიდან დაიწყოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა მოხდება ბათუმში, სენაკში - ყველგან, სადაც შეიძლება ოპოზიციურმა­ ძალებმა შეთანხმება მოახერხონ. ვერ ვგრძნობთ, რომ ოპოზიციას შეუძლია ძლიერი დღის წესრიგი შექმნას, არ ჩანს, რომ ის იყენებს საპარლამენტო ბერკეტებს. 2016-20 წლების პარლამენტში ჩვენ დავტოვეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეგლამენტით გავაძლიერეთ საპარლამენტო კონტროლი, მაგრამ ამას ახლა არავინ იყენებს. ასევე მიკვირს, რატომ არ არის დღის წესრიგში ისეთი მწვავე საკითხები, რომლებიც მაშინ ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლის საფუძველი გახდა - პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტს ვგულისხმობ, რომელსაც თავის დროზე ხელი მოაწერეს, მაგრამ მერე "ოცნებამ" მისი ანულირება გადაწყვიტა. ისეთი შთაბეჭდილება­ იქმნება, თითქოს პარლამენტში შესული ოპოზიცია დაკმაყოფილდა იმით, რომ გახდა პარლამენტის ნაწილი. ეს მოსწონთ და ვადამდელი არჩევნების საკითხი მწვავედ აღარ დგას. მე ვფიქრობ, დღევანდელი რეალობა იყო "ქართული ოცნების" ოცნება, რომელიც მათ აუხდათ. "ოცნებას" შერჩა გაყალბებული არჩე­ვნები, პარლამენტში მარტო არ დარჩა,­ შექმნა მრავალპარტიულობის იმიტაცია და ამაში მას ოპოზიცია დაეხმარა. თქვეს, იმიტომ შევდივართ პარლამენტში, რომ პარლამენტის ტრიბუნა გამოვიყენოთო, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნა არ არის მხოლოდ ხმამაღალი განცხადებების ადგილი, პარლამენტი არის საპარლამენტო ბრძოლის არეალი და მე ამას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ყოჩაღ მათ! იქაური მოსახლეობა ვერავინ მოისყიდა და ვისურვებ იგივე მოხდეს სენაკში, ბათუმში, რომ მოახერხონ და ოპოზიციონერი გაიყვანონ საკრებულოს თავ­მჯდომარედ, რომელიც ცვლილებების სერიოზული ბერკეტი გახდება და ადგილობრივ დონეზე მაინც იგრძნობენ ადამიანები, რაოდენ მნიშვნელოვანია, როცა ხმას მრავალპარტიულობას აძლევ. ყოჩაღ, წალენჯიხას! მან ეს შეძლო! აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით.

- დიდი ხმაური გამოიწვია სახელმწიფო­ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებამ. ამას მოჰყვა სასამართლოში პენიტენციური დაწესებულების სარჩელი და სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება.

- აშკარაა, რომ ეს იყო პერსონალური შურისძიება. სახელმწიფო ინსპექტორი თავიდან მოიშორეს საკანონმდებლო ცვლილებით, რომელსაც რეფორმა დაარქვეს. სინამდვილეში ეს იყო მისი დასჯის ოპერაცია. ქალბატონი ლონდა თოლორაია აღმოჩნდა ამ სამსახურის კარგი თავმჯდომარე. მან გამოიჩინა პრინციპულობა და ამის გამო "ოცნებამ" დასაჯა. რასაც "ოცნება" ვერ აკონტროლებს, მისთვის მიუღებელია. სახელმწიფო ინსპექტორი მოიშორეს საბჭოური მეთოდით და ამას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან. ამერიკის ელჩის განცხადება ძალიან მწვავე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, "ოცნების" წარმომადგენლები საელჩოების განცხადებებს არაფრად აგდებენ. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა­ ვეტო არ დაადო არც ამ კანონს, არც - მოსამართლეების არჩევისა და საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებს. სხვა ბერკეტი, რომ შეჩერდეს ასეთი საზიანო პროცესი, არ არსებობს. რაც ახლა პარლამენტში ხდება, არის 2012 წლამდელი სიტუაციის გამეორება, სადაც დომინანტი იყო ერთი პარტია და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა. რაც უნდა, იმას აკეთებს "ოცნებაც", ხელის შემშლელი კი აღარავინ ჰყავს. ხალხიც თითქოს ეგუება ამას. ხელისუფლება ძალიან გათამამდა ამით და ეს მაშინებს. ახლა ზამთარია და მესმის, რომ რთულია ყინვაში­ საპროტესტოდ ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ იმედი მაქვს, გაზაფხულზე მოიძებნება ისეთი ენერგია საზოგადოებაში, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, უკან დაიხიოს და ვადამდელი არჩევ­ნების საკითხი მომზადდეს.

- ლონდა თოლორაია გიორგი გახარიას დროს დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ამბობენ, რომ მისი ნაბიჯები სწორედ იმის შედეგია, რომ ის გახარიას გუნდის წევრია.

- გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არავის გუნდის წევრობა არ არის პრინციპულობის წინაპირობა. ან ხარ პრინციპული, ან - არა, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ის გახარიას ინიციატივით წარდგენილი კანდიდატი იქნებოდა თუ არა. ლონდა თოლორაია აღმოჩნდა ისეთი საჯარო მოხელე, რომელმაც გაიაზრა თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და გადაწყვიტა, სამსახურებრივი და საჯარო ინტერესი "ოცნების" სამსახურში ყოფნაზე მაღლა დააყენოს. ჩვენ გახარიას გუნდში ბევრი გვინახავს, რომლებიც გადაიბირეს და მიხარია, რომ ლონდა ასეთი პრინციპული აღმოჩნდა. "ოცნება" უკვე იმით გამოირჩევა, რომ დაუმორჩილებლობას არავის პატიობს.

- თქვენ ამ პარტიის წევრი იყავით...

- სამწუხაროდ, ჩემს ყოფილ პარტიაში ვეღარაფერს ვხედავ ღირებულს, რის გამოც ეს პარტია შევქმენით. ახლა ისინი ერთმანეთს უმტკიცებენ ერთგულებას, ერთმანეთს ეპრანჭებიან და კეკლუცობენ, ამით კი ცდილობენ თავი მოაწონონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

- მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს, ალბათ, თვალს ადევნებთ. ამ დღეებში ციხიდან გაათავისუფლეს ელგუჯა ცომაია და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირები. როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს?

- მათი პატიმრობა არ იყო დასაბუთებული. ასეთი მუხლებით წინასწარ პატიმრობას არ უფარდებენ. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, მათ აღიარებითი ჩვენება მიაცემინეს და ამის საფუძველზე გაათავისუფლეს. საერთოდ, დღევანდელი სასამართლო კრიტიკას ვერ უძლებს და სწორედ ასეთი საქმეების განხილვის დროს ჩანს მისი სისუსტე. ვნახოთ, რომელი განაჩენი იქნება ისეთი, რომელიც სანდოობის განცდას გაგვიჩენს. ერთ-ერთი ბოლო - წერეთელი-ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე პოლიტიზებული მართლმსაჯულების მაგალითი იყო. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად ადასტურებს პოლიტიკურ დევნას. სასამართლომ შეცვალა კვალიფიკაცია, რაც აჩვენებს, რომ ამ ადამიანების მიმართ პოლიტიკური მოტივი არსებობდა. ქვეყნის ყველაზე მძიმე სენი მორჩილი სასამართლოა. მე ყველაზე მეტად ეს მაწუხებს და "მართლმსაჯულების სახლიც", რომელიც დავაფუძნე, სწორედ იმას ემსახურება, რომ მომავალი სასამართლო სისტემისთვის მომზადდნენ ახალი პროფესიონალები, რომლებმაც უნდა შეცვალონ ისინი, ვინც დღეს არიან სასამართლოში. აქტიურად ვმონაწილეობ ამ პროცესში, ახალგაზრდებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. უნდა შევქმნათ ფუნდამენტი და მოვემზადოთ ცვლილებებისთვის.

- სასამართლოს რეფორმაზე ლაპარაკობთ­, მაგრამ ვხედავთ, ხელისუფლება როგორ ირჩევს უვადოდ მოსამართლეებს. ამბობენ, რომ მოსამართლეებად მხოლოდ კლანის წევრები ინიშნებიან. ამის მოგვარება როგორ შეიძლება?

- ვიდრე კლანი არსებობს, ისინი შიგნით სხვას არ შეუშვებენ. მაგრამ უნდა გვყავდეს მომზადებული კადრები, რომლებიც შეცვლიან იმ ადამიანებს, ვინც, პრაქტიკულად, უკვე დაამთავრა საკუთარი კარიერა­ და საზოგადოებას თავი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით დაამახსოვრა. მაქვს გეგმა, როგორ შეიძლება ეს დასრულდეს. მაქვს კანონპროექტიც, რომელიც ინიცირებული იყო პარლამენტში­ და მაშინ უმრავლესობამ­ ჩააგდო. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამბობს, რომ ცვლილებები­ სასამართლოთი უნდა დაიწყოს. ახალი კადრების­ მოყვანით დასრულდება მონოპოლიზაცია. რაც შეეხება იმას, თითქოს პრობლემა მათი უვადოდ არჩევაა... უვადოდაც და ვადითაც მოსამართლე კანონით ინიშნება და ახალი კანონი ყველაფრის დარეგულირებას შეძლებს. მოდელი, რომელიც მაშინ მე პარლამენტში წარვადგინე, ითვალისწინებს უვადოდ არჩეული მოსამართლეების უფლებამოსილების შეჩერებას. უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი; მერე შეიცვალოს იუსტიციის საბჭო; პარლამენტმა უნდა აირჩიოს ხუთი ახალი წევრი; იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა შეიცვალოს და სადისციპლინო კოლეგია არ უნდა იყოს უმაღლესი საბჭოს ხელში. რაც შეეხება მოსამართლეების არჩევას, კანონპროექტში არჩევის ახალი წესიც გვაქვს. უნდა იყოს გრძელი სია, ისე, როგორც ვირჩევდით სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო საბჭოს სპეციალურ კომიტეტში, რომლის წევრი ექვსი წელი ვიყავი. იმ ექვსი წლის განმავლობაში ბევრი ქვეყნის მოსამართლე აგვირჩევია, ამის უშუალო მონაწილე ვარ და ეს მოდელი შევთავაზე პარლამენტსაც. დღეს იუსტიციის საბჭო გაცხრილავს სიას, დატოვებს სასურველ კანდიდატებს, მერე კი იმ მოკლე სიას უგზავნის პარლამენტს და პარლამენტი არც აკვირდება, ისე უჭერს მხარს. ჩვენს მოდელში იუსტიციის საბჭოს ასეთი ძალაუფლება არ აქვს და გადაწყვეტილების მიმღები რეალურად ხდება პარლამენტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო რომ შეიცვლება, იქ კლანური ინტერესებიც აღარ იქნება. ახლა ერთმანეთს ირჩევენ მაზლი და ქვისლი,­ სასამართლო გახდა სანათესავო კორპორაცია, რომელიც დაემსგავსა ოჯახურ ბიზნესს. დაკარგეს განცდა, რომ ეს არის მართლმსაჯულების სისტემა... ერთი სიტყვით, გამოსავალი არსებობს, მთავარია, იყოს პოლიტიკური ნება.

- მიხეილ სააკაშვილის თემას მინდა დავუბრუნდეთ, ექიმები ამბობენ, რომ მისი სამკურნალოდ უცხოეთში წაყვანაა საჭირო. როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი როგორ გადაწყდება?

- აქ მნიშვნელოვანია უკრაინის პოზი­ცია.­.. "ოცნებამ" სააკაშვილის თემაც სათავისოდ გამოიყენა - არჩევნების წინა დღეს საზოგადოებაში გააჩინა შიში და ძახილით: "მგელი მოდის, მგელი მოდის", შეძლო ამომრჩევლის მობილიზაცია. მე არ ვიცი, სააკაშვილის პარტია რას გეგმავს.­ მე სააკაშვილის მიმართ რა პრეტენზიებიც წარსულში მქონდა, დღესაც იგივე მაქვს, მაგრამ ვინც უნდა იყოს, ყველას უნდა მოექცე კანონიერად. დღევანდელი სასამართლოს ვერდიქტი ვერ იქნება სანდო. განაჩენი სამართლიანი და კანონიერიც რომ იყოს, სასამართლოს ისე აქვს ნდობა დაკარგული, მას მაინც ეჭვით შეხედავენ.

- ბევრს გაუკვირდა სააკაშვილთან დაკავშირებული თქვენი განცხადება, რადგან ყველას ახსოვს, როგორ ებრძოდით იმ ხელისუფლებას. მან უნდა აგოს თუ არა პასუხი?

- რა თქმა უნდა, უნდა აგოს! მე არასოდეს მითქვამს, რომ ის უდანაშაულოა, რომ წარსულში სისტემური დანაშაული არ ხდებოდა, მაგრამ როცა ვამბობ, რომ მან პასუხი უნდა აგოს სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მაშინვე მახსენდება, რომ ეს ის სასამართლოა, რომელიც, მცირე გამონაკლისის გარდა, მხოლოდ დავალებებს ასრულებს. მე ვიბრძოდი სააკაშვილის დროსაც და ივანიშვილის დროსაც იმისთვის, რომ თავისუფალი სასამართლო გვქონოდა. ამას ვერ მივაღწიეთ. კობახიძე იქნება, სააკაშვილი თუ სხვა ვინმე საბრალდებო სკამზე, სამართლიანად უნდა გასამართლდეს და არავის მიმართ არ უნდა აღსრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება. შეიძლება ბევრმა სწორად ვერ გაიგო, როდესაც ვთქვი, სააკაშვილის მიმართ შურისძიების გრძნობა არა მაქვს-მეთქი და ამას ძალიან ბევრი ინსინუაცია მოჰყვა. დისკუსიაში ჩართვას არ ვაპირებ, მაგრამ როცა შურისძიება გამოძრავებს, სამართლიანობას კარგავ და ობიექტური აღარ ხარ. თავის დროზე ჩემს გუნდს დავუპირისპირდი იმიტომ, რომ მათაც ძალაუფლება გაუტკბათ, კორუფციაში ჩაერთვნენ, სასამართლოს კონტროლი გადაწყვიტეს და წინა ხელისუფლების გაკვალული ყველა გზებით დაიწყეს სიარული, ეს კი მიუღებელი იყო.

- მომავალში პოლიტიკაში გააქტიურებას­ გეგმავთ?

- მაქვს კონსულტაციები სხვადასხვა პარტიასთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არც ამ ხელისუფლების მხარდამჭერია და არც - "ნაცმოძრაობის". თუ იქნება რაიმე­ ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება დავეხმარო ჩემს ქვეყანას, იქ ვიქნები.

- შეიძლება კონსულტაციები გახარიას პარტიასთანაც გქონდეთ?

- არც მათთან კონსულტაციას გამოვრიცხავ, მაგრამ მე ჩემს პარტიას წარმოვადგენ. შეიძლება გაჩნდეს საკონსულტაციო ფორმატი, რომელიც იქცევა ალტერნატივად და არ იქნება დაკავშირებული არც - წინა ხელისუფლებასთან და არც - "ქართულ ოცნებასთან".