"მიშას დაბრუნება ივანიშვილზე მეტად ნიკანორ მელიას არ უნდოდა“ - მაია ორჯონიკიძის სკანდალური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"მიშას დაბრუნება ივანიშვილზე მეტად ნიკანორ მელიას არ უნდოდა“ - მაია ორჯონიკიძის სკანდალური ინტერვიუ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა­ და მრავალწლიანმა აქტიურმა მხარდამჭერმა,­ მაია ორჯონიკიძემ პარტია დატოვა. რატ­ომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.

- მე "ნაციონალური მოძრაობის", მიხეილ­ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის მხარდამჭერი ვარ "ვარდების რევოლუ­ციის" დღიდან, როდესაც ჯერ კიდევ ამერიკაში ვცხოვრობდი. საქართველოში დავბრუნდი 2005 წელს და მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველიც გავხდი და ბოლო დრომდე უცვლელად ვუჭერდი მხარს ამ პარტიას. თუ რატომ დავტოვე პარტია, ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი - მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი და შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, ძალიან ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაც ჩემთვის მიუღებელია. თქვენი ნებართვით წარსულის მოკლე ექსკურსს გავაკეთებ:

2016 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები მიმდინარეობდა ერთი სქემით - არჩევნების წინ დაპირებები: "თუ არჩევნები­ გაყალბდება, ჩვენ ამას არ შევეგუებით და ხმების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ", არჩევნების გაყალბების შემდეგ კი უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე ერთჯერადი საჩვენებელი აქცია იმართებოდა და შემდეგ პოლიტიკოსები არსებულ რეალობას ეგუებოდნენ ისე, რომ პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე აღარავის ახსოვდა. არც ამომრჩეველი იკლავდა თავს ლიდერებისგან პასუხის მოთხოვნით. ამიტომაც იქცა ეს მოდელი ბოლო წლების მანკიერ ტრადიციად.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ღამის ოთხ საათზე, ნიკა მელიამ და გიგა ბოკერიამ ცესკოს შენობასთან მისასვლელად ხალხს უხმეს და გამოაცხადეს,­ არჩევნები გაყალბებულია, ჩვენ არ შევეგუებით­ იმას, რომ ივანიშვილმა რაღაც 30 ადგილი სამადლოდ გადმოგვიგდოს და ბრძოლა ჩვენი­ მოპარული ხმების დასაცავად ბოლომდე იქნებაო. ამის შემდეგ მელია და ბოკერია ცესკოში შევიდნენ და დაახლოებით ნახევარ საათში იქიდან სრულიად სხვა ადამიანები გამოვიდნენ - გაყალბებული ხმებიც შეირგეს და პარლამენტშიც შებრძანდნენ, რითაც ამომრჩეველი უბრალოდ გადააგდეს და ეს იყო პირველი პოსტსაარჩევნო ტყუილი, რაც იმავე სქემით მეორდებოდა ყველა მომდევნო არჩევნებზე: არჩევნების წინ დაპირება, რომ ვერ გააყალბებენ, ან თუ გააყალბებენ, პარტიას აქვს რესურსი და ნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოპარული ხმები დაიცვას, არჩევნების შემდეგ კი ეს დაპირება დაპირებად რჩებოდა.

მაშინ, 2016 წელს, სააკაშვილმა უკრაინიდან საკუთარ პარტიას მოუწოდა, არ შეხვიდეთ პარლამენტში, არჩევნები გაყალბებულია და ივანიშვილის ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ნუ მისცემთო. არ მოუსმინეს, მაინც შევიდნენ და ბოლოს ისიც გაირკვა, რომ მიშას მხარდამჭერების ხმებით პარლამენტში შესული ბოკერია "ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდაც გამოეყო და საკანონმდებლო ორგანოში ახალი პარტიის ლიდერის სახით მოგვევლინა - ანუ მაშინ ამომრჩეველი ორმაგად მოატყუეს: ივანიშვილს მოპარული ხმებიც შეარჩინეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩევლის ხმებით ახალგამოჩეკილი "ევროპული საქართველოც" შევიდა პარლამენტში.

იმავე სქემით ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც. პირველი ტურის შემდეგ სააკაშვილმა უკრაინიდან ხალხს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა და სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, მელია რომ გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, ესაა სააკაშვილის პირადი აზრი, "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოსთან არ შეთანხმებულა და ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთო. მელიას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემაც ზუსტად იგივე გაიმეორა. სააკაშვილს ისიც ნათქვამი აქვს საჯაროდ, რომ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა და ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს. თუმცა პარტიის მესვეურებმა უთხრეს, ივანიშვილმა შენგან ბუა შექმნა, რომ ჩამოხვიდე, მეორე ტურში შეიძლება ხმები ვეღარ ავიღოთ და თუ არ ჩამოხვალ, მოგება გარანტირებული გვაქვსო. ენდო მიშა, აღარ ჩამოვიდა და ამათ როგორც მოიგეს საპრეზიდენტო არჩევნები, ყველას კარგად გვახსოვს.

იმის ნაცვლად, რომ მეორე ტურამდე დარჩენილ ოთხ კვირაში რეგიონებში საპროტესტო კერები შეექმნათ, ოპოზიცია გულარხეინად ელოდებოდა მეორე ტურს და ამით, ცხადია, ივანიშვილს სასათბურე პირობები შეუქმნა, რასაც შედეგად მოჰყვა სამეგრელოში რეჟიმის მიერ მანამდე არნახული წინასაარჩევნო ეგზეკუციები და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რომელიც იმდენად არაპოპულარული იყო ხალხში, რომ მისი საარჩევნო ბანერებიდან ხან ბიძინა ივანიშვილი შემოგვცქეროდა და ხანაც კახა კალაძე. ამის შემდეგ მთელ ქვეყანაში(!) მასობრივი, უწყვეტი საპროტესტო აქციები კი დააანონსეს, მაგრამ რეალურად სულ ორად ორი მცირემასშტაბიანი აქცია გაიმართა და ყველაფერი ამითვე დასრულდა. იმ დროს ჯერ კიდევ გულწრფელად ვთვლიდი, რომ ეს "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობის უნიათობით ხდებოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ისინი საქმეს ვერ კი არა, არ აკეთებენ.

- რატომ, ამის მიზეზად რას ხედავთ?

- მივდივარ იქამდე და გეტყვით. ამის შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომ რომელიმე ხელისუფლება მესამე ვადით მოსულიყო. არნახული გაყალბების ფონზე, როგორც იქნა, ოპოზიცია გაერთიანდა და ბოიკოტი გამოაცხადა. მსოფლიოს თვალში ერთპარტიული პარლამენტი ივანიშვილის რეჟიმისთვის უდიდესი თავსატეხი იყო, ივანიშვილმაც იცოდა ეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დასავლეთმა ძალიან დესტრუქციული როლი ითამაშა ამ ისტორიაში - პირველ რიგში, ევროკავშირმა, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებით ფაქტობრივად მესამე ვადა "გაუპრავეს" რუს ოლიგარქს, იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილისთვის არჩევნების გაყალბებაზე პასუხი მოეთხოვათ. ეს შეთანხმებაც აბსურდული იყო, რადგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი ადგილობრივ არჩევნებსა და რაღაც გაურკვეველ 43%-იან ბარიერს გადააბეს.

ბევრი ამ ადგილობრივ არჩევნებსაც იმედით ელოდა, როგორც საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების ბოლო შანსს, რასაც პოლიტიკოსებიც ხელს უწყობდნენ - 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლისთვის მიწოდებული იყო როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობის სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ქვეყნის ბედი გადაწყდებოდა. ამ არჩევნების წინ, საქართველოში დაბრუნებამდე, სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა და გააკეთა განცხადება, რომ ხალხს უნდა შეეძლოს საკუთარი ხმებისა და თავისუფლების დაცვა, პოლიტიკოსები კი კაბინეტებიდან უნდა გამოვიდნენ და ამომრჩეველთა დანაპირების შესასრულებლად მოემზადონ.

პრობლემა ის იყო, რომ ზოგადად ოპოზიცია და კერძოდ, "ნაცმოძრაობა", 2016 წლიდან მოყოლებული თითქმის არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მოპარული ხმები დაეცვა - ყოველი არჩევნების წინ ტრადიციულად გვესმოდა მელიას ხმამაღალი განცხადებები, რომ აი, ამჯერად ნამდვილად არ გავაყალბებინებთ ხელისუფლებას ხმებს და ყოველ ჯერზე ყველაფერი ისევ ხმების ხელისუფლებისთვის ჩაბარებით თავდებოდა. არსებობს ინტერვიუ, სადაც მიშა ამბობდა, მომეცით 72 საათი, დამახვედრეთ ადამიანების ის რაოდენობა, რომ სამი დღე ივანიშვილის ძალოვნებმა ვერ დამაკავონ და ამ რეჟიმს ხალხთან ერთად მშვიდობიანად დავამარცხებთო. სულ რაღაც 30 ათასი კაცი იყო საკმარისი, რომ პრეზიდენტისთვის ხელი ვერ მოეკიდათ - ეს იყო მიშას გამარჯვების სცენარი, მისი სცენარი არ ყოფილა ციხეში წასვლა. ვიცით, რომ ის უშვებდა ამ სცენარსაც, მაგრამ ეს უარესი ვარიანტი იყო, მიშას შემოთავაზებული სცენარი კი იყო ხავერდოვანი რევოლუციის გამარჯვების სცენარი.

ამ გეგმის რეალიზაციისთვის მას სარფში უნდა დახვედროდა ხალხის დიდი რაოდენობა და მისი დაკავების საშუალება არ მიეცათ. ამასობაში ხალხის რაოდენობა თოვლის გუნდასავით აგორდებოდა და მინიმუმ ასი ათას მშვიდობიან კაცს რეჟიმი ვერაფერს მოუხერხებდა - ივანიშვილს ამის რესურსი უბრალოდ არ გააჩნდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა ხალხის მორალურ შემართებას და თავისუფლების ჟინს. ეს იყო სრულიად მშვიდობიანი სცენარი და ერთადერთი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობას ევალებოდა, იყო ხალხის გამოყვანა, რათა სულ რამდენიმე დღით სააკაშვილის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცული ყოფილიყო. წლების წინ უკრაინელებმა თავგანწირულად დაიცვეს მიშა და მართლაც სირცხვილია, ჩვენ რომ ეს არ თუ ვერ გავაკეთეთ. ვფიქრობ, მიშას ჩამოსვლის გეგმა მაშინ შეიცვალა, როდესაც სააკაშვილი მიხვდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობა და პირადად ნიკა მელია ამის გამკეთებლები არ იყვნენ. პარტიის ხელმძღვანელობას მხოლოდ მხარდამჭერების მობილიზება ევალებოდა და არც ეს გააკეთეს. ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავდეს პარტიას და 30 ათასი კაცი ვერ დაახვედრო პარტიის ლიდერს, ხომ წარმოუდგენელია? არ მოინდომეს.

- მელიას რა ინტერესი აქვს?

- მელია დემოკრატობანას თამაშობს, მაგრამ რეალურად პარტიაში შექმნილი აქვს ერთპიროვნული სისტემა. თვითონ წყვეტს ყველაფერს, რამდენიმე ადამიანს უთანხმებს და ეგაა. ვიმეორებ, მათი ერთადერთი მოვალეობა იყო ხალხის შეკრება და როგორც ჩანს, მიშას უთხრეს ის, რასაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მელია სააკაშვილს მუდმივად უმეორებდა, "ხალხში მუხტი არ არის და თუ ჩამოხვალ, მხოლოდ შენი საკუთარი რისკით". როდესაც მიშა პოლიტსაბჭოს სხდომების დროს უკრაინიდან ერთვებოდა, სწორედ ამას უჩიჩინებდა, ხალხში მუხტი არ არის და ქუჩაში ვერ გამომყავსო. განსაკუთრებით მაშინ, თუ მიშა ჩამოსვლაზე იწყებდა ლაპარაკს. ადრე მეც მეგონა, რომ მელიას ხალხის მობილიზების უნარი არ გააჩნდა, ბოლო თვეებში კი დავრწმუნდი, რომ ეს უბრალოდ არ სურდა.

- რამ დაგარწმუნათ, რომ არ სურდა?

- შარშან 8 ნოემბრამდე მეც მეგონა, რომ "ვერ" და არა "არ", მაგრამ ამ დღეს მიშა უკვე თითქმის ორმოცი დღის ნაშიმშილარი იყო და 50 ათასი კაცი, რომელიც აქციაზე შეიკრიბა, მელიამ ხელმეორედ დაშალა. სწორედ იმ დღეს დავრწმუნდი, რომ ამას შეგნებულად აკეთებდა. არ ვიცი, მიშა ციხეში მიხვდა თუ არა ამას. მელია მუდმივად არწმუნებდა, რომ საქართველოში მუხტი არ იყო, რათა სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნებულიყო, რასაც, როგორც გამოჩნდა, მელიას პერსონალური მოტივაცია ჰქონია. დღეს უკვე აშკარაა, რომ ბიძინაზე მეტად ნიკა მელიას არ აწყობდა საქართველოში მიშას ჩამოსვლა. ივანიშვილსა და მელიას ამის სხვადასხვა მიზეზი ჰქონდათ, მაგრამ მიზანი საერთო - ივანიშვილი მიშას ჩამოსვლით მიტაცებულ ქვეყანაზე ძალაუფლების დაკარგვის რისკის ქვეშ დგებოდა, მელია კი პარტიის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსსა და "ნაცმოძრაობაზე" კონტროლს კარგავდა.

2021 წლის 8 ნოემბერს აქცია რომ გაიმართა, ხალხი გამწარებული მირეკავდა, 800 მანქანა მხოლოდ აჭარიდან ჩამოვედით იმ განცდით, რომ ახლა უკვე მორჩა, აღარ დავიშლებით და ბოლომდე ვიბრძოლებთო - და ეს ნამგზავრი, დაღლილი ხალხი მელიამ ერთპიროვნულად სახლში გაუშვა.

დღეს ცივილიზებულ სამყაროს დემოკრატიისა და ხმების დაცვის ერთადერთი მექანიზმი აქვს - ხალხის ქუჩაში გამოსვლა, მასობრივი პროტესტი. ჩვენ ამის უფლება კონსტიტუციით გვაქვს, მაგრამ პარტიის ლიდერები, იმის ნაცვლად, რომ ამომრჩეველთა ხმები დაეცვათ, რაც არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვი, რომ მოსახლეობის სამოქალაქო გმირობის შედეგად იყო მიღებული, საკუთარ კომფორტზე ფიქრობენ და იმაზე, რომ მიშას მხარდამჭერთა არმიის ხმები საკუთარი კომფორტის ფუნდამენტად აქციონ, რაც ხუთი წელია წარმატებით ხორციელდება. "ნაციონალური მოძრაობა" თავის თავში ჩაიკეტა, იქცა უფრო კლანად, ვიდრე პარტიად და საკუთარ ამომრჩეველს მთლიანად მოსწყდა, მას არ აინტერესებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული, ძირძველი, ღერძული მხარდამჭერების აზრი და ამის საუკეთესო მაგალითია ის ომები, რასაც "ნაცმოძრაობის" პარტაქტივი უწყობს მიშას დროინდელი "ნაცმოძრაობის" ერთგულ, მრავალწლიან მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს. გაუგონარი ამბავია - დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობის" პარტმუშაკები "სუსელებად", ტროლებად და ბოტებად ნათლავენ ყველას, ვინც აკრიტიკებს პარტიის დღევანდელ უმოქმედობასა და ტაქტიკას.

ამას წინათ მელიამ საჯაროდ აღიარა, რომ ამ ფონზე ის ცდილობს ისეთი ხალხის პარტიაში მიმხრობას, რომელთა პოლიტიკური ხედვა უპირისპირდება სააკაშვილის ტრადიციული მხარდამჭერების ხედვას და მეტიც, რომელთა უმრავლესობისთვის სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, მიუღებელია. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ თვალწინ ხდება სააკაშვილის დაარსებული პარტიის პოლიტიკური გამოშიგვნა და სწრაფი ტემპით მისი სრულიად სხვა შიგთავსით ავსება. არ მესმის, რატომ წვალობს ასე ნიკა მელია? პარტიის "გადაკეთების", მისთვის­ შინაარსის გამოცვლის ნაცვლად არ ჯობდა­ ახალი, საკუთარი პარტია დაეარსებინა? მაგრამ პასუხი ზედაპირზეა - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ბრენდი, რომელსაც ზურგს ამ ქვეყნის მინიმუმ ნახევარი მილიონი მხარდამჭერი უმაგრებს და ამ აქტივის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური გავლენისა და ძალაუფლების განსამტკიცებლად ძალიან მაცდურად გამოიყურება იმ ფონზე, როდესაც მელიას სააკაშვილის თანაზომადი პოლიტიკური წონა არ გააჩნია, მისი რეიტინგი დიდწილად სააკაშვილის რეიტინგზე დგას. ის არაა თვითკმარი პოლიტიკოსი.

ამიტომ ბოკერიას დევიზი "მიშას ხმები მიშას გარეშე" აქტუალურია როგორც არასდროს: რატომ უნდა იწვალო ახალი პარტიის დაარსებაზე, როდესაც ამხელა პარტიას "ფლობ"? სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ დღევანდელი "ნაცმოძრაობა" აღარ არის ის პარტია, რომელსაც ხმას უცვლელად ვაძლევდი 16 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, მისგან მხოლოდ აბრა და მიშას პორტრეტია დარჩენილი და ისიც იმიტომ, რომ მელიაზე იმუშაოს.

- სააკაშვილმა რატომ მისცა ამის საშუალება, რატომ მიუშვა პროცესი?

- მოდი, მივყვეთ. ფაქტია, უკვე საქართველოში ჩამოსვლამდე მიშა მიხვდა, რომ მის მიერ გაჟღერებული გამარჯვების სცენარი არ იმუშავებდა, ქვეყანაში მისი აღმსრულებელი არავინ იყო. არა მგონია, მიშას ეფიქრა, რომ ეს შეგნებული საბოტაჟი იყო. მე თვითონ ამას ძალიან გვიან მივხვდი, ხუთი წელი დამჭირდა ამისთვის. ადრე ვფიქრობდი, რომ უბრალოდ უუნაროები იყვნენ. ვფიქრობ, მიშამ დაინახა, რომ გამარჯვების სცენარი მელიასა და მის თანამოაზრეების ხელით ვერ განხორციელდებოდა და თავგანწირული ნაბიჯი გადადგა, რადგან სხვა გზა მას უბრალოდ აღარ დაუტოვეს. მესამე პრეზიდენტი ხედავდა, რომ ქვეყანა იძირება, რეალურად გაქრობის წინაშე დგას და თავი გადადო. აკი თქვა კიდეც: თუ ჩემი სიცოცხლით ვერ გამოვაფხიზლებ, იქნებ სიკვდილით მაინც გავაღვიძო ჩემი ქვეყანაო. დიახ, ეს იყო თავგანწირვის აქტი სუფთა სახით - სწორედ ისეთი, ჩვენ რომ საქართველოს ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს. ვფიქრობ, მიშა ჯერ კიდევ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო, არ დაეჯერებინა თანაპარტიელებისთვის და დღეს სულ სხვა ვითარება გვექნებოდა - ოლიგარქის რეჟიმის რეპრესიული აპარატი იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული ისე, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩაბეტონდა და ექვს თვეში გავრილოვის სასაკლაოც მოაწყო.

ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო­ არჩევნების დროს შემეხმიანა ხალხი, ერთი "ნაცმოძრაობის" აქტივისტი გორიდან იყო და ერთიც ზუგდიდიდან, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ და ორივემ ანალოგიური ისტორია მიამბო, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც პარლამენტის წინ 5 ათასი კაცი იდგა, მაგრამ მინიმუმ 50 ათასი კაცი უნდა მდგარიყო, ეს ხალხი საკუთარი მანქანებით მოდიოდა თბილისში და აქედან მელიას პარტაქტივს შეუთვლია, ხალხი არ გვჭირდება, საკმარისად გვყავს და არ ჩამოხვიდეთო! აქციაზე კი სულ 5000 კაცი შეგროვდა და "იმედის" დრონი ბედნიერად გადასცემდა, შეხედეთ, "ნაცები" რა ცოტანი არიანო!

რა ჰქვია ამას? არის თუ არა ეს საბოტაჟი?­ და ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?

დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის არავის გაუკეთებია იმდენი, რამდენიც­ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა თავის 9 წელ­იწადში. თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებული გახდა ციხეში წასულიყო, თავისთავად ბევრზე ლაპარაკობს - მას სხვა გზა არ დაუტოვეს, მისი ხმებით კი ვიღაცები პარლამენტში სხედან, ლიდერები კომფორტის ზონიდან არ გამოდიან და მელია სააკაშვილის სახელით, მაგრამ თავის ნებაზე მართავს პარტიას, რომელიც რუსული "ოპოზიციის" მსგავსად უკვე სისტემურ ოპოზიციად გადაიქცა - ოპოზიციად, რომელიც მჭიდროდაა ინტეგრირებული მმართველ სისტემაში და პირველობისთვის კი არა, მარადიული მეორე ადგილისთვის იბრძვის უკვე მეექვსე წელია.

აუტანელია, როდესაც უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობ, რუსულ რეჟიმს უნდა ებრძოლო და ამ დროს ხალხის რესურსი მთლიანად იგნორირებულია - ის მხოლოდ საარჩევნოდ სჭირდებათ. მიშამ რომ შიმში­ლობა დაიწყო, იმავე დღიდან მთავარი პრიორიტეტი მიშას გათავისუფლება­ უნდა ყოფილიყო და ამათ რა გააკეთეს? 60000-კაციანი აქცია დაშალეს, რომელიც სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა!

ისიც გეხსომებათ, 2019 წლის მაისში მელიამ სანდრა რულოვსი რა დღეში ჩააგდო, როდესაც მან ზუგდიდში მერობის კანდიდატად თავი წარადგინა - ეჩხუბა, "ნაციონალური მოძრაობიდან" ზუგდიდის მერის კანდიდატობას მე ვაპირებდიო და სანდრას კამპანიის დროს მის დასახმარებლად თითი არავის გაანძრევინა. მას შემდეგ კი, რაც ივანიშვილმა სანდრას არჩევნები გაყალბებით წააგებინა და სანდრამ გამოაცხადა, თითოეულ სოფელს დავივლი და დავამტკიცებ, რომ ივანიშვილმა ხმები მომპარაო, მელია მმართველი რეჟიმის ნაცვლად სანდრას დაუპირისპირდა და არასაჯაროდ სამეგრელოში "სამოქალაქო ომის გაჩაღებაში" დასდო ბრალი!..

ავიღოთ თუნდაც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის "არჩევნები", რომელშიც მელიას გარდა, უწესიერესი კაცი, ლევან ვარშალომიძე მონაწილეობდა და რომელსაც ფეისბუკარჩევნებით (!) ტროლებისა და ბოტების საშუალებით მელიამ გამარჯვება გამოჰგლიჯა ხელიდან.…მეტსაც გეტყვით - ის ხალხი, რომელიც მაშინ ვარშალომიძეს ხმა მისცა, "არჩევნების" შემდეგ განაწყენებულმა მელიამ სათითაოდ "ფრენდებიდან" წაშალა. მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს. მას შემდეგ, რაც მელიაზე წერა დავიწყე, არაერთი­ ადამიანი დამიკავშირდა მსგავსი ისტორიით. ადამიანები, რომელთაც ბოლო ორ არჩევნებზე "ქოცებისგან" უამრავი დამცირება შეხვედრიათ უბნებზე სწორედ მელიას ხმების დაცვის გამო. არსებობს ვიდეო, სადაც დოკუმენტურად ჩანს, ტროლებით და ბოტებით როგორ გაიმარჯვა“ მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში, რაც მოწმობს, რომ მელია "ნაცმოძრაობის" არალეგიტიმური თავმჯდომარეა. ჰკითხეთ ნებისმიერს, რამდენად შესაძლებელია პატიოსანი არჩევნების ჩატარება ფეისბუკით, რომელზე დასარეგისტრირებლად საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ ახალი ელფოსტის გახსნა! ერთსა და იმავე ადამიანს დღეში რამდენიმე ათეული ახალი იმეილით ამავე რაოდენობის ფეიკფეისბუკ ექაუნთის გახსნა შეუძლია და ზუსტად ამდენჯერვე "ხმის მიცემა". არ მოწმდება არც აი-ფის უნიკალური ნომრები და არც არაფერი მსგავსი, რაც ტექნიკურად გამორიცხავს გაყალბების მექანიზმს. მაშინ რაღას ვერჩით პუტინის ოლიგარქს, თუ მისი მეთოდები ჩვენთვის მისაღებია? ან რომელ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც მელია არჩევნებში თანაპარტიელ კონკურენტსა და მის მხარდამჭერებს­ მტრებად აღიქვამს? ამ ფონზე უდიდეს თვალთმაქცობად ჟღერს მისი უხვსიტყვაობა დემოკრატიასა და ადამიანთა უფლებების დაცვაზე.

აქსიომაა - სუფთა საქმე მხოლოდ სუფთა ხალხითა და სუფთა ხელებით კეთდება.

სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის დროს პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა, საუკეთესო ადამიანები წავიდნენ: ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე, მარიამ გერსამია... ყველაზე პრინციპული, ყველაზე პატრიოტი, ყველაზე კვალიფიციური ხალხი წავიდა და დარჩნენ მელია და მისი თანამოაზრეები. ეჭვი არ მეპარება, რომ პარტიის ხელმძღვანელობაშიც ჯერ კიდევ არის პატრიოტი ხალხი, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან. ასიათასობით გულანთებული პატრიოტი კი ხელმძღვანელობას უყურებს თვალებში და მისგან აქტიურ მოქმედებებს ელოდება. ბევრი ვერც ხვდება, რა მეტამორფოზებს განიცდის პარტია.

- ეს ფაქტები იცოდა მიშამ და ენდო?

- მე არ ვიცი, მიშამ რა იცოდა, მე ვიცი ერთი რამ - საკადრო პოლიტიკა გადამწყვეტი რამაა. სტალინი გარეწარი კი იყო, მაგრამ ჭკვიანი გარეწარი იყო და სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა: "კადრები წყვეტენ ყველაფერს". დიახ, კადრები ყველაფერს წყვეტენ, რადგან "მეფეს ამალა ქმნის", ანუ გარემოცვა, და რაც უნდა ძლიერი და მაგარი იყოს მეფე, თუ ამალა მოწოდების სიმაღლეზე არ არის, ის არა მარტო მეფეს გადაიყოლებს, არამედ მის ნაკეთებ საქმეებსაც ნაცარტუტად აქცევს. სწორედ ამიტომ ჰყავდა დავით მეოთხეს მრჩევლად დიდი ჭყონდიდელი, ალექსანდრე მაკედონელს კი არისტოტელე. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რამდენად პრინციპულ, ერთგულ და საქმისადმი თავდადებულ გარემოცვას შემოიკრებს ლიდერი. ჩვენს შემთხვევაში ასე რომ ყოფილიყო, საქართველო ჯერ კიდევ 2016 წელს გაითავისუფლებდა თავს რუსი ოლიგარქის მარწუხებიდან, სააკაშვილს კი ციხეში თავისი ფეხით წასვლა და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა არ მოუწევდა. შარშან გლდანის ციხეში გულყრის შემდეგ მიშა პარტიის ლიდერშიპის ხელიდან მკვდარი იყო, მის პირად ექიმს და შემდეგ სახალხო დამცველს რომ არ ეაქტიურათ და გორში არ გადაეყვანათ. სხვათა შორის, 2012 წელიც დიდწილად საკადრო პოლიტიკის შედეგი იყო, ისევე როგორც 2016 წელი და ბოკერიას მიერ პარტიის გაყოფა. იქნებ მოვიდა დრო, დავასრულოთ ეს მავნე კარუსელი? ჩემი აზრით, უკრაინიდან ჩამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილს პარტიაში უნდა დაელაგებინა საქმე, პრინციპული ხალხი დაეყენებინა პარტიის სათავეში და არა კონფორმისტები, რომელთაც კარიერისა და კომფორტის იქით სხვა ინტერესი არა აქვთ. ელემენტარულია - ვისაც მხოლოდ სკამები აინტერესებს, რაში აწყობს მიშას ციხიდან გამოსვლა? ხომ აირევა კარგად "დალაგებული პარტიული ვერტიკალი? ამიტომაც ვთვლი, რომ ბიძინაზე მეტად ნიკა მელიას ეშინია საქართველოში მიშას თავისუფლებაზე ყოფნის, მელიას, რომელიც გამუდმებით ამბობს, რომ "ხალხში მუხტი არ არის", რაც მტკნარი სიცრუეა და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ყველაფერი ქართველ ხალხს დაჰბრალდეს - მელიას კონფორმიზმიც და ივანიშვილის რეჟიმთან დე ფაქტო კოლაბორაციაც. თუმცა ცხადია, მელია მარტო არაა, მას ზურგს კოლექტიური მელიები უმაგრებენ და სწორედ ესაა შეთქმულება საქართველოს ხალხისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მე ხუთი წელი არ ვარღვევდი დუმილს, რათა ბიძინას და სუს-ის წისქვილზე წყალი არ დამესხა, მაგრამ დრომ და განსაკუთრებით სააკაშვილის დაბრუნებამ რენტგენივით გააშუქა არა მარტო ზოგადად ე. წ. პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უპრინციპობა, თავკერძაობა და ანგარება, თავად ოდესღაც სახელოვანი "ნაცმოძრაობის" პარტიაც.

ბევრი რამ სწორედ ბოლო თვეებში გავიგე და იდიოტი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო ის, რაც ზედაპირზე დევს. ჩვენ იმასაც კი შეგვაგუეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს უახლესი­ და არა მხოლოდ უახლესი ისტორიის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, აგერ, ჩვენ გვერდზე უკანასკნელი კრიმინალივით ციხეში ზის და ჩვენ ვითომც არაფერი, ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას - ეს სამარცხვინო ფაქტიც კი რუტინად აქციეს და შეგვაგუეს!

- ვინ შედის ამ კოლექტიურ მელიებში?

- არ ვიცი. დღევანდელ პოლიტსაბჭოშიც არის წესიერი და მოტივირებული ხალხი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში­ ხელოვნურად და ვეჭვობ, გამიზნულად, მელიას ისეთი კულტი შეიქმნა, რომ არავის ხმა აღარ ისმის. მიშას ლანძღვა მოსულა, ბიძინას ლანძღვა მოსულა, პატრიარქისაც მოსულა, მაგრამ აბა, სცადეთ მელიას ლანძღვა კი არა, სამართლიანი და ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა, მაშინვე სენსაციად იქცევა, როგორც ჩემი ამასწინანდელი სატელევიზიო ინტერვიუს შემთხვევაში.

და ბოლოს, ვერ გავიგე, შევარდნაძის დროინდელი სუს-ის გამომძიებელი რატომ უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, მიშას პარტიის თავმჯდომარე, რომლის ნებაზეც ჩემი, თქვენი, ჩვენი ყველას, სამშობლოს ბედია დამოკიდებული?!

დაძველდა და გაცვდა "ხმა არ ამოვიღოთ,­ ახლა ამის დრო არაა, ბიძინას და სუს-ის წისქვილზე წყალი არ დავასხათ" და მსგავსი­ მანტრები. ბიძინას წისქვილი კი საქართველოს მომავალს ბევრად უფრო სასტიკად ფქვავს, ვიდრე ორი, სამი და ხუთი წლის წინ ფქვავდა. გამოდის, პრობლემის მიჩუმათება გამოსავალი კი არა, უფსკრულისკენ კიდევ უფრო აჩქარებული სვლაა. ხმის ამოღების დრო ნეტავ როდისღა მოვა?

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავითავისოთ, რომ ნებისმიერი ინსტიტუცია თუ პოლიტიკური პარტია მხოლოდ ინსტრუმენტია მოქალაქეთა ხელში, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში და თუ რომელიმე რგოლი ხალხს წყდება და საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნების რეჟიმში იწყებს მუშაობას, ის რგოლი ან სამკურნალოა, ან ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, რადგან არ არსებობს პარტია პარტიისთვის და საქართველოს სახელმწიფოს ცნება ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი პარტია, მისი ლიდერი თუ ნებისმიერი დაჯგუფება. გამარჯვებამდე კი მხოლოდ სიმართლის გზა მიგვიყვანს.

რუსა მაჩაიძე