"მოსკოვს უკრაინის სათავეში პრორუსი ლიდერის მოყვანა სურს“ - კვირის პალიტრა

"მოსკოვს უკრაინის სათავეში პრორუსი ლიდერის მოყვანა სურს“

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს ახალი ბრალი დასდო. მათი განცხადებით, კრემლს უკრაინის სათავეში პრორუსი ლიდერის, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატის, ევგენი მურაევის მოყვანა სურს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ "გამოქვეყნებული ინფორმაცია ნათელს ჰფენს რუსული საქმიანობის მასშტაბებს, რომელიც უკრაინისკენაა მიმართული და გვიქმნის წარმოდგენას კრემლის ჩანაფიქრზე“.

ლიზ ტრასის განცხადება შეაფასეს მოსკოვშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდეს.

"ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატოს ქვეყნები ანგლოსაქსების ხელმძღვანელობით ქმნიან ესკალაციას და დაძაბულობას უკრაინის ირგვლივ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სიცრუის ტირაჟირება და კონცენტრაცია მოახდინოს მონღოლ-თათრული უღლის ისტორიის შესწავლაზე“, - ირონიზირებს რუსული მხარე.

ვინ არის ევგენი მურაევი?

ევგენი მურაევი უკრაინის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატია. 45 წლის პოლიტიკოსი იმ პარტიის ყოფილი წევრია, რომლის ხელმძღვანელიც ადრე ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო. ახლა ის პარტია „ჩვენების“ ("НАШИ") ლიდერია.

muraevi-1642935381.jpeg

2019 წელს მურაევი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა კანდიდატურა ალექსანდრ ვილკულის სასარგებლოდ მოხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მის მფლობელობაშია ტელეარხი NewsOne, შემდეგ კი "НАШИ"-ც დააარსა.

მურაევი ხშირად გამოდიოდა უკრაინის ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და ქვეყნის ნეიტრალიტეტის წინადადებით.

2018 წლიდან მის წინააღმდეგ რუსული სანქციებიც ამოქმედდა. მურაევი ამ სანქციებს პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკთან კონფლიქტს უკავშირებს, რადგან მედვედჩუკს პუტინის მხარდამჭერად მიიჩნევენ.

„იქ ჩემი ოჯახის აქტივისტები დააპატიმრეს. ბრიტანული სპეცსამსახურები და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს როგორ უთავსებს იმ აზრს, თითქოს რუსეთს სურს "ოკუპირებული ხელისუფლების“ მეთაურად მე დამნიშნოს, ამას ბატონ ბინს ვეკითხები“ - ასე უპასუხა უკრაინელმა პოლიტიკოსმა ბრიტანეთის მხარის გაჟღერებულ ინფორმაციას.

ხალხი იანუკოვიჩის გარემოცვიდან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოსებთან კავშირი კვლავ აქვთ. ბრიტანელები ამ ადამიანთა რიცხვში იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს, სერგეი არბუზოვს ასახელებენ, რომელიც 2014 წელს პრემიერის სავარძელსაც იკავებდა. სიაში მოხვდა ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი 2010-12 წლებში ანდრეი კლუევი და ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელიც.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, „ზოგიერთ პრორუს პოლიტიკოსს რუსეთის დაზვერვის იმ ოფიცრებთანაც აქვს კავშირი, რომლებიც ახლა უკრაინაზე თავდასხმის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობენ“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხარემ უკრაინის საზღვართან ახლოს 100 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზება მოახდინა. ნატოს წევრი ქვეყნები და დასავლელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სამხედროების უკრაინის საზღვართან გადასროლა, უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური შეჭრის გეგმას ემსახურება.

დასავლური ქვეყნები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მასშტაბური სანქციებით ემუქრება.

"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ესკალაცია, აგრესიული კამპანია და დეზინფორმაცია, ის დიპლომატიის გზით უნდა წავიდეს - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - როგორც ბრიტანეთმა მის პარტნიორებთან ერთად არაერთხელ აღნიშნა, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ნებისმიერი სახის შეჭრა, დიდი სტრატეგიული შეცდომა იქნება, რის გამოც მოსკოვს დიდი ფასის გადახდა მოუწევს“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. (წყარო)