"ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რა კომენტარებს გააკეთებს "ოცნება“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რა კომენტარებს გააკეთებს "ოცნება“

"ჩვენი უპირველესი მიზანია "ოცნება“ დემოკრატიული არჩევნებით დავამარცხოთ“

"საბოლოოდ გაცხადდა, რომ პარტია "საქართველოსთვის" დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" არა მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა", - ასეთი "ვერდიქტი" გამოუტანა მმართველმა გუნდმა გახარიას პარტიას მას შემდეგ, რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი კორნელი სალია აირჩიეს. მმართველი გუნდის ლიდერების ვერსიით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დე ფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული და ხელისუფლების წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მოქმედებდნენ. ხელისუფლების ბრალდებას პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი პასუხობს:

- ეს არის თავიდან ბოლომდე შეთქმულების თეორია, რომელზე საუბრითაც ხელისუფლება ცდილობს რეალურ პრობლემებზე ლაპარაკს თავი აარიდოს. მაგალითად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად არათუ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, ადეკვატური განცხადებაც არ გაუკეთებია. უმძიმესი, პრაქტიკულად უმართავი სიტუაციაა პანდემიის მართვაშიც, თუმცა არც მახსოვს პრემიერმა ამის შესახებ ბოლოს როდის ისაუბრა. არაფერს ამბობენ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაზე. ერთადერთი, რაზეც ხელისუფლება რეაგირებს, სააკაშვილის განსასჯელის სკამიდან გაკეთებული განცხადება ან ფეისბუკპოსტია. როგორც ჩანს, პრობლემებზე საუბრის თავიდან ასარიდებლად ეს კარგი ხერხია. ძალიან სასაცილოა ყოველ ჯერზე სოზარ სუბარის სცენაზე გამოყვანა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სისტემურ კოალიციას არავისთან არ ვქმნით.

რაც შეეხება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ჩვენ "ოცნებასაც" შევთავაზეთ, რომ პარტიული ინტერესები დროებით მაინც გვერდზე გადაედო და მოქალაქეების ინტერესების გულისთვის კომპრომისზე წასულიყო. ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ჩვენი პარტიის წარმომადგენელს დაუჭირა მხარი, სულაც არ ნიშნავს, რომ კრიზისს აღარ ქმნის მუნიციპალიტეტებში. დაახლოებით 7 მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა თქვეს, რომ არც "ოცნებისა" და არც "ნაცმოძრაობის" ხილვა არ სურთ უმრავლესობით. შესაბამისად, მათ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ყველამ ერთად უნდა ავიღოთ. თუმცა ეს ორივე პოლიტიკური ძალა თვეების განმავლობაში უპასუხისმგებლოდ იქცევა, არათანამიმდევრულად და ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებს. არც ერთს არ სურს იმის გააზრება, რომ მოქალაქეებმა­ მათ გარდა სხვა პარტიებსაც დაუჭირეს მხარი. ამ ერთპიროვნული მართვისკენ მიდრეკილი პარტიებისთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა, როგორ შეიძლება ერთდროულად სამმა პარტიამ აიღოს მუნიციპალიტეტის მართვის პასუხისმგებლობა. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რა კომენტარებს გააკეთებს "ოცნება", ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტები იმართებოდეს მოქალაქეების სურვილის მიხედვით. მათ უპირატესობა მიანიჭეს სამ პარტიას და ჩვენ ამ მოცემულობას პრინციპულად დავიცავთ. ჩვენ "ოცნებას" კონკრეტულ თანამ­დებობებს­ - საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებსა­ და კომისიებში წარმომადგენლობას ვთავაზობთ, ამ დროს ისინი იმალებიან. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითად, რუსთავში, საკრებულოს წარმომადგენლებს საკრებულოში არ უშვებენ. წარმოგიდგენიათ, როგორ ქმნიან კრიზისს?! საკუთარ მოქალაქეებს­ უცხადებენ ბოიკოტს.

- "ოცნება" ვერა, მაგრამ, ასე თუ ისე, "ნაციონალების" დაყოლიება მაინც მოახერხეთ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მაინც. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ პოლიტიკურ გუნდთან ან თუნდაც სხვა ოპოზიციურ ძალასთან მომავალშიც გააგრძელოთ თანამშრომლობა?

- ჩვენ დღემდე როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის ორმაგ ცეცხლში გვიწევს გავლა. ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებზეა მორგებული და არა "ოცნებისა" და "ნაციონალების" ვიწროპარტიულ გათვლებზე. "ნაციონალებისთვის" სამყარო სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს. დიდად არ აღელვებთ ინსტიტუციებთან დაკავშირებული პრობლემები. ასევეა "ოცნებაც", საკუთარი პარტიის იქით არც ხალხი ადარდებს და არც სახელმწიფო. ჩვენ ვერც ერთი ვერ დაგვაკომპლექსებს და ვერ შეგვაჩერებს. რაც შეეხება თანამშრომლობას, სისტემურ კოალიციას ყველასთან გამოვრიცხავთ, მაგრამ ყველასთან ვითანამშრომლებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ საკითხებზე.

- ვადამდელი არჩევნების შესახებ როგორია თქვენი აზრი?

- ამ საკითხზე ირაკლი კობახიძის განცხადებები მიუთითებს, რომ ხელისუფლება­ ილუზიაშია. არც "ნაცმოძრაობის" პოზიციას ვიზიარებთ იმის თაობაზე, რომ ვადამდელი არჩევნები დღესვე ან ხვალ უნდა ჩატარდეს. დღეს იმდენად მძიმეა "ოცნების" მდგომარეობა და იმდენად არის დაცლილი პოლიტიკური რესურსისგან, რომ რა ნაბიჯიც უნდა გადადგას და რაც უნდა კეთილშობილური მიზნებით მოქმედებდეს, აღარ ექნება საზოგადოების ნდობა. შესაბამისად, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. გართულებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე აღარაფერს ვამბობ, ინსტიტუციები იმდენად არიან დაქვემდებარებული პარტიულ ინტერესებს, რომ საბაზისო ფუნქციების შესრულებასაც ვეღარ ახერხებენ. მაგალითად, ძალოვანი უწყებები ვეღარ იცავენ მოქალაქეებს. ყოველივე ზემოთქმულის გამო მმართველი ძალა ვეღარ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის თანამიმდევრულ ქმედებებზე - თუ ძველებურად გააგრძელებენ: დღეს შიმშილობას გამოაცხადებენ, ხვალ პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებენ, ზეგ პარლამენტში კომისიას შექმნიან და მერე ისევ ბოიკოტს დააანონსებენ, ამით "ოცნების" წისქვილზე დაასხამენ წყალს. შესაბამისად, ჩვენ ოპოზიციის ასეთ არათანამიმდევრულ ნაბიჯებს ვემიჯნებით. პარტია "საქართველოსთვის" უპირველესი მიზანია "ოცნება" დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხოს და ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობა ამ გზით შეცვალოს.

ხათუნა ბახტურიძე