"კულტურის სამინისტრო სჯის იმას, ვისაც "თავისიანად“ არ მიიჩნევს, და აჯილდოებს იმას, ვინც მათ გუნდრუკს უკმევს“ - კვირის პალიტრა

"კულტურის სამინისტრო სჯის იმას, ვისაც "თავისიანად“ არ მიიჩნევს, და აჯილდოებს იმას, ვინც მათ გუნდრუკს უკმევს“

აკაკი ბაქრაძეს თუ დავესესხებით, ხელისუფლება მწერლების "მოთვინიერებას" ნებისმიერ ეპოქაში ცდილობდა. გამონაკლისი­ არც 21-ე საუკუნის საქართველოა. ქართული მწერლობისა და ჩვენი სამშობლოს პრობლემებზე მწერალ თეონა­ დოლენჯაშვილს ვესაუბრეთ:

- მწერლობის "მოთვინიერებას" სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ. დღეს, როდესაც მწერლების­ ნაწილი თავსაც­ ვერ ირჩენს, ლიტერატურული პრემიებისა და ჯილდოების არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა­ აქვს. გავიხსენოთ, რა მოხდა "ლიტერას" შემთხვევაში,­ როცა კულტურის სამინისტ­რომ ჟიურიში თავი­სი კაცი ჩასვა. მწერლებმა ეს გააპროტესტეს და კონკურსი­ დატოვეს. "ლიტერა" საერთოდ­ მოხსნეს კულტურის სამინისტროს პროექტების სიიდან და მწერლებმა­ ჩვენი, თავისუფალი "ლიტ­ერა" დავაფუძნეთ. ჯერჯერობით ის ხალხის შემოწირულობით არსებობს. ძნელია ამ პირობებში კონკურსის გაგრძელება, თუ მას სახელმწიფო არ დააფინანსებს ან კერძო ბიზნესის ძლიერი მხარდაჭერა არ ექნება.

ამ დღეებში მორიგი შეტევა აკაკი ბაქრაძის შვილზე მიიტანეს: თითი დაუქნიეს ლაშა ბაქრაძეს, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორია და მის ერთ-ერთ გამოცემაში შეცდომა გაიპარა. ხელისუფლებას ერთმა პატარა გაუგებრობამ დაავიწყა უამრავი კარგი საქმე, რაც მას უკეთებია. იციან, ლაშა ბაქრაძე ოპოზიციურად არის განწყობილი და უნდა დაისაჯოს. კულტურის სამინისტრო სჯის იმას, ვისაც "თავისიანად" არ მიიჩნევს, და აჯილდოებს იმას, ვინც მათ გუნდრუკს უკმევს. მე ამ მწერლებისა მესმის, რადგან ზოგიერთი მხოლოდ ჰონორარზე ცხოვრობს. როგორია ცდუნებას გაუძლო მაშინ, როცა შეგიძლია სოლიდური პრემია აიღო?! მადლობა ღმერთს, დღეს არც სტალინი გვყავს და არც გულაგებში გვიშვებენ, მაგრამ რაც შესაძლებელია, იმით გვსჯიან და გვატერორებენ.

- რას ნიშნავს ხელოვანისთვის ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც დევნილი, ომგამოვლილი­ ხალხი გაჭირვების გამო სიცოცხლეს ამთავრებს?

- ჩემს ბოლო წიგნში "ჩიტი არ გამოფრინდება" სწორედ დევნილებზე ვწერ... დევნილმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა! ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? როცა არავინ გისმენს და ადამიანად არ გაღიარებენ, ყველას ფსიქიკა ვერ უძლებს. მე აღარ მინდა ასეთ სამყაროში ვცხოვრობდე! თუ ჯერ აფხაზეთს ვერ ვიბრუნებთ, იმ ადამიანებს მაინც მოვუაროთ, რომლებიც ამდენი წელია გასაჭირში ცხოვრობენ. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, ამ ადამიანებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ ამდენი წლის მერე. თვითონ ჯიბეებს ისქელებენ, პრემიებს ინიშნავენ, მდიდრულ სასახლეებს იშენებენ, დევნილი კი, რომელიც ყველგან უსამართლობის ყრუ კედელს წააწყდა, პროტესტის ნიშნად თავს იკლავს.

- თუმცა გვარწმუნებდნენ, რომ ეს თვითმკვლელობა გაჭირვების ბრალი არ იყო...

- როდის დასრულდება პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და იმის მცდელობა, რომ ქოთანს ყური იმ მხარეს მოაბან, საითაც თავად სურთ?! ნუთუ იმას მაინც ვერ ხედავენ, რამდენი ადამიანი იქექება ნაგვის ყუთებში, რამდენი ათასი ბავშვი შიმშილობს, დედებს შვილები მიტოვებული ჰყავთ და უცხოეთში სხვის შვილებს ზრდიან - ეს არავის­ ბრალი არ არის?! თუკი სიტუაციას ვერ აჯანსაღებ, ეკონომიკას ვერ უვლი, სამუშაო ადგილებს ვერ ქმნი, ლარის კურსს ვერ აჩერებ, ინვესტიციები ვერ შემოგაქვს, არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ ეს ქვეყანა გიყვარს და ნორმალური ხელისუფალი ხარ! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსი ჯარისკაცები ე.წ. საზღვარს სულ უფრო აფართოებენ და ლამის შოვამდე ჩამოვიდნენ.

- როგორ ფიქრობთ, ძალიან ხომ არ გაერთნენ "სისხლიანი ცხრა წლის" ძახილში?

- როგორც ჩანს, ასეა... მაგრამ დღეს მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბეში­ ცხოვრობს, დანარჩენებს ხელფასი გვაქვს და თავი გაგვაქვს. "ქამრების შემოჭერაც" ისე ესმით, რომ ყველაფერი ხალხის მხრებზე უნდა გადავიდეს. ბიუროკრატიულ ხარჯებს და ჩინოვნიკების ხელფასებს კი არ ამცირებენ, გადასახადებს ზრდიან. ისეთ ორგანიზაციებს ურიცხავენ მილიონებს, რომლებიც რეალურად არაფერს აკეთებენ. არჩევნებამდე უფრო გაზარდეს სოციალურად დაუცველთა რიცხვი და ეს ცალკე კოშმარია, რადგან ღატაკი ადამიანი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და მათთვის ყველაზე საიმედო ამომრჩეველია.

- ამ რეჟიმს ის ხალხიც ინარჩუნებს, ვინც "ნაციონალების" შიშით ხმას "ოცნებას" აძლევს.

- ამ ხალხს ცვლილება აშინებს. დიახ, წინა ხელისუფლებას ბევრი რეპრესირებული­ ჰყავს, ამიტომ ვუთხარით უარი და არჩევნების გზით გავისტუმრეთ. მაგრამ "ნაცმოძრაობა" იმ ფორმით, როგორიც ადრე იყო, ვერასდ­როს დაბრუნდება­ და თუ დაბ­რუნდება, იქნება სახეცვლილი, საკუთარ­ შეცდომებზე ნასწავლი ოპოზიციური ძალა, კოალიციურ­ მთავრობასთან ერთად. წინა ხელისუფლებამ სახელმწიფო სახელმწიფოს დაამსგავსა, დასავლურ სტრუქტურებს­ ვუახლოვდებოდით, ახლა კი რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად გადავიქეცით.

- ამას ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლამაც შეუწყო ხელი?

- მე ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვიყავი - ანაკლიის კონსორციუმში­ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსად ვმუშაობდი. ჩემ თვალწინ ჩაიარა ყველა მოვლენამ. ვხედავდი, როგორ დაიწყეს კულუარული ბრძოლა და როგორ შეშინდნენ ჩვენი ინვესტორები, როცა სახელმწიფოს პოზიცია დაინახეს. ასე დავკარგეთ ამერიკელი ინვესტორი და უზარმაზარი თანხა, რომელიც იაპონიის მთავრობას ჰქონდა ჩადებული ანაკლიის დაგეგმარებასა და აშენებაში. არაფერს ვამბობ მუქარის წერილზე,­ რომელიც საკუთარი თვალით ვნახე და წავიკითხე. იმის მოწმეც ვარ, როგორ აასრულეს მუქარა და მოახერხეს პროექტის დამფუძნებლებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება. მავანთა მიზანი მიღწეულია: ანაკლიის პორტის პროექტი ჩაშლილია და საქართველო შავ ზღვაზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი არა აქვს. მხოლოდ ერთი მოძველებული, ძვირად ღირებული ფოთის პორტი გვაქვს და საქართველო, როგორც საზ­ღვაო ქვეყანა, რუკიდან წაიშალა. ეს რუსული თამაში იყო. მათი დაკვეთა შესრულდა: ტამანის პორტი უკვე ააშ­ენეს და ის ტვირთები, რომელთაც ჩვენთვის შემოსავალი უნდა მოეტანა, ახლა იქ შედის. თანხაც რუსეთის ბიუჯეტს ემატება. სწორედ რუსეთს არ სურდა აფხაზეთიდან რამდენიმე კილომეტრში ასეთი მნიშვნელოვანი პორტის და ქალაქის აშენება. ჩვენი გათვლებით, 2020 წელს პირველი გემი უნდა მიგვეღო, სამეგრელოში ათასობით სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო. ეს იყო "საუკუნის პროექტი", რომელიც ეკონომიკური აღმავლობის გარანტია იქნებოდა. იმავდროულად, ის აფხაზეთის გასაღებიც იყო: ვინ იცის, რამდენ აფხაზს სურდა ანაკლიის პორტში მუშაობა.

- ამ პროექტის ჩაშლა პროექტის ავტორებს დააბრალეს...

- დიახ, დააბრალეს მამუკა ხაზარაძეს­, ბადრი ჯაფარიძესა და დამფუძნებლებს, იმ ხალხს, რომელმაც პროექტში 75 მილიონი ჩადო და ეს ფული დაკარგა. მერე აბსურდული მუხლი მოიგონეს, რომ სამი წლის განმავლობაში მათი სასამართლოში ტარება გაემართლებინათ - თაღლითობა. თაღლითობა მხოლოდ მაშინ მტკიცდება, როცა დაზარალებული არსებობს. ამ საქმეში კი დაზარალებული არ არის. ეს იურიდიული ნონსენსია. ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობდა, მსგავსი რამ პირველკურსელმა რომ დამიწეროს, ნიშანს არ ვაღირსებო.

დღეს ბიუჯეტი ემიგრანტი ქალების შემოტანილი თანხით ივსება. როცა ხალხი კარტოფილზე აღარ გაიყიდება და ხმას სინდისის კარნახით მისცემს, სანამ ჩვენ არ ავიღებთ ხელში ამ ქვეყნის სადავეებს, ყოველთვის მონები ვიქნებით და ემიგრაციაში წასული დედების ხარჯზე ვიცხოვრებთ. გინდათ თავისუფლება­ მონობაში გაცვალოთ? სულ ასე იქნებით! გინდათ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება? გროშებზე ნუ გაიყიდებით - ეს არის ჩემი სათქმელი!

ხათუნა ჩიგოგიძე

ასევე დაგაინტერესებთ:

"არ მომწონს ასეთი ხისტი, პოლიციური მიდგომა!" - პოლიტიკური შეუთავსებლობა თუ მიუღებლობა თეა წულუკიანის მიმართ

"კულტურული მემკვიდრეობა ის სივრცე არ არის, სადაც შეიძლება სპეციალისტები "სასურველებად" და "არასასურველებად" დაჰყო"