ოსმალეთის მზეთუნახავი ქართული ფესვებით - კვირის პალიტრა

ოსმალეთის მზეთუნახავი ქართული ფესვებით

სოციალურ ქსელში ვრცელდება ოსმალეთის ქართველი პრინცესას, შადიეს (შადიე ჩურუქ სულუს) ფოტო. ამU ულამაზესი ქართველი ქალის სილამაზე ერთდროულად სევდასა და სიამაყეს აღვიძებს. ვინ იყო პრინცესა შადიე და როგორ აღმოჩნდა ოსმალეთის სულთანთა დინასტიის კარზე, ამის შესახებ დადასტურებული ცნობები არ მოიპოვებოდა. რომ არა ქართველი ისტორიკოსი მანანა ხომერიკი და მისი მეგობრები, მათი საიმპერატორო უმაღლესობა თურქეთის პრინცესები ირინა და ნილუფერი, შადიეს საიდუმლოს ფარდა, ალბათ, არასოდეს აეხდებოდა. ქალბატონი მანანა იმერეთის ბაგრატიონთა ისტორიაზე მუშაობს. ის თვითონაც მათი შთამომავალია.

- ქალბატონო მანანა, სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, ბაგრატიონთა ყველა შტოს შთამომავალთან გაქვთ ურთიერთობა. როგორ დაიწყო ეს ამბები მაშინ, როცა საქართველოში ბაგრატიონთა ხსენებაც კი აკრძალული იყო?

- ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ მარიამ ბაგრატიონი - მეფე ერეკლეს­ ქალიშვილის, ქეთევან ბაგრატიონის შვი­ლთაშვილი. 8 წლის ვიყავი, როდესაც დედამ გამაცნო და მას შემდეგ ვმეგობრობდით, მიუხედავად იმისა, რომ მარიამ ბაგ­რატიონი რამდენიმე ათეული წლით უფროსი იყო ჩემზე. მერე ის ჩემი უფროსი­ შვილის ნათლიაც გახდა. ამ ადამიანმა ურთულესი ცხოვრება განვლო. რვა წელიწადი მაგადანში, გადასახლებაში გაატარა. იშვიათად მინახავს მასსავით ნათელი სულის ადამიანი. 1930 წელს მარიამს მამა დაუპატიმრეს და მთელი ოჯახი საფრთხეში აღმოჩნდა (მარიამის და-ძმა იყვნენ ირაკლი და ლეონიდა ბაგრატიონები), თუმცა, როგორღაც შეძლეს უცხოეთში გაღწევა, სხვათა შორის, რუსი მწერლის, მაქსიმ გორკის დახმარებით, მაგრამ მარიამმა უცხოეთში­ ვერ გაძლო და 1934 წელს მარტო დაბრუნდა საქართველოში. რაღა თქმა უნდა, დაბრუნება ტანჯვად ექცა. 1948 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს, მიზეზი უცხოეთში მისი ოჯახის ურთიერთობები იყო. მისმა ძმამ, ირაკლი ბაგრატიონმა ესპანეთის ინფანტაზე იქორწინა, მისი და ლეონიდა კი რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურს გაჰყვა ცოლად. როდესაც მარიამს უცხოეთში წასვლისა და თავისიანების ნახვის ნება დართეს, მეც თან წამიყვანა. 1989 წელს მის დასთან, ლეონიდასთან პარიზში­ ვიყავით, 1990 წელს - მადრიდსა და მალაგაში. ასე გავიცანი ემიგრანტი ბაგრატიონები და ალბანეთის დედოფალი ჟერალდინ ალბანელი, რომელიც საოცარი პიროვნება აღმოჩნდა.

- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ თქვენზე უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა არისტოკრატიამ?

- ისინი იყვნენ დიდებულად უბრალოები! ასეთი იყო თავად მარიამ ბაგრატიონიც. მახსოვს დრო, როდესაც­ თბილისში­ ოთახის ყვავილს, ბალბას, რატომღაც მეშჩანობის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ­, მან კი ყველას დასანახავად ბალბა ფანჯრის რაფაზე გადმოდგა. არასდროს აინტერესებდა, ვინ რას იტყოდა. ასეთი იყო ლეონიდაც.A არასოდეს დამავიწყდება მისი სითბო ადამიანების მიმართ. მახსოვს, როგორ ხვდებოდა დამლაგებელს, როგორი სიყვარულით მოიკითხავდა მისი ოჯახის წევრებსაც...

1992 წელს, როდესაც მარიამ ბაგრატიონი გარდაიცვალა, მისმა ოჯახმა­ უცხოეთიდან დამირეკა და დაკრძალვის ორგანიზება მთხოვა. მე მაშინვე წავედი საპატ­რიარქოში, ვესაუბრე კათალიკოს-პატრიარქს,­ რომელმაც მარიამ ბაგრატიონის სვეტიცხოველში დაკრძალვის ნება, ფაქტობრივად, საუბრისთანავე მომცა. ამის შემდეგ მარიამის ძმისშვილი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში. 2005 წელს მასთან ერთად თურქი პრინცესა ირინა და მისი ქალიშვილი ნილუფერი ჩამობრძანდნენ. მათი ჩამოსვლის მიზეზი ქართული ფესვები იყო - საქართველოს ნახვა და გაცნობა უნდოდათ...

- თურქი პრინცესები ქართული ფესვებით... ამ ისტორიის მიღმა კი რთული წარსულია...

- ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაგრძელებაა და იმ ურთულესი, სისხლიანი გეოპოლიტიკური ვითარების, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. როდესაც მისმა საიმპერატორო უმაღლესობამ, პრინცესა ირინამ მითხრა, რომ მისი ბებია ეკატერინე გურამიშვილი იყო, მაშინვე ჩავეკითხე, თქვენ სტაროსელსკაია ხომ არ ბრძანდებით-მეთქი? სახე გაუბრწყინდა, მიხვდა, რომ მისი წინაპრების ისტორიას კარგად ვიცნობდი. ეკატერინე­ გურამიშვილი საგურამოელი თავადის, თადეოზ გურამიშვილის ასული გახლდათ, და ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილისა და რუსი მაღალჩინოსანი გენერლის, დიმიტრი სტაროსელსკის ცოლი.

- მეცხრამეტე საუკუნის ქართველი არისტოკრატი ქალბატონები რუს მაღალჩინოსნებზე ხშირად ქორწინდებოდნენ.

- დიახ, ასე იყო. თავად დიმიტრი სტაროსელკის, ეკატერინეს მეუღლეს, საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება ჰქონდა. სტაროსელსკი ჯერ ბაქოს გუბერნატორი, შემდეგ კი ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი გახლდათ, რის გამოც საიმპერატორო სახლზე­ დიდი გავლენა ჰქონდა. სწორედ სტაროსელსკის დახმარებით დააარსა ქართველობამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თორემ ამის უფლებას­ მათ რუსეთი არ აძლევდა. გენერალ სტაროსელსკის ქართველი ცოლი და შვილ­ები ჰყავდა­, საქართველოში ცხოვრობდა და აქვე დაიკრძალა კიდეც. ეკატერინესა და დიმიტრი სტაროსელსკებს ცხრა შვილი ჰყავდათ, ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. მისი შთამომავლები იყვნენ ამერიკელი გენერლები ოთარ და ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილებიც. პრინცესა ირინა სტაროსელსკაია საფრანგეთში დაიბადა და იქვე დაქორწინდა ასევე ემიგრანტ ოსმალეთის პრინცზე, სახელად ბურგან ედ-დინზე­. სწორედ ამ ქორწინების შედეგად დაიბადა პრინცესა ირინას ქალიშვილი, მისი საიმპერატორო უმაღლესობა ნილუფერი. ოსმალეთის პრინცი ოსმალეთის უკანასკნელი სულთნის შვილიშვილი გახლდათ მამის მხრიდან, დედამისი კი სწორედ ის შადიე იყო, რომლის სილამაზემ სოციალური ქსელი აღაფრთოვანა. მისი სრული სახელია შადიე ჩურუქ სულუ.

- როგორც ქართველები ვამბობთ, ამ ქორწინებაში, ალბათ, "სისხლმა სისხლი მოძებნა": პრინცესა ირინას ქართველი ბებია ჰყავდა,­ პრინცს კი - ქართველი დედა...

- დიახ. სხვათა შორის, აქვე მინდა განვმარტო, რატომ აქვთ ოსმალეთის სულთნებს ტიტული "საიმპერატორო უმაღლესობა". როგორც პრინცესა ირინამ მითხრა, ოსმალეთის არისტოკრატიას ეს ტიტული მას შემდეგ მიენიჭა, რაც მათ უნგრეთი დაიპყრეს. თუმცა თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადებისა და ათა თურქის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 1924 წელს, სულთანთა მთელი სახლეული მატარებელში ჩასვეს და სამშობლოდან განდევნეს. ოსმალეთის არისტოკრატია ევროპისაკენ თუთიყუშებითა და ძიძებით დაიძრა, ოსმალეთში კი აურაცხელი სიმდიდრე დატოვა...

თავად შადიე ქობულეთელი ფაშას,­ ფაჰრი თავდგირიძის ქალიშვილი გახლდათ­. როგორც ცნობილია, ოსმალეთმა 1547 წელს ჭანეთი და აჭარა დაიპყრო და აქაური დიდებულებიც საუკუნეთა მანძილზე ფაშებად იქცნენ, რწმენა შეიცვალეს და სულთნების სამეფო კარს დაუახლოვდნენ, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ბევრ მათგანს იდენტობა არ დაუკარგავს. სავარაუდოდ, შადიეს ქორწინება სულთანთა სახლისა და მამამისის დაახლოებამ განაპირობა. შადიეს მეუღლე პარიზში ჩასვლიდან მალევე,­ 1929 წელს გარდაიცვალა და ნიცაშია დაკრძალული. მოგვიანებით ქვრივი­ შადიე ამერიკელ მაღალჩინოსანს გაჰყვა ცოლად და შვილს მასთან ერთად ზრდიდა. 1984 წელს, უკვე ასაკოვანმა, სტამბოლში დაბრუნება გადაწყვიტა, სურდა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბავშვობის ადგილებში­ გაეტარებინა.

- ესე იგი პრინცესა ირინას ქალიშვილს, ნილუფერს მამის მხრიდანაც ქართული ფესვები ჰქონია და დედის მხრიდანაც.

- დიახ. ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ ორ კეთილშობილ პრინცესას, რომლებიც დღეს ჟენევაში ერთად ცხოვრობენ, დედაშვილობის, არისტოკრატიზმისა და ქართული ფესვების გარდა, ქველმოქმედების სიკეთე აერთიანებთ. საქმე ის არის, რომ ნილუფერს 2000 წელს ერთადერთი ქალი­შვილი, 15 წლის ტატიანა გარდაეცვალა. მას შემდეგ შვილის სახელზე ქველმოქმედებას ეწევა. ის ერთადერთი ადამიანია ოსმალთა დინასტიიდან, რომელსაც თურქეთის მთავრობამ პასპორტში ოფიციალურად ჩაუწერა თურქეთის პრინცესას სტატუსი, ვინაიდან პრინცესა ნილუფერი არაერთ თურქ ბავშვს დაეხმარა, თუმცა არამხოლოდ თურქებს­ - იტალიაში ბავშვების გადარჩენისთვის ირინა და ნილუფერი იმ მედლით დააჯილდოეს, რომელიც დედა ტერეზასაც ჰქონდა. პრინცესებმა უდიდესი დახმარება გაუწიეს საქართველოში უდეს მონასტერთან არსებულ სკოლას, რომელსაც იმხანად­ არანაირი სახსარი არ გააჩნდა. პრინცესა ნილუფერმა თავის ცხოვრებაზე წიგნიც დაწერა, რომელშიც მეც მომიხსენია. დედა-შვილი საქველმოქმედო წვეულებებს აწყობს და დიდ თანხას აგროვებს. აქ არა მხოლოდ მსოფლიოს პრინცებსა­ და პრინცესებს იხილავთ, არამედ მსოფლიოში ცნობილ სხვა ადამიანებსაც.

სტამბოლის ერთ-ერთ ფეშენ კვირეულზე თავადაც გახლდით მიპატიჟებული, სადაც გავიცანი ძალიან საინტერესო მხატვარი გერმანიიდან, სახელად ფაიზი. ის პრინცესების ნათესავი აღმოჩნდა შადიეს მხრიდან. მისი ბაბუა სწორედ შადიეს მამის, ფაჰრი ფაშას ძმა, ალი ფაშა იყო. ალი ფაშა ჩურეკ­ სუდან გახლდათ, გვარად თავდგირიძე.M მხატვარს ამ გვარის­ წარმოთქმა გაუჭირდა, რამდენჯერმე წარმოთქვა: "თავდგი, თავდგი", ამიტომ მე შევეშველე, თავდგირიძეები ყოფილხართ, ჩურეკ სუ კი ქობულეთია-მეთქი. ქობულეთს ძველად სწორედ ასე ერქვა.

- უნებურად მახსენდება მუხრან მაჭავარიანი: "შენ, სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო"...

- დიახ, ასეა. მაგრამ მძიმე ისტორიები მხოლოდ ჩვენი ერის ცხოვრებაში არ გვხვდება. ისინი მეტ-ნაკლებად ყველა ხალხის ცხოვრებაშია. მთავრია, ვინ როგორ გადარჩება და როგორ გააგრძელებს ისტორიას. სასიამოვნოა, როდესაც მათ საკუთარ ფესვებთან სიახლოვე სურთ. ეს ამტკიცებს ადამიანის ფესვების უკვდავებას.