ჯოჯოხეთას ხეობის უცნობი ეკლესია - კვირის პალიტრა

ჯოჯოხეთას ხეობის უცნობი ეკლესია

ზოგი ამბობს, ღვთისმშობლის სახელობისაა და რესტავრაცია მე-16 საუკუნეში ჩაუტარდაო. სახურავი უკვე ჩამოქცეული აქვს და ზედ დაახლოებით ასმეტრიანი ნაძვი დგას, თვითონ ეკლესიაშიც მრავალწლოვანი წიწვოვანი მცენარეებია ამოსული. ეკლესია მთლიანად და შესასვლელი ნაწილობრივ დაფარულია მიწით და ნაშალით...

თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მორიგი საველე გეოდეზიური სამუშაოს დროს ძველისძველი ისტორიული ძეგლი აღმოაჩინეს - ჯოჯოხეთას ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევიდან 4 კმ-ში, მდ. ტანის (თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა, მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა შენაკადის ჯოჯოხეთას ხევში, ჯემუღის ქედზე, ზღვის დონიდან 1485 მეტრზე მდებარეობს. როგორც ამბობენ, ეკლესია დარბაზულია, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მინაშენი. ძეგლი მთლიანად, ხოლო ეკლესიის შესასვლელი ნაწილობრივ, ჩაფლული და დაფარულია მიწით და ნაშალით. ახლო მომავალში მის შესწავლას დაიწყებენ. გვესაუბრება გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დიმიტრი­ ქართლელიშვილი:

- ჩვენი დეპარტამენტი საველე გეოდეზიურ სამუშაოს აწარმოებს და სამხედრო­-ტოპოგრაფიულ რუკებს ადგენს. საველე მუშაობის დროს ძნელად მისადგომ ადგილებში ვაწყდებით ისეთ ძეგლებს, რომლებიც ხალხისთვის უცნობია. ისტორიული ძეგლების იდენტიფიცირება ძნელია, რადგან დაფარულია ხემცენარეებით. ასე მივაგ­ენით გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობნევთან ერთ ძეგლს. იმ ადგილს მდინარე ჯოჯოხეთას ხევს ეძახიან. რატომ ჰქვია­ ასე, არავინ იცის. ეკლესია ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კაპიტანმა ზვიად თურმანიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე მუმლაძემ, წლი-ნახევრის წინ აღმოაჩინეს. ახლახან სამივენი ხელმეორედ ავედით ხეობაში, წავიღეთ ფოტოაპარატი, დავასურათეთ ძეგლი, დავადგინეთ ლოკაცია და კოორდინატები და რა ინფორმაციაც მოვიპოვეთ, გარემოს დაცვის, ძეგლთა დაცვის სამსახურსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტს გადავეცით.

- ვისი სახელობისაა ეკლესია ან რომელი საუკუნის უნდა იყოს?

- ზოგი ამბობს, ღვთისმშობლის სახელობისაა და რესტავრაცია მე-16 საუკუნეში ჩაუტარდაო. სახურავი უკვე ჩამოქცეული აქვს და ზედ დაახლოებით ასმეტრიანი ნაძვი დგას, თვითონ ეკლესიაშიც მრავალწლოვანი წიწვოვანი მცენარეებია ამოსული. ეკლესია მთლიანად და შესასვლელი ნაწილობრივ დაფარულია მიწით და ნაშალით. ჯოჯოხეთას ეკლესია ორნავიანი უნდა იყოს, ძეგლთა დაცვის სპეციალისტი არა ვარ და ზუსტად აღწერას ვერ ვახერხებ. მოპოვებული ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ რესტავრატორ-არქიტექტორ ნოდარ მინდორაშვილს და ხელოვნებათმცოდნე თამაზ დვალს. ძეგლის გარშემო ნასახლარებიც უნდა იყოს. ძეგლის ზედა ნაწილი აგურებით არის დაშენებული, ხელოვნებათმცოდნის აზრით, დაახლოებით მე-16 საუკუნეში. აქაურობა ბაღვაშების სამფლობელო ყოფილა და უფრო ძველი უნდა იყოს.

- ფრესკის კვალი თუ ჩანს?

- წვიმამ და მზემ ჩამორეცხა ყველაფერი­. თუ გათხრები ჩატარდა, ეკლესია სიმაღლეში უფრო მოიმატებს და სრულად გამოჩნდება ძეგლის პროპორციები. შესაძლოა იმ ტერიტორიაზე საფლავის ქვებიც იყოს, ნასახლარებიც...

- სხვა უცნობი ისტორიული ძეგლები თუ შეგხვედრიათ ხეობაში?

- ხეობა მდიდარია ასეთი ძეგლებით, იქ უამრავი ეკლესია-მონასტერია. ჩვენ ბევრი სხვა სამონასტრო კომპლექსიც ვნახეთ. მხოლოდ ისტორიული ძეგლები არ იგულისხმება, ლაპარაკია ბუნების ძეგლებზეც, რომლებიც შეიძლება ბუნების ძეგლთა შემადგენელი ნაწილები იყოს. ასეთივე აღმოჩნდა მდინარე ვერეს მარცხენა შენაკადის აუზში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის რესტავრაცია დაიწყო. ეს არის საკმაოდ დიდი ტაძარი, რომელიც ღვარცოფულ და მეწყრულ მასაშია ჩაფლული.

ყველა ამგვარი ინფორმაცია ჩვენს სამხედრო-ტოპოგრაფიულ რუკებზე აისახება. ჩვეულებრივ, სამხედრო-ტოპოგრაფიულ რუკებზე ასეთ ძეგლებს არ აღნიშნავდნენ, ან თუ აღნიშნავდნენ, ნანგრევის ტოპოგრაფიულ ნიშანს მიუსადაგებდნენ. ჩვენი სამსახურის ინიციატივით სამხედრო-ტოპოგრაფიულ რუკებზე ყველა ასეთი ისტორიული ძეგლი იქნება აღნიშნული. ბევრი მსგავსი ძეგლი გვინახავს ჯავახეთში, სადაც ქართულენოვანი მოსახლეობა არ არის. იქ უამრავი ქართული­ ტაძარია, რომლებიც არც ერთ აღწერაში არ არის მოხსენიებული და არც რუკებზეა დატანილი, არც ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. დეპარტამენტში ტრადიციადაა ქცეული - უქმეებზე პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძის ხელმძღვანელობით გასვლებს ვაწყობთ. სამხედრო-პატრიოტული აღზრდისთვის ყველა სამსახურში უნდა დამკვიდრდეს ასეთი ტრადიცია. თითოეულ გასვლას უნდა ჰქონდეს ზოგადეროვნული­ მნიშვნელობა, უნდა აღირიცხოს ყველაფერი. თან მიგვაქვს ტომრები და დაბინძუ­რებულ გარემოსაც ვასუფთავებთ. ეს წესი ბატონმა ნოდარმა დაამკვიდრა. კაპიტან ზვიად თურმანიძეს თანამშრომლებთან ერთად მთელი საქართველო ფეხით აქვს მოვლილი. ცდილობს პატრიოტული საქმე აკეთოს და ჩვენ მაგალითს გვაძლევს.

P.S. ნოდარ ხორბალაძემ თედო გორგოძესთან ერთად პირველად საქართველოში გამოსცა ოფიცრის ატლასი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეროვნული პრემია მიენიჭა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.