"საიდანაც მოვედი, იქვე მინდა - მიწის ყივილი“
"იმის თქმა, თითქოს ჩვენ საქართველოსთვის დაკარგულები ვართ, ძალიან მწყინს. ბევრი ემიგრანტი სწორედ თავის წარმატებით ცდილობს ქვეყანას გამოადგეს და მასთან კავშირი არ გაწყვიტოს“
თეკლა შარვაშიძე 3 წლის იყო, როცა მშობლებმა ავსტრიაში ცხოვრება გადაწყვიტეს. ახალ გარემო პირობებს ადვილად შეეგუა, სამშობლოში კი 11 წლის შემდეგ დაბრუნდა. თეკლა ამჟამად 22 წლის არის და ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტერნაციონალური ბიზნესადმინისტრაციის ფაკულტეტზე სწავლობს. 2018 წლიდან არის Sag’s Multi! / Konnex Alumni-Club-ის პროექტების მენეჯერი და საბჭოს წევრი. ქართულის გარდა კიდევ სამ ენაზე ლაპარაკობს, სწავლობს და ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს, ასევე კარგად მღერის, ცეკვავს, ხელსაქმე ეხერხება და ულამაზეს აქსესუარებსაც ქმნის.
- დავიბადე ქუთაისში. 2002 წლიდან ვცხოვრობ ავსტრიაში, ვენაში. მყავს ერთი და, 18 წლის. მშობლები ფიქრობდნენ, რომ მალე დაბრუნდებოდნენ უკან, მაგრამ ვერ მოხერხდა. დედა ექთანია, მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს, მამა - საერთაშორისო მუზეუმში. ბაღში ჩემი თანატოლებისგან სწრაფად ვისწავლე გერმანული. სკოლაში რომ მივედი, უკვე კარგად ვლაპარაკობდი და ყველაზე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. არ არის იოლი სამშობლოს მიტოვება. არც ჩემი მშობლებისთვის ყოფილა ადვილი. ხუთი წელი კარიტასში, ანუ თავშესაფარში ვიცხოვრეთ. ოთხივე ერთ ოთახში ვიყავით, მაგრამ, სირთულეების მიუხედავად, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მშობლები ცდილობდნენ, პრობლემები ჩვენ არ შეგვხებოდა.
საბუთების მოლოდინში გავიდა 11 წელი და პირველად 2014 წელს ჩავედით საქართველოში. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ამდენი წლის მერე ყველა მონატრებული ადამიანი ვნახე. ვცდილობთ, ყოველ ზაფხულს ჩამოვიდეთ. დედ-მამა ყოველთვის ცდილობდა, ჩვენს ქვეყანასთან კავშირი არ გაგვეწყვიტა, ამიტომ დავყავდით ქართულ ცეკვაზე საკვირაო სკოლაში, მანამდე ქართულად წერა-კითხვა გვასწავლეს და დღეს რომ მშობლიურ ენაზე ვლაპარაკობთ, ჩემი მშობლების დამსახურებაა, ოღონდ სიტყვების მარაგი არ მაქვს და ვცდილობ, მუდმივად ვიკითხო ქართულად.
ამბობენ, ნოსტალგია ისე არავის აწუხებს, როგორც ქართველსო და მართლაც ასეა. აქ ყველაზე მეტად გენატრება საყვარელი ადამიანების სითბო. ახლახან ბებია გარდამეცვალა და ვერ ჩამოვედით. ეს ძალიან რთულია... ვცდილობ, არ დავკარგო კავშირი ჩემს ქვეყანასთან და აქ მიღებული განათლებითა და გამოცდილებით საქართველოს გამოვადგე. ვცდილობ, მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩემი სამშობლოს შესახებ.
პირველად 2015 წელს ვმონაწილეობდი Assoziation Economy for Integration-ის ინიცირებულ მრავალენოვან მეტყველების კონკურსში, რომელშიც გავიმარჯვე. 500 მონაწილე იყო ავსტრიიდან და ჩემ გარდა კიდევ ერთი ქართველი მონაწილეობდა. 15 გამარჯვებულს შორის მოვხვდი. გვევალებოდა 10 წუთში თემის დაწერა მშობლიურ და გერმანულ ენებზე. დავწერე, როგორ დატოვეს ჩემმა მშობლებმა საქართველო და რა მტკივნეული იყო ეს და რას ნიშნავდა სამშობლო ჩვენთვის. თემას დავარქვი: "საიდანაც მოვედი, იქვე მინდა - მიწის ყივილი". ამან ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.
2015 წელს წარმადგინეს ვენის ქალთა პრიზის მოსაპოვებლად, გავიმარჯვე და 500 ევროთი დამაჯილდოეს. 2018 წლის დეკემბერში ვუხელმძღვანელე პროექტს "საშობაო საჩუქრები პატარა ანგელოზებისთვის" ქართულ კარიტასში მცხოვრები ბავშვებისთვის. 2018 წლის მარტიდან Sag’s Multi! / Konnex Alumni-Club-ის პროექტების მენეჯერი და საბჭოს წევრი ვარ. ოთხი გოგო ვართ, პროექტებზე ვმუშაობთ, ახალგაზრდებთან გვაქვს ურთიერთობა, რაც ძალიან მომწონს. მაგალითად, ვენის ქართულ სათვისტომოსთან ერთად ვუხელმძღვანელე პროექტს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ერთ ზაფხულს საქართველოში რომ ჩავედი, რამდენიმე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახში მივედი და ჩავიწერე, ვის რა სურვილი ჰქონდა. ვენაში დაბრუნების შემდეგ ჩავატარეთ საქველმოქმედო საღამო. კულტურულ ღონისძიებებზე ავსტრიელებს გავაცანით ქართული კულტურა სამზარეულოსთან ერთად და 2000 ევრო შევაგროვეთ. მერე ბავშვებს საჩუქრები ვუყიდეთ და გავუგზავნეთ. ძირითადად, ჩანთებს, რვეულებს ნატრობდნენ. ზოგი ბავშვი კარგ ტელეფონსა და კომპიუტერს ითხოვდა, მათ კი ასფურცლიანი რვეულები და ჩანთები ინატრეს... მომინდა, ცოტა რამ მაინც გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის. მაშინ 15 წლის და, მგონი, უფრო გამბედავი ვიყავი.
- თეკლა, რა პროფესიას ეუფლებით და რამ განაპირობა ეს არჩევანი?
- 2006 წლიდან 2010-მდე ვსწავლობდი დაწყებით საგანმანათლებლო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ეკონომიკის მეცნიერებათა რეალურ გიმნაზიაში და წარმატებით დავამთავრე 2018 წელს. 15 წლისას ძალიან მაინტერესებდა დიპლომატია, ერთხანს მოდელობაც მიტაცებდა, მაგრამ საბოლოოდ ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერნაციონალური ბიზნესადმინისტრაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ახლა ბოლო კურსზე ვარ. ძალიან მაინტერესებს მარკეტინგიც. 2019 წელს გავიარე სამთვიანი პრაქტიკა რისკების მართვის, მესამე მხარის დაფინანსებისა და ცოდნის მენეჯმენტის განყოფილებაში. 2019 წელს გავხდი European Student Think Tank-ის ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში. 2019 წელს გავიარე ერთთვიანი პრაქტიკა ვენის საქართველოს საელჩოში. ერთი სიტყვთ, საბოლოო არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია. წერაც მომწონს. 2021 წელს კონკურსშიც ვმონაწილეობდი და დაიბეჭდა ჩემი წიგნი "Heimat“ (სამშობლო).
- ამ ყველაფერთან ერთად ქართველ ბავშვებს ასწავლით, პანდემიის პერიოდში კი ხელნაკეთი აქსესუარებიც შეგიქმნიათ...
- ქართველ ბავშვებთან კერძო გაკვეთილებს ვატარებ. ზოგმა იცის ქართული, ზოგს უჭირს. ბევრი მათგანი დადის საკვირაო სკოლაში. რაც შეეხება აქსესუარებს, ხელსაქმე პატარაობიდან მეხერხებოდა. ეს ძალიან მამშვიდებდა, მაგრამ პანდემიის პერიოდში უფრო აქტიურად დავიწყე თმის სამაგრების კეთება და გაყიდვა. სათამაშოებსაც ვკერავ.
- რადგან პანდემია ახსენეთ, გკითხავთ, რა ხდება ავსტრიაში?
- მთელი სემესტრი ონლაინ ვსწავლობთ. საშინელებაა! მე თვითონაც ხომ ვამზადებ ბავშვებს და ვატყობ, ინტერესი დაკარგეს. გახსნილია ყველაფერი, მაგრამ აუცრელებს კვების ობიექტებში შესვლა ეკრძალებათ. რაკი "ომიკრონი" ასე გავრცელდა და დღეში 17 000-მდე ინფიცირებული გვყავს, კვლავ აპირებენ ლოკდაუნის გამოცხადებას. უმეტესობა აცრილია, მაგრამ სამჯერ აცრილებსაც ემართებათ კოვიდი, ამიტომ ეშინიათ.
- რა გეგმები გაქვთ?
- ჩემს სკოლაში ერთმა ავსტრიელმა გოგომ ქართულის სწავლის სურვილი გამოთქვა და ყოველ შესვენებაზე ვასწავლიდი ქართულ სიტყვებს. ბევრი ტურისტად ეწვია ჩვენს ქვეყანას და როდესაც მეუბნებოდნენ, აღფრთოვანებული დავრჩითო, ძალიან მიხაროდა. მინდა, მეტს მოვანდომო, ჩამოვიდნენ საქართველოში და გაიგონ მეტი ჩვენი ქვეყნის, მისი ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ მაქვს. დავამთავრებ უნივერსიტეტს და ვნახოთ, რა იქნება. ჩემს მშობლებს დაბრუნება სურთ. როცა ამბობენ, თითქოს ჩვენ საქართველოსთვის დაკარგულები ვართ, ძალიან მწყინს. ბევრი ემიგრანტი სწორედ თავის წარმატებით ცდილობს ქვეყანას გამოადგეს და მასთან კავშირი არ გაწყვიტოს.
ნინო ჯავახიშვილი