"ჩემი ყველა გამარჯვება სამშობლოს და იმ ადამიანებს ეძღვნებათ, ვინც მე მგულშემატკივრობს“
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ნომინაციაში "2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი" გამარჯვებულად 26 წლის ნიჩბოსანი მარიამ ქერდიკაშვილი დაასახელა. მარიამს წარმატებების, სპორტის ამ სახეობის პრობლემებისა და გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.
- 2021 წელი ჩემთვის ემოციურად ძალიან დატვირთული იყო, რადგან მნიშვნელოვანი შეჯიბრებები მქონდა. მსოფლიოს ვიცეჩემპიონობა ძალიან გამიხარდა, მაგრამ იმავდროულად, იმედგაცრუებაც დამეუფლა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დამაკლდა და ჩემი გულშემატკივრების იმედი ვერ გავამართლე. ვთვლი, რომ მეტი შემეძლო. წლის აღმოჩენად დასახელება კი მართლაც ძალიან გამიხარდა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
- როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით და აქამდე რა წარმატებებს მიაღწიეთ?
- ნიჩბოსნობით 10 წლის ასაკში დავინტერესდი. ჯერ ჩემი ძმა დადიოდა და მთხოვა, მეც მასთან ერთად მევლო. მერე მან თავი დაანება და მე დავრჩი. ვარჯიში ბაიდარკით დავიწყე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩემთვის კანოე უფრო საინტერესო იყო. ოჯახის წევრებს თავიდან ეგონათ, გასართობად დავდიოდი, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, სერიოზულად ვიყავი განწყობილი. დედაჩემს უნდოდა კომაროვის სკოლაში ჩამებარებინა, მაგრამ არ გამოვიდა...
ჩემი წარმატება 14 წლიდან იწყება, როცა პირველად გამოვედი შეჯიბრებაზე და მეოთხე ადგილი დავიკავე. შემდეგი იყო 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, სადაც მეხუთე ადგილი მერგო. 500 მეტრ დისტანციაზე იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე, ჩეხეთის ევროპის ჩემპიონატზე - მესამე ადგილი. მოგებული მაქვს საქართველოს ჩემპიონატიც, ვმონაწილეობდი ევროპის თამაშებში, შარშან ორი სალიცენზიო ტურნირი მქონდა. მხოლოდ პირველ ადგილზე გასულს შეეძლო ტოკიოს საგზურის მოპოვება და სამწუხაროდ, ორივე ტურნირზე მეორე ადგილი მერგო. გავხდი ევროპის ვიცე-ჩემპიონიც. რაც შეეხება წლის ბოლო შეჯიბრს, მსოფლიოს ჩემპიონატზე 200-მეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილი ავიღე და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გავხდი. ყველაზე ემოციური იყო ბარნაულში სალიცენზიო ტურნირი, რომელზეც, სამწუხაროდ, ლიცენზია ვერ მოვიპოვე და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
- სპორტის ეს სახეობა საქართველოში პოპულარულია? როგორც ვიცი, ადრე არსებობდა ნიჩბოსნობის სკოლა. ახლა როგორი მდგომარეობაა?
- ნიჩბოსნობა საქართველოში არცთუ ისე პოპულარულია, არადა, არის კარგი ადგილები, სადაც შეგვიძლია მომზადება, მაგალითად, ფოთი, ბაზალეთი, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
- რა უნარებია საჭირო სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევად?
- ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გვიყვარდეს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ და სირთულეების არ შეგვეშინდეს.
- და რა სირთულეები ახლავს ვარჯიშს? ზამთრისთვის სპეციალური ტრენაჟორებია საჭირო? და გაქვთ ამის შესაძლებლობა?
- დილით 10 საათზე გავდივართ წყალზე და 2 საათის განმავლობაში ვვარჯიშობთ. საღამოს 4 საათზე ვიწყებთ და 6 საათზე ვამთავრებთ. რეჟიმი ძალიან რთულია, რადგან წლის განმავლობაში სულ შეკრებებზე გვიწევს ყოფნა და ოჯახიდან შორს ვართ. თვეში ერთი კვირა ვართ სახლში. ყველაზე რთული მაინც ზამთარში ვარჯიშია, რადგან ყინვაში გარეთ მინიმუმ 2 საათი გვიწევს ყოფნა. რაც შეეხება ტრენაჟორებს, საქართველოში სულ ერთი ასეთი ტრენაჟორი გვაქვს.
- რას საქმიანობთ სპორტის გარდა?
- მცხეთაში დავიბადე, მაგრამ დუშეთში, სოფელ მლაშეში ვიზრდებოდი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. თავისუფალ დროს ჩოგბურთს ვთამაშობ. ხშირად ვუყურებ მუსიკალურ შოუებს. ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტია ვარჯიში და ჯერჯერობით დაოჯახებაზე არ ვფიქრობ.
- ყველაზე მეტად ვინ გგულშემატკივრობთ?
- ყველაზე მეტად ჩემი დიდი ოჯახი მგულშემატკივრობს, თუმცა მაინც ბიძას გამოვარჩევდი და ჩემს მეგობრებს, რომლებიც მუდამ ჩემ გვერდით არიან.
- როგორი გეგმები გაქვს?
- მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის ვემზადები. ევროპის ჩემპიონატზე თამაშდება ევროპის თამაშების ლიცენზიები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება. მომიწევს განსხვავებულ ასაკში ასპარეზობა, მაგრამ იმედია, ყველაფერი გამომივა.
- წარმატებებს გისურვებთ! ერთ-ერთი ტურნირის შემდეგ თქვით, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი ქვეყანა რომ ვასახელოო. თქვენი ყველა გამარჯვება სამშობლოს ეძღვნება?
- მახსოვს ჩემი სიტყვები და, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა გამარჯვება როგორც სამშობლოს, ასევე ჩემს ოჯახსა და განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეძღვნებათ, ვინც მე მგულშემატკივრობს.
ნინო ჯავახიშვილი