ყველაზე, ყველაზე პაპარაცი მსოფლიოში
"ჯეკი კენედი-ონასისს გადავუღე ჩემი ყველაზე დიდებული და პოპულარული ფოტო "ქარწაღებული ჯეკი“, ჩემი მონა ლიზა... მაკიაჟის გარეშე იყო, არც თმა ჰქონდა განსაკუთრებულად დავარცხნილი... ეს იყო ბუნებრივი სილამაზე...“
"ფოტოგრაფიის სიყვარული მოზარდობის ასაკში დაიწყო. "კოდაკის" ფოტოაპარატი მქონდა და ყველას პოზირებას ვთხოვდი. ამიტომაც პროფესიის არჩევისას ფოტოგრაფია ავირჩიე", - მიყვება პაპარაცების პიონერად აღიარებული რონ გალელა, რომლის ობიექტივში გაიელვა ჰოლივუდის 1960-იანმა, 70-იანმა, 80-იანმა, 90-იანმა წლებმა. წარმოშობით იტალიელი ფოტოგრაფი 91 წლისაა და ნოემბერში მე-16 წიგნი გამოსცა სახელწოდებით 100 ICONIC Photographs – A Retrospective, რომელშიც ნახავთ მის აქამდე გამოუქვეყნებელ ფოტოებს კადრს მიღმა ისტორიებით. მან 3 მილიონზე მეტი ფოტო გადაიღო, 2016 წელს კი ჟურნალმა Time Magazine-მა რონ გალელას გადაღებული ფოტო, სახელწოდებით "ქარწაღებული ჯეკი", რომელზეც ჟაკლინ კენედი-ონასისია აღბეჭდილი, ყველა დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფოტოდ დაასახელა. როგორ გადაიღო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო და რა გადახდა კადრს მიღმა, თავად რონ გალელა უამბობს "კვირის პალიტრის" მკითხველს.
- მინდა საუბარი დავიწყოთ "ქარწაღებული ჯეკით". ეს ფოტო დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. როგორ გადაიღეთ?
- 1971 წლის 7 ოქტომბერი იყო, ნიუ-იორკი, მედისონ ავენიუ... დიახ, ჯეკი კენედი-ონასისს გადავუღე ჩემი ყველაზე დიდებული და პოპულარული ფოტო "ქარწაღებული ჯეკი", ჩემი მონა ლიზა... მაკიაჟის გარეშე იყო, არც თმა ჰქონდა განსაკუთრებულად დავარცხნილი... ეს იყო ბუნებრივი სილამაზე... გვიანი შუადღე იყო, მზიანი, დაახლოებით 4 საათი. ერთი მოდელის გადაღება დავასრულე. როგორც სილამაზის მოტრფიალე ადამიანმა, უანგაროდ ვიმუშავე, მაგრამ ვიფიქრე, გადაღების შემდეგ ცენტრალ პარკისკენ გავივლი, ჯეკი კენედის სახლის ახლომახლო-მეთქი, იმ იმედით, რომ სადმე გადავეყრებოდი და ასეც მოხდა! უკვე პარკიდან გამოსვლას ვაპირებდი, როდესაც თვალი მოვკარი ჯეკის. ის შენობის უკანა კარიდან გამოვიდა და მედისონ ავენიუსკენ გაეშურა.
ვერ ვიჯერებდი, რომ ის იყო. მე და ჩემი პარტნიორი ჯოი დისტანციის დაცვით ავედევნეთ. უცებ მარცხნივ გაუხვია, მაგრამ მის წინ გადარბენას არ ვაპირებდი - ეს რომ გამეკეთებინა, მაშინვე მიცნობდა და თავის დიდ მუქ სათვალეს გაიკეთებდა, ამიტომ ტაქსი გავაჩერეთ და იმ ქალს მიჰყევით-მეთქი, მძღოლს ვუთხარი. ჯეკი ქუჩის გადაკვეთას აპირებდა. მე ტაქსის ფანჯარა ჩამოვწიე და ორი კადრი გადავუღე. მან ვერ დამინახა, ვერც ფოტოაპარატის ჩხაკუნი გაიგონა ნიუ-იორკის ხმაურის წყალობით. კადრების გადაღების შემდეგ მოულოდნელად მძღოლმა დაასიგნალა. აი, ზუსტად ამ დროს ჯეკი ჩვენკენ შემოტრიალდა და მე მესამე კადრი გადავუღე. ეს იყო, როგორც ფოტოჟურნალისტიკის მამა ანრი კარტიე-ბრესონი იტყოდა, გადამწყვეტი მომენტი. მთელ მსოფლიოში "ქარწაღებული ჯეკის" ყველაზე ბევრი ეგზემპლარია გაყიდული. ჯეკი ოდნავ იღიმის, ფოტოს შუქ-ჩრდილები კი მის სექსუალურობას გამოკვეთს. ასეთი ფოტო სტუდიაში არ გამოვიდოდა. გადაღების დროს ჯეკიმ არ იცოდა, რომ მე ვიყავი, რადგან სახეს კამერა მიფარავდა. როგორც კი მიცნო, სათვალე გაიკეთა, თუმცა ჩვენ არ გავჩერდით, ფოტოაპარატს ლინზები სწრაფად გამოვუცვალე და ჯოის ვთხოვე, კადრში მე და ჯეკი ერთად მოვექციეთ. იმდენი კადრი გადავიღეთ, რომ ბოლოს გაცხარებული ჯეკი შემომიტრიალდა და მკითხა: "დაკმაყოფილდი?" მივხვდი, რომ დრო იყო, გავჩერებულიყავით და ვუპასუხე: "დიახ, გმადლობთ". ამის შემდეგ წამოვედით. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს ფოტო გახდებოდა ყველაზე პოპულარული, ყველაზე ცნობილი და ყველასთვის საინტერესო.
- არ შემიძლია არ გკითხოთ სტივ მაკქუინის ცნობილ ფოტოზე. მისი მონაწილეობით ფილმებმა 1950-70-იან წლებში ხომ ყველა რეკორდი მოხსნა...
- 1973 წლის 15 აპრილი იყო, მონტეგო-ბეი, იამაიკაზე ფილმ "ფარვანას" გადაღებები მიმდინარეობდა. იქ არის ეს ფოტო გადაღებული.
როდესაც ალი მაკგროუს ვიღებდი, არასდროს პრობლემა არ შეუქმნია, პირიქით, ძალიან მეგობრული იყო. 1971 წელს გადავწყვიტე, ჩემი გადაღებული ფოტოები გამეგზავნა მისთვის. პასუხი მალევე გამომიგზავნა, მადლობა საოცარი ფოტოებისთვისო. ვთხოვე შემხვედროდა და კიდევ გადაგვეღო ფოტოები, მაგრამ მითხრა, რომ მისი მომდევნო ფილმის გამოსვლამდე ფოტოგადაღებებზე უარს ამბობდა. ამ პერიოდში ის ბობ ევანსს გაჰყვა ცოლად და პატარა ბავშვი ჰყავდა. 1972 წელს დაიწყო გადაღებები ფილმისა "გაქცევა", რომელშიც სტივ მაკქუინთან ერთად უნდა ეთამაშა. ეს ფილმი მისთვის აღმოჩნდა გადამწყვეტი ნაბიჯი, რადგან ჯერ ისევ ბობ ევანსის ცოლი იყო, როცა მას და სტივ მაკქუინს სიგიჟემდე შეუყვარდათ ერთმანეთი. მაშინ ჟურნალ "თაიმის" რედაქტორმა მითხრა, პაპარაცების სუპერვარსკვლავო, შემდეგი შენი გაჩერება იამაიკაა, სადაც სტივ მაკქუინს და ალი მაკგროუს ერთად იღებენ და ყველა მათ რომანზე ჭორაობსო. ალის სტატუსის გამო მისი და სტივის ფოტო ძალიან მსუყე ლუკმა იქნებოდა მედიისთვის და მე სწორედ ამ ექსკლუზიური კადრების გადაღებას ვგეგმავდი.
როგორც კი იამაიკაზე ჩავედი, გადასაღები ადგილები მოვძებნე და პაპილონ-სტუდიისკენ გავეშურე. ფოტოგრაფია პაპარაცის მიდგომით“- დავაწერე გაზეთ Miami Herald-ის სტატიის ასლს და ალის გავუგზავნე. წერილში ასევე ვთხოვდი, ნება მოეცა, ის და სტივი სტუდიის შესასვლელთან ერთად გადამეღო. სტივი ალის გარეშე მოვიდა ჭიშკართან და გამომიცხადა, რომ ინტერვიუ, ფოტო და სტუმარი გადაღებებზე არ იქნებოდა, თან დამემუქრა, თუ ტერიტორიას არ გავეცლებოდი, რამდენიმე მეგობარს მომიგზავნიდა. "უახლოეს ავიარეისს გაჰყევი!" - ღრიალებდა სტივი. სახლში ფოტოების გარეშე დაბრუნება არ მინდოდა, ამიტომ ვთხოვე, 15 წუთი დამაცადე, მხოლოდ შენ გადაგიღებ რამდენიმე ფოტოს და წავალ-მეთქი. ხელი მომაწერინა შეთანხმებაზე, რომ 15-წუთიანი ფოტოგადაღების შემდეგ თვითმფრინავით დავტოვებდი იამაიკას. დავთანხმდი და გასახდელის წინ, რომელსაც ეწერა "არ დაიშვებიან", რამდენიმე ფოტო გადავუღე. გადაღების დროს უკვე დამშვიდებულმა ძალიან გულწრფელად მითხრა: "რთული სამსახური გაქვს. გულწრფელად რომ გითხრა, არ მომწონს შენი საქმე, პაპარაცი ცუდი სიტყვაა. ამოიღე ეს სიტყვა სავიზიტო ბარათიდან". "არ გეთანხმები, ჩემთვის სიტყვა "პაპარაცი" სინამდვილესთან ასოცირდება", - ვუპასუხე მე, თუმცა მოგვიანებით, 1992 წელს, მე დავუჯერე მაკქუინს და სიტყვა "პაპარაცი" სუპერვარსკვლავით შევცვალე. ის გადაღების დროს ალიზეც მელაპარაკა და თავის საცოლედ მოიხსენია. იმავე წლის აგვისტოში ალი მაკგროუ და სტივ მაკქუინი დაქორწინდნენ, ხუთი წლის შემდეგ კი დაშორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასურველი ფოტო ვერ გადავიღე, იამაიკიდან ხელცარიელი არ წამოვსულვარ. იმ პერიოდში სტივის ეს ფოტო ყველაზე პოპულარული იყო და დღემდე ყიდულობენ ჩემი გალერეიდან.
- რომელი გადაღება იყო თქვენთვის განსაკუთრებული, რომელსაც რაღაც თავგადასავალიც უკავშირდება?
- ელიზაბეტ ტეილორის გადაღება თავის იახტაზე. 1969 წელი იყო. ლონდონში, ტემზაზე, ბარტონების იახტა "კალიზმაზე" გადავიღე ელიზაბეტ ტეილორი. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და უჩვეულო ფოტოგადაღება იყო. შაბათ-კვირას სეირნობდნენ ხოლმე იახტით და თავიანთ ძაღლებს ხვდებოდნენ - ბრიტანეთის ჯანდაცვის კანონების გამო ძაღლები იახტაზე ჰყავდათ. ნავსადგურის გვერდით იყო დიდი საწყობი, სადაც ინახებოდა შაქარი, დარიჩინი, კაკაო, კარაქი, ყავა.
"კალიზმა" საწყობიდან მოშორებით მიცურავდა. საწყობის მცველს მოველაპარაკე, რომ ფოტოების გადასაღებად შევეშვი. როგორც გავიგე, ჩემი შეშვება ორშაბათიდან პარასკევამდე შეეძლო, რადგან შაბათ-კვირას ისვენებდა საწყობი. ჩემი გეგმა იყო, როგორმე შევპარულიყავი საწყობში, რომ იქ გამეტარებინა შაბათ-კვირა, თუმცა დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ ბარტონები იმ შაბათ-კვირას "კალიზმაზე" გაატარებდნენ. პორტუგალიელ მეზღვაურს დავუახლოვდი და ლაპარაკში გამოვკითხე, რა იყო დაგეგმილი უახლოეს დღეებში, მერე კი მოვემზადე სამდღიანი მოგზაურობისთვის საწყობში, რისთვისაც საძილე ტომარაც კი შევიძინე. პარასკევს, დაახლოებით 4 საათზე, მცველმა 15 დოლარის სანაცვლოდ საწყობში შემაპარა და ჩამკეტა, თან გამაფრთხილა, რომ ორშაბათს, დილის 9 საათამდე, ვერ გამომიშვებდა. ასე აღმოვჩნდი საწყობში ვირთხებთან ერთად. შაბათს, შუადღისას, ბარტონები გამოჩნდნენ. ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი იახტაზე მეფე-პატარძალსა და მათ იურისტთან ერთად იყვნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ რიჩარდისა და ელიზაბეტის მდივნის, ბობ უილსონის ქორწილი იყო, ბარტონები კი მეჯვარეები იყვნენ. ქორწილი Dorchester- ში გაიმართა, რომელიც მე, რა თქმა უნდა, გამოვტოვე, თუმცა იქ მაინც ვერ შევაღწევდი. ყველაზე ღირებული შეიძლებოდა ქორწილის ცერემონიალის რეპეტიციის ეს ექსკლუზიური ფოტოები ყოფილიყო. საუკეთესო სანახაობა ჩემ თვალწინ, ბარტონების იახტაზე, გაიმართა. ტურისტებით სავსე იახტებმა "კალიზმას" ბევრჯერ ჩაუარეს, გიდი კი ამ დროს გრამაფონში აცხადებდა: "ეს არის "კალიზმა", ბარტონების იახტა. როდესაც ამერიკის დროშაა აღმართული, ელიზაბეტია გემბანზე, როდესაც ბრიტანეთის - რიჩარდ ბარტონი". ჩემი საუკეთესო, ყველაზე პოპულარული კადრი გადავიღე ზუსტად მაშინ, როცა "კალიზმას" ტურისტების იახტამ ჩაუარა, ელიზაბეტი კი ამ დროს, სტიუარდ რაიმონდთან ერთად, იალქნის აღმართვას ცდილობდა, რომ გემბანზე მყოფთათვის არავის ეცქირა. ტურისტებს ფოტოაპარატები ჰქონდათ მომარჯვებული და თვალებს არ უჯერებდნენ - მათ წინ თვით ელიზაბეტ ტეილორი იყო! მართალია, იალქანმა ელიზაბეტი ტურისტების კამერებისგან დაიფარა, მაგრამ მე სწორედ მაშინ გადავიღე ჩემი საუკეთესო ფოტო. The National Enquirer-მა გამოაქვეყნა ორგვერდიანი სტატია ცხრა ფოტოთი, სახელწოდებით "ლიზა თავის იახტაზე ფარდას კიდებს, რომ ტურისტების მზერას დაემალოს". ამ ფოტოებისთვის მე 400 დოლარი გადამიხადეს. ახლა რომ ვფიქრობ, სულ ცოტა 4000 მაინც უნდა გადაეხადათ, თუმცა გამოცემისგან ძალიან მაღალი შეფასება მივიღე.
- თქვენს ახალ წიგნს ამშვენებს ისტორიული ფოტო - ორი ლეგენდა ერთად...
- სანამ სოციალური მედია ისე განვითარდებოდა, რომ სელებრითების ცხოვრების კულისებში შეგვახედებდა, მანამდე იყო რონ გალელა. ჩემს ფოტოობიექტივში მოხვდნენ 1960-იანი, 1970-იანი, 1980-იანი, 1990-იანი წლების პოპკულტურის უდიდესი ვარსკვლავები. მიიჩნევდნენ, რომ თუ ხელოვანი ჩემს ობიექტივში მოხვდებოდა, ესე იგი მისი ვარსკვლავი მართლაც ბრწყინავდა. ეს წიგნი პირველად აძლევს საშუალებას დამთვალიერებელს, იმ ეპოქაში იმოგზაუროს. 160-გვერდიან ისტორიას წინ უძღვის ბობ აჰერნის - Getty Images Worldwide Archive Photography-ს დირექტორის წინასიტყვაობა. ჩემს ორ ყველაზე ცნობილ ფოტოს: "ჯონ ლენონი და მიკ ჯაგერი" და "ქარწაღებული ჯეკი" ერთი რამ აქვს საერთო - არც ერთმა ფოტოგმირმა არ იცოდა, რომ მას ფოტოს უღებდნენ.
ჯონ ლენონისა და მიკ ჯაგერის შეხვედრის ბუნებრივი მომენტი ჩემმა კამერამ მათი საუბრისას აღბეჭდა. ფოტოგადაღების დროს 300 მმ ლინზა გამოვიყენე. ვარსკვლავები ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდის, ჯეიმს კეგნის წვეულებას ესწრებოდნენ. იქ მიკ ჯაგერისა და ჯონ ლენონის გარდა იყვნენ პოლ ნიუმენი, კერკ დუგლასი, კლინტ ისტვუდი, რონალდ რეიგანი, ბილი უალდერი, ნატალი ვუდი. კეგნის წვეულებაზე ყოველთვის ბევრი ხალხი იკრიბებოდა. საღამოს ფრენკ სინატრა უძღვებოდა. სინატრას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სცენაზე კეგნი ავიდა. მე მისაღები დარბაზის გარდა სამზარეულოს ახლომახლოც დავძრწოდი ჩემი კამერით. ვახშმის შემდეგ მიკ ჯაგერი, რომლიც ალი მაქგროუსა და სტივ მაკქუინთან ერთად იჯდა, ლენონის მაგიდასთან მივიდა მისასალმებლად და მე ზუსტად ეს კადრი დავიჭირე. ეს ფოტო დიდებულია. ლენონი ჯაგერს უყურებს, მთავარ ფოკუსს. ეს არის "ხარის თვალის" ეფექტი. ამ შემთხვევაში ჯაგერი არის ფოტოგმირი, ჯონი კი, რომელიც მიკს უყურებს, მას უფრო მნიშვნელოვანს ხდის. გამიმართლა, რადგან ტელევიზია იღებდა და დარბაზში კარგი განათება იყო. ორი მეგობრის საუბრის კადრი ლეგენდარული და ძვირფასია ბევრი ადამიანისთვის. ამ ფოტოს პოპულარობას ერთი ფაქტორით ვხსნი - ეს არის მონატრება. დღეს ასეთი დიდებული ვარსკვლავები აღარ არიან. გასაგებია საზოგადოების რეაქციაც, როდესაც ლენონს ხედავენ, რადგან ის ტრაგიკულად დაიღუპა. ეს არის უკანასკნელი პროფესიონალური ფოტო, რომელზეც მუსიკის ორი ლეგენდა ერთად არის აღბეჭდილი.