"აბა, ჩუქჩებში ვინ მიხვდებოდა, რომ მათ შვილებს მეგრულს ასწავლიდნენ?!... ამბობდა, ჩადით და ნახეთ, ბავშვებს მეგრული როგორ შევაყვარეო“
სოციალურ ქსელში ყოველთვის უპრეცედენტო გამოხმაურება მოსდევს ცნობილი დიზაინერის, დემნა გვასალიას ნამუშევრებს. იგი, ერთი მხრივ, მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონების ყურადღებას იპყრობს, მეორე მხრივ კი თავისი ქვეყნის, საქართველოს, აღფრთოვანებას იწვევს. ზოგი თვლის, რომ დემნა გვასალიას წარმატების სათავე მისი პროსაბჭოთა წარსულია, რომელსაც ძალზე სარფიანად ყიდის, მაგალითად, "ტრაქტორისძირიანი ვალინკები", ხამუთის ფორმის სამაჯურები, ბოთლის საცობის ფორმის საყურეები და ა.შ. მართლაც, მსოფლიოს ვარსკვლავები პლანეტის ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა მოდაში სწორედ "საბჭოთა დეტალების" დამკვიდრებით მოხიბლა, მათ შორის - სახეზე "შავი ჩულქითაც" კი, რომელიც ავად სახსენებელ 90-იან წლებში, არც მეტი, არც ნაკლები, მძარცველებისთვის ნიღბის ფუნქციას ასრულებდა. თავად გვასალიაც წითელ ხალიჩაზე რეალითი შოუს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთან, კიმ კარდაშიანთან ერთად სწორედ "შავ ჩულქჩამოცმული" გამოჩნდა.
ზოგისთვის დემნა გვასალია მხოლოდ და მხოლოდ თავის ნიჭის ნაყოფს ყიდის, რომელიც დიდი შრომით და მცირე ავანტიურიზმით არის შექმნილი, მაგრამ შრომისმოყვარე გვასალიაზე ვერ ვიტყვით, რომ ავანტიურისტია. მან მშვენივრად იცის უკვე მომაბეზრებელი კომფორიტსა და უხეში მოდის შეზავება. ასეთი ეგზოტიკური ნაზავით ყველაზე პრეტენზიული ქალბატონებიც კი იხიბლებიან, რაც ბალენსიაგას "ტრაქტორისძირიანი ვალინკების" თუ "ჩუსტების" ელვის უსწრაფესად გაყიდვას იწვევს. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთს დემნასი თითქმის შურს - მას ხომ დამაინტრიგებელი დიზაინის შესაქმნელად ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება და დეტალებს ელიავას ბაზრობიდანაც კი იღებს. მართალია, ზოგიერთები ცინიკურად ხუმრობენ, დემნასაგან უკვე "რაზვადნოი კლუჩის" აქსესუარებს ველოდებითო, მაგრამ შური ნიჭს ვერაფერს დააკლებს. სხვათა შორის, თავის დროზე ასევე შურდათ თამაზ ნოდიასი, რომელიც შორეულ ციმბირში ექვსი წლის განმავლობაში ბავშვებს სკოლაში ინგლისურის ნაცვლად მეგრულს ასწავლიდა. მის სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა შორის საუკეთესოს რეპუტაცია ჰქონდა, ამასთან, ბავშვებს უყვარდათ და თანაც თავის ყველა მოსწავლეს შესანიშნავად შეასწავლა მეგრული. ბოლოს ის ფოთში ცხოვრობდა, სადაც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. მე მისი ყოფილი მეზობელი რობერტ სეხნიაშვილი მოვძებნე, რომელმაც სიამოვნებით მიამბო მსოფლიოში ფულის კეთების ყველაზე იოლ ქართულ გზაზე.
- ბატონო რობერტ, ვინ იყო თამაზ ნოდია, ავანტიურისტი თუ გულმხურვალე პატრიოტი, რომელსაც სურდა მეგრული ენა საზღვრებს გარეთ გაეტანა?
- ვინ იყო და, კარგი კაცი! მაგარი ფოთელი! ოჯახი აბაშიდან იყო წარმოშობით, მაგრამ ჩვენი თამაზი ფოთში გაიზარდა და მთელ ჩვენს ქალაქს უყვარდა. მერე რუსეთში წავიდა სამუშაოდ და სწორედ იქ შეემთხვა ეგ ამბავი, - ინგლიურის ნაცვლად მეგრულს ასწავლიდა 1974-დან 1979 წლამდე.
- თავად არასოდეს უთქვამს, ეს ხალხი წლების მანძილზე რატომ ვერ ხვდებოდა, რომ ატყუებდნენ?
- თამაზი ჩუქჩებში იყო, იმ ხალხმა კიდევ ინგლისური არ იცოდა. აბა, ვინ მიხვდებოდა, რომ მათ შვილებს მეგრულს ასწავლიდნენ?! ვინ იცის, მშობლებიც იზეპირებდნენ მეგრულს...
თამაზი კარგი კაცი იყო, იქაც ყველას უყვარდა, მოსწავლესაც და მშობელსაც. ეგ ამბავი ხუთი წლის შემდეგ "გასკდა", როდესაც თამაზის ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად წავიდა. იქ ვერავინ მიხვდა, ბავშვი რა ენაზე ლაპარაკოდა. ცხრა პროფესორი მიუყვანეს, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ბოლოს მისი მასწავლებელი მოიკითხეს და თამაზ ნოდია შერჩათ ხელში. დაავლეს ხელი და წაიყვანეს ციხეში. ჰოდა, კი ხეხა მისი კედლები კაი ხანს.
- აქ რომ ჩამოვიდა ციხის შემდეგ, რა გითხრათ?
- გვითხრა, სხვა გზა არ მქონდა, სადმე ხომ უნდა მემუშავა და რადგან მეგრულის გარდა არაფერი ვიცოდი, მეგრულის სწავლება დავიწყე, რა დავაშავეო?.. ვთხოვდით, ჩამოგვიყვანე ის პატიოსანი ჩუქჩები, ვაქეიფებთ და ბარემ სადღეგრძელოებსაც ვასწავლით მეგრულადო. ამბობდა, ამდენ ენას ასწავლიან მსოფლიოში და ჩემმა მეგრულმა რა დააშავაო; ჩადით და ნახეთ, ბავშვებს მეგრული როგორ შევაყვარეო... წუთით არ უფიქრია, რომ დამნაშავე იყო. ღმერთმა აცხონოს... ჩვენი ქართულიც და მეგრულიც მაგ კაცივით კიდევ ერთი-ორმა რომ გაიტანოს და ასწავლოს, ცუდი რატომ იქნება?! იმას გაუმარჯოს, ვინც ამას იზამს!