"ოპოზიცია ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ“ - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ“

"დღემდე ვერ გაიგო ოპოზიციამ, რომ ხალხს საპროტესტო აქციებზე გამოსვლის განწყობა არა აქვს. შე დალოცვილო, გაარკვიე, როგორი რეალობაა, რა უნდა ხალხს და იმის მიხედვით იმოქმედე“

"ოპოზიცია დაბნეულია" - ასეთ შთაბეჭდილებას უქმნის ანალიტიკოსებსა და ექსპერტებს ოპოზიციონერი ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები და გადა­წყვეტილებები. "საერთოდ გაურკვეველია, აქვს თუ არა ოპოზიციას დღის წესრიგი, ხან ერთი მიმართულებით მიდის, ხან მეორით, ხან რადიკალურ ღონისძიებებს აან­ო­ნსებენ, ხან პარლამენტში დაბრუნებას აპირებენ. ეს არასერიოზულობის განცდას ქმნის", - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.

- ქუჩის გადატანა პარლამენტში რეალობას ვერ შეცვლის. პარლამენტში ოპოზიციას სხვაგვარი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. შეიძლება ერთი და იგივე პირები იდგნენ ქუჩაშიც და საპარლამენტო ტრიბუნასთანაც, მაგრამ მათი რიტორიკა ქუჩაში სხვა უნდა იყოს, პარლამენტში - სხვა. შესაბამისად უნდა გამოიყენო ადგილობრივ არჩ­ე­ვნებში მოპოვებული წარმატებაც. ოპოზიცია ამბობს, ხალხში გავალთო. ჰგონიათ, თუ ხალხში გავლენ და პირისპირ დაელაპარაკებიან, მიიმხრობენ. ოპოზიციას ხალ­ხთან სალაპარაკოდ მძლავრი მედიასაშუალებები აქვს... ამით იმის თქმა მინდა, რომ მნიშვნელოვანი ხალხთან ლაპარაკი კი არა, ლაპარაკის შინაარსია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის უინტერესო საკითხზე ტელევიზიიდან დამელაპარაკები თუ პირისპირ?! ოპოზიციის მთავარი შეცდომა ის არის, რომ რეალობის გაანალიზებასა­ და ამის მიხედ­ვით სამოქმედო გეგმის შედგენას კი არ ცდილობს, თავისი შეხედულების მიხედვით ადგენს გეგმას და უნდა მისთვის სასურველი რეალობა მოახვიოს ხალხს თავზე. ყველაფერს უკუღმა აკეთებენ, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ. დღემდე ვერ გაიგო ოპოზიციამ, რომ ხალხს საპროტესტო აქციებზე გამოსვლის განწყობა არა აქვს. არ უშველა ამ ამბავს არც სააკაშვილის ჩამოსვლამ, არც "ნაციონალების" წინასაახალწლო შიმშილობამ. შე დალოცვილო, გაარკვიე, როგორი რეალობაა, რა უნდა ხალხს და იმის მიხედვით იმოქმედე.

- დაუჯერებელია ოპოზიცია ვერ ხვდებ­ოდ­ეს, რომ დღეს ხალხისთვის უმთავრესი სოციალური თემებია და არა ვადამდელი არჩევნები ან სააკაშვილის პატიმრობა-გათავისუფლება.- როდესაც რაღაცას გეგმავ, გეგმას პერსონიფიცირება ხომ უნდა?! რაც თავი მახსოვს, ამ ქვეყანაში კორუფცია იყო, არის და როგორც ვატყობ, მომავალშიც იქნება. უბრალოდ, ფორმა­ იცვლება - იყო საყოველთაო, შემდეგ ელიტური გახდა, ახლა შერეულია. რატომ ვამბობს­ ამას? "ოცნება" ბიუჯეტის ფულს იპარავსო­, უგულავა რომ იტყვის, ხომ არავინ მოუსმენს?! საზოგადოების 60%-ს ძალიანაც აღარ მოსწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიციის სჯერა და მის ბრძოლას კარიერისთვის, ახალი ბიზნესებისთვის ბრძოლად აღიქვამს. ოპოზიციას ერთი გამოკვეთილი ლიდერი არა ჰყავს, ხან ერთიანდებიან, ხან ერთმანეთს ლანძღავენ...

- "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგი გასაგებია, მაგრამ დანარჩენი ოპოზიცია "ნაციონალებთან" თანამშრომლობის გამო საყვედურებმაც ხომ არ დააბნია?

- გეთანხმებით. მოდი, ისიც ვთქვათ, რატომ ცდილობენ "ნაციონალებთან" თანამშრომლობას, იმიტომ ხომ არა, რომ ეშინიათ, პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ? სიმართლე ის არის, რომ ვერ უძლებენ­ ვერც "ოცნების" და ვერც "ნაცმოძრაობის" ზეწოლას. ეს ორი ძალა ცდილობს წვრილ-წვრილი პარტიები გადაინაწილონ. ამას ვერ გაუძლეს პატარა პარტიებმა და ამან ამომრჩეველიც დააბნია.

- ბოლო დროს პატარა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას, რომ მედია უმეტესად სააკაშვილსა და "ნაციონალებთან" დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს. დანარჩენი ოპოზიცია რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნის, ამის მიზეზი მედიაა თუ თავად მათ არა აქვთ თემები?

- ნაწილობრივ ვიზიარებ მათ პოზიციას, მაგრამ პატარა პარტიებმაც უნდა გაანძრიონ ხელი. ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად, ვაშაძეს, "ლელოს" ლიდერებს ან "გირჩის" დეპუტატებს შეზღუდული აქვთ ტელესივრცე. კი, ოპოზიციური ტელევიზიები ქმნიან სააკაშვილსა და "ნაციონალებზე" მორგებულ დღის წესრიგს, მაგრამ შენც ხომ გითმობენ დროს? თუმცა რა აქვთ მათ სათქმელი? პრესაც ხომ არსებობს, ვხედავ, თქვენთან ხშირად იბეჭდებიან ოპოზიციონერი ლიდერები, რისი თქმა სურთ და ვერ ამბობენ? ხომ შევიდნენ პარლამენტში "ლელოც", "სტრატეგია აღმაშენებელიც, "მოქალაქეებიც", "გირჩიც", რატომ არ არიან აქტიურები?

- შეეძლო თუ არა საპარლამენტო ოპოზიციას თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისთვის მეტი წინააღმდეგობა გაეწია?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე­ დროს მეტი რისკიც იყო იმისა, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილიყვნენ. თუ ასეთ რისკზე წასვლა არ შეგიძლია, მაშინ მოგიწევს შენი ვაგონი მუდმივად სხვის მატარებელს ჩააბა. გასაგებია, რომ "ოცნებას" ხმათა უმრავლესობით საბოლოოდ მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, მაგრამ ოპოზიციას მეტად რომ ეაქტიურა და აქცენტი იმაზე გაეკეთებინა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ამ სამსახურის გაუქმება მაინცდამაინც ახლა, პოლიტიკური დისკუსიისთვის ახალი ასპარეზი გაიხსნებოდა. ოპოზიციამ სწორედ პოლიტიკურ დისკუსიაში უნდა აჩვენოს, რომ ხელისუფლებაზე ძლიერია... "ნაცმოძრაობა" სააკაშვილის საკითხს არ მოხსნის დღის წესრიგიდან. სანამ სააკაშვილია უპირველესი თემა, პატარა ოპოზიციური პარტიები განწირული არიან მარცხისთვის.

- ახლა რა არის გამოსავალი პატარა ოპოზიციური პარტიებისთვის?

- გადაჯგუფება! რაც უფრო სწრაფად გადაჯგუფდებიან, მით უკეთესი მათთვის. "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" უნდა დატოვონ ცალკე ორბიტაზე და თავად შექმნან ახალი, ერთიანი ბლოკი ან ალიანსი. გასაგებია, რომ თავდაპირველად მათი ელექტორატი არ იქნება დიდი, არც ქუჩა იქნება მათი ასპარეზი, მაგრამ მომავლისთვის უნდა ეცადონ. მაშინ მიეცემათ შანსი იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ.

- ოპოზიცია ისევ ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს, ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ეს საკითხი მოხსნილია და ამ თემას ოპოზიცია პოპულისტური მიზნებისთვის იყენებს. ამის დასტურად ირაკლი კობახიძე იშველიებს საკონსტიტუციო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, წელს რომც ჩატარდეს არჩევნები, პარლამენტი აირჩევა ძველი, ანუ 120/30-ზე სისტემით, თანაც მხოლოდ ორი წლით.

- კი, მაგრამ ოპოზიცია არჩევნების 120/30-ზე სისტემით კი არა, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს. ამას კი კონსტიტუციური შესწორება დასჭირდება, რაც გამორიცხულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას დრო სჭირდება. ამასაც დავანებოთ თავი, არის კი ოპოზიცია მზად ახალი არჩევნებისთვის?! ოპოზიცია ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს, რა არის საბოლოოდ პრიორიტეტი - ჯერ სააკაშვილის გათავისუფლება და შემდეგ არჩევნები თუ პირიქით. ესე იგი პრიორიტეტებზე ჩამოყალიბებული არ არის, ახალი თემები არა აქვს, ქუჩის პროტესტი არ გამოსდის და საინტერესოა, როგორ აიძულებს ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას?

- ჩვენ ვნახეთ "ოცნების" რეაქცია, როდესაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუს­ მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი აირჩიეს. სოზარ სუბარმა ეს ამბავი "ნაციონალებისა"­ და გახარიას ქორწინებად შეაფასა...

- "ოცნების" ასეთი რეაქცია გასაკვ­ირი არ არის - არ აწყობთ პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე სექტორის გამოჩენა. რეალობა ცოტა სხვაგვარია - ეს არის კოალიცია ადგილობრივი­ თვითმმართველობის დონეზე, რაც საპარლამენტო მმართველობისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მე ხელისუფლებასთან მაქვს კითხვა - თუ 2024 წელს ვერ შეძლებს 50+1-ის მოპოვებას, არ დაიწყებს მოკავშირე პოლიტიკური ძალის ძებნას? ეს ხომ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში?! გახარიას ჰქონდა ასეთი მოთხოვნა - საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო მისი პარტიის წევრი. ვინც შესთავაზა, იმასთან ითანამშრომლა. ხელისუფლების შეცდომაა ასეთ თემებზე აპელირება, ისევე როგორც ოპოზიციის შეცდომაა ხელისუფლების მუდმივად დადანაშაულება პრორუსობაში. სიმართლე გითხრათ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსული გავლენისგან "ოცნება" თავისუფალია, ან "ნაცმოძრაობა" იყო თავისუფალი. ვფიქრობ, პროდასავლური ხელისუფლება ჯერ არც გვყოლია. ამიტომ ოპოზიციას ამაზე ლაპარაკი არაფერს მოუტანს. ისევე როგორც არაფრის მომტანია, უფრო სწორად, საზიანოც, როდესაც სააკაშვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობ და პარალელს ავლებ სულხან მოლაშვილთან. როგორ ამბობ ასეთ სისულელეს?! ამის მერე ვინ დაგიჯერებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში სამართლიანი იქნები?!

- შეცდომებს უშვებს თუ არა "ოცნება", ფაქტია, რომ შიდა ფრონტი მოგებული აქვს. საინტერესოა, რამდენად სწორია მისი პოზიცია რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მთელი დასავლური სამყარო ფეხზე დგას უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენი განზე გადგომა რამდენად მართებულია?

- ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და ჩვენ მხოლოდ საკუთარ წვენში ვიხარშებით. ვისაც ჰგონია, რუსეთი თუ უკრაინაში ჯარს შეიყვანს, ჩვენ განზე დავ­რჩებით, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა. ორი ტანკით დაამთავრებენ ჩვენთან ყველაფერს. ასეთი ამბავია ჩვენ გარშემო და ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, ვინ იშიმშილებს და ვინ პარლამენტში შევა. ისე გამწვავდა სიტუაცია, დასავლელ ლიდერებს­ თავად სჭირდებათ საქართველოს ხსენება იმისთვის, რომ დაასაბუთონ, აგრესორი ნატო კი არა, რუსეთიაო, თორემ­ ჩვენ ხმას არ ვიღებთ. ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად.

- რუსეთმა რომ ვერ გაბედოს უკრაინაში შეჭრა, ჩვენ, როგორც რეგიონულ მოთამაშეს, პასუხი არ მოგვეთხოვება დუმილისთვის?

- ეს ჩვენ გვსურს რეგიონული მოთამაშეები ვიყოთ, თორემ ასე თამაშის უნარი­ არც ამ ხელისუფლებას აქვს, არც წი­ნას­ ჰქონია. უბრალოდ, დასავლეთისთვის­ პლაცდარმი ვართ და ოდნავ უკეთესი ვითარება გვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით, ისიც იმ თვა­ლ­­საზრისით, რომ მათ ერთმანეთთან ომი აქვთ. "ოცნებას" ჰგონია, დუმილით ამ კონფლიქტის მიღმა ვიქნებით, მაგრამ ძალიან ცდება. შევარდნაძისეული დაბალანსების პოლიტიკა დღეს უსარგებლოა. იმ პერიოდში ნეიტრალიტეტის არჩევის შესაძლებლობა იყო, დღეს სხვა ვითარებაა - თუ რუსეთი უკრაინაში შევა, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს და ეს ფასი აღარ გაიზრდება, თუ უკრაინას საქართველოსაც მიაყოლებს. აი, აქ არის ხიფათი. გუშინ კიდევ შეიძლებოდა დუმილი, დღეს აღარაფრით აღარ შეიძლება!

ხათუნა ბახტურიძე