დაიწყება თუ არა დიდი ომი?! - კვირის პალიტრა

დაიწყება თუ არა დიდი ომი?!

„რუსეთი გააგრძელებს რქებით მიწოლას“

მთელი მსოფლიო, მათ შორის თეთრი სახლი, რუსეთ-უკრაინის შესაძლო ომზე საუბრობს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ომი რუსეთისთვისაც დამ­ღუპველი იქნება. სამხედრო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ამირან სალუქვაძე "კვირის პალიტრასთან" მოსალოდნელ სცენარებზე საუბრობს.

- რუსეთის რიტორიკის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ფართომასშტაბიანი­ ომი არ იქნება. კრემლმა რა სცენარიც უნდა გაათამაშოს, ჩვეული ხელწერა ექნება­. პუტინი ყოველთვის ცდილობს კონფლიქტის დაწყებაში, განახლებასა თუ გამწვავებაში სხვა დაადანაშაულოს. ასე მოიქცა 2008 წელს საქართველოსთან, 2014 წელს კი უკრაინ­ასთან. არაერთ ჟურნალისტთან საუბრისას­ ან საერთაშორისო ფორუმებში გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტი დაჟინებით იმეორებს,­ რომ მოსახლეობამ მათზე შეაჩერა არჩევანი და მომხდარში უკრაინის მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს­ - გადატრიალება მოხდა და ყირიმის მოსა­ხლეობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოო. უამრავ ქვეყანაში მომხდარა სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ამერიკამ ან სხვა რომელიმე ქვეყანამ რომ ისარგებლოს და ტერიტორიები წაართვას, რუსეთი მაშინვე ატეხს საერთაშორისო სკანდალს, ნატო ჩემს საზღვრებთან ფართოვდება და უპასუხოდ ვერ დავტოვებო. არადა, თავად სულ ასე იქცევა. პუტინის ხელისუფლებას პროპაგანდით თუ ძალით შეჰყავს სხვადასხვა ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ნატოში გაწევრების მსურველ ქვეყნებს კი არც ესაუბრება,­ ამერიკას ერჩის, შენ ურევ სიტუაციას და ჩვენს წინააღმდეგ ერთ დროს ჩვენს შემადგენლობაში მყოფ ქვეყნებს ამხედრებო. ასეთი პოლიტიკით რუსი მოსახლეობის გარდა,­ იმ ქვეყნების მოსახლეობასაც ურევს გონებას. ზოგან საყრდენიც ჰყავს და მეტი გავლენის მოსაპოვებლად ამზადებს ნიადაგს - ჩვენთან კი გინდათ, მაგრამ თქვენი ხელისუფლება ამერიკისა და დასავლეთის ზეგავლენას ემორჩილებაო.

თავის დროზე რუსეთიც თანამშრომლობდა ნატოსთან, მათ შორის პუტინის რუსეთიც, სანამ 2007 წელს მიუნხენის ცნობილ კონფერენციაზე პუტინმა დასავლეთთან ერთად ამერიკაც მწვავედ არ გააკრიტიკა "მსოფლიოში ძალის თითქმის შეუზღუდავად გამოყენების" გამო. მაშინ რუსეთი მოძლიერებული იყო, კბილებიც გამოაჩინა­ და მსოფლიოს შეუბრუნდა. პრეტენზია, რომელსაც ამერიკა სამართლინად უყენებს რუსეთს, სადაც შევიდა სამუდამოდ დამკვიდრდა ან იქიდან გამოსვლას წლები დასჭირდაო, ჩვენს თავზეც გამოვცადეთ. მას საქართველოს ორ რეგიონში დღემდე აქვს სამხედრო ბაზები. ახლა პუტინმა ვითომ ნატოს საპირწონედ "კუხო" შექმნა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის შეთრევას ცდილობს. ყოველი ასეთი ნაბიჯის უკან გავლენის გაფართოების სურვილი დგას. ამას ემსახურებოდა ყაზახეთში გამართული ცირკი. თუმცა, ამის მიუხედავად, უკრაინაში პუტინის "სტანდარტულ მოქმედებებს" არ ველოდები, ვგულისხმობ ღია აგრესიას. ფართომასშტაბიანი აგრესია დონბასში შეჭრას კი არა, უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე თავდასხმას გულისხმობს. არა მგონია, მასშტაბურ ომზე წავიდეს. დავუშვათ, ჩავიდა კიევამდე, მერე რას იზამს?!

- თუნდაც იმავეს, რაც ყაზახეთში გააკეთა - უკრაინაში პრორუსული მმართველობა მოვა.

- ყაზახეთის სცენარი სხვაგვარი იყო, უკრაინაში განსხვავებული რეალობაა. 2014 წლის შემდგომ სამხედრო მოქმედებები ქვეყნის მცირე ტერიტორიაზე იყო, მაგრამ რყევებმა უკრაინის ეკონომიკა უმძიმეს დღეში ჩააგდო და რუსეთი კიევამდე რომ ჩავიდეს, ანუ მთელი ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებამდე მიაღწიოს, მოსახლეობა და ეკონომიკა უმძიმეს დღეში ჩავარდება. თავად რუსეთიც რას მიაღწევს, რუსეთს ახალი დაპყრობილი ტერიტორიების მართვისა­ და რჩენის თავი ნამდვილად არა აქვს. აქვე გას­ათვალისწინებელია "მომაკვდინებელი სანქციები", რომელთაც დასავლეთი ჰპირდება. გარდა ამისა, თუ მართლა ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, პუტინის არმიას უკრაინაში მარტივი გასეირნება არ გამოუვა.­ დონბასიც სრულად არც აქვს ოკუპირებული, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უამრავი სანქცია დაუწესა, მეტის გაკეთების შემთხვევაში კი პასუხიც სხვაგვარი იქნება. ამასთან, 2014 წლის უკრაინის არმიის შეიარაღებასა და მომზადებას შორის განსხვავება ნამდვილად არის. შესაბამისად, პუტინის არმიას მსხვერპლიც ძალიან დიდი ექნება.

"ჯაველინების" გარდა, უკრაინას საკუთარი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებიც აქვს და სამხედრო-სისტემური მზადყოფნაც. დახმარების გარდა, მარაგიც საკმარისი. არა მგონია, კრემლი ამას ვერ აცნობიერებდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ პუტინი მოლაპარაკებას გააგრძელებს და თან შეეცდება სახიფათო ფონის წყალობით განსხვავებული რეალობა შექმნას, რომელსაც შემდგომში სასურველი სცენარით განავითარებს.

- იმ შემთხვევაში, თუ პუტინმა უკრაინაზე მიიტანა იერიში, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?

- ქართულმა მხარემ უნდა გააკეთოს მხარდამჭერი განცხადებები და ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ნათელია. ყველამ იცის, რომ ნატოში გაწევრებაში რუსეთის ფაქტორი­ გადამწყვეტი იყო, თუმცა არც იმის დანახვა გვინდა, რომ ქვეყანაშიც მთლად ყველაფერი არა გვაქვს დალაგებული­. ახლა ვიღაცები უკრაინელებზე მეტად ნერვიულობენ. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ვიწროპოლიტიკური ინტერესები სახელმწიფოზე მაღლა დგას, დანატოში გაწევრების შემაფერხებელი მხოლოდ რუსეთის ფაქტორი არ არის. ასეთი საგარეო დაძაბულობის ფონზე უფრო გააქტიურდებიან და იმაზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლიათ სახელმწიფოსთვის, ვიდრე რუსეთის შემოჭრა მოგვიტანდა. არადა, მართლა წკიპზე ვართ ამ ორგანიზაციაში შესასვლელად და კარგი იქნება ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი რქებით აწვება დასავლეთს, რუსეთს ხელსაყრელ მდგომარეობას თუ არ შეუქმნიან. უკრაინამაც კარგად იცის, რომ შეიარაღებული ძალებისა და რეფორმების მხრივ საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს და შესაძლოა ჩვენი არასწორი აქტიურობით მასაც გავუფუჭოთ საქმე.

- როგორც ბაიდენმა განაცხადა, რუსეთი­ "პასუხს აგებს, თუ უკრაინაში შეიჭრება, და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს - თუ მცირე შეჭრა იქნება, დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა, რა გააკეთონ". ამაზე ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "არ არსებობს "მცირე შეჭრა" და "პატარა ერები"... ბაიდენის განცხადება ბევრს სუსტი მოეჩვენა. კიდევ ერთი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი დათანხმდა, რომ წერილობით კომენტარს გააკეთებს რუსეთის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნის დოკუმენტზე. რას გვეუბნება ეს რეალობა?

- ამერიკის პრეზიდენტის კომენტარზე მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას მკაცრი პასუხი მოჰყვება. ამერიკის პრეზიდენტმა იგულისხმა, რომ განიხილავდნენ ერთ სცენარს - რუსეთის დონბასში შეჭრას, ანუ 2014 წელს დაწყებული აგრესიის გაგრძელებას, რაზეც ამერიკას შესაბამისი პასუხი ექნება, და მეორე სცენარს - თუ რუსეთი უკრაინაში ფართო აგრესიას დაიწყებს, ამაზეც შესაბამისი­ რეაქცია იქნება. რაც შეეხება ბლინკენის განცხადებას - მასაც და ლავროვსაც სახეზე ეტყობოდათ, რომ შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ ის, რაც შემდეგ ლავროვმა გამარჯვებული სახით განაცხადა, მომავალი კვირისთვის ვაშინგტონი უსაფრთხოების წერილობით გარანტიებს შეგვპირდაო, მხოლოდ დიპლომატიური ჟესტია, მოლაპარაკების ნაწილი, მორიგი რაუნდისთვის მზადება და დროის გაწელვა. ნატო დათმობაზე არ წავა და რუსეთს არ ჰკითხავს, გაფართოვდება თუ არა. თუმცა რუსეთი, ცხადია, გააგრძელებს რქებით მიწოლას. თუ რუსულ მედიას გადავხედავთ, პუტინმა ისარგებლა ბაიდენისა და ბლინკენის განცხადებითაც და პროპაგანდა "მიუშვა"­ - ამ მასშტაბის შეიარაღებული ძალების გადასროლით ის მთლიანად უკრაინაზე აცხადებს პრეტენზიას, თავის ტერიტორიად მიიჩნევს, რომელსაც თურმე უკრაინელი ხალხი კი არა, ნატო ართმევს გაფართოების ხარჯზე. არადა, ნატო არც რუსეთს შევარდნია სახლში და არც ვარშავის ხელშეკრულების წევრი ან სსრკ-ის ყოფილი ქვეყნებისთვის წაურთმევია ტერიტორიები. დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რა ელოდებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ნატოში შესვლა რომ ვერ მოესწროთ.

ეს არის ბოლო წლების რუსეთის ხელწერა - მასშტაბური რიტორიკა. არადა, საბჭოთა კავშირიც კი მოსაზღვრე რეგიონებში სწავლებების დაგეგმვისას მეზობელი ქვეყნების ატაშეებს იწვევდა, წინასწარ ატყობინებდა სწავლების შესახებ, რომ მეზობელ სახელმწიფოს არ ეფიქრა, საბჭოთა კავშირი ინტერვენციას აპირებსო. რუსეთი ახლა ბელარუსში ატარებს მასშტაბურ წვრთნებს, ჯარები უკრაინის საზღვრებთან გადაისროლა. შეუძლებელია იმ ქვეყანაში ამას დაძაბულობა არ მოჰყვეს. რუსეთი შეეჩვია სხვა ქვეყნების აბუჩად აგდებასა და კუნთების ჩვენებას.

- ჯერჯერობით ბევრი რამ გასდის...

- ასე ვერ ვიტყოდი... ბლინკენი-ლავროვის შეხვედრისგან ბევრს არც ველოდი, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთისთვის მისაღები შედეგით არ დასრულებულა. რუსეთმა ერთს მიაღწია - ადრე სახვეწარი ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები ნატოსთან, ამერიკასთან, ახლა შეხვედრა შეხვედრაზეა.

რუსეთი უტიფარი ქვეყანაა. საუბრის დაწყება იმ საწყისი მდგომარეობიდან სურს, საიდანაც აწყობს, თუმცა წერილობით გარანტიაზე გაფართოების შესახებ უარი მიიღო. ეს უკვე მარცვალს ტოვებს, რომ ნატო უკან დახევას არ აპირებს. წლების განმავლობაში რუსეთის თავხედურ მანევრებს თან ახლავს ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი. ივლის-აგვისტოში დაიწყო და ძალიან მალე გაზის ფასი ევროპის ბირჟაზე გაათმაგდა. შემდეგ ვითომ პუტინის ჩარევით დაიწია, მერე ისევ აიწია და ასე, ტალღისებურად. ამასობაში ფორმალურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ნატოსთან, რათა რუსეთმა როგორმე მიაღწიოს 1997 წლის ვითარებას, სანამ ნატოს გაფართოების პირველი ტალღა დაიწყებოდა, ანუ მაქსიმუმს ითხოვს, მინიმუმს მაინც რომ მიაღწიოს, ან დაძაბულობა შეინარჩუნოს. სწორედ ამგვარად მიაღწია ყაზახეთში მიზანს და ჰგონია, სხვა სახელმწიფოებშიც იგივე გაუვა. თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელებს, საქართველოშიც იგრძნობა პუტინისთვის სასარგებლო განხილვები. ის კი არა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ომი არავის უნდა, შესაძლოა დასავლეთმაც ლოიალურობა გამოიჩინოს, თუმცა დიდ დათმობას არ ველი. რუსეთს მისთვის სასარგებლო გეოპოლიტიკური ფონის შექმნა, ენერგობაზარზე კრიზისის გამოწვევა და ნამატი ფასებიდან ბიუჯეტში კოლოსალური მოგების მიღება სურს. დასავლეთმა ეს არ უნდა გაატანინოს. საბედნიეროდ, ნატოს მკაფიო და მკაცრი პოზიცია აქვს.

ლალი პაპასკირი