"თუ ასე გაგრძელდა, ექიმები თავიანთი მოვალეობის შესრულებას ვეღარ შეძლებენ“
ამ დღეებში ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდცენტრში მომხდარი მძიმე ფაქტი გამჟღავნდა, რომლის ამსახველი მძიმე კადრებიც გავრცელდა. მომხდარი ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუამ გაახმაურა. 2021 წლის 21 დეკემბერს, დილის ხუთ საათზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემოვლისას ექთანმა შენიშნა, რომ პაციენტი წუხდა. დაინტერესდა, მასთან მივიდა, ჟანგბადის ნიღაბი მიაწოდა და სცადა, სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია განესაზღვრა, მაგრამ როცა სატურაციის აპარატის ასაღებად დაიხარა, მას თავს დანით შეიარაღებული პაციენტი დაესხა. როგორც სალომე ლოლუა ამბობს, ექთანს ორი ჭრილობა აქვს, ერთ-ერთი - ლოყის არეში, რომელზეც შვიდი ნაკერი დასჭირდა. მას ასევე დაუზიანდა სანერწყვე ჯირკვალი და რთული რეაბილიტაციაც ჩაუტარდა. მეორე ჭრილობა მას ყელის არეში აქვს. ამჟამად ექთნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრალდებული კი სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სალომე ლოლუა ამბობს, სამწუხაროდ, ეს არ არის მედპერსონალზე თავდასხმის ერთადერთი შემთხვევა. პანდემიის პირობებში მედპერსონალზე ძალადობის ფაქტები გახშირდა. ამიტომ ექიმების უფლებათა დაცვის ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უკეთ დაიცვას მედპერსონალის უფლებები და მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან მედპერსონალი თავს დაცულად ვერ გრძნობს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონულ კლინიკებში.
სალომე ლოლუა: - ეს ინფორმაცია ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა და დეტალებით დავინტერესდით. გვინდოდა გაგვეგო, ხომ არ ჰქონდათ მათ უთანხმოება ან ადრე ხომ არ იცნობდნენ ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ მათ შორის პრობლემა არ ყოფილა. ეს პაციენტი რამდენიმე დღე იწვა რეანიმაციაში, იქიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადმოიყვანეს და ორი კვირა იქ იყო. არაერთხელ იმორიგევა ამ ექთანმა და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ექთანს ჰყავდა ერთი დამხმარე და ეს ორი ადამიანი უწევდა მეთვალყურეობას როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა პალატებს, იმ დღეს კი მთელი განყოფილება ექთნის გარეშე დარჩა... ყველა კადრი ვერ გამოვაქვეყნე, რადგან ძალიან მძიმე სანახავია. კადრები თავიდან ბოლომდე სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. ჩანს, რომ თავდასხმისთვის ემზადებოდა: დანა ჯერ მოიმარჯვა და მერე დაარტყა. ხმაურზე პაციენტებმა გაიღვიძეს, შემოვიდნენ მორიგე ექიმები და დახვდათ ასეთი მძიმე სურათი. მორიგე ექიმების დანახვისთანავე დამნაშავემ დანა დააგდო.
- ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა პაციენტს, ან ნარკოდამოკიდებული ხომ არ იყო და ნარკოტიკს ხომ არ ითხოვდა?
- როგორც ვიცით, ნარკოდამოკიდებული არ იყო. ბრალდებულმა გამოკითხვისას თქვა, არ ვიცი, ეს რატომ ჩავიდინეო. მანამდე არც ფსიქიკური პრობლემები გამოუვლენია, აბსოლუტურად მშვიდი პაციენტი იყო და უცებ ასეთი რამ გააკეთა.
- დაჭრილ ექთანს ელაპარაკეთ?
- ვცადეთ, მაგრამ უარი თქვა. ვიდეო და ფოტომასალა ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა. საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. საბედნიეროდ, ექთნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მორიგე ექიმებს შეეშინდათ, გადაჭრილი არ ყოფილიყო საძილე არტერია, ლოყის ჭრილობა დაუმუშავეს და მერე სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რეაბილიტაციის პროცესი დიდხანს გაგრძელდა. აღარაფერს ვამბობ დაზარალებულის ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობაზე.
- ეს ფაქტი ამ დრომდე არ გახმაურებულა. რას ამბობს კლინიკის ხელმძღვანელობა?
- კლინიკის ხელმძღვანელობა ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს.
- მსგავსი ფაქტები მომხდარა?
- დიახ, უკვე ბევრი ფაქტი გვაქვს. იანვარში ჰოსპიტალში სცემეს ექიმს, რომელმაც ოჯახს პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამოიძახეს პატრული და დამნაშავე დააკავეს, თუმცა ის პატიმრობას გადაურჩა - სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სამი კვირის წინ ექიმს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს 10-წუთიანი დაყოვნების გამო. პაციენტს სწრაფი ტესტი გაუკეთეს და პასუხის მოლოდინში შეაყოვნეს, ამას კი გინება და შეურაცხყოფა მოჰყვა, არადა, ეს პროცედურა პროტოკოლით არის გათვალისწინებული. ორი წლის წინ ვიცავდით ექიმს, რომელსაც პაციენტმა სცემა იმის გამო, რომ ნარკოტიკული საშუალება არ გაუკეთა. ექიმს ჰქონდა ტვინის შერყევა, სახეზე დასჭირდა რვა ნაკერი, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ დამნაშავე ციხიდან გამოვიდა... დაზარალებული მედპერსონალი ხშირად მოგვმართავს, მაგრამ კონფიდენციალობის დაცვას გვთხოვენ, რადგან კერძო კლინიკებში მუშაობენ და საქმის გაფუჭება არ უნდათ. ჩვენ კონფიდენციალობას ვიცავთ, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი მაინც ერიდება მომხდარის ჩვენთვის გამხელას.
საზოგადოდ კი მედპერსონალი კლინიკაში თავს დაცულად ვერ გრძნობს. მოგეხსენებათ, კლინიკების უმეტესობა კერძოა და ბიზნესმენს არ სურს, მის დაწესებულებასთნ დაკავშირებით ზედმეტი ხმაური ატყდეს, ამიტომ მედპერსონალს მოთმენას ავალდებულებს მაშინაც კი, როცა საქმე დანაშაულთან გვაქვს, იქნება ეს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. მედპერსონალი რეგიონებში უფრო დაუცველია, ვიდრე თბილისში. თბილისში ადგილობრივი დაცვის სამსახური მოვალეობას უკეთ ასრულებს, ვიდრე რეგიონებში, არადა, როცა ექიმი თავის მოვალეობას ასრულებს, ის დაცული უნდა იყოს. პანდემიის დროს ბევრი შემთხვევა იყო, როცა `სასწრაფოს~ დაგვიანების გამო ოჯახი გაღიზიანდა და ექიმებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ბორჯომში მსგავსი ინციდენტის შედეგად ექიმს ცხვირის ოპერაცია დასჭირდა. ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივაზე და იმედია, კანონი გამკაცრდება, თორემ ასე თუ გაგრძელდა, ექიმები თავიანთი მოვალეობის შესრულებას ვეღარ შეძლებენ.