საბაბის მოძებნა ომის წამოსაწყებად... - კვირის პალიტრა

საბაბის მოძებნა ომის წამოსაწყებად...

ომის წამომწყები აგრესორი ქვეყანა ყოველთვის ეძებს საბაბს, თუგინდ თითიდან გამოწოვილს, რომ მსოფლიოს თავისი "სიმართლე" დაუმტკიცოს.

1939 წლის 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყების საბაბად ჰიტლერმა გამოიყენა ფაქტი, რომ წინა დღეს საზღვრისპირა ქალაქის გერმანულ რადიოსადგურს პოლონეთის არმიის ფორმიანი სამხედროები დაესხნენ თავს და რადიოეთერით პოლონურ ენაზე გერმანიის საწინააღმდეგო მოწოდებები გადასცეს, რაც ჰიტლერმა გერმანიაზე პოლონეთის თავდასხმად შეაფასა. სინამდვილეში პოლონურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გერმანელი დივერსანტები თავად დაესხნენ გერმანულ რადიოსადგურს და იქვე "ნივთმტკიცებად" დატოვეს პოლონურ სამხედროფორმიანი რამდენიმე ადამიანის ცხედარი, რომლებიც მანამდე გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში დახოცეს.

მაშინ ჰებელსის პროპაგანდამ თითქმის ნახევარი მსოფლიო დაარწმუნა გერმანულ რადიოსადგურზე პოლონელების "თავდასხმაში" და დღეს პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ფაშისტური გერმანიის დროინდელს განა რამით ჩამორჩება?!

საქმე ის არის, რომ დასავლეთის პოლიტიკური წრეები თავიანთი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკურ მასალებზე დაყრდნობით ალაპარაკდნენ ერთ-ერთ სცენარზე, რომელიც შეიძლება კრემლმა უკრაინაში უფრო დიდი ძალებით შეჭრისთვის გამოიყენოს. ჰიტლერის არ იყოს, პუტინის ბრძანებით რუს სპეცრაზმელებს უკრაინულ სამხედრო ფორმებს აცმევენ შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნებით და მათ დონეცკისა თუ ლუგანსკის პრორუსული სეპარატისტული რაიონების ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციას ატარებინებენ, რაც ოპერატიულად შუქდება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების მიერ, უკრაინელ სამხედროებს კი, მთელი მსოფლიოს გასაგონად, მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი ბრალდებათ და კრემლიც თამამად აცხადებს, რომ რუსი ეროვნების და რუსული პასპორტების მქონე მოსახლეობის (დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რაიონებში დარჩენილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა) უფლებების დასაცავად თუ მათ გადასარჩენად უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ამჯერად უკვე ოფიციალურად შეყვანაა საჭირო.

ხომ გეცნობათ სცენარი?

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შემოჭრის ოფიციალური საბაბიც დაახლოებით ასეთი იყო - რუსი "სამშვიდობოების" დახმარება და საქართველოსთვის მშვიდობის იძულება.

სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ თავისი უცოდინარობით, შეცდომებითა თუ (არც კი მინდა უარესის გაფიქრება)... საშუალება მისცა კრემლს, ამ საბაბს ფესვები გაედგა და მსოფლიოს რუსეთი ერთპიროვნულ აგრესორად ძნელად აღექვა.

სხვათა შორის, აგვისტოს ომის დაწყებამდე ქართულ საჯარისო და პოლიციურ ძალებს ჰქონდათ სპეციალური ბრძანება, არ ესროლათ რუსი "სამშვიდობოების" პოსტების მიმართულებით.

8 აგვისტოს დილიდან თავად ვიყავი მომსწრე, გორი-ცხინვალის გზაზე ერგნეთისკენ მიმავალი ქართული ტანკების ეკიპაჟები როგორ მშვიდად უვლიდნენ გვერდს სოფელ მეღვრეკისის ჩასახვევთან მდებარე რუსი "სამშვიდობოების" პოსტს, რათა რუსებისთვის პროვოკაციის საბაბი არ მიეცათ, მაგრამ შეტევის სხვა მიმართულებაზე, როდესაც ქართული ჯავშანტექნიკა სოფელ ნიქოზიდან ცხინვალისკენ, "შანხაის" დასახლებისკენ დაიძრა და რუსი "სამშვიდობოების" "ვერხნი გოროდოკს" ჩაუარა, საპასუხო ცეცხლის გახსნა მოუხდა, რადგან მანამდე იმ მიმართულებიდან ყუმბარსატყორცნები გვესროლეს.

არ არის გამორიცხული, რომ ეს პირველი პროვოკაციული გასროლა არა რუსი "სამშვიდობოების", არამედ ოსი სეპარატისტების დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, მაგრამ შედეგი ჩვენთვის ძალზე სავალალო აღმოჩნდა - ქართველებმა "რუსი სამშვიდობოები" დაბომბეს და მათ გადასარჩენად ცხინვალში რუსული ტანკები გავგზავნეთო, გაიძახოდა მაშინ კრემლის პროპაგანდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არმიის შემოჭრის გასამართლებლად.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, მერვე წელია, ავტომატების კაკანი და ჰაუბიცების გრუხუნი არ შეწყვეტილა და იქ ძალიან იოლია რუსეთისთვის ხელსაყრელი სცენარის გათამაშება, მაგალითად, ქალაქ დონეცკის საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა საარტილერიო ცეცხლით ისე, რომ ეს უკრაინელ არტილერისტებს დაბრალდეთ, რაც კრემლს საშუალებას მისცემს, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გააძლიეროს.მოამზადა ირაკლი ალადაშვილმა