დიდი ომი მთელი უკრაინის "მოსარჯულებლად“ თუ პატარა - დონბასის რუსეთისთვის მისაერთებლად? - კვირის პალიტრა

დიდი ომი მთელი უკრაინის "მოსარჯულებლად“ თუ პატარა - დონბასის რუსეთისთვის მისაერთებლად?

კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება პუტინის სამხედრო-პოლიტიკური ბლეფი და რითი დამთავრდება ის უკრაინისთვის?

თითქმის მთელი მსოფლიო ელოდება, დაიწყებს თუ არა რუსეთი სამხედრო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და რა მასშტაბის შეიძლება იყოს ეს საბრძოლო მოქმედებები. რუსეთის შეიარაღებული ძალების საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები უკრაინას, ფაქტობრივად, ოთხივე მხრიდან "შემოეწყვნენ". უკრაინის საზღვრის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ისინი დისლოცირებული არიან უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთით - ბელარუსში, დასავლეთით - მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, სამხრეთით კი - ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.

დიდი ომის დაწყების შემთხვევაში კრემლის მთავარი მიზანი კიევში უკრაინის ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა იქნებოდა, მაგრამ ამას თუ ვერ მიაღწევდა, უკრაინის შავ და აზოვის ზღვებზე გასასვლელებისა და საზღვაო პორტების ოკუპაციას მაინც შეძლებდა, მაგრამ იქნებ პუტინი დიდ ბლეფს ათამაშებს და უკრაინას, დასავლეთთან ერთად, მუდმივ დაძაბულობას უქმნის, რომ მისი შიში არ დაკარგოს?

ერთ საინტერესო ფაქტს გავიხსენებთ: 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმსა და დონბასში შეჭრის წინა მოსამზადებელ სამხედრო გადასროლებს რუსეთის არმია შეძლებისდაგვარად ფარულად ახორციელებდა და სოჭში ეფ-ეს-ბემ ქალებიც კი დაიჭირა, რომლებმაც რკინიგზის ეშელონზე ტანკები დაინახეს და ამის შესახებ ერთი მესიჯი გაგზავნეს, ეხლა კი თავად რუსულ ინტერნეტსივრცეში დღეში ათობით ვიდეო ქვეყნდება რუსული სამხედრო ავტოკოლონებისა და სარკინიგზო ეშელონების გადაადგილების შესახებ და რუსეთის კონტრდაზვერვა ამას ხელს კი არ უშლის, პირიქით, თითქოს ახალისებს კიდეც, რათა გაჩნდეს პანიკა, რომ რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები თავს უკრაინის საზღვართან იყრიან...

გვინდა თუ არა ამის აღიარება, მსოფლიოს პოლიტიკაში უკვე "დედოვშჩინის მამად" აღიარებული პუტინი თავისი "კაგებეშნიკური" ცბიერებით, სამწუხაროდ, აშკარად სჯაბნის დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებს, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრ მათგანზე კრემლს "საინტერესო" კომპრომატები აქვს მომარაგებული.

უკრაინის თემით პუტინი ბაიდენსა თუ სხვა დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებს აიძულებს, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ანგარიში გაუწიონ რუსეთის ინტერესებს.

ეს თემები ასეთი აქტუალური რომ არ იყოს, მხოლოდ ეკონომიკისა თუ ეკოლოგიის შესახებ რუსეთთან თანასწორი მოლაპარაკებები დასავლეთისთვის მაინცდამაინც საინტერესო არ იქნებოდა, ამიტომაც უკრაინის, საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციისა თუ ნატოს გაფართოების პრობლემების მუდმივი გააქტიურებით კრემლი მსოფლიოს პოლიტიკის ეპიცენტრში რჩება, რაც არის კიდეც პუტინის მთავარი მიზანი.

არც აგვისტოს ომამდე და არც ყირიმის ოკუპაციამდე დასავლეთს რუსეთის მიმართ ასეთი გამაფრთხილებელი ზომები არ მიუღია.

"თუკი რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება, დასავლეთი და, უპირველესად, აშშ, მის მიმართ ჯერ არნახული მასშტაბის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სანქციებს განახორციელებს," - იმუქრებიან ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან და მაშინვე ამატებენ, რომ მართალია, უკრაინის მიწების დასაცავად ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზავნიან, მაგრამ, სამაგიეროდ, უკრაინელ სამხედროებს უკვე აწვდიან და კვლავაც მიაწვდიან თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღებას.

პუტინის ბლეფსაც უნდა ჰქონდეს საზღვარი და, სავარაუდოდ, ის მაინც ვერ გარისკავს მთელი უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებიდან ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედების წამოწყებას და კიევში რუსული სამფეროვანი დროშის აღმართვას.

უფრო მოსალოდნელია, კრემლმა კვლავ გამოიყენოს არაერთხელ კარგად ნაცადი ტაქტიკა და ისევ დონეცკისა და ლუგანსკის პრორუსი სეპარატისტების ხელით, რუსული ტაკებისა და არტილერიის მხარდაჭერით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სცადოს ტაქტიკური უპირატესობის მოპოვება, რომ შემდგომ აღიაროს ამ სეპარატისტული "რესპუბლიკების" "დამოუკიდებლობა", ისევე, როგორც საქართველოს წინააღმდეგ გააკეთა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ.