"უკვე გავაფორმეთ "პაქსლოვიდის“ შეკვეთა - თუ მას დალევთ, 89%-ით დაცული ხართ მდგომარეობის დამძიმებისგან“ - კვირის პალიტრა

"უკვე გავაფორმეთ "პაქსლოვიდის“ შეკვეთა - თუ მას დალევთ, 89%-ით დაცული ხართ მდგომარეობის დამძიმებისგან“

"ფაიზერმა“ დამატებითი კვლევების საფუძველზე გამოაქვეყნა დასკვნა, რომ მისი წარმოებული ვაქცინა ეფექტიანობას ინარჩუნებს ფლაკონზე მითითებული ვადის გასვლიდან კიდევ სამი თვის განმავლობაში

კორონავირუსი ყველა ტალ­ღაზე ახალ-ახალი შტამებით გვიტევს და, სამწუხაროდ, უკვე ორი წელია, ფანტაზია არ ღალატობს. მეექვსე ტალღის მიმდინარეობისა და პროგნოზის შესახებ "კვირის პალიტრის" კითხვებს თსსუ პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე­ უპასუხებს.

- ბატონო ივანე, ჩვენი ინტერვიუ ეპიდვითარების შეფასებით დავიწყოთ. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რეგიონებში შემთხვევათა განსაკუთრებული მატებაა...

- რეგიონებში მატება მოსალოდნელია­ და ამას ახსნაც აქვს. საქართველოში მხოლოდ ორი რეგიონია, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 60%-ის ფარგლებშია - ეს არის თბილისი და აჭარა. სხვაგან, განსაკუთრებით - სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის რისკიც არსებობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერჯერობით ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღის აღმავალ მრუდზეა და ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. აგვისტოს ტალღის დროს მნიშვნელოვანი ნაწილი ინფიცირებულებისა იყო საავადმყოფოებში. 8700 საწოლიდან 8650 გამოყენებული იყო. ეს კრიტიკული ნიშნული გახლდათ და ამიტომ იძულებული გავხდით, საველე ჰოსპიტლები გაგვეხსნა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ 63 000-ია აქტიური შემთხვევა, 3900 თავისუფალი საწოლი გვაქვს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ტალღა გამოწვეულის "ომიკრონით", რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტების უდიდესი ნაწილი სახლში რჩება.

სავარაუდოდ, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს იანვრის ბოლომდე. "ომიკრონი"­ იმით არის გამორჩეული, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება და პიკსაც ძალიან სწრაფად აღწევს, მაგრამ პიკზე მაღალი მაჩვენებელი ძალიან ცოტა ხნით შენარჩუნდება. მეხუთე ტალღისას საქართველოში თითქმის სამი თვის განმავლობაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იყო. იმედი­ გვაქვს, რომ "ომიკრონით" გამოწვეული შემთხვევების მატება ხანგრძლივი არ იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვართ, პიკზე ინფი­ცირების 12-15 ათასი შემთხვევა გვექნება და შეიძლება ეს რიცხვი 25-30 ათასამდეც გაიზარდოს. სავარაუდო პიკური პერიოდია იანვრის ბოლო-თებერვლის დასაწყისი. შემდეგ უკვე შემთხვევების ძალიან სწრაფი კლება დაიწყება.

- მეზობელ სომხეთში ინფიცირებულთა­ რიცხვი ძალიან დაბალია. როგორ ახერხებენ ამას და ჩვენ შორის ამხელა სხვაობა რისი შედეგია?

- არამარტო სომხეთში, აზერბაიჯანშიც­ ძალიან დაბალი მაჩვენებელია. აზერბაიჯანში ეს გასაგებია, ვინაიდან მათ ორჯერ აცრილი ადამიანი ჩვენზე მეტი ჰყავთ. რაც შეეხება სომხეთს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სომხეთში "ომიკრონი" ჯერჯერობით­ არ არის. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტესტირებას. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი ტესტი კეთდება სომხეთში. თუ ტესტირების მაჩვენებელი დაბალია, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობაც ნაკლები იქნება.

- რომელი ვაქცინები მუშაობს "ომიკრონის" წინააღმდეგ?

- "ფაიზერი" "ომიკრონით" დაავადების შემთხვევაში განსაკუთრებულად ეფექტიანია. ბუსტერიც "ფაიზერით" უფრო მიზანშეწონილია, ვინაიდან სწორედ ეს ვაქცინა ზრდის მნიშვნელოვნად ორგანიზმის იმუნურ პასუხს, მაგრამ თუ ვინმეს რაღაც მიზეზით "ფაიზერის" ეშინია, მაშინ აუცრელობას ნებისმიერი სხვა ვაქცინით აცრა სჯობია.

- კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

- საქართველოში შემოტანილია "რემდესივირი", რომელსაც, სამწუხაროდ, ყველა კოვიდდაწესებულება არ იყენებს, მაგრამ­ ვინც იყენებს, მას ძალიან კარგი­ შედეგი აქვს. "რემდესივირი" შეტანილია როგორც აშშ-ის ჯანმრთელობის ინსტიტუტის, ისე სხვა ინსტიტუციების პროტო­კოლში. ის არის ჩვენს ეროვნულ პროტოკოლშიც. ასევე გვაქვს "ტოცილიზუმაბი". შემოტანილი იყო მონოკლონური ანტისხეულების შეზღუდული პარტია, რომელსაც ვიყენებდით ინფიცირების დასაწყისში, ამბულატორიულ, არცთუ მძიმე პაციენტებთან, რათა ისინი დამძიმებისაგან დაგვეცვა. საქართველომ გააფორმა "ფაიზერის" მედიკამენტ "პაქსლოვიდის" შეკვეთა. თუ მას დალევთ ინფიცირების პირველი 10 დღის მანძილზე, 89%-ით დაცული ხართ მდგომარეობის დამძიმებისა და საავადმყოფოში მოხვედრისაგან. ახლა სწორედ ამ პრეპარატს ველოდებით. რა თქმა უნდა, ის არ შემოვა იმდენი, რომ ყველა ინფიცირებულს ეყოს, მაგრამ რისკ-ჯგუფებისთვის აუცილებელი იქნება.

- ლაპარაკობენ ვადაგასულ "ფაიზერის" ვაქცინაზე...

- ვადაგასული კი არა, ვადაგახანგრძლ­ივებული. ვადის გახანგრძლივება არ არის არც ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს და არც ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილება, ეს არის "ფაიზერის" მიერ დამატებითი კვლევების საფუძველზე გამოქვეყნებული დასკვნა, რომ მისი წარმოებული ვაქცინა ეფექტიანობას ინარჩუნებს ფლაკონზე მითითებული ვადის გასვლიდან კიდევ სამი თვის განმავლობაში. ყველა, ვინც იანვარში გაიკეთა ეს ვაქცინა, ადასტურებს, რომ რეაქცია, გვერდითი მოვლენები და ა.შ. ზუსტად ისეთივე ჰქონდა, როგორიც ვაქცინის პირველი-მეორე დოზის გაკეთებისას.

- შეიძლება ვთქვათ, რომ "ომიკრონი" არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა, როგორც ველოდით?

- ჩვენ ვამბობდით, რომ მთავარი იყო, რა რეაქცია ექნებოდათ "ომიკრონზე" რისკის ჯგუფებს. ამ ვარიანტით, ძირითადად, ინფიცირებული არიან ახალგაზრდები. ახლა ყველა ქვეყანა თვალყურს ადევნებს, როგორ გავრცელდება ის და როგორი ექნება აუცრელებისა და რისკჯგუფების რეაქცია. მონაცემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დაავადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მიღებულია ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია. ახლა საქართველოს მაგალითი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახავთ, როგორ გავრცელდება "ომიკრონი" აუცრელ მოსახლეობაში - ჩვენთან ხომ მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია ვაქცინირებული.

- შექმნილ ვითარებაში სკოლებისა და საბავშვო ბაღების ონლაინრეჟიმზე გადასვლას ემხრობით?

- არ მიმაჩნია სწორად, რომ ხელაღებით ყველა ონლაინრეჟიმზე გადავიდეს.