"დღეს ფოთში არ არსებობს სახლი, სადაც ამძაღებული თევზის სუნი არ დგას“
გვესმის, რომ ქარხნების მფლობელები ფულისთვის ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ხელისუფლება რას აკეთებს? მაინცდამაინც სოციალური აჯანყება უნდა მოხდეს, რომ ამ უბედურებას ბოლო მოეღოს?!
ფოთში, პირდაპირ ქუჩაში დაყრილ, მამასისხლად ღირებულ ქაფშიას თუ დაინახავთ, ნურც გაგიკვირდებათ და ნურც თევზით "მდიდარი" ფოთელების შეგშურდებათ - ამ ქალაქის მოსახლეობას ქაფშიას გაგონებაც არ უნდა. არც ის იფიქროთ, ქუჩაში დაყრილი თევზი დაავადებულია. ასე რომ იყოს, იმედი მაინც იქნებოდა, რომ საქმეს როდესმე ეშველებოდა, მაგრამ პრობლემა უსაშველოა და ფოთელების მრავალწლიანმა პროტესტმაც ვერაფერი დააკლო. მძიმე მდგომარეობაში კი ქალაქი აქაურმა თევზის გადამმუშავებელმა ქარხნებმა ჩააგდო. წლებია, ისინი ტონობით ქაფშიას ფილტრების გარეშე ფქვავენ, რის შემდეგ პროდუქცია თურქეთს მიეწოდება, თევზის ფქვილის მტვერი და სუნი კი ქალაქში რჩება. ქუჩებში ქაფშიას პორტიდან ქარხნისაკენ მიმავალი, თევზით დატვირთული, გაუმართავი ურიკები ტოვებენ, ქალაქის გასუფთავება კი მოსახლეობას უხდება. დამუშავებული თევზის ნარჩენი პალიასტომის ტბის სანაპიროზე იყრება, სადაც ლპება, არხით ზღვაში გაედინება და თევზს წამლავს.
ეკა იოსავა, ქალაქ ფოთის მცხოვრები, აქტივისტი: - ფოთელებმა გავიხარეთ, როცა აქ თევზის გადამმუშავებელი ოთხი ქარხანა აშენდა, თუმცა შემდეგ ჯოჯოხეთი დაიწყო.A ქარხნებში ყოველდღიურად ტონობით ქაფშია იფქვება და ამ ფქვილის მტვერი და სუნი მთელ ქალაქში ვრცელდება! დღეს ფოთში არ არსებობს სახლი, სადაც ამძაღებული თევზის სუნი არ დგას. ამას დავუმატოთ ისიც, რომ პორტიდან ქარხნამდე, 6-7 კილომეტრზე, თევზი ძველი და გაუმართავი ურიკებით გადააქვთ, საიდანაც ქაფშია ქუჩაში ცვივა, ხანდახან იმდენი, რომ გორებად დგება, მისი ახვეტით კი თავს არავინ იწუხებს. მთელი ქალაქი, ფაქტობრივად, იმ ადამიანების მონად იქცა, რომლებიც ხელისუფლებას დაუახლოვდნენ და ამის გამო მათ ბუზსაც ვერავინ აუფრენს.
- ასეთ მდგომარეობას მთელი ქალაქი რატომ არ აპროტესტებს? - თევზის სეზონი ისე არ ჩაივლის, ფოთის ქუჩებში აქციები არ მოეწყოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ბევრჯერ ჩაერია საქმეში - გადამუშავებული თევზის ნარჩენები ხომ პალიასტომის ტბის ნაპირას იყრება, ლპება, არხით ზღვაში გადადის და თევზს ხოცავს! მაგრამ არც ამას მოჰყოლია შედეგი. დადებენ პირობას, ფილტრებს ამა და ამ წლისთვის დავამონტაჟებთო და... კანონით, ამ ქარხნებს 5.000 დოლარით აჯარიმებენ და ისინიც, ასე ვთქვათ, სიამოვნებით იხდიან, რადგან ფილტრების დაყენება ჯარიმასთან შედარებით გაცილებით ძვირია... რამდენიმე წლის წინ ხალხის პროტესტმა ისეთ დონეს მიაღწია, ქარხნების მფლობელები იძულებული გახდნენ, ფილტრების დასაყენებლად სამზადისიც კი დაეწყოთ, მაგრამ მერე ან ხელისუფლებაში გადაინაცვლეს, ან ხელისუფლებას დაუახლოვდნენ და ფილტრების მონტაჟიც გადაიფიქრეს. მეტიც - თევზის ქარხნებთან ერთად, ფოთში ლითონის ქარხანაც უფილტროდ მუშაობს.A ამ ქარხნის მტვერს, მართალია, ასეთი მძაფრი სუნი არ აქვს, მაგრამ სამოსში ისე ჯდება, ვერაფრით მოაშორებ და ხომA ადვილი წარმოსადგენია, ადამიანის ფილტვებს რას უზამს! გვესმის, რომ ქარხნების მფლობელები ფულისთვის ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ხელისუფლება რას აკეთებს? მაინცდამაინც სოციალური აჯანყება უნდა მოხდეს, რომ ამ უბედურებას ბოლო მოეღოს?!
P.S. როგორც ფოთის თევზის გადამმუშავებელ ქარხნებში აცხადებენ, ფილტრების დასაყენებლად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.