ალექსანდრე მრევლიშვილის შესრულებული ნიკო ფიროსმანის ნაკლებად ცნობილი ჩანახატი
„წარმოგიდგენთ ალექსანდრე მრევლიშვილის შესრულებულ ნიკო ფიროსმანის ნაკლებად ცნობილ ჩანახატს, რომელსაც, სხვა ორ ჩანახატთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ფიროსმანის პორტრეტული იკონოგრაფიისთვის“
"ალექსანდრე მრევლიშვილმა მხატვრულად გააფორმა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" და ,,ბუნების კარი", ასე რომ, ის ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი პირველი ქართველი მხატვარ-გამფორმებელიცაა... მრევლიშვილმა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავების აღწერით შექმნა პოეტის პორტრეტი, რომელიც, ალბათ, უფრო ზუსტია..." საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, ვინ არის ალექსანდრე მრევლიშვილი. ფართო საზოგადოებისთვის უცნობია მისი შესრულებული ნიკო ფიროსმანის ჩანახატიც, რომელზეც ინფორმაციას ხელოვნებათმცოდნე სოლომონ ნადიმაშვილი გვაწვდის.
- გამოჩენილი ქართველი მხატვრის, დიმიტრი შევარდნაძის, თაოსნობით 1916 წლის 11 აპრილს ქართველ ხელოვანთა საზოგადოება დაფუძნდა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, აღმასრულებელ მდივნად კი - დიმიტრი შევარდნაძე. საზოგადოების მაისის სხდომაზე მოიწვიეს იმ ხანად უკვე ცნობილი თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი. სხდომის მიმდინარეობისას ნიკო ფიროსმანმა წარმოთქვა თავისი ცნობილი ფრაზა: "ავაშენოთ მხატვრებმა ერთი დიდი სახლი, დავდგათ სამოვარი, დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე". სწორედ ამ გამოსვლისას მხატვრებმა ალექსანდრე მრევლიშვილმა და შალვა ქიქოძემ და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ ნატურიდან შეასრულეს ნიკო ფიროსმანის პორტრეტული ჩანახატები, რომელთა ფოტოები დღეისათვის გამოფენილია ეროვნული გალერეის ფიროსმანის ნამუშევრების საგამოფენო დარბაზში, ხოლო დედნები დაცულია აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.ამჯერად წარმოგიდგენთ ალექსანდრე მრევლიშვილის შესრულებულ ნიკო ფიროსმანის ნაკლებად ცნობილ ჩანახატს, რომელსაც, სხვა ორ ჩანახატთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ფიროსმანის პორტრეტული იკონოგრაფიისთვის.
- როგორც ეს ნახატი, თავად ალექსანდრე მრევლიშვილიც არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის...
- დიახ... ალექსანდრე მრევლიშვილი, ქართული რეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1866 წელს მცხეთაში დაიბადა. იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის მეოთხე კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ლუდვიგ ლონგოს კერძო სამხატვრო სკოლაში. 1884-1890 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მან საფუძვლიანად შეისწავლა რეალისტური ხატვის მანერა. 1898-1901 წლებში ალექსანდრე მრევლიშვილი სწავლობდა პარიზის ჟიულენის სამხატვრო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იმოგზაურა იტალიასა და გერმანიაში და ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს გაეცნო. ამის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა და იყო სხვადასხვა ჟურნალის მხატვარი. მან მხატვრულად გააფორმა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" და "ბუნების კარი" ასე რომ, ის ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი პირველი ქართველი მხატვარ-გამფორმებელიცაა. ალექსანდრე მრევლიშვილის ნამუშევრებში ასახულია უბრალო ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობა ცარიზმის ჩინოვნიკების ხელში. ის დოკუმენტურად ასახავს იმ დროის ქართული სოფლის ცხოვრებას. გარდა სოციალური უსამართლობის ამსახველი სურათებისა, ალ. მრევლიშვილს აქვს ქართული ყოფის ამსახველი სურათები, რომლებსაც ეთნოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. ალექსანდრე მრევლიშვილმა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავების აღწერით, შექმნა პოეტის პორტრეტი, რომელიც, ალბათ, უფრო ზუსტია. ალექსანდრე მრევლიშვილის ქალიშვილი იყო მწერალი მაყვალა მრევლიშვილი, რომლის პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებებზე თაობები აღიზარდნენ. ალექსანდრე მრევლიშვილის შემოქმედება ქართული რეალისტური მხატვრობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
"ალექსანდრე მრევლიშვილმა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავების აღწერით, შექმნა პოეტის პორტრეტი, რომელიც, ალბათ, უფრო ზუსტია"