ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში ათასობით ჯარისკაცის განთავსების გეგმას განიხილავს - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში ათასობით ჯარისკაცის განთავსების გეგმას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების განთავსებას განიხილავს, - ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის გადამწყვეტი შემობრუნების მომენტი შეიძლება გახდეს, რომელიც ბოლო დრომდე უკრაინის მიმართ თავშეკავებულ პოზიციას იკავებდა.

აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების ინფორმაციით, შაბათს გამართულ შეხვედრაზე პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენს აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპაში განთავსების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს.

ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1 000-დან 5 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ამ რაოდენობის გაათმაგების შესაძლებლობით.

The New York Times-ი წერს, რომ ჯო ბაიდენი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებს.

ინტერპრესნიუსი