"ლაპარაკია ორი ტიპის სანქციაზე...მაგრამ გადაწონის ეს პუტინის სურვილს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი? რა გითხრათ“
"ლაპარაკია ორი ტიპის სანქციაზე: აშშ-ში ქონების დაბლოკვასა და ვიზების არმიცემაზე ან მოქმედი ვიზების გაუქმებაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ გადაწონის ეს პუტინის სურვილს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი? რა გითხრათ“
ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:
- აშშ-ის კონგრესში უკვე დარეგისტრირდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი, მაგრამ იქნება ეს ქმედითი?
- ეს საინტერესო დოკუმენტია, მასში პირდაპირ გვარ-სახელებით არიან მოხსენიებული რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, პუტინით დაწყებული, ამ ჩინოსანთა ოჯახის წევრებით დამთავრებული. იქ ლაპარაკია, რომ უნდა გამოიკვლიონ მათი ქონება, ყველა ანგარიში და შემდგომ ეს ყველაფერი გამოქვეყნდეს. ასევე სანქციების ჩამონათვალში ხვდებიან ბანკები, გაზის, ნავთობის, ქვანახშირის, ანუ ენერგორესურსებისა და მინერალების მომპოვებელი კომპანიები. ეს შეეხება "ჩრდილოეთ ნაკად 2"-ის პროექტთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებსაც.
ლაპარაკია ორი ტიპის სანქციაზე: აშშ-ში ქონების დაბლოკვასა და ვიზების არმიცემაზე ან მოქმედი ვიზების გაუქმებაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ გადაწონის ეს პუტინის სურვილს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი? რა გითხრათ…- მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დოკუმენტში რუსეთის აგრესიად მიიჩნევა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო დანაყოფების ჩატარებული ოპერაციები, არამედ ის პარამილიტარისტული პროქსიჯგუფებიც. რამდენიმე დღის წინ დიდი რეზონანსი გამოიწვია პრეზიდენტ ბაიდენის ფრაზამ უკრაინაში “რუსეთის მცირე და დიდი შეჭრის” თაობაზე - სანქციებს დასავლეთი მხოლოდ ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში გამოიყენებსო, თუმცა ამას შემდგომ მოჰყვა თეთრი სახლის განმარტება, რომ სანქციებს გამოიწვევს რუსეთის ნებისმიერი სახის შეჭრა უკრაინაში, ხოლო “მცირე შეჭრაში” იგულისხმებოდა ე.წ. პროქსიჯგუფების მოქმედება და კიბერთავდასხმები. ეს განმარტებაც ნიშნავდა, რომ თუ დონეცკსა და ლუგანსკში მოქმედი რუსეთის მიერ მომზადებული გასამხედროებული პროქსიჯგუფები გადავლენ შეტევაზე, ეს სანქციების საფუძველი არ გახდება, განსახილველი კანონპროექტი კი რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს დონბასსა და ლუგანსკში მოქმედ გასამხედროებულ დაჯგუფებებზეც, ანუ რუსეთს შეზღუდვები მათი მოქმედების გამოც დაუწესდება, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუკი ეს კანონპროექტი ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა. დოკუმენტში ასევე ლაპარაკია უკრაინისთვის ყველა ტიპის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, რათა უკრაინამ შეძლოს როგორც ხმელეთიდან და ზღვიდან, ასევე ჰაერიდან განხორციელებული შეტევების მოგერიება. ასევე საუბარია უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაზე კიბერშეტევებისა და საინფორმაციო დივერსიების საწინააღმდეგოდ.
ამ კანონპროექტში არანაკლებ საინტერესოა ბალტიისა და ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არაერთგზის ხსენება და მათი დახმარების გაზრდის აუცილებლობაც, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის აზრით, რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ნატოს ის წევრი ქვეყნებიც შეიძლება გახდნენ, რომლებიც ყოფილ საბჭოთა სივრცეს წარმოადგენენ. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთმა გამოფხიზლება დაიწყო. ბლინკენმაც ხომ თქვა, თუ უკრაინა დავთმეთ, ამას პანდორას ყუთის ეფექტი ექნებაო. რუსეთიც მოლოდინს „ამართლებს“: ლავროვ-ბლინკენის 21 იანვრის შეხვედრაზე რუსეთმა ბულგარეთიდან და რუმინეთიდანაც მოითხოვა ნატოს შეიარაღებისა და ჯარების გაყვანა. ასე რომ, რუსეთს მადა ნამდვილად ჭამაში მოსდის.ისმის კითხვა: რისი იმედი აქვს პუტინს, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის ეკონომიკაც ურთულეს მდგომარეობაშია? სამწუხაროდ, მას აქვს სწორედ იმ უპირატესობის იმედი, რომელიც მან დასავლეთთან ჰიბრიდულ ომში მოიპოვა: ევროპის ქვეყნებში საზოგადოების რყევა, ინსტიტუციების მიმართ ნდობის დაკარგვა, ნიჰილიზმის დამკვიდრება და ა.შ. მოკლედ, ის ყველაფერი, რასაც საქართველოში ვხედავთ.…დასავლეთში არაერთი კვლევითი ცენტრი იკვლევს რუსეთის მოქმედებას. ვითარება ასეთია: იცი, ვინც გებრძვის, მაგრამ ეფექტიანი კონტრსტრატეგია არ გაქვს. დასავლეთში ჯერ ვერ მოიფიქრეს, როგორ შეაკავონ რუსული ფული და რუსული გავლენა საინფორმაციო ველსა და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ელიტაზე, სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება ამას აჩვენებს... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად