"პუტინის მოთხოვნა, რომ ნატომ უარი თქვას თავის დაპირებაზე, ყალბი საბაბია იმ „რევანშისტული ჯვაროსნული ლაშქრობის“ დასაწყებად, რაც რუსეთის პრეზიდენტს აქვს ჩაფიქრებული" - კვირის პალიტრა

"პუტინის მოთხოვნა, რომ ნატომ უარი თქვას თავის დაპირებაზე, ყალბი საბაბია იმ „რევანშისტული ჯვაროსნული ლაშქრობის“ დასაწყებად, რაც რუსეთის პრეზიდენტს აქვს ჩაფიქრებული"

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ბეჭდავს ინტერვიუს ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან - იაპ დე ჰოოპ სხეფერთან სათაურით - „ნატოს დაპირება უკრაინის წევრად მიღებასთან დაკავშირებით კონფლიქტის გამოწვევის მიზეზს არ წარმოადგენს“ (პუბლიკაციის ავტორი - ჰენრი ფოი).

"ნატოს დაპირება, რომ ოდესმე უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, „მახინჯ კომპრომისს“ წარმოადგენდა, მაგრამ რუსეთთან კონფლიქტი ამ დაპირების ბრალი არ არის", - აცხადებს სამხედრო ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი.

იაპ დე ჰოოპ სხეფერი, რომელმაც 2008 წელს, ნატოს გენერალურ მდივნად ყოფნის დროს, განაცხადა, რომ „უკრაინა ალიანსის წევრი გახდება“, „ფაინენშელ თაიმსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა, რომ ნატომ უარი თქვას თავის დაპირებაზე, ყალბი საბაბია იმ „რევანშისტული ჯვაროსნული ლაშქრობის“ დასაწყებად, რაც რუსეთის პრეზიდენტს აქვს ჩაფიქრებული.

„[ვლადიმერ პუტინი] ის კაცია, რომლისთვისაც მსოფლიო წესრიგი 1989 წელს დაინგრა“, - ამბობს იაპ დე ჰოოპ სხეფერი. მას მხედველობაში აქვს იმ პერიოდის მღელვარე მოვლენები, მათ შორის - ბერლინის კედლის დანგრევა, რაც წინ უძღოდა საბჭოთა კავშირის დაშლას. „რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნატოს, პუტინი მაინც იმავე პუტინად დარჩებოდა“, - აგრძელებს ალიანსის ექსგენმდივანი, - "დღეს უკრაინის მიტოვება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. იმიტომ, რომ არავის აქვს იმის გარანტია, თუ როგორ გაიზრდება მისი [ვლადიმერ პუტინის] მადა. მას უფრო მეტი უნდა, ვიდრე უკრაინა და საქართველოა. მას სურს ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი - თავისი იმპერიის დაბრუნებას ცდილობს“.

რუსეთის მტკიცებით, ნატომ ის შეთანხმება დაარღვია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიდო, რომლის მიხედვით, ალიანსი [აღმოსავლეთით] მოსკოვის ყოფილი სატელიტების ხარჯზე არ გაფართოვდებოდა. ნატო კი აცხადებს, რომ სუვერენულ ქვეყნებს უფლება აქვთ თვითონ აირჩიონ საკუთარი საგარეო კურსი, მათ შორის - თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

იანვარში გამართული მოლაპარაკების დროს რუსეთმა მოითხოვა, რომ აშშ-მა და ნატომ [წერილობითი] პირობა უნდა დადონ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს არმიღების თაობაზე, რაც, მოსკოვის მტკიცებით, რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. კრემლი უკრაინის ნატოში მიღებას იმ „წითელ ხაზად“ განიხილავს, რომელიც ნატომ, აშშ-ის ჩათვლით, არასოდეს უნდა გადაკვეთოს.

მოსკოვმა უკრაინის საზღვართან ახლოს თავი მოუყარა 106 ათას სამხედრო მოსამსახურეს და დასავლეთს „სამხედრო-ტექნიკური“ პასუხის გაცემით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები იგნორირებული იქნება.

ნატოს დაპირება უკრაინის მიმართ, რაც 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე გამოცხადდა, ერთგვარი სუსტი ნუგეში იყო უკრაინის წევრად მიღების მომხრეებისათვის (რომელთაგან ერთ-ერთს აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში წარმოადგენდა), რომლებიც წარუმატებლად ცდილობდნენ, ალიანსი ამ ქვეყნის მიღების ფორმალური პროცედურის დაწყებაში დაეთანხმებინათ.

„რეტროსპექტივაში, როცა დღევანდელი გადასახედიდან იმდროინდელ მოვლენებს ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ ნატოსათვის ღია კარის პოლიტიკის დადასტურება უფრო უმჯობესი იქნებოდა, [ვიდრე დაპირება], მაგრამ ახლა ამის თქმა იოლია“, - ამბობს იაპ დე ჰოოპ სხეფერი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.

„ნატო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა - ჩვენ ვუთხარით უკრაინას, რომ სახლში შესვლა შეგიძლიათ, მაგრამ პარმაღზე მისვლა გეკრძალებათ... ასეთ კომპრომისს მახინჯი სახე აქვს. სამწუხაროდ, იმ დღიდან ნატო ასეთი კომპრომისით ცხოვრობს“.

რუსეთთან მოლაპარაკებისას აშშ-მა და ნატომ კატეგორიულად უარყვეს მოსკოვის მოთხოვნა და განაცხადეს, რომ ახალი წევრების მიღებაზე უარის თქმა ალიანსის ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

იაპ დე ჰოოპ სხეფერი, მხარს უჭერს რა ამ პრინციპს, აცხადებს, რომ კიევს სინამდვილეში ნატოში გაწევრების პერსპექტივა არ აქვს იმავე ოპოზიციური აზრის გამო, როგორიც 2008 წელს არსებობდა. „უახლოეს მომავალში ისინი [საქართველო და უკრაინა] ნატოს წევრები ვერ გახდებიან. ჩემი აზრით, ბუქარესტის სამიტის ყველა მონაწილემ ეს კარგად იცოდა“, - ამბობს ალიანსის ექსგენმდივანი, - "უკვე მაშინვე ნათელი იყო, რომ მოწინააღმდეგეები უკრაინის გაწევრებას არ დაუშვებდნენ... ამიტომაც, სამიტზე მიღების ვადების განსაზღვრა საერთოდ არ მომხდარა“.

„[ვლადიმერ პუტინი], რა თქმა უნდა, ასეთი ფორმულირების გამოც გაბოროტდა“, - იხსენებს იაპ დე ჰოოპ სხეფერი, - თუმცა მან მაშინაც კარგად იცოდა და ახლაც ძალიან კარგად იცის, რომ აშშ და ნატო უკრაინის გამო რუსეთთან არ იომებენ“. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ